რუსეთის ეკონომიკას ნავთობ-დოლარები კრიზისს უქადის
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
რუსეთში ნავთობზე ფასების ზრდის პროგნოზს ერთგვარი კმაყოფილებით და სიმშვიდით შეხვდნენ. პროგნოზები რელობად იქცა და დღეს, ერთი შეხედვით, რუსეთში ცუდი სიტუაცია მართლაც არ არის: ნავთობის კომპანიებისა და ბიუჯეტის შემოსავლები, ხელფასები და ინვესტიციები იზრდება. თუმცა, ეს მართლაც ერთი შეხედვით, ვინაიდან რუსეთის ეკონომიკაში პრობლემების მთელი წყება იჩენს თავს, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. უფრო მეტიც, ეს პრობლემები გროვდება და არასრული და არადროული გადაწყვეტილებების მიღება გარდაუვალი უსიამოვნებების წინაპირობა იქნება.
რუბლის სწრაფ და ძლიერ გამყარებას რუსული მრეწველობის დიდი ნაწილის კონკურენტუნარიანობის დაწევა მოაქვს თან. ცოტა თუ უტრირებას გავაკეთებთ, შეიძლება ითქვას, რომ რენტაბელური შეიძლება მხოლოდ ნავთობი და მისი ექპსორტი დარჩეს და ასევე იმ საქონლის და მომსახურების წარმოება, რომლის იმპორტირება რთული ან ძვირია.
ასეთი სიტუაციას მსოფლიოში “ჰოლანდიურ ავადმყოფობას” უწოდებენ. მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში ჩრდილოეთის ზღვაში აღმოჩენილ იქნა ბუნებრივი გაზის დიდი მარაგი, მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა ნიდერლანდები, ხოლო მოგვიანებით ნორვეგია და რამდენიმე ქვეყანა.
ჰოლანდიური ავადმყოფობის პროფილაქტიკა საკმაოდ კარგად არის ცნობილი და რუსეთის ხელისუფლება მას უკვე იყენებს. სხვა მეთოდებთან ერთად, საუბარია ნავთობის სექტორის პროგრესირებულ დაბეგვრაზე, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ფასების დონეზეა მიბმული, სტაბილიზაციის ფონდის შექმნასა და ფულადი მასის ჩქარი ზრდის სტერილიზაციაზე. საქმე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენად ეფექტური იქნება ეს პოლიტიკა.
საგადამხდელო ბალანსის მკვეთრად დადებითი სალდო, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ქვეყანაში ვალუტის შემოდინება, ფულადი მასის ისეთ მკვეთრ ზრდას იწვევს, რომ ინფლაციის საშიშროება დგება. თუმცა მთელი რიგი ფაქტორების გამო, სამომხმარებლო ინფლაცია დაწევას განაგრძობს და არ არსებობს მიზეზი არ დავუჯეროთ რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ 2004 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში დარჩება.
თავის მხრივ, უძრავი ქონება საშინელი ტემპებით ძვირდება. ექსპერტები უკვე აკეთებენ გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ ამ ბაზარზე არც თუ შორეულ მომავალში შესაძლებელია კრიზისის განვითარება, რომელიც თანდათანობით სხვა სფეროებსაც გადაედება. 2003 წლის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქში საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი ერთნახევარჯერ გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 594 დოლარს მიაღწია, ხოლო პრესტიჟულ რაიონებში 10 ათასსაც მიუკაკუნა. ანალიტიკოსები აკეთებენ პროგნოზს, რომ ეს მაჩვენებელი 2004 წლის დასრულებამდე 40-45%-ით გაიზრდება. ფასების მსგავსი ზრდა უახლეს წარსულში ევროპის არც ერთ ქვეყანას არ ახსოვს. ასეთი სიტუაციის ყველაზე სტანდარტული ახსნა ძვირ ნავთობშია, ძალიან ჩქარი ტემპებით იმატებს მოსახლეობის შემოსავლები, მოსკოვში დღეს- დღეობით არაოფიციალური შეფასებით უკვე 13-15 მლნ ადამიანი ცხოვრობს. თუკი ფასების ზრდის გამომწვევ ამ მიზეზს ვენდობით, მოსალოდნელია ამ პროცესის შემდგომში გაგრძელება. ზოგადი შეფასებებით, საამშნებლო ბიზნესი ძალიან რენტაბელური გახდა, ბინების თვითღირებულება კვადრატულ მეტრზე 300-400 დოლარს აღწევს, მაგრამ მოსკოვის საამშნებლო ბიზნესი იმდენად დახურულია, ზუსტად კონკრეტული ციფრები არავინ იცის. ანალიტიკოსების აზრით, ამ ბიზნესის რენტაბელურობა მართლაც ასეთი მაღალი რომ იყოს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ინვესტციების ტალღა წამოვიდოდა, მიწოდება გაიზრდებოდა, რენტაბელურობა დაიწევდა და ბინებიც ასეთი ძვირი არ იქნებოდა.
ნედლეულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების დიდი წილი სახელმწიფო ბიუჯეტში მიედინება, რომელიც გაანგარიშებულია ნავთობზე უფრო დაბალი ფასით, ვიდრე დღესაა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პროფიციტი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე იგეგმებოდა. აქედან გამომდინარე, დიდი იქნება იმის ხიბლი, რომ ეს ფული სოციალური საჭიროებისთვის დაიხარჯოს, ან სახელმწიფო ინვესტიციებისთვის. ძნელია არ დაეთანხმო საზოგადოებისთვის ისეთ სასარგებლო საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სოციალური ხარჯების გაღება, ახალი გზების მშენებლობა და ა.შ., მაგრამ მრავალი გამოკვლევა ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციები ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე კერძო, ხოლო დიდი ოდენობის სოციალური ხარჯების გაწევა უკან ბრუნდება, როგორც სიღარიბის კონსერვაცია.
ახლანდელი ეკონომიკური სტაბილურობა და ზრდის მაღალი ტემპები მხოლოდ ნაწილობრივად არის ხელისუფლების დამსახურება. ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად დადებით გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. საოცარია, რომ ეკონომიკაში “ყველაფერი რიგზეა” ენერგიული ეკონომიკური რეფორმების გარეშეც. სიტუაცია არც ისე სახარბიელო იქნებოდა, ნავთობის ფასი 1998 წლის დონეზე რომ ყოფილიყო, ანუ თითქმის 4-ჯერ დაბალი. ამ შემთხვევაშიც დიდია ხიბლი სამომავლოდ გადაიდოს რთული, მტკივნეული ბევრი რეფორმა. საბოლოო ჯამში კი, დიდია რისკი რუსეთი გასული საუკუნის 1970-იანი წლების “უძრაობის” ხანაში აღმოჩნდეს.
რუსეთში ახლა ბევრი ფულია, იმდენად ბევრი, რომ მისი დაბანდება რთული ხდება. და ეს სიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ მრეწველობის ბევრი სექტორი საშინლად საჭიროებს ინვესტიციებს. რეალური სექტორი ჯერ კიდევ არ არის მზად ინვესტიციისთვის. მიუხედავად ამისა, ინვესტიცია მაინც იზრდება და ძირითადად, რუსული. უცხოური კი, ძველებურად ისევ მცირეა. უცხოური ინვესტიციების მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში. რაც არის, ისიც მხოლოდ ნედლეულის სექტორში რამდენიმე მსხვილი გარიგების ხარჯზე.
მიუხედავად ეკონომიკის ასეთი ზრდისა, დღეს უკვე შესაძლებელია ითქვას, რომ თუკი არსებული ტენდენციები შენარჩუნდება, რუსეთი არც ისე მიმზიდველი იქნება უცხოური ინვესტიციებისთვის. აქტივები მნიშვნელოვნად ძვირდება, მასთან ერთად მუშახელიც, კანონმდებლობა გამჭვირვალე არ არის, სასამართლო სისტემა სუსტია და ა.შ.
ნავთობიდან მიღებული შემოსავლები მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრ და სწრაფ ზრდას იწვევს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში რეალური შემოსავლების ზრდა ორჯერ უსწრებს წინ მშპ-ს ზრდას. თუმცა, ეს შემოსავლები უკიდურესად არათანაბრად ნაწილდება, როგორც რეგიონალური, ისე სფეროების თვალსაზრისით. ნავთობის წარმოებასა და “გაზპრომში” საშუალო თანამშრომელს შემოსავალი მნიშვნელოვნად მაღალი აქვს, ვიდრე საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეს და შესაბამისად, საშუალო მოსკოველს ბევრად მაღალი, ვიდრე რეგიონში მცხოვრებს. სოციალური პოლარიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ საშიში ტენდენციაა. საუბარია არა მხოლოდ სოციალურ დაძაბულობაზე, არამედ შრომითი რესურსების განაწილების პრობლემაზე. სტიმული იმისა, რომ ადამინი გახდეს ექიმი ან მასწავლებელი ძალიან მცირდება. ამ პროფესიების გარეშე რთულია ადამიანების კაპიტალის წარმოება, რაც რუსეთისთვის ერთ-ერთი პოტენციური უპირატესობაა გლობალურ კონკურენციაში.
ფულის გათეთრების გამო “სოდბიზნესბანკისთვისთვის” ლიცენზიის შეჩერების შემდეგ საბანკო სექტორში კრიზისის მოლოდინი გაჩნდა. ამის შემდგე ბანკთაშორის ბაზარზე ურთიერთუნდობლობა წარმოიშვა და არსებობს საშიშროება ამან ლიკვიდურობის ფართომასშტაბიანი კრიზისი გამოიწვიოს. პიკმა 4 ივნისს მიაღწია, როცა ბანკებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს ერთმანეთისთვის ლიმიტების დახურვა. კოლეგებში ეჭვს იწვევდა არა მხოლოდ მცირე და საშუალო, არამედ უმსხვილესი, პირველ ათეულში შემავალი ბანკებიც კი. ბაზარზე შექმნილმა სიტუაციამ ყველას 1995 წელი მოაგონა, როცა რუსეთში სერიოზული საბანკო კრიზისი განვითარდა და მისი განმეორების საშიშროებას ხედავენ. ყველა ბანკი იძულებული გახდა გადაეხედა იმ კრიტერიუმებისთვის, რის მიხედვითაც, ისინი მიჩვეულები იყვნენ, გაერკვიათ კონტრაგენტების საიმედოობა, საბოლოო ჯამში, ისეთმა ფორმალურმა მაჩვენებლებმა, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების ხარისხი, არაფორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით წონა დაკარგა. როგორც ამბობენ, ბაზარზე უკვე ბანკების რამდენიმე ათეული შავი სია მოძრაობს, რომელიც თითქოს ცენტრალური ბანკის მიერ არის შედგენილი. შემდგომში უნდობლობამ იქამდე მიაღწია, რომ შეწყდა ოპერაციები არა მხოლოდ იმ ბანკებთან, რომლებიც ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ, არამედ სხვა წვრილ და საშუალო ბანკებთანაც. თუმცა, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი კოზლოვი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი შავი სია და მის ფანტომს მავანნი არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის იყენებენ. მან ბანკირებს დაწყნარებისკენ მოუწოდა, მაგრამ იმ პირობებში, როცა სანაბკო სექტორი მხოლოდ ჭორებით ცხოვრობს, კოზლოვის სიტყვებს დადებითად არ უმოქმედია, ერთადერთი რისიც ყველას ეშინია, ეს დომინოს ეფექტია.
ნავთობის ფასების პროგნოზირება ერთ-ერთი უმადური საქმიანობაა. ძალიან ხშირად ტყუვდებიან როგორც ოპტიმისტები, ისე პესიმისტები, რაც არ უნდა ვიგულისხმოთ ამ კატეგორიების ქვეშ. ახლანდელი სიტუაცია კი ასეთია, რომ ნავთობზე მოთხოვნა ნარჩუნდება ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და პირველ რიგში, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ხარჯზე. ხოლო მიწოდება იზღუდება გეოპოლიტიკური ხასიათის რისკების გამო, ეს არის ნაწილობრივ ერაყის ომი და ნაწილობრივ საუდის არაბეთში პოტენციურად პოლიტიკური არასტაბილურობა. ასე რომ, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ნავთობსა და გაზზე მაღალი ფასები კვლავაც შენარჩუნდება, გამორიცხული არ არის გამართლდეს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ბარელ ნავთობზე მოსალოდნელია ფასის 50 დოლარამდე გაზრდა.
იმაზე, თუ რამდენად ჭკვიანური და ბალანსირებული იქნება რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა, ბევრია დამოკიდებული და მათ შორის ისიც, შესაძლებელი იქნება თუ არა სხვადასხვა სახის კრიზისის თავიდან აცილება და მდგრადი განვითარების ტრაექტორიაზე გასვლა… და კიდევ ბევრი სხვა რამ.