მიკროსაფინანსო ორგანიზაციები პოტენციურ ბაზარს ოდნავ შეეხნენ
სოფიკო სიჭინავა
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტით საქართველოში მიკროდაფინანსების სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისათვის ქვეყანაში მცირე სესხებზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის 238 მლნ აშშ დოლარიანი გარღვევა გამოვლინდა.
გამოკვლევის კონკრეტული მიზნები იყო: მიკრო საწარმოთა მფლობელების სოციალურ-ეკონომიკური პროფილის დადგენა; ოფიციალურ და არაოფიციალურ ფინანსურ სისტემაში მცირე მეწამეთა მონაწილეობის დონის შესწავლა; ოფიციალურ ფინანსურ სისტემაში მონაწილეობის ძირითადი ბარიერების გამოვლენა; ქვეყანაში მიკრო სამეწარმეო სესხებზე ფულადი მოთხოვნის შეფასება; მიკრო საწარმოთა ინსტიტუციური პროფილის დადგენა; მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობის დასადგენად მიკრო სამეწარმეო სესხებზე შეფასებული ფულადი მოთხოვნის შეუსრულებელი მიკრო სამეწარმეო სესხების მოცულობასთან შედარება; მცირე მეწარმეთა შორის სხვა ოფიციალურ ფინანსურ მომსახურებაზე საბაზრო მოთხოვნის დონის დადგენა, მაგალითად, ანაბრებზე, ლიზინგზე, დაზღვევასა და სხვა სახის სესხის პროდუქტებზე; ბიზნესის ზრდის პოტენციალის და ამ სფეროში მცირე საწარმოებს შორის ბარიერების შეფასება.
მცირე სესხის მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული 238 მლნ-იანი გარღვევა გაანგარიშდა 2004 წლის მარტ-აპრილში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად. გამოკითხულ იქნა მიკროსაწარმოთა თანამშრომლები საქართველოს 12 რეგონში. გამოვლინდა, რომ სადღეისოდ საქართველოს არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და კომერციულმა ბანკებმა შეძლეს მხოლოდ ოდნავ შეხებოდნენ მიკროდაფინანსების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათ პოტენციური კლიენტურის მხოლოდ 31,7% მოიცვეს და სესხზე არსებული მოთხოვნის მხოლოდ 9,5%.
ამის გამომწვევ შესაძლო ფაქტორად დასახელდა ის გარემოება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, როგორც ასეთი, საქართველოში 4,5 წელია საქმიანობს. თუმცა, ორი უმსხვილესი არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, კონსტანტა და ფინკა ჩვენს ქვეყანაში უკვე 6,7 წელია რაც საქმიანობენ. მიუხედავად ამისა, კონსტანტას (7 წელი) ჰყავს მხოლოდ 17,792 კლიენტი და აქვს შეუსრულებელი სესხის პორტფოლიო 5,7 აშშ მლნ დოლარი, ფინკას (6 წელი) კი, 6,834 კლიენტი და შეუსრულებელი პორტფოლიო 3,4 აშშ მლნ დოლარი. ეს ციფრები იმის ნათელ სურათს ქმნის, რომ ქართული მიკროსაფინანსო ბაზრის ათვისება ძალიან ნელი ტემპით ხდება.