დამოუკიდებლობა სამყაროსგან იზოლირების ფასად
სოფიკო სიჭინავა
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე 10-წლიანმა მსჯელობამ, მრავალგზის უშედეგო მოლაპარაკებებმა, დაპირისპირებამ თანდათანობით მოამწიფა, ალბათ, ყველაზე საღი და ჭკვიანური მიდგომა საქართველოს მთლიანობის აღდგენის საკითხთან მიმართებაში – რომ ამის მიღწევა მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტებით არის შესაძლებელი.
ხშირად, პოლიტიკური მოლაპარაკებების მიღმა ჩრდილში რჩება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, იქ დარჩენილი უბრალო ადამიანების ყოფითი პრობლემები, რომელიც ამ ტერიტორიების შემომტკიცების საკითხზე მუშაობისას პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. ამ ჭრილში, დღევანდელი ხელისუფლების და კონკრეტულად კი, პრეზიდენტის მიდგომა ყველაზე პრაგმატულია: იცოდე რა სჭირდება უბრალო ხალხს და აგრძნობინო, რომ მათზე ზრუნვა გინდა და შეგიძლია!
სააკაშვილი მზად არის საქართველოს ფარგლებში აფხაზეთს უმაღლესი ხარისხის ავტონომიის სტატუსი მიანიჭოს, ეს განცხადება საკაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, “- როცა ჩვენ ვსაუბრობთ ავტონომიაზე, მზად ვართ ცენტრსა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ფედერალური ელემენტები შევიტანოთ, იმავდროულად აუცილებელია გვესმოდეს, რომ აფხაზეთს განვიხილავთ, როგორც აფხაზების, რუსების, ქართველების და ყველა იმ ადამიანების ერთიანობად, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ამ ხალხს უფლება აქვს დაბრუნდეს ავტონომიურ აფხაზეთში, სადაც ძლიერი თვითმმართველობა იქნება, ამავე დროს, აფხაზეთს უნდა ესმოდეს, რომ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და გააჩნია ფართო ავტონომიური უფლებები,” – დასძინა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს არის მისი მოდელი, ახალი ხელისუფლება აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში თავის მიდგომას ცვლის და იმედოვნებს, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს, “- მატარებელი უნდა დაიძრას, რადგან ურთიერთობების ასე გაგრძელება, უბრალოდ, შეუძლებელია,” – დასძინა მან.
პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ აფხაზეთის დასაბრუნებლად საქართველოს ძლიერი ეკონომიკა სჭირდება – “საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტი 600 მლნ-ს შეადგენს, აფხაზეთის დაბრუნებაზე თუკი სერიოზული საუბარი წავა, ჩვენი ბიუჯეტი 2-2,5 მლრდ-ს უნდა შეადგენდეს”. ეს ბუნებრივია, რადგან ღარიბი და პრობლემებით სავსე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი თავიც მობეზრებიათ. ცხინვალის მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, რომელიც საზოგადოებამ კარგად უწყის.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ნანგრევებიდან აღდგა, სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი ბევრი “ატრიბუტი” შეიძინა (საკუთარი ვალუტის გარდა) და 10 წლის მანძილზე ეკონომიკური თვალსაზრისით, რაღაც გამოცოცხლება დაეტყო, მთლიანობაში სიტუაცია ძალიან მძიმე რჩება, ამას განაპირობებს, როგორც ცხოვრების დაბალი დონე, ასევე სურსათისა და მედიკამენტების ნაკლებობა, დამნაშავეობის მაღალი დონე, მთელი დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირება და გაურკვეველი მომავალი. მთლიანობაში ყოველივე ეს მოსახლეობას ხვალინდელი დღისადმი უიმედობას უსახავს.
ვლადისლავ არძინბამ 2003 წლის დასაწყისში გაზეთ “რესპუბლიკა აფხაზიასთან” საუბარში მოარული ხმები მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ პირველად დაადასტურა. აფხაზეთში დიდი ხანია საუბრობენ ხელისუფლების მოსალოდნელ ცვლილებაზე და მასთან ერთად არაღიარებული რესპუბლიკის კურსის შეცვლაზეც. იგივე ინტერვიუში არძინბა კომენტარს აკეთებს ანრი ჯერგენიას დაკავებული პოსტიდან გადადგომის შესახებ და აცხადებს, რომ იგი ეკონომიკაში შექმნილ მძიმე სიტუაციას შეეწირა, თუმცა, როგორც აფხაზური პრესა იუწყება, მთავარი მიზეზი აფხაზეთში სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ხელისუფლებისათვის გამძაფრებული ბრძოლაა.
ცნობილია, რომ აფხაზური პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტის ნაწილი საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს, ასე ვთქვათ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხარჯზე. ამ ფრონტზე, ყველაზე აქტიური შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ანქვაბას დაჯგუფებაა. აფხაზეთში ცნობილი იყო მისი კავშირები აშშ-ში აფხაზური დიასპორის ლიდერთან, ინალა კაზანთან და საქართველოს ექსპრეზიდენტ ე. შევარდნაძესთან. საუბრები იყო ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა დაპირება არძინბას კლანთან საბრძოლველად ოპოზიციის დაფინანსებაზე.
ბევრი აფხაზი ბიზნესმენი ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირების გზით, უცხოელ პარტნიორებთან თავისი საქმიანობის ლეგალიზაცია მოახდინოს. თავის მხრივ, დასავლეთის ქვეყნები ღიად აცხადებენ დამოკიდებულებას აფხაზეთში ინვესტიციების მიმართ, რომელსაც ეს კუთხე ასე საჭიროებს, იგი პირდაპირპროპორციულია იმ დათმობებისა, რომელსაც აფხაზეთის სტატუსი ითვალისწინებს საქართველოს შემადგენლობაში. 10-წლიანმა უპერსპექტივო დამოუკიდებლობამ აფხაზი ხალხი ასეთი მიდგომის პრაგმატულობაში უკვე დაარწმუნა. როგორც იქაური გაზეთები იუწყებიან, აფხაზურ ოპოზიციას თანამოაზრეები მოსკოვშიც ჰყავს, რომელთა აზრით, აუცილებელია ახლანდელი უპერსპექტივო ხელისუფლების დაუყოვნებელი შეცვლა, რომელსაც კორუფციაში, კონტრაბანდისტობასა და ნარკომაფიასთან მჭიდრო კავშირში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ 2001-2002 წლებში მოხდა არა ერთი არაოფიციალური შეხვედრა ქართველ და აფხაზ ბიზნესმენებს შორის, რომელსაც რუსეთში საქართველოს საელჩომ შეუწყო ხელი.
ამ სიტუაციას ისიც ემატება, რომ ამ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის რესპუბლიკის სამი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, ესენი არიან მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის I მოადგილე: ასტამურ ტარბა, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა და სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელი – გივი აგრბა.
სერგეი შამბა თავის გადაწყვეტილებას ვლადისლავ არძინბასადმი მიწერილ წერილში იმით ხსნიდა, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს თავისი უპირველესი დანიშნულების შესრულებას – მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას. იგივე მიზეზს ასახელებენ დანარჩენი მინისტრები. როგორც ამბობენ, პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში გამოწვეულია გამოჩენილი აფხაზი საზოგადო მოღვაწის, გარი აიბას მკვლელობის გამო, რომელიც სოხუმის ყოფილი მერი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვეტერანების მოძრაობა “ამცახარას” ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. გარი აიბა თავის სახლთან ავტომატის ჯერით დაცხრილეს. ამ ფაქტმა ყველა სხვა მოვლენა დაჩრდილა. აფხაზეთში ეჭვი არავის ეპარება, რომ მკვლელობა თბილისიდან იყო შეკვეთილი. ეს ფაქტი გახდა ოპოზიციური დაჯგუფებების “აიტაირასა” და “ახაცას” მხრიდან ხელისუფლების მძაფრი კრიტიკის საგანი და სამი მინისტრის დემარში დამკვირვებლების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად განიხილება, როგორც ხელისუფლებისთვის და პრეზიდენტის პოსტისთვის მძაფრი ბრძოლის გაჩაღება.
არჩევნები აფხაზეთში ამ წლის შემოდგომისთვის იგეგმება და მკვლელობის ფაქტი ოპოზიციის მთავარი კოზირი იქნება, თუმცა არის ერთი, ჩვენთვის სამწუხარო მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ აფხაზეთში, ასე ვთქვათ, პროქართულად განწყობილი პოლიტიკური ძალები არ არიან გამოკვეთილნი.
დღესდღეობით აფზახეთის ეკონომიკა მთლიანად რუსეთის ბაზარზეა ორიენტირებული, არსებობს არც თუ სანდო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის მოსახლეობის 70%-ს რუსული პასპორტები აქვს, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლებას იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
შარშან აფხაზეთის კურორტებზე მხოლოდ 25 ათასმა ადამიანმა დაისვენა, თუმცა ყოველ წელს ეს მაჩვენებელი მატულობს. ამ კუთხით, რეალური სურათის დანახვა ძნელია, რადგან დიდი ინვესტიციების მოლოდინში აფხაზები სასურველს რეალობად ასაღებენ. ისინი იმასაც ხვდებიან, რომ მხოლოდ ტურიზმის სფეროს ამოქმედებითა და აქ ინვესტიციების მოზიდვით ეკონომიკის დანარჩენი დარგები მიმზიდველობას კარგავენ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აქ წელიწადში 2 მლნ ადამიანი ისვენებდა. ამ მასშტაბების მისაღწევად, მათ კარგად ესმით, რომ მხოლოდ ინვესტიციები საკმარისი არ არის, რადგან პირველ რიგში, დამსვენებლებსა და ინვესტორებსაც უსაფრთხოება აინტერესებთ. აფხაზეთში, ალბათ, “ექსტრემალური ტურიზმის” მოყვარულნი თუ ისვენებენ, ვინაიდან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, დასასვენებლად ჩასულ რუსი ეროვნების ადამიანებს თუ როგორ ამუშავებდნენ მონებივით – ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულია რუსი ქალბატონის, ნატალია პეტროვნას მოგონება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოატყუა იგი რუსეთში მომუშავე ტურისტულმა ფირმამ. დაბალი ფასებით მოხიბლული ის და მისი მეუღლე დასასვენებლად აფხაზეთში გაემგზავრნენ და ტყვედ ჩავარდნენ, აფხაზებმა ისინი ციტრუსის მოსავლის აღების დრომდე დატოვეს და პლანტაციებში მონებივით ამუშავეს. ქალბატონმა გაქცევა როგორღაც მოახერხა, ხოლო მეუღლის, იგორ ნიკოლაევიჩის ასავალ-დასავალს დღემდე ვერ მიაკვლიეს. მართალია, მსგავსი ამბები 2001-2002 წლებში (თუმცა, არც თუ შორეულ წარსულში) ხდებოდა, მაგრამ ეს მხარე მუშა-ხელის დეფიციტს დღესაც მწვავედ განიცდის.
ბიჭვინთის ზღვა დღეს ყველაზე სუფთად მიიჩნევა, როგორც ირკვევა, სამკურნალო აბაზანების მიღება 30 რუბლი (2 ლარი) ღირს, ქალაქის კაფეში ჭიქა ყავა – 3 რუბლი (დაახ. 20 თეთრი), ლიტრი ღვინო – 30 რუბლი. დღეს აფხაზეთში 25 სანატორიუმი და დასასვენებელი ბაზაა, რომელსაც ერთდროულად 4500 კაცის მიღება შეუძლია. თითქმის ყველა მსხვილი სანატორიუმი ცდილობს დამხმარე მეურნეობის ორგანიზებას და ამ გზით პირდაპირი ხარჯებისაგან თავის დასაღწევად იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შექმნას. ისინი დამსვენებლებს მომსახურების ფასების სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ, რომელიც გაანგარიშებულია საშუალო და დაბალშემოსავლიანი კატეგორიისთვის. სანატორიუმებში ფასები შემდეგნაირია: ივნისსა და ივლისში დღე-ღამე საშუალოდ 320-400 რუბლი (22-28 ლარი) ღირს, ხოლო აგვისტოში – 400-500 რუბლი (28-35 ლარი) სამჯერადი კვებით. ბავშვებზე, ტრადიციულად, ფასდაკლებაა, 2003 წელს უკვე შეიქმნა VIP კლიენტებისთვის სპეციალური პირობები, დღე-ღამეში 500-600 რუბლიდან (35-42 ლარი) 850-1500 რუბლამდე (59-105 ლარი). გათვალისწინებულია ექსკურსიები რიწის ტბაზე, სტალინის აგარაკზე, ახალი ათონის მონასატერსა და მღვიმეში (150 რუბლი – 10 ლარი), ექსკურსია ბიჭვინთაში და ბიჭვინთის ტაძარში ორღანული მუსიკის მოსმენა (30 რუბლი – 2 ლარი) ერთოთახიანი ბინა (ძირითადად გაგრა, ბიჭვინთის მხარეს) დაახლოებით 5 ათას დოლარი ღირს. როგორც ირკვევა, მუშაობს რესტორნები და კაზინოები.
აგრარული სექტორი, მრეწველობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა თითქმის ნულზეა დასული. თავის მნიშვნელობას ჯერჯერობით ინარჩუნებს ვერცხლის, ტყვიისა და თუთიის მომპოვებელი საბადოები, ასევე ბარიტის, მანგანუმისა და ქვანახშირის. მნიშვნელოვანი სამეურნეო ობიექტებიდან გამონაკლისია ტყვარჩელის მაღარო და ენგურჰესი. ომის შემდეგ მოსახლეობის მასიური მიგრაციით გამოწვეული მუშა-ხელის შემცირების გამო ეკონომიკის ყველა დარგის ამოქმედება სერიოზული პრობლემაა. აფხაზური მხარის მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობის სახით მხოლოდ 100 ათასი ადამიანია დარჩენილი. თუმცა ეს საეჭვო ციფრია, თუკი თავის დროზე აფხაზეთის ტერიტორიაზე (1989 წლის აღწერის შედეგები) 526.8 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს აქედან 300 ათასი დევნილია და ომს უამრავი შეეწირა, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან, ძალიან საეჭვოა ახლა აფხაზეთში 100 თასი შრომისუნარიანი მოსახლე იყოს, მით უფრო, ახალგაზრდები ძირითადად ამ მხარეს ტოვებენ და რუსეთში, უმეტეს წილად კი თურქეთში მიდიან სასწავლებლად თუ სამუშაოდ.
დღეს აფხაზების შემოსავლის ძირითადი წყარო ტრადიციული პროდუქციის: ციტრუსის, თამბაქოს, ჩაის, სიმინდის, ლობიოსა და თხილის ექსპორტიდან მიღებული ფულია. თუმცა აქაურ სიგარეტსა და ჩაიზე არც აფხაზეთში და არც მის საზღვრებს გარეთ დიდი მოთხოვნა არ არის. ეს არ ეხება აფხაზურ ციტრუსს.
ბოლო პერიოდში ცოტათი გამოცოცხლდა ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობა, ეს პროდუქცია, ძირითადად, თურქეთში გაედინება. სახნავ-სათესი მიწების 60% გამოუყენებელია, მესაქონლეობა წარმოდგენილია მხოლოდ რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის მეურნეობის სახით, ასევე მოსახლეობას მოშენებული ჰყავს ღორი, ცხენი და შინაური ფრინველი. მოსახლეობა ძირითადად ე.წ. დამხმარე მეურნეობის ხარჯზე ახერხებს არსებობას. კერძო პირებს მიწის გამოყენების უფლება არენდის გადასახადით აქვთ, მისი ოდენობა ნაკვეთის ადგილ-მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება და 25 დოლარიდან 42 დოლარამდე მერყეობს. ერთადერთი გზა, რითაც მიწიდან ბიუჯეტში ფულის მიღება შეიძლება, კერძო პირებისთვის მიწის ნაკვეთების არენდით გადაცემაა.
სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქცია მხოლოდ საექსპორტოა. აფხაზეთში მიწაზე სახელმწიფო საკუთრება ნარჩუნდება. ეკონომიკის ყველა სექტორი სატყეო მეურნეობის ჩათვლით, თევზჭერა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა და ტურიზმი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არის. სახელმწიფო მეურნეობა მისი პირდაპირი დაფინანსების მიუხედავად, სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. აფხაზეთში სოფლის მეურნეობის საწარმოებზე მიწის გადასახადის გარდა ყველა გადასახადი გაუქმებულია. სასოფლო-სამეურნეო რაიონებში შედის: გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე და გალი. როგორც აღვნიშნეთ, ამ რაიონებიდან მიღებული პროდუქციის 100% რუსეთში საექსპორტოდ მიდის. მწარმოებლები თავს არიდებენ შიდა ბაზარს, იმ მოტივით, რომ მოთხოვნა არც ისე მაღალია და მოსახლეობა არაგადამხდელუნარიანია. დიდი მოთხოვნაა ხორცისა და რძის პროდუქტებზე, რომლის დეფიციტი, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე ივსება. რუსეთთან ვაჭრობას ომის შემდეგ ბლოკირებისაგან ატროფირებული სატრანსპორტო ქსელი აფერხებს.
გაჭიანურებული კრიზისი ეკონომიკის სფეროში მოსახლეობისთვის უფრო და უფრო აუტანელი ხდება, რომელიც 10 წლის დამოუკიდებლობის მანძილზე სიღარიბეში გადარჩენისთვის იბრძვის.
როგორც აფხაზური გაზეთებიდან ხდება ნათელი, ძირითადი ინვესტორები რუსეთის ფედერაცია და თურქეთია. თურქულ კომპანიებთან 10 წლით ორი ხელშეკრულებაა დადებული ტყვარჩელში ქვანახშირის მოპოვებაზე. თუმცა ისინი აფხაზი რეპატრიანტები არიან, მაგრამ თურქულ ფირმას წარმოადგენენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით 10 წლის განმავლობაში აფხაზეთის რეგიონში შესულია 136 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. მართალია, საუბარია ძალიან მცირე მასშტაბის ინვესტიციებზე, ძირითადად საკურორტო სფეროში ჩადებულ თანხებზე, რომლის უკუგება სწრაფად, მაქსიმუმ ერთი საკურორტო სეზონის, ან ერთი წლის განმავლობაში მოხდა. აფხაზი თანამდებობის პირები ინტერვიუებში გულდაწყვეტით ამბობენ, რომ არსებობენ მხოლოდ პოტენციური და არა რეალური ინვესტორები, რომლებიც ამ რეგიონში დიდი ოდენობის ფულს ჩადებდნენ. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარკვეული პირები არენდის მოთხოვნით მიდიან და მათ ბიზნეს-გეგმას სთხოვენ, ისინი უბრალოდ პასუხობენ, რომ იცნობენ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ფულის ჩასადებად, ანუ ბევრია შუამავალი. სხვათა შორის, ინვესტორებს შორის აფხაზები კანადასაც მოიხსენიებენ, თუმცა, არ კონკრეტდება, რა მოცულობის იყო და რა სფეროში განხორციელდა იგი.
როგორც ჩანს, ეკონომიკურად აქტიური ძირითადად ქალაქ გაგრის მხარეა და აქ არის თავმოყრილი ყველა რუსულ-აფხაზური ერთობლივი ორგანიზაცია. აქვე ცხოვრობს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი. 2002 საბიუჯეტო წელი ამ რაიონმა პროფიციტით დაასრულა. რაც შეეხება იმ რაიონებს, რომლებიც ომის გამო დიდად დაზარალდნენ, დღეს მხოლოდ თვითგადარჩენაზე ზრუნავენ. ომის ეპიცენტრიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ახლა სანატორიუმებში და დასასვენებელ სახლებში ცხოვრობს და მათ წასასვლელი არსად აქვთ. უკაცრიელია გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონები. აქაური მოსახლეობა იძულებული გახდა თითქმის ხელუხლებელ გაგრისა და გუდაუთის რაიონებში გადასახლებულიყო.
ვერ გეტყვით, რამდენად სანდოა აფხაზურ ინტერნეტ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, მაგრამ, როგორც ისინი იუწყებიან, სოხუმის ღვინის ქარხნის რეკონსტრუქციის შემდეგ, მისი პროდუქცია საერთაშორისო არენაზე გამოვიდა და ცდილობს ესპანურ და იტალიურ ღვინოებს კონკურენცია გაუწიოს.
თავიდან არის შესაქმნელი მთელი კომუნალური სისტემა. ახლო მომავალში იგეგმება ინფრასტრუქტურის მტკივნეული მოდერნიზაცია. მაგალითად, ელექტროქსელი იმდენად მოძველებულია, რომ განსაკუთრებით ზამთარში, როცა მოსახლეობა გამათბობელ საშუალებებს იყენებს, უკიდურესად მოძველებული ტრანსფორმატორები ჰაერში ჭურვებივით სკდება.
გვხვდება ინფორმაცია აფხაზურ ე.წ. საბანკო სისტემის შესახებაც. გაგრის რაიონში დღეს უკვე ორი კომერციული ბანკი საქმიანობს, ერთ-ერთი მათგანია “გაგრა-ბანკი” (შენარჩუნებულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ) და “სბერბანკის” ფილიალი, რომელიც კომერციულია, მაგრამ სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფება. ამ ბანკებმა თავის დროზე დიდი დანაკარგი განიცადეს, არენდატორების მასობრივი მოძრაობის დროს გატანილი კრედიტები უკან არ დაბრუნებულა, მაგრამ, როგორც აფხაზები ამბობენ, დღეს უკვე საბანკო სისტემა ფეხზე დგება. ამის მთავარ მაჩვენებლად ისინი ე.წ. აფხაზური სახელმწიფო ბანკის მიერ საბანკო სფეროში შემუშავებულ ნორმატიულ ბაზას და რუსეთთან ელექტრონული გადარიცხვების სისტემის არსებობას ასახელებენ.
ომის დასრულების შემდეგ გადასახადები კარგა ხანს საერთოდ არ იკრიბებოდა, პრინციპში, ეკონომიკა საერთოდ არ არსებობდა და მოსაკრებიც არაფერი იყო. ბიუჯეტში ფული ჯართის ექსპორტის ხარჯზე შედიოდა. დღეს ბიუჯეტისთვის ფულის მნიშვნელოვანი წყარო დამატებული ღირებულების გადასახადია, რომლის საპროცენტო განაკვეთი აფხაზეთში 10%-ა, აქედან 50% რჩება ადგილობრივ, ხოლო 50% ცენტრალურ ბიუჯეტში შედის. დღგ-სგან განთავისუფლებულია პურ-ფუნთუშეული, ფქვილი და რძის ნაწარმი. მოგების გადასახადი 18%-ა, ესეც დღგ-ს მსგავსად ნაწილდება. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 10%-ა.
აფხაზეთში ძალიან მარტივად არის გადაწყვეტილი შინაგან საქმეთა ორგანოების შენახვის პრობლემა: მათთვის შემოღებულია სპეციალური ადგილობრივი გადასახადი ხელფასებიდან (1%). ქონების გადასახადის განაკვეთი 0,2%-ა, ასეთი დაბალი განაკვეთი ბუნებრივია, რადგან დღესაც კი, ბევრი საწარმო არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია.
ქალაქი სოხუმი აღდგენილი ისევ არ არის. ადგილობრივი ბიუჯეტი ივსება, ძირითადად, იმის ხარჯზე, რომ ქალაქში კონცენრტრირებულია ყველა სახელმწიფო კომპანიის ე.წ. სათაო ოფისი. არსებული მონაცემებით, სოხუმის პორტი არც თუ ცუდად მუშაობს, მაგრამ ციფრები არ სახელდება. პორტის საშუალებით მიმდინარეობს ვაჭრობა თურქეთთან, ეს სახელმწიფო ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია. აფხაზეთის ზღვით თურქეთში მიდის ხე-ტყის მასალა, რუსეთიდან შედის ფქვილი. ფქვილის ბაზარზე მონოპოლისტია სახელმწიფო კომპანია “აფხაზხლები”.
ბიუჯეტის შემოსავლების 80% საბაჟო გადასახადებით ივსება. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა, რაულ ხაჯინბამ განაცხადა, რომ 2003 წლის ბიუჯეტის შესრულებაში გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა წინა სეზონთან შედარებით (2002 წელი) საკურორტე ობიექტების მოგება 6.5-ჯერ გაიზარდა და 2003 წელს 40 მლნ რუბლი შეადგინა, ამით იგი ეკონომიკაში სიტუაციის შეცვლაზე მიანიშნებს. მისივე განცხადებით, 2004 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ის შეცდომები, რომლის გამოც ვერ შესრულდა 2003 წლის ბიუჯეტი, კერძოდ კი, ე.წ. პარტნიორებთან გარიგების დასრულებამდე ბიუჯეტში ჩადებული იყო ქვანახშირის და ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მისაღები შემოსავლები და იგი აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, წლევანდელი ბიუჯეტი უფრო რეალურია. შემოსავლების ნაწილში დაგეგმილია 432 მლნ რუბლის მობილიზება, ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია 451,8 მლნ, ხოლო დეფიციტი 19,9 მლნ რუბლია.
აფხაზეთის ეკონომიკის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მხოლოდ 1985-1990 წლების არსებობს. ამ პერიოდისთვის აფხაზეთში მუშაობდა 500 სამრეწველო ობიექტი, სადაც 30,9 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. სამრეწველო ფონდი შეადგენდა 223,4 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 1990 წელს ეს თანხა გაიზარდა და 287,7 მლნ დოლარი შეადგინა. 1990 წელს გამოშვებული იყო 1309 მლნ დოლარის პროდუქცია. მათგან 93-95% გამომუშავებული იყო უმსხვილესი საწარმოების მიერ (იხ. ცხრილი).
ამ ყველაფერს ემატებოდა ტურიზმი და ბევრი სხვა რამ. ზემოთ ჩამოთვლილ ციფრებთან შედარებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების სიხარული მართლაც სასაცილოდ გამოიყურება, ახლა ხომ იგი მხოლოდ ციტრუსზე და ტურიზმზეა მიბმული. რასაკვირველია, ადამიანებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დარჩნენ, ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ თავი გადაერჩინათ. თავის მხრივ, ხელისუფლება ყოველ გზას მიმართავდა დაემტკიცებინა მთელი მსოფლიოსთვის და გნებავთ, მოსახლეობისთვის, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობა შეეძლოთ და ამან განაპირობა ის, რომ დღეს აფხაზეთის ეკონომიკა ასე თუ ისე წინ წაიწია.
ოსეთის ეკონომიკის ჩრდილი და არა ჩრდილოვანი ეკონომიკა
აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონი მსგავსი რესურსებით ვერ დაიკვეხნის.
აფხაზები, მიუხედავად თავისი ეკონომიკის სავალალო მდგომარეობისა, მაინც ახერხებენ საკურორტო რესურსების, ციტრუსის, ქვანახშირის, პორტის მეტ-ნაკლებად ეფექტურად გამოყენებას და თანხების თავიანთ ბიუჯეტში მიმართვას, ოსეთში კი, მთელი ეკონომიკის 80% ჩრდილოვანია. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, გენადი კოკოითი ღიად აფიქსირებს, რომ მათ ჩრდილოვანი ეკონომიკა კი არა, ეკონომიკის მხოლოდ ჩრდილიღა დარჩათ. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო კავკასიის ქედზე ჩრდილოეთისკენ მიმავალი ტრანსკავკასიური მაგისტრალია, რომელსაც ხშირად “დიდი ფულის” ან “სიცოცხლის” გზას უწოდებენ. მთელ რეგიონში ერთადერთი ნათელი წერტილი ცხინვალის ცენტრში სტალინის ქუჩაზე მდებარე, ომისგან გადარჩენილი ადმინისტრაციული შენობებია. რუსი ჟურნალისტების შეფასებით, ცხინვალი დღეს რუსეთის პროვინციას ჰგავს, აქ ყველაფერი რუსულია: ფული, პასპორტი, ქუჩების დასახელება, განწყობილება და, როგორც ამბობენ, იმედიც კი.
10 წლის მანძილზე ოსი ხალხი დეგრადირდა პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც ყველაზე საშინელებაა, მორალური თვალსაზრისით, რესპუბლიკის მოსახლეობა სამჯერ შემცირდა და დღეს მხოლოდ 30 ათასი დარჩა. ადგილობრივი პროდუქცია არ არსებობს. საშუალო ხელფასი 300, პენსია კი, 100 რუბლია.
ერგნეთის ბაზარი და ნახსენები ტრანსკავკასიური “დიდი ფულის გზა” – აი, მთელი ოსეთის ეკონომიკა. რეგიონი, ფაქტიურად, კონტრაბანდით ცხოვრობს. ტრასით რეგიონში პროდუქტებიდან დაწყებული, საწვავით, ფულადი ნიშნებით და პრესით დამთავრებული ყველაფერი შეაქვთ. გათბობის საშუალება, ფაქტიურად, არ არსებობს, ქალაქის გაზიფიკაცია, როგორც ამბობენ, უკვე დაწყებულია. ელექტროენერგია ცხინვალის რეგიონში თითქმის არ არის, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი კამპანიის თანახმად, პენსიებსა და სასუქთან ერთად, ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიითაც ცენტრიდან მომარაგდება, რასაც ქვეყნის ენერგოდისტრიბუციური კომპანია განახორციელებს. კომპანია 4,5 ათასი ოჯახისთვის მრიცხველების დაამონტაჟებს. საქართველოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში კეხვის ჰიდროელექტრო სადგურის აღდგენას აპირებს, რაც ცხინვალის რეგიონში ენერგეტიკულ პრობლემას ნაწილობრივ მოხსნის.
არ არსებობს ინტერნეტი, სავალალოდ მოძველებული კავშირგაბმულობის პირობებში ეს მართლაც რევოლუცია იქნებოდა, მოქმედი ატს 1966 წლის გამოშვებულია, იგი უკვე 36 წელია მუშაობს, სადგური უკიდურესად მოძველებულია, ოსეთის სატელეფონო კავშირი, ანეგდოტის თემაა. თუმცა, სულ ახლახან სამხრეთ ოსეთმა ჩინურ ფირმასთან HUAჭEI თEჩNOLOGEშ ხელშეკრულება გააფორმა ცხინვალის რეგიონში ახალი ავტომატური სატელეფონო კავშირის დანადგარების შეტანაზე. ციფრული ატს ოსურმა მხარემ ლიზინგით შეიძინა. 8-ტონიანი მოწყობილობა ცხინვალში ერთი თვის დაგვიანებით, 14 ივნისს შევიდა. შეფერხების მიზეზი გორის საბაჟოზე ტვირთის გაჩერება იყო საბაჟო გადასახადის მოთხოვნით. მოწყობილობა ბაქოში წაიღეს და ცხინვალის რეგიონში დაღესტნისა და ჩრდილო ოსეთის გავლით ტრანსკავკასიური მაგისტრალით შეიტანეს. როგორც ვარაუდობენ ატს ექსპლოატაციაში წელსვე შევა.
ემალის ქარხანა დიდი ხანია გაჩერებულია, დანადგარები გაქრა, ბევრი საწარმო განადგურებული და გაძარცვულია, ან ნახევარი ძალით მუშაობს, არ არსებობენ დამკვეთები, რომლებზეც ორიენტირებული იყო პროდუქცია. ყველაზე მთავარი, ფული არ არის. ძირითადი სამრეწველო ფონდი: აღჭურვილობანი, დანადგარები, ტექნიკა დიდი ხანია არ განახლებულა, დაახლოებით 50-60 წელი. მაგალითისთვის, ადგილობრივი პურკომბინატი დიდი ხნის წინ მოძველებული ტექნიკით მუშაობს. ტიპოგრაფიაში ლამის გუტენბერგის დროინდელი დანადგარებია. ომამდე ცხინვალის რეგიონში 7600 ერთეული ტრაქტორი და კომბაინი იყო, ახლა კი, მხოლოდ 70 დარჩა. თუმცა, ოსები თვითონვე აღიარებენ, რომ აქ მხოლოდ ომი არაფერ შუაშია, ომს 5 ათასი ერთეული გადაურჩა, დანარჩენი შემდეგ განიავდა. ე.წ. სახელმწიფო მეურნეობაში დარჩენილია 730 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, აქედან 220 ძროხაა, რომლებიც წელიწადში მხოლოდ 800 ლიტრ რძეს იძლევიან – “ჩვენი შვილები ნატურალური რძის ნაცვლად, შემოტანილ, პასტერიზებულ, კონსერვანტებით სავსე რძეს სვამენ, რითაც მათი ჯანმრთელობა ნამდვილად არ უმჯობესდება. ჩვენ იმის თავიც არ გვაქვს, რომ მოსახლეობა პურით უზრუნველვყოთ. ფქვილი შემოგვაქვს, ამსახველი ციფრები კი, საკუთარი თავის დაცინვაა და კარგად გვანახებს იმ უფსკრულის სიღრმეს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ჩვენივე დანაშაულის გამო,” – აცხადებს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის მინისტრი.
თავის დროზე ცხინვალის რეგიონში დასაქმებული მუშა-ხელი ან საერთოდ წავიდა (რუსეთში დღეს 60 ათასი ოსი ცხოვრობს), ანაც ერგნეთის ბაზრობაზე ახალი “სამუშაო ადგილი” იპოვა. რუსეთიდან ტვირთების შემოტანით, ძირითადად, ოსი ეროვნების ხალხია დაკავებული. კვაისის საბადო, მინერალური წყალი და სოფლის მეურნეობა, ეს არის ყველაფერი, რაც ამ რეგიონს გააჩნია. მსგავსი სიმდიდრე თითქმის ყველა კავკასიის რესპუბლიკაში მოიპოვება. ამიტომაც აქაური ხელისუფლება მთელ იმედებს მოსკოვსა და ვლადიკავკასზე ამყარებს. სამხრეთ ოსეთის მთავრობის ძირითადი საზრუნავი მათთან ურთიერთობების გამყარება და გაღრმავებაა, რასაც პერსპექტივა არ აქვს. იგეგმება ერთობლივი საბაჟოების ჩამოყალიბება, საგადასახადო სტრუქტურების შექმნა და სამართალდამცავ სტრუქტურებში ერთობლივი კადრების როტაცია. ოსეთის ბიუჯეტში ლომის წილი შეაქვს ტრანსკავკასიური მაგისტრალიდან შემოსულ თანხებს საბაჟო გადასახადების სახით, დღგ-ს, მიგრაციულ მოსაკრებელს და საგზაო ფონდს.
რეალური ხელფასი საარსებო მინიმუმის მხოლოდ 17%-ა, გაეროს სტანდარტებით, საარსებო მინიმუმი წელიწადში 1000 დოლარია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ოსეთში ეს მაჩვენებელი წლიურად 80 დოლარია. რასაკვირველია, სტატისტიკა ხშირად რეალობას არ ასახავს, რადგან წლიურად 80 დოლარზე ცხოვრება თეორიულადაც წარმოუდგენელია. ოსებმა თვითონვე გამონახეს შემოსავლის დამატებითი წყარო ერგნეთის ბაზარზე საბითუმო ვაჭრობის სახით. არის კიდევ სხვა სახის ასე ვთქვათ, შემოსავლიანი საქმიანობა, როგორიც არის საბაჟო გამშვებ პუნქტებთან ერთგვარი კაფეების მოწყობა. კაფე ასეთი დაწესებულებისთვის საკმაოდ ხმამაღალი სახელწოდებაა, ესენია ვაგონებში მოწყობილი სამწვადეები, რომლის ძირითადი კლიენტები გამვლელი წვრილი ვაჭრები არიან. ჩვეულებრივი დღიური შემოსავალი 100-120 რუბლია, თუმცა მფლობელს აქედან მხოლოდ მესამედი რჩება, რადგან დანარჩენი თანხა საჭირო მასალებზე და “დაცვისთვის” ადგილობრივი ავტორიტეტებისთვის მიდის. სხვები კი თავს იმით ირჩენენ, რომ ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან ჩაწოლილ საქონელს, ზოგიც ღამით გამყიდველად ან მტვირთავად მუშაობს. ასეთ ადამიანებს სხვებთან შედარებით მართლაც გაუმართლათ.
ცხინვალის რეგიონში მწვავე საკადრო დეფიციტია, იქაური უმაღლესი სასწავლებელი ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდების შესაბამის განათლებას, წლიდან წლამდე მათი განათლების ხარისხი ეცემა. იქაურობას ტოვებენ ძველი კადრები და ახლით აღარ ივსება.
სამხრეთ ოსეთის 2004 წლის ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში დაგეგმილია 5 644 317, ხოლო შემოსავლების – 5 399 817 რუბლის ფარგლებში, დეფიციტი კი – 244 500 რუბლი.
ამ მოკლე ანალიზიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე ეკონომიკური მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია, მთავარი მაინც ის არის, რომ ამ სიტუაციას გამოსავალი პრაქტიკულად არ აქვს – მათი დამოუკიდებლობა მთელი სამყაროსგან იზოლირებულად არსებობას ნიშნავს და ვფიქრობთ, 10 წელი უკვე საკმარისზე მეტია ამის მისახვედრად, არადა, აფხაზეთსა და ოსეთთან ერთად საქართველოს უდადვოდ დიდი შანსი აქვს სწრაფი განვითარების და ეკონომიკური აღორძინების.