თავისუფალი ეკონომიკა და ეკონომიკის მინისტრის ქეისი

სოფიკო სიჭინავა

მერვე წელიწადია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოჩენილი ეკონომისტების, ნობელის პრემიის ლაურეატების, მილტონ ფრიდმანის, გარი ბეკერის, დუგლას ნორტისა და სხვების თაოსნობით ეკონომიკური თავისუფლების კვლევა მიმდინარეობს, რომლის შედეგები კანადაში ფრეზერის ინსტიტუტის ყოველწლიურ მოხსენებაში ქვეყნდება. ეკონომიკური თავისუფლების კვლევის შედეგად დგინდება ე.წ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ქვეყნებს შორის განსხვავებებს წარმოაჩენს და სადღეისოდ ამის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” სურვილია, რომ 2005 წლიდან, იმ 123 ქვეყანას, სადაც ეკონომიკური თავისუფლების კვლევა მიმდინარეობს, საქართველო და საერთოდ ყველა სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკა შეუერთდეს. ამ მიზნით, დღემდე გატარებული სხვადასხვა ღონისძებების შემდეგ გადაიდგა მორიგი ნაბიჯი და 27 ივლისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საერთაშორისო სემინარის “უცხოური ინვესტიციების პერსპექტივები საქართველოში” ფარგლებში გაიმართა მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2004 წლის კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია.

ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლება ფასდება იმის მიხედვით, თუ რაოდენ დაცულია ამ მხრივ ადამიანი და მისი საკუთრება გარეშე ძალადობისგან, რამდენად დამოუკიდებელია თითოეული მათგანი პიროვნულ არჩევანში, სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობაში, რამდენად ნებაყოფილობითია საქონელგაცვლა, რამდენად ღიაა შიდა ბაზარი და ხელმისაწვდომი საგარეო ვაჭრობა, რამდენად კონკურენტუნარიანია სამეურნეო გარემო, რამდენად უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, რამდენად ხელშეუხებელია ქონებრივი უფლებები, რამდენად მკაფიოდ არის განსაზღვრული ხელისუფლების უფლება-მოვალეობები და რამდენად ქმედუნარიანი და მდგრადია თავად პოლიტიკური ინსტიტუტები.

ეკონომიკური თავისუფლების კვლევა იძლევა ემპირიულ არგუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეკონომიკური თავისუფლება იზღუდება ყველგან და ყოველთვის, სადაც და როდესაც მაღალია გადასახადები, სახელისუფლებო ხარჯები და ადამიანის პირად და სამეურნეო საქმნიანობაში ხელისუფლების ჩარევა, მაშინ, როცა პოლიტიკური დიქტატი ზღუდავს პიროვნულ არჩევანს, ნებაყოფილობით საქონელგაცვლას და საბაზრო კოორდინაციას. ამავდროულად, ასაბუთებს, რომ, რაც მეტია ეკონომიკური თავისუფლება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა ქვეყნის შიგნით და იქმნება პირობები, რომ სრულყოფილად იქნეს განხორციელებული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები.

საერთაშორისო სემინარს ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე. მან, ასე ვთქვათ, თავისი ქეისის პრეზენტაცია მოახდინა და ისაუბრა სამ პრინციპზე: პრივატიზაცია, დერეგულაცია და უსაფრთხოება – ამ ცნებების ფართო გაგებით. მინისტრმა უსაფრთხოებაში იგულისხმა არა მარტო სამხედრო, არამედ საკუთრებითი, საგადასახადო სტაბილურობა.