თავისუფალი ვაჭრობა და საპრეზიდენტო არჩევნები

რედაქციისაგან

ათასობით ვებ-გვერდი, გაზეთი და პირდაპირი ეთერის საათები თეთრი სახლის მიერ წამოწყებულ მარათონს ეძღვნება. ყურადღების ცენტრშია ორი საკითხი: როგორ და როდის დასრულდება ერაყის ომი და როგორი იქნება ჯანდაცვის საგადასახადო სისტემა.

წინ წამოწეულია კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია და გლობალურ ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. საკითხი თავისუფალ ვაჭრობას ეხება.
პრეზიდენტი ბუში მთელი თვეა იმ სიკეთეზე საუბრობს, რომელსაც ამერიკა თავისუფალი ვაჭრობისგან იღებს და დასძენს, რომ მილიონობით ამერიკელის სამუშაო ადგილი ექსპორტზეა დამოკიდებული, ექსპორტის ზრდა კი უკეთესსა და უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ქმნის.
მერყევი აზრები
პრეზიდენტი ბუში სასწრაფოდ გამოკვეთილი პრიორიტეტით კონგრესს არწმუნებს დაამტკიცოს ბუშის ადმინისტრაციასა და კოლუმბიას, პერუს, პანამასა და სამხრეთ კორეას შორის წარმოებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შემოღების შესახებ. მაგრამ საპრეზიდენტო ინიციატივა ხშირად დებატების საგანი ხდება და სამსჯავროზე დგას საკითხი – საერთოდ, თუ არის აშშ-ის ინტერესებში თავისუფალი ვაჭრობა?
როგორც სჩანს, ამერიკაში პროტექციონიზმი ცოცხლდება.
დემოკრატიული პარტიების ხელმძღვანელი, თითქმის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გმობს პრეზიდენტის ლიბერალურ მიდგომას თავისუფალი ვაჭრობის საკითხებისადმი.
ერთ-ერთი ლიდერი ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულებები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხელახალ გადახედვას მოითხოვს. მათ შორისაა ის გარიგებები, რომლებიც მისი მეუღლის პრეზიდენტობის დროს გაფორმდა. ჯონ ედვარდსი კი იმდენად გათამამდა, რომ ამერიკელებს დაუსვა შეკითხვა, თუ რამდენად დადებითად აფასებენ ისინი გლობალურ ვაჭრობას. მან აღნიშნა, რომ სიტყვა ვაჭრობამ დასაქმებული ამერიკელებისთვის უარყოფითი ელფერი შეიძინა. რა თქმა უნდა, ეს დემოკრატთა ამომრჩეველზე გათვლილი საარჩევნო კამპანიის რიტორიკაა.
ამომრჩეველთა ფიქრები
რა შეიძლება ითქვას რესპუბლიკელებზე? იზიარებენ თუ არა ისინი მათი პრეზიდენტის რწმენას თავისუფალი ვაჭრობის სიკეთის შესახებ? ალბათ არა.
“უოლ სთრით ჯორნალის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპუბლიკელი ამომრჩევლების 60% მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ამერიკისთვის ზიანის მომტანია. დემოკრატებისგან განსხვავებით, რომლებსაც პროფკავშირებთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ, რესპუბლიკელები, ტრადიციისამებრ, ამერიკული ბიზნესის დახმარებას უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევენ. თუ რესპუბლიკელთა ელექტორატის ორი მესამედი თავისუფალ ვაჭრობას არ მიემხრობა, მაშინ ამ უკანასკნელს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკაში ნამდვილად დიდი პრობლემები ჰქონია.
ეკონომისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ აშშ-მ ტარიფების გლობალურად შემცირებით და სხვა სავაჭრო ბარიერების მოხსნით დიდი სარგებლობა ნახა.
ეკონომიკის ზრდა
ვაშინგტონის საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის უნივერსიტეტის პროფესორი გარი ჰაფბოერი იკვლევს, თუ რა გავლენა აქვს სავაჭრო პოლიტიკას აშშ-ის ეკონომიკაზე. მან გაიანგარიშა, რომ თუ ამერიკა წარმატებით დაასრულებს ყველა მოლაპარაკებას მის პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, აშშ-ის წარმოების ღირებულებას 450-600 მლრდ დოლარი დაემატება, ხოლო თუ მას მოსახლეობის რაოდენობაზე გადავანაწილებთ, ვნახავთ, რომ თავისუფალ ვაჭრობას შეუძლია თითოეული მოსახლის შიდა მეურნეობა ყოველწლიურად 5 300 დოლარით გაამდიდროს.
თუ ეკონომისტები ასე დარწმუნებულნი არიან თავისუფალი ვაჭრობის სარგებლიანობაში, რა იწვევს ამერიკელი ამომრჩევლის საწინააღმდეგო განწყობას? პასუხი შემდეგია – კომბინირებული მოგებები ინდივიდუალურ პირებზე არ აისახება. სამაგიეროდ, ამერიკელთა უმრავლესობა, მათ შორის აშშ-ის ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შემოღებას მათი გაღარიბება მოჰყვება.
დაზარალებული მრეწველობა
მაგალითად, ბრაიან ოშოგნესი მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიული მუშტრებისთვის სპილენძის პროდუქციას ამზადებს. მისი კომპანია 1801 წელს დაარსდა და აშშ-ის უძველესი მწარმოებელია. მაგრამ უდიდესმა მემკვიდრეობამ ის პრობლემებისგან ვერ დაიცვა და წარმოების ორი ფილიალი დაიხურა, აშშ-ის მოსახლეობის უმუშევართა რიცხვი კი 85 ადამიანით გაიზარდა. ბრაიან ოშოგნესის აზრით, ეს აშშ-ის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რადგან უცხოელ კონკურენტებს ძალიან ადვილად შეუძლიათ ამერიკაში საკუთარი პროდუქციის გაყიდვა. ის მიიჩნევს, რომ ვაჭრობა კანონებს უნდა ემყარებოდეს, კანონები კი სამართლიანი უნდა იყოს. იგი დასძენს, რომ აშშ-ის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შემოღების შესახებ მოლაპარაკებები უსამართლოა.
ამერიკელი მწარმოებლები ჩივიან, რომ აშშ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს, თუ როგორ უვლიან გვერდს მისი სავაჭრო პარტნიორები ტარიფების შემცირებას და ზრდიან ან აწესებენ ახალ გადასახადებს.
დილემა
რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის თავისუფალი ვაჭრობა პრობლემაა. რას გადაწყვეტენ ისინი? გადაუხვევენ ტრადიციას, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერაში მდგომარეობს, თუ გულგრილად მიუდგებიან ბიზნესმენებისა და მოსახლეობის პრობლემებს, ვისთვისაც ისინი ხანგრძლივ მოხსენებებს წარმოთქვამენ? დებატებში რესპუბლიკელთა ლიდერი კანდიდატი აცხადებს, რომ შეუძლებელია მთელ მსოფლიოსთან ბიზნესის შეწყვეტა, თუმცა იგივე დებატებში ერთ-ერთი სუსტი მეტოქე ვაჭრობისგან მიღებულ მოგებას სკეპტიკურად განიხილავს. ფრედ თომპსონი აცხადებს, რომ როლანდ რეიგანი საფლავში “გადატრიალდება”, თუ რესპუბლიკელებისგან პროტექციონიზმის მხარდაჭერა დაფიქსირდება.
თუ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა თავისუფალი ვაჭრობის შემოღების წინააღმდეგია, მაშინ ყველაზე მამაც პოლიტიკოსსაც კი საწინააღმდეგო აზრის დაცვა გაუჭირდება.