ნობელიანტები ნობელი მოსახლეობის პრობლემებისათვის
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ამერიკელი ეკონომისტი ჯორჯ ჯოზეფ სტიგლერი დაიბადა 1911 წლის 17 იანვარს ვაშინგტონის შტატის ქალაქ რენტონის გარეუბანში. იგი იყო უძრავი ქონებით მოვაჭრე კომპანიის აგენტ ჯოზეფისა და ელიზაბეტ სტიგლერების ერთადერთი შვილი, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს ამერიკაში ბავარიიდან და ავსტრიიდან გადასახლდნენ.
სიეტლში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯ. სტიგლერივაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც 1931 წელს ეკონომიკურ მეცნიერებაში ბაკალავრის წოდება მიიღო. მომავალ წელს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტმა (ილიონისის შტატი, ქალაქი ევანსტონი) მას მაგისტრის წოდება მიანიჭა, რის შემდეგაც მომავალი მეცნიერი ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში აგრძელებს სწავლას. როგორც ჯ. სტიგლერი იხსენებდა, “ეს იყო დეპრესიის შუა პერიოდი, როდესაც გაცილებით ხელსაყრელი იყო სწავლა, ვიდრე სამსახურის ძიება”. ჩიკაგოში სწავლისას მის მეცნიერულ შეხედულებებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს ფ. ნაიტმა, ჯ. ვიუნერტმა, გ. საიმონმა და აგრეთვე მისმა თანაკურსელებმა – ა. უილისმა და მ. ფრიდმანმა.
ჯ. სტიგლერმა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობა ილიონისის შტატის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობით დაიწყო. 1938 წელს დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ (სადოქტორი დისერტაციის თემა იყო “წარმოებისა და განაწილების თეორია”), იგი სამუშაოდ მინესოტის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც რვა წელი დაჰყო. აქ მეცნიერს კათედრის სრული პროფესორის თანამდებობაზე ნიშნავენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჯ. სტიგლერი კოლუმბიის უნივერსიტეტის სტატისტიკის მკვლევართა ჯგუფის კონსულტანტად მუშაობდა. 1946 წელს იგი მუშაობას იწყებს ბრაუნოვის უნივერსიტეტში, ხოლო ერთი წლის შემდეგ – კოლუმბიის უნივერსიტეტში. 11 წლის მუშაობის შემდეგ სამუშაოდ გადადის ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებულ ქცევის მეცნიერებათა სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში, რომელიც მისი მუდმივი სამუშაო ადგილი ხდება. ჩიკაგოს უნივერსიტეტში მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ჯ. სტიგლერი ხელმძღვანელობდა კათედრას, რომელიც იკვლევდა ამერიკის ეკონომიკური პროფილის ინსტიტუტების მუშაობას. ამ პერიოდში მან შეიმუშავა შემდგომში ფართოდ ცნობილი თეორია მრეწველობის ორგანიზაციის შესახებ. მრავალი წლის მანძილზე მეცნიერი რედაქტორობდა უნივერსიტეტის ორგანოს – “პოლიტიკური ეკონომიკის ჟურნალს”. მისი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებული იყო მიკროეკონომიკური თეორიის (განსაკუთრებით ფასების თეორიის), პრობლემების, სამრეწველო ორგანიზაციის, ეკონომიკური ისტორიის და საზოგადოებრივი რეგულირების საკითხებთან. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაზრო სტრუქტურისა და სამრეწველო ორგანიზაციის გამოყენებითი გამოკვლევა. ჯ. სტიგლერი ითვლება “ინფორმაციის ეკონომიკისა” და “რეგულირების ეკონომიკის” დისციპლინათა ფუძემდებლად, ასევე სამართლისა და ეკონომიკის ურთიერთზეგავლენის შესწავლის პიონერად.
40-იან და 50-იან წლებში ჯ. სტიგლერმა გამოაქვეყნა ბევრი სტატია და წიგნი, რომელიც გამოყენებითი მიკროეკონომიკის და სამრეწველო ორგანიზაციის პრობლემებისადმი იყო მიძღვნილი. ერთ-ერთ სტატიაში – “ჭერი და იატაკი”, რომელიც 1946 წელს გამოჩენილ ამერიკელ მეცნიერთან, ილტონ ფრიდმანთან ერთად დაწერა, იგი ამტკიცებს, რომ ომის დროს დადგენილი და ზოგიერთ ამერიკულ ქალაქში მის შემდეგაც შენარჩუნებული კონტროლი ბინის ქირაზე საცხოვრებელი სახლების დეფიციტის, მშენებლობის არასაიმედოობის და საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის დაბალი ხარისხის გამომწვევი მიზეზი გახდა. მაშინ ამგვარმა დასკვნებმა მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, მაგრამ შემდომ როგორც ლიბერალების, ისე კონსერვატორების წრეებში მათ ფართო აღიარება მოიპოვეს.
40-იანი წლების დასაწყისში ჯ. სტიგლერმა აშშ-ს საკანონმდებლო რეგულირების ზოგიერთი ასპექტი შეისწავლა, კერძოდ, რენტაზე კონტროლისა და მინიმალური ხელფასის რეგულირების სფერო. მეცნიერის ზოგიერთი ნამუშევარი, რომლებიც მის მიერ ეკონომიკური კვლევითი ეროვნული ბიუროს დაკვეთით შესრულდა, წარმოადგენს დაქირავებული შრომის სხვადასხვა სახეების სპეციალურ პრობლემურ დამუშავებას, რომლებშიც განმარტებულია შრომითი კანონმდებლობის, მაგალითად, მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის გავლენა უმუშევრობაზე. ჯ. სტიგლერმა დაადგინა, რომ ეკონომიკური პროცესების რეგულირების ზემოქმედების მოსალოდნელ ეფექტს ყოველთვის მოჰყვება თანმდევი შედეგები, რომლებსაც ხშირად მთელი ამ ძალისხმევის შედეგი ნულამდე დაჰყავთ. მაგალითის სახით მეცნიერს მოჰყავდა კანონმდებლობა ელექტროენერგიაზე ტარიფების რეგულირების სფეროდან, რომლებსაც, პრაქტიკულად, არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ამგვარი მოვლენის მიზეზს ჯ. სტიგლერი რეალური პირობების არასაკმარის ცოდნაში, მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელების სირთულეებში და ასევე გარე ფაქტორების გამანეიტრალებელ ზემოქმედებაში ხედავდა. მისმა შრომებმა ეკონომიკური რეგულირების სფეროდან მრავალ სხვა ქვეყანში ანალოგიური კვლევების ჩატარებას ბიძგი მისცა. თავის შედარებით მოგვიანებით შესრულებულ ნამუშევრებში ჯ. სტიგლერმა აჩვენა, რომ კანონმდებლობა არ წარმოადგენს “ეგზოგენურ” ფაქტორს, რომელიც ეკონომიკაზე გარედან ზემოქმედებს, არამედ გამოდის, როგორც ეკონომიკური სისტემის შინაგანად არსებული ნაწილი. ამ პრობლემების – “ეკონომიკური თეორიის რეგულირება” – კვლევა 1971 წელს გამოქვეყნებული იყო ჟურნალში “ეკონომიკური მეცნიერებისა და მართვის ჟურნალი”.
თავისი მეცნიერული კარიერის დასაწყისში ჯ. სტიგლერი ნაყოფიერად მუშაობდა მიკროეკონიმიკურ პრობლემებზე. მისი სტატიები: “წარმოება და განაწილება მოკლევადიან პერსპექტივაში” და “შენიშვნები დუოპოლიის თეორიის თაობაზე”, 1939 და 1940 წლებში იყო გამოქვეყნებული. ზუსტად ისევე, როგორც მის შემდგომ ნაშრომებში, ამ წერილებშიც ავტორისათვის დამახასიათებელი იყო უნარი, ბოლომდე გარკვეულიყო გასაანალიზებელი პრობლემის არსში და ნათელი ფორმულირებებით გამოეხატა ისინი. ნაშრომში “ინფორმაციის ეკონომიკა”, რომელიც მიკროეკონომიკაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს წარმოადგენს და რომელიც 60-იან წლებში ქვეყნდებოდა, ჯ. სტიგლერმა ბრწყინვალედ გვაჩვენა, რომ ეკონომიკური პრინციპების წინდახედულ გამოყენებას შეუძლია ხელი შეუწყოს მათი მნიშვნელობის გაგებას. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი წიგნი “ფასების თეორია”, რომელიც პირველად 1946 წელს გამოიცა. ნაშრომი მიკროეკონიმიკის სფეროში რამდენიმე თაობის სტუდენტებისა და ასპირანტებისათვის საუკეთესო სახელმძღვანელო იყო.
40-იანი წლების ბოლოსა და 50-იანი წლების დასაწყისში ჯ. სტიგლერმა მრეწველობის ორგანიზაციის პრობლემების დამუშავება დაიწყო. 1949 წელს იგი “მონოპოლისტური კონკურენციის” თეორიის კრიტიკით გამოვიდა, რომელიც ინგლისელი ეკონომისტის, ე. ჩემბერლენის და სამრეწველო ორგანიზაციის ჰარვარდის სკოლის სახელს უკავშირდება. მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ჩემბერლენის თეორია ერთი შეხედვით იძლევა სამრეწველო სტრუქტურის გაცილებით რეალისტურ სურათს, ვიდრე წინანდელი თეორიები, მაგრამ ნაკლებად გამოდგება ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებისათვის.
ნარკვევში “შრომის დანაწილება შეზღუდულია ბაზრის მოცულობით” (1917წ.) ჯ. სტიგლერმა განავითარა ადამ სმიტის დებულება იმის შესახებ, რომ ფირმის ზომები საბოლოო ჯამში განისაზღვრება სატრანსპორტო დანახაჯებისა და მოსახლეობის სიმჭიდროვით. მეორე ნარკვევში – “ეკონიმიკა წარმოების მასშტაბებზე” (1958წ.) – მან ეკონომიკურ მეცნიერებაში შემოიტანა “გადარჩენის პრინციპები”, რომელიც სამრეწველო ორგანიზაციის თეორიის განუყოფელ ელემენტად იქცა. ჯ. სტიგლერმა განსაზღვრა “ეფექტურობის მინიმალური მასშტაბი”, რომელიც უზრუნველყოფს გადარჩენის, როგორც საწარმოს ყველაზე უმცირეს სიდიდეს (განისაზღვრება წარმოებული პროდუქციის ერთეულებში, ან დასაქმებულ სამუშაო ძალაში), რომელსაც უნარი შესწევს დარჩეს წარმოების სფეროში იმ ცვლილებების შემდეგ, რომელსაც ადგილი აქვს ტექნოლოგიასა და საბაზრო სიტუაციაში. მაგალითად, ახალი სამრეწველო ტექნოლოგიის დანერგვას შეუძლია საშუალება მისცეს მსხვილ საწარმოს გახდეს მომგებიანი. ამ შემთხვევაში ეფექტურობის მინიმალური მასშტაბი, მაგალითად, ფოლადის წარმოებაში, გაიზრდება. თუმცა, სტატისტიკური მონაცემები ხშირად ძალზე შეზღუდული და მწირია. “გადარჩენის პრინციპი” მრეწველობის ორგანიზაციის ანალიზისას თანდათან უფრო ფართოდ გამოიყენება.
1961 წლის ივნისში ჟურნალ “პოლიტიკური ეკონომიის ჟურნალში” გამოქვეყნებული ჯ. სტიგლერის სტატია – “ინფორმაციის ეკონომიკა” შეიცავს მცდელობას, გასცეს პასუხი, ერთი შეხედვით, თითქოს უბრალო კითხვას: რამდენად დიდი ხნის მანძილზე და რამდენად ჯიუტად შეუძლია მომხმარებელს ეძიოს მისთვის სასურველი საქონელი რაც შეიძლება დაბალ ფასად? იგი ამტკიცებდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამ დროის დანახარჯები, ანუ ასეთი ძიების ინტენსივობა არ აღემატება სასურველი საქონლის შედარებით იაფი ფასით მიღებულ ეკონომიას. თუმცა, ასეთი პასუხი ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მეცნიერის მეთოდი წარმოადგენდა ეკონომიკაში ინფორმაციული პრობლემის კვლევის მოდელს და საბაზრო ქცევის თეორიაში ახალ მიდგომას მოიცავდა. ჯ. სტიგლერის თანახმად, განუსაზღვრელობა შეიძლება განხილული იყოს არა როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემული რამ, არამედ როგორც არაინფორმაციულობის დონე, რომელიც შესაძლებელია შემცირდეს განსაზღვრული დანახარჯების შედეგად ინფორმაციის მოპოვების გზით. ამგვარმა მიდგომამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკურ ანალიზზე, როგორც თეორიულად, ისე ემპირიულად და მისი გამოყენება დაიწყეს სრულიად განსხვავებულ სფეროებშიც, მათ შორის, მომხმარებლის ქცევის შესასწავლად და სარეკლამო საქმეში.
60-იან და 70-იან წლებში ჯ. სტიგლერმა განაგრძო სამრეწველო ორგანიზაციის თეორიის დამუშავება წიგნში “ოლიგოპოლიის თეორია” (1964წ.). მასში მეცნიერმა აჩვენა, თუ როგორ ზღუდავს კარტელების წარმატებას ე.წ. საიდუმლო გარიგებები. მეცნიერის ამგვარი მტკიცების ჭეშმარიტებას ადასტურებენ პრობლემები, რომლებსაც შეეჯახნენ ოპეკის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია – ა.გ.) ქვეყნები მეოცე საუკუნის 80-იან წლებში.
თავის ნაშრომში – “სამრეწველო ფასების ქცევა”, რომელიც ცნობილი ეკონომისტ ჯ. კინდალთან ერთად 1968 წელს დაიწერა, მეცნიერი უჩვენებს, რომ ფასების მოჩვენებითი სტაბილურობა არაკონკურეტულ ბაზრებზე სრულ ფიქციას წარმოადგენს, რამდენადაც საპრეისკურანტო ფასები სინამდვილეში მნიშვნელოვნად ნაკლებად სტაბილურ მაჩვენებლებს წარმოადგენენ, ვიდრე რეალური ფასები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება გარიგებები.
დროთა განმავლობაში ჯ. სტიგლერის ინტერესებმა წმინდა თეორიის სფეროდან თანდათანობით ეკონომიკური რეგულირების სფეროში გადაინაცვლა. მას განსაკუთრებით აინტერესებდა სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის პრობლემები, ასევე ბაზრის ადგილი და როლი თანამედროვე ეკონომიკაში. მეცნიერებასა და პრაქტიკაში გაბატონებული წარმოდგენებით დაუკმაყოფილებელმა, რომელთა თანხამადაც უწყებები, რომლებიც ამგვარ რეგულირებას ახორციელებენ, მოქმედებენ არა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, მან წამოაყენა ე.წ. “მოცვის თეორია”. ამ თეორიის თანახმად, რეგულირების პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ შედის შტატების შესაბამისი უწყებების ფუნქციაში, არ არის დაცული მომხარებელთა ინტერესების მხრივ. მაგალითისათვის, მეცნიერი ასახელებდა შტატთაშორისი სავაჭრო კომისიის მცდელობებს, შეეზღუდათ სატვირთოOავტომანქანების მოძრაობა შტატებს შორის, რასაც სარგებელი მოჰქონდა არა მოსახლეობისათვის, არამედ სარკინიგზო კომპანიებისთვის. თავის რეგულირების თეორიაში, რომელშიც სამართალი და ეკონომიკა ერთმანეთს ერწყმოდა და დისციპლინათაშორისი ხასიათის ნოვატორულ ნაშრომს წარმოადგენდა, ჯ. სტიგლერმა აჩვენა, რომ მხოლოდ მთლიანობაში შესრულებულ სახელმწიფოს ორგანიზაციის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ანალიზს შეუძლია განმარტოს, თუ როგორ და რატომ იწყება მრეწველობის რეგულირება. თავის ფართოდ ცნობილ სტატიებში “რისი რეგულირება შეუძლიათ მარეგულირებლებს?” და “ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზოგადოებრივი რეგულირება”, რომლებიც 60-იან წლებში გამოვიდა, ჯ. სტიგლერმა უჩვენა გამოყენებული ეკონომიკური რეგულირების მეთოდების არაეფექტურობა და მკვეთრად დააყენა შემდეგი პრობლემა: რატომ იქმნება და არსებობს ამდენი რეგულირებით დაკავებული უწყება?
ჯ. სტიგლერის ბევრი დებულება, რომლებიც ეკონომიკური განვითარების რეგულირებას ეხება და უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენილია მეცნიერის ისეთ ნაშრომებში, როგორიცაა “მოქალაქე და სახელმწიფო” (1975წ.), “თანამედროვე კაპიტალიზმის სასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები” (1982წ.), მოქცეული იყო როგორც პრეზიდენტ ჯ. კარტერის, ისე რ. რეიგანის ყურადღების ქვეშ, თუმცა თავად მეცნიერი ყოველთვის დამოუკიდებელ ექსეპერტად რჩებოდა. “მე არ მივეკუთვნები რეიგანის ეკონომიკის სკოლას, – განაცხადა მან – ისევე, როგორც არ ვუჭერ მხარს მათ მოწინააღმდეგეთ. ამასთან, ვფიქრობ, რომ მშვენიერი იქნებოდა, თუკი, “შესუსტდებოდა სახელმწიფოს ზეწოლა წარმოებაზე”.
ჯ. სტიგლერის, თუმცა არა იმდენად მნიშვნელოვან, მაგრამ გარკვეულწილად სერიოზული მეცნიერული ინტერესების სფეროდ იყო ქცეული ეკონომიკური აზრის ისტორია. იგი მთელ მსოფლიოში წარსულის ეკონომისტი-თეორეტიკოსების შრომებისა და პირადი ცხოვრების შესწავლის სახელგანთქმულ ავტორიტეტად იქცა. სწორედ მას ეკუთვნის ღრმადშინაარსიანი ნარკვევები დ. რიკარდოს და ადამ სმიტის, ჯონ მილის და კ. მენგერის, ი. შუმპეტერის და პ. სრაფის, ა. მარშალისა და სხვათა შესახებ. 1965 წელს მან გამოაქვეყნა ასევე ეკონომიკური ისტორიის ნარკვევები.
ჯ. სტიგლერს 1982 წელს ალფრედ ნობელის პრემია ეკონომიკაში “სამრეწველო სტრუქტურების, ბაზრების ფუნქციონირების, სახელმწიფო რეგულირების შედეგების და მიზეზების სფეროში ნოვატორული იდეებისათვის” მიენიჭა.
“ეკონომისტების უმრავლესობა, – განაცხადა პრემიის მიღების ცერემონიალზე მეცნიერმა, – გამოდის არა როგორც ახალი იდეების მწარმოებელი, არამედ როგორც მხოლოდ მათი მომხმარებელი. მათ ამოცანას შეადგენს დაახლოებით ის, რაც ავტომობილის მყიდველის წინაშე დგას: იპოვოს საიმედო მოდელი. სინამდვილეში ისინი, როგორც წესი, ამთავრებენ იმით, რომ ყიდულობენ ძველ და შესაბამისად, უკვე აპრობირებილ იდეას.
თავის ნაშრომებში ჯ. სტიგლერი კ. ერროუს, ჟ. დებრეს და პ. სამუელსონისაგან განსხვავებით, თავს არიდებდა მათემატიკის გამოყენებას. მეცნიერი მას უფრო ლიტერატურულ სტილს ამჯობინებდა. ყოველივე ამის შედეგად, მისი ნაწერები გამოირჩევა სტილის სინათლით, აზრთა გადმოცემის ელეგანტურობით და ერუდიციით, მისთვის ნათელი და უბრალო ფორმით გადმოცემული ეკონომიკის თეორია აუცილებელია როგორც საფუძველი, როგორც ჰიპოთეზა ემპირიული კვლევების შემოწმებისათვის. ეკონომისტებისაგან იშვიათად თუ შეეძლო ვინმეს ასე შედეგიანად წარმოედგინა მიკროეკონომიკური თეორიის სარგებლიანობა ასეთი მიზნებისათვის, როგორც ეს ჯ. სტიგლერმა გააკეთა, მაგალითად, ნაშრომში – “კაპიტალი და მოგების ნორმა გადამამუშავებელ მრეწველობაში” (1963 წელს). ჯერ კიდევ 1945 წელს წრფივი პროგრამირების დახმარებით მან შეადგინა “ყველაზე იაფი პროდუქტების კალათა”, რომელიც, ფაქტიურად, სამომხმარებლო კალათის წინაპრად იქცა.
1926 წელს ჯ. სტიგლერი დაქორწინდა მარგარეტ მეკზე, თავის თანაკურსელზე ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. მათ სამი ვაჟი შეეძინათ. მისი მეუღლე 1970 წელს გარდაიცვალა. თავად მეცნიერი კი, 21 წლის შემდეგ გარდაიცვალა, 1991 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია ჩიკაგოში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯ. სტიგლერი 1981 წელს ოფიციალურად გავიდა პენსიაზე, მეცნიერი მაინც განაგრძობდა ინტენსიურ მუშაობას უნივერსიტეტში. იგი იყო ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციის და ეკონომიკის ისტორიის საზოგადოებების პრეზიდენტი (1964წ.), ასევე ამერიკის მეცნიერთა ეროვნული აკადემიიის წევრი და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი.
ჯ. სტიგლერს მინიჭებული ჰქონდა კარნეგი-მილერის, რობერტსონის, ბრანსკის და ჰელსინკის ეკონომიკური სკოლის საპატიო სამეცნიერო წოდებები.