“ქველმოქმედების” მოლოდინში მყოფი სახელმწიფო საწარმოები
ეკა ლომიძე
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები დაბალი ეფექტურობით “გამოირჩევა”, რასაც ხელს უწყობს არაპროფესიონალი კადრი, სახელმწიფოებრივი მიდგომა და ნება. ყოველ შემთხვევაში, ეს აქამდე ასე იყო. გადავხედოთ პრეისტორიას:
2002 წლის 12 თებერვალს პრეზიდენტის #40 ბრძანებულებით, ქონების მართვის სამინისტროს დაუბრუნდა ფუნქცია – სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობა, მოქმედ საწარმოთა მართვა, რაც მანამდე დარგობრივი სამინისტროების მიერ ხორციელდებოდა. შესაბამისად, პარტნიორები და პოლიტიკის გამტარებლებიც ეს სამინისტროები იყვნენ. შემდგომში, როცა მათი მუშაობა შეფასდა, აღმოჩნდა, რომ დარგობრივი სამინისტროები ამ საწარმოთა არსებობას “კრიშავდნენ” და ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ. ანუ, ატარებდნენ არა პოლიტიკას, არამედ ახორციელებდნენ სამეურნეო ფუნქციებს. შესაბამისად, დროულად ამ საწარმოთა არც ლიკვიდაციის პროცესი იწყებოდა და არც გაკოტრების საქმის გახსნა, რადგან დარგობრივი სამინისტროების მაღალჩინოსნები ასეთ საწარმოებს ნელ-ნელა შლიდნენ, ჩამოწერდნენ, ყიდდნენ და კარგ მოგებასაც ნახულობდნენ. ამ ყველასთვის ცნობილმა მოვლენამ აღნიშნული საწარმოები იმ კონდიციამდე მიიყვანა, რომ დღეს ისინი ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, ან სულს ღაფავენ. მას შემდეგ, რაც ისინი ქონების მართვის სამინისტროს სამართავად დაუბრუნდა, დაიწყო სრული ინვენტარიზაცია, რათა გარკვეულიყო თუ რა საწესდებო კაპიტალს ფლობს სახელმწიფო. დადგინდა, რომ სახელმწიფოს განკარგულებაში დაახლოებით 1800-მდე შეზღუდული და სააქციო საზოგადოებაა. აქედან საკონტროლო პაკეტი, ძირითადად (ზოგან 100%, ზოგან 52%), სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო 7-8% – საწარმოებს.
ოთარ სირაძე (საწარმოთა მართვის სააგენტოს აპარატის უფროსი):
აღრიცხვიანობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს მენეჯმენტის უზარმაზარი დეფიციტი. კვლავ საქმე გვაქვს ე.წ. “წითელ დირექტორებთან”, რომლებიც კომუნისტური წყობიდან მოდიოდნენ და ორგანიზაციული მართვის სამართლებრივი ცვლის შემდეგ კვლავ გააგრძელეს ხელმძღვანელობა, ანუ აღნიშნულ საწარმოთა პრივატიზაცია ისევ “წითელმა დირექტორმა” განახორციელა. ამ პრივატიზების პროცესიდან სახელმწიფოს პოზიტივი არ მიუღია, რადგან ამ საწარმოდან 90% გაჩერდა. ე.წ. “წითელი დირექტორი” ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, მისთვის მიუღებელია თვითონ სიტყვა “მარკეტინგი”, “მენეჯმენტი”, ვერ ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს და არ იცის, როგორ უნდა აწარმოოს ბიზნესი, ელოდება, რომ ვინმე მოვა და ეტყვის: – “მოდი მე ამას ავამუშავებ და შენ შენსას მოგცემ,” ან უკეთეს ვარიანტში ვიღაცას სურვილი გაუჩნდება ყიდვის და ისიც გაყიდის. პრივატიზება ცუდად ჩატარდა თუ კარგად, ამის შედეგებს დღეს არ უნდა ვითვლიდეთ. ეს დაითვლება დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ. ადრე თუ გვიან “წითელი დირექტორის” მიერ საწარმო გაიყიდება და ისეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდება, ვინც რეალურად აამუშავებს საწარმოს. ეს პროცესები ჯერ-ჯერობით ფერხდება, რადგან აქტიურია იჯარების თემა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აღურიცხავიც კი არის (ზოგ შემთხვევაში დაფიქსირებულია იჯარის ნაკლები გადასახადი). ეს “წითელი დირექტორის” მარცხენა შემოსავალია. როდესაც, თავის დროზე, ქო7ნების მართვის სამინისტრომ პირველადი შედეგების საფუძველზე, 147 ასეთი საწარმოს დირექტორი გაათავისუფლა, ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ატყდა რეკვები მაღალი თანამდებობის პირებისგან, იმას ნუ შეეხებით, ის ჩვენი ახლობელია, ბიძაშვილია და ა.შ. დაგვაინტერესა, ნუთუ აქამდე არავინ მოუხსნიათ? გაირკვა, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში სულ 12 ადამიანი იყო განთავისუფლებული, ჩვენ კი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში 147 გავათავისუფლეთ. ეს პროცესი იმ შედეგით დასრულდა, რომ მოხსნილმა დირექტორებმა სასამართლოში იჩივლეს და თავი აღიდგინეს.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, დირექტორებს დარგობრივი სამინისტროები ნიშნავდნენ, რომლებიც ანგარიშვალდებულნი ისევ მათთან იყვნენ და არა ქონების მართვის სამინისტროსთან, რომელსაც ეს საწარმოები სამართავად გადმოეცა.
1800 საწარმოდან დაახლოებით 1300-ზე მეტი ტერიტორიული ორგანოების მიერ არის დაფუძნებული. ეს საკმაოდ დამაფიქრებელი ციფრია. ქონების მართვის სამინისტროს ჰყავდა თავისი ტერიტორიული ერთეულები, რომლებსაც დელეგირებული ფუნქცია ჰქონდა. მას შეეძლო დაეფუძნებინა ადგილობრივი საწარმოები, ასევე ამ საწარმოების დაფუძნება შეეძლო ქალაქის მერიასაც. ეს 1300 საწარმო ადგილობრივ ბიუჯეტზეა, რომელიც ჩვენს მიერ არ კონტროლდება და არც არის საჭირო. საკანონმდებლო ცვლილებით, ისინი გასაკონტროლებლად ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს უნდა გადაეცეს და მათი მართვა ან გაუქმება საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს. მაშინ საწარმოთა მართვის სააგენტოს სამართავად რჩება 450-500 საწარმო, სადაც აუცილებელია ლიკვიდაციები, გაკოტრების საქმის გახსნა, მაგრამ აქ უკვე მივდივართ მარტივ საკითხთან – ფინანსებთან. ვგულისხმობთ გაკოტრების საქმის გახსნას, რომელსაც ესაჭიროება გარკვეული საპროცედურო გადასახადები. ყველაზე რთული ის არის, რომ შემორჩენილია სახაზინო საწარმოები, რომელთაც ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმა ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული. გაკოტრების საქმე რომ აღძრა, საწარმოს უნდა პასპორტი, აქ კი ხარჯია გასაწევი, რომლის საშუალებაც მას არ გააჩნია. თავის დროზე ჰოლდინგური კომპანია რომ შექმნილიყო, ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებოდით, რადგან იქ თავიდანვე მაღალი დაფინანსების წყარო იყო ჩადებული, რომელიც მოწესრიგებდა აღრიცხვიანობას, პასპორტიზაციას, გაკოტრების საქმის გახსნაზე შესაბამისს ხარჯს გადაიხდიდა. იგივე მოხდებოდა იმ საწარმოებში, რომლებიც ლიკვიდაციას ექვემდებარება. M
თუ ეს პროცესები ნორმალურად წარიმართა, მივდივართ საწარმოთა ოპტიმალურ რიცხვამდე. დაახლოებით, ეს იქნება 200-206 საწარმო, რომელიც შესაძლებელია, რეალურად იმართებოდეს და მიზანშეწონილია ფისკალური კუთხითაც. ანუ, სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღოს არა ის, რასაც ღებულობდა აქამდე: მაგალითად, 8 მილიონი დივიდენდი 1800 საწარმოდან ან ბოლო მონაცემით, 12 მილიონი დივიდენდი 1800 საწარმოდან, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ეტაპზე ეს ციფრი 4-5-ჯერ მეტი უნდა იყოს, ვინაიდან 2002 წელს მხოლოდ რკინიგზამ 36 მილიონი ლარი დააფიქსირა, საიდანაც რეინვესტირებისთვის მას ნახევარი გადაეცა, მეორე ნახევარი კი, ბიუჯეტში უნდა გადაეხადა, რეალურად კი, 8 მლნ 900 ლარი გადაიხადა.
ჩვენი სამსახურის დღევანდელი სახე, ვფიქრობ, არ ამართლებს. პირველ ეტაპზე ის უნდა ყოფილიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მოამზადებდა წინა პირობებს, საკანონმდებლო ცვლილებებს. სამწუხაროდ, სააგენტოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილების შეტანის შემდეგ, იგივე ინიციატივის უფლება აღარ გვაქვს, რადგან მთავრობის სტრუქტურულ ერთეულს არ წარმოვადგენთ.
გავიდა წელიწადი და ამ ტიპის სამსახურის მუშაობის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი. ფაქტიურად, ის 1800 საწარმო ისევ იმ სახით არსებობს. თან ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებიც ქონების მართვის სამინისტროს ჰყავდა, სააგენტოს აღარ ჰყავს, ანუ რაიონებში კონტროლის მწარმოებელი არავინაა. ეს ტერიტორიული ერთეულები ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარა, მაგრამ საწარმოების მართვის კუთხით მათ შეხება არ აქვთ. პრივატიზებაც გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. არ ვიცით, თუ რა ხდება საწარმოებში. ინფორმაციის დონეზე ცნობილია, რომ მიდის რამოდენიმე საწარმოს აგურ-აგურ დაშლა და გაყიდვა. არის სახელმწიფო მნიშვნელობის საწარმოები, რომლებზეც კონტროლი ხორციელდება, მაგრამ არის აგრეთვე საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, რომელთაც ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა აქვთ, მთლიანად სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არის შექმნილი და სახელმწიფო საწარმოდ ითვლება. ეს შუა რგოლი, რომელიც ჩვენი ტერიტორიული ერთეულის საშუალებით იმართებოდა და ინფორმაციას გვაწოდებდა, აღარ არის. გამოდის, რომ აქედან უნდა განვახორციელოთ კონტროლი, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამ 1300 საწარმოდან დაახლოებით მესამედზე არაფერი ვიცით და რაც ჩვენთვის ცნობილია, მისი რეალურობის დადგენაც რთულია.
აღნიშნულ. საწარმოები უნდა ლიკვიდირდეს, ან გაკოტრების საქმე უნდა გაიხსნას, რადგან ამ საწარმოთაგან 90% არარენტაბელურია. ამიტომ, ლოგიკურია კითხვა – რატომ უნდა იყოს ასეთი საწარმოები სახელმწიფო დაქვემდებარებაში? რაში გვჭირდება? ის საწარმოები, სადაც სახელმწიფო წილი 51%-ა, ასე თუ ისე მუშაობდა და გარკვეული დატვირთვით ახლაც მუშაობს, ხოლო სადაც 49% იყო – გაყიდვა მოხერხდა (ესე იგი ლიკვიდური იყო და ამიტომ გაიყიდა). არის საწარმოები, სადაც სახელმწიფო 100%-ს ფლობს, რომლებიც საერთოდ არ გასულან საპრივატიზაციოდ, მაგრამ მათზე უზარმაზარი მოთხოვნილებაა და გაიყიდება.
არის საწარმოები, სადაც თანამედროვე მენეჯმენტი ხორციელდება. არის სასიკეთო ძვრებიც და საჭიროა დრო, იმისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს.
შეხვედრა გვქონდა უცხოელ ექსპერტებთან. შემოგვთავაზეს მათთან აპრობირებული კომპიუტერიზირებული სისტემა, რომელიც ყოველგვარ შეცდომას აფიქსირებს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნისთვის ეს საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. ერთ საწარმოში ასეთი სისტემის დანერგვას, დაახლოებით, 150 ათასი აშშ დოლარი დასჭირდება.
აქვე უნდა აღვნიშნო, ისეთი საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილი 100%-ა და გამართულად მუშაობს. გასულ წელს ამ სახელმწიფო საწარმოებიდან არასაგადასახადო შემოსავლების კუთხით 12 მლნ მობილიზდა, რომელიც 10 საწარმოს ეკუთვნოდა. ამ 12 მლნ-ში 90% ორი კომპანიის წილი იყო – ეს არის რკინიგზა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, ანუ რასთან გვაქვს საქმე? ეს დივიდენდი სულ 4-მა თუ 5-მა კომპანიამ გადაიხადა.
სახელმწიფოს აქვს მიმართულება, რომ უნდა მოხდეს აბსოლუტურად ლიკვიდური საწარმოების გაყიდვა. ეს სწორი მიმართულებაა. არსებობს პრივატიზების კანონში მუხლი, რის მიხედვითაც, არ შეიძლება სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა: ესენია მილსადენები, გაზის და ნავთობის მილსადენები, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, წიაღისეულის და წყლების აკვატორია, პორტები (თუმცა ფოთის და ბათუმის პორტები შეიძლება კარგად გაიყიდოს), მაგრამ ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს – თუ პოლიტიკურად რამდენად მომგებიანი იქნება მისთვის ამა თუ იმ ობიექტის გაყიდვა. დღეს შეიძლება ზემოთ ნახსენები 360 საწარმო გავყიდოთ, რომელიც, ფაქტიურად, მომზადებულია, დასრულებულია სამუშაო და გადავცეთ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო სიის შესადგენად, რომ შემდგომში გამოაცხადოს ტენდერი, თუნდაც კონკურსი ან აუქციონი.
პრობლემა არის საკითხისადმი მიდგომაშიც. წინა მთავრობაში საერთოდ წარმოუდგენელი იყო სწორად წასულიყო საწარმოთა მართვა. ამ მთავრობას პრობლემებისადმი აბსოლუტურად სწორი მიდგომა აქვს. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. იმის მოლოდინი, რომ ვიღაც მოვა, ჩადებს ინვესტიციებს და 10 წლის შემდეგ ააღორძინებს საწარმოს, ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. ინვესტორი ქველმოქმედებისთვის არ მოდის, ის მოდის მოგებისთვის. ჰუმანიტარული დახმარებების და ქველმოქმედებისთვის კი საწარმოში არავინ შედის.