საგარეო ვალის გაკვეთილები
სოფიკო სიჭინავა
ჩვენს ქვეყანასთან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამთბარი ურთიერთობების გამო “პარიზის კლუბში” საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმების მიღწევა სახელისუფლებო წრეებში მოლაპარაკებების ვადის დადგომამდეც არ იწვევდა ეჭვს.
როგორც იტყვიან, იმედები გამართლდა, რაც ხელისუფლების უდიდეს მიღწევად მოინათლა. სსფ-ს პროგრამული დაფინანსების განახლების გარეშე, საქართველო რეალური დეფოლტის საშიშროების წინაშე იდგა. 2003 წლიდან ვერ ვიხდიდით საგარეო ვალის ძირითად ნაწილს და ამ პერიოდში ქვეყანას გადასახდელი 52 მლნ დოლარამდე დაუგროვდა, რაც ჩვენი მწირი ბიუჯეტის პირობებში არარეალური იყო.
მოლაპარაკებები შედგა სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ირანის, ყაზახეთის, ავსტრიის, რუსეთის, თურქეთის,
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებთან. რესტრუქტურიზაცია შეეხო 2003-2006 წწ. გადასახდელ თანხებს, რომელთა საერთო ოდენობა დაახლოებით 196 683 452 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ “პარიზის კლუბთან” მიღწეული შეთანხმება მომავალ ორ წელიდადში საქართველოს საგარეო ვალების მომსახურების 169,2 მილიონიდან 46 მილიონ დოლარამდე შემცირებასაც ითვალისწინებს. ორმხრივი კრედიტორებიდან საქართველოს ყველაზე დიდი ვალი თურქმენეთის მართებს, მიმდინარე დავალიანება 219 მლნ დოლარია, შემდეგ მოდის რუსეთის ფედერაცია (156 მლნ დოლარი). საქართველოს სახელმწიფო გარანტიით 45 მლნ ევრო გერმანიისაგან, ხოლო 33 მლნ აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აქვს მიღებული.
ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ჩვენ მივიღეთ ის პირობები, რომელიც გვჭირდებოდა, შენარჩუნებულია პროცენტის ის პირობები, ან მიღწეულია შეთანხმება უკეთეს პირობებზე, რომელიც მანამდე გვქონდა. ეს არის რიგ შემთხვევაში – 4, უმეტეს შემთხვევაში კი, 3 წლიური პროცენტი და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამონაკლისია, რომელიც “პარიზის კლუბში” ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოსთვის არსებობს.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციითვე, საქართველოს კრედიტორი ქვეყნები აუცილებლობის შემთხვევაში, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ 2007 წლიდან საქართველოს საგარეო ვალების ძირითადი ნაწილის გადავადებაზე კიდევ იმსჯელონ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მილიარდ 821 მლნ 554 ათასი დოლარის საგარეო ვალი ერიცხება. ექსპერტების განცხადებით, ამით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა, საგარეო ვალდებულებები მომავალ ორ წელიწადში თანდათანობით გაისტუმროს.
ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ შემუშავებული სტანდარტით, ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება მაშინ, თუ მისი საგარეო ვალი მშპ-ს 30 პროცენტზე მეტია. საქართველოში ეს მაჩვენებელი 50 პროცენტს აღემატება. მით უფრო სავალალოა ის გარემოება, რომ არსებული ვალი დაგროვილია ხელისუფლების უსუსურობის, აბსოლუტური დილეტანტიზმის და, ალბათ, კორუფციულობის მიზეზით.
საბჭოთა კავშირის დაშლა დროში გაწელილი და საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო, საიდანაც დაიწყო ჩვენი საგარეო ვალების “ისტორია”. 1991 წელს საქართველოს ვიცე-პრემიერმა სხვა რესპუბლიკების წარმომადგენლების მსგავსად ხელი მოაწერა ქონების განაწილების მეთოდიკის დამამტკიცებელ დოკუმენტს, რომელსაც საფუძვლად შემდეგი პარამეტრები დაედო: მოკავშირე რესპუბლიკების ხვედრითი წილი ექსპორტ-იმპორტში, სსრკ-ს ეროვნული შემოსავალი და რიცხოვნობა. ამ პარაგრაფებიდან, ექსპერტების აზრით, ერთადერთი, ეჭვს არ იწვევდა, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა იყო, დანარჩენი კი – აბსოლუტურად მიუღებელი. მეთოდიკას ყველაზე დიდი ხარვეზები ათვლის წერტილიდან გამომდინარე გააჩნდა, რადგან ამ პარამეტრებს საფუძვლად სსრკ-ს არსებობის ბოლო ხუთი წელი დაედო. ამის შემდეგ წილების გადანაწილების საკითხი დაისვა. რუსეთი სსრკ-ს აქტივებისა და პასივების სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა. ყველა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა იძულებული გახდა “ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირება მიეღო (“ნულოვანი ვარიანტის” რატიფიცირება არ გააკეთა უკრაინამ, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავი ანექსირებულად გამოაცხადეს), ამ დოკუმენტს 1993 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოთარ ფაცაციამაც მოაწერა ხელი.
2001 წელს, როდესაც საქართველომ “პარიზის კლუბში” 242 მლნ აშშ დოლარის ვალის რესტრუქტურიზაცია პირველად მოახდინა, მას “ნულოვან ვარიანტზე” დათანხმება მოუწია, ანუ დათანხმდა, რომ უარს იტყოდა საბჭოთა კავშირის უცხოურ აქტივებზე. თითქმის ანალოგიური მოხდა ახლაც: სსფ-ს პროგრამის აღდგენის საფასურად ქართულმა მხარემ ასევე უარი თქვა “ვნეშეკონომომბანკში” საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების აქტივებზე.
საქართველოს საგარეო ვალები თავის წარმოშობის მიხედვით, სამ ნაწილად იყოფა და, როგორც აღვნიშნეთ, პირველ ნაწილში შედის ის ვალები, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვა. ბიშკეკის ხელშეკრულების მიხედვით, საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდავალიანება დაფიქსირდა, შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და რუსეთის ე.წ. ვალი ჰქონია.
ემზარ ჯგერენაია (ჟურნალ მმ ეკონომიკის მთ. რედაქტორი, ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი) – “ქვეყნის გაყოფის გამოცდილება არავის ჰქონდა, მით უფრო ახლადშექმნილ საქართველოს რესპუბლიკას, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ მაინც საკმაოდ დიდი სისუსტე გამოიჩინა დიპლომატიასა და, გნებავთ, ფინანსების ცოდნაში. არადა, თავისუფლად შეეძლოთ ვალი საერთოდ არ ეღიარებინათ, მაგრამ მაშინ საქართველოს თურქმენეთთან, სომხეთთან და იგივე რუსეთთან ენერგეტიკის ნაწილში ურთიერთობა სჭირდებოდა. ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს ვალები საკმაოდ საეჭვო წარმოშობისაა და ასევე ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს”. ვალების
მეორე ტიპი 1992-1995 წწ-ში დავაგროვეთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, იყო პროდუქტების საშინელი დეფიციტი, ფისკალური სფერო მოუწესრიგებელი, ქვეყანა ენერგომატარებლების მუდმივ დეფიციტს განიცდიდა და ხელიუფლება მუდმივად იდგა იმ პრობლემის წინაშე, თუ როგორ გამოეკვება და გაენათებინა მოსახლეობა.
ემზარ ჯგერენაია – “ამ პერიოდის “პიონერი” გახლდათ თურქმენეთის კრედიტი. იგი 1992-95 წლებში გაზს გვაწვდიდა, რომლის ფასებიც მსოფლიო ფასების მიხედვით არ იყო დაფიქსირებული. ორი ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა, რომ ურთიერთჩათვლის მეთოდოთ გაზის დავალიანების დაფარვა მომხდარიყო. ურთიერთჩათვლის, საკმაოდ მახინჯი მეთოდიკაც სასწრაფოდ შეიმუშავეს. სიტყვაზე, საქართველოს მხარე თურქმენეთს აწვდიდა შამპანურის ღვინოს, მაგრამ თუკი მისი ღირებულება 1 დოლარი, იყო, თურქმენეთს ამ პროდუქციას 10 დოლარად უთვლიდნენ. იგივე ხდებოდა იყო ჩაიზე და სხვა პროდუქტებზეც, რის სანაცვლოდაც ე.წ. თურქმენეთის კრედიტორი მხარე ვალებს გვაჭრიდა. თუმცა თურქმენეთის მხარეც ანალოგიურად იქცეოდა და გაზს კოლოსალური ფასებით გვაწვდიდა და ქართულ მხარეს რომ ეგონა, ვალს იაფად ვისტუმრებო, თურქმენეთის მხარემ, ფაქტიურად, მოგვატყუა, რადგან ვალების დაფიქსირება მაღალ ფასებში მოხდა. საქართველომ კი მისი გადახდა ვერ მოახერხა – კრედიტორს ამ ფასის ვერც შამპანური მიაწოდა, ვერც ჩაი და ვერც სხვა პროდუქცია. ამდენად, საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სურათი, ერთი მხრივ, თურქმენეთის ვალი, რომელიც ხელოვნურადაა გაბერილი და თურქმენბაში ჯიუტად ცდილობს, ვალი გადაგვახდევონოს და მეორე მხრივ, მოტყუებული საქართველო, რომელმაც ასეთი ვალების სახით ხელოვნურად გაიკეთა ხარაკირი.
ამ პერიოდს ეკუთვნის ასევე თურქეთის 50 მლნ-იანი (აშშ დოლარი) კრედიტი, რომელსაც მაღალი საპროცენტო განაკვეთი და კაბალური პირობები ჰქონდა. მაშინ ლინგორის, ლონდონის ბანკთაშორის კრედიტის პროცენტი 6,7% იყო, ხოლო თურქეთის კრედიტის პროცენტი – ლინგორს პლუს 2%, ვადაგადაცილებაზე საკმაოდ სერიოზული ჯარიმებით. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი, ეს კრედიტი დასაქონლებული იყო, ანუ საქართველოს უნდა ეყიდა თურქეთის მიერ წარმოებული საქონელი. ამ დროს წარდგენილი იყო სხვადასხვა, მათ შორის, სუფთა “მიუნ ჰაუზენური” პროექტები, თუმცა, ეს არ ეხება “კოკა-კოლას” და სხვებს. ბიზნეს-გეგმები იმდენად სუსტი იყო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და თავიდანვე ჩანდა, რომ კრედიტის გადამხდელი არავინ იქნებოდა. ეს იყო სამთავრობო მოდელი, კრედიტი მთავრობამ გაანაწილა და არავის უფიქრია, თუ რამდენად ეფექტურად იქნებოდა გამოყენებული თანხა. ამ კატეგორიას განეკუთვნება 3 მლნ-ის ჩინური ტრაქტორები, რომელიც სრულიად არარენტაბელური და საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკა იყო. საქართველოში არც ახლა, მით უფრო მაშინ ფერმერული ფენა ჩამოყალიბებული არ იყო, გლეხს მისი შეძენის არანაირი საშუალება არ ჰქონდა და რომც შეეძინა, ეფექტური არ იქნებოდა. საქართველოს მთავრობა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას, წარმოდგენაც არ ჰქონდა რისთვის შემოიტანა ეს ტექნიკა. ამ პერიოდს განეკუთვნება KFჭ კრედიტი, რომელიც საკმაოდ კარგი კრედიტი იყო, მისი ოდენობა 7 მლნ გერმანული მარკა იყო, რომელიც ასევე სოფლის მეურნეობისკენ იყო მიმართული, მაშინ ბევრი პროექტი მოქმედებდა, მაგრამ არაეფექტურად, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფერმერების კლასი ჩამოყალიბებული არ ყოფილა და ხელსაყრელი პიროებების მიუხედავად, ამ კრედიტის აღება პრობლემა იყო”.
მესამე ეტაპი უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობის პერიოდი იყო, ანუ 1995 წლიდან მოყოლებული, როცა ჩვენ საკმაოდ მყარი საკუთარი ვალუტა გვქონდა, იწყება ეკონომიკური რეფორმები და საქართველო მეტ-ნაკლებად რაღაც კონტურებში იკვეთება როგორც სახელმწიფო.
ემზარ ჯეგრენაია – “ამ პერიოდისთვის დიდ შეცდომად მივიჩნევ იმას, რომ პრივატიზაცია მაღაზიებით, ჯიხურებით და საპარიკმახეროებით დავიწყეთ და საკუთრებაში დავიტოვეთ ისეთი მძლავრი ობიექტები, როგორიცაა ენერგეტიკული ობიექტები, რომლის ამუშავება ჩვენს მიერ შეუძლებელი იყო, ერთიანი რეჟიმით მუშაობისთვის საჭირო იყო ენერგეტიკის პარალელური ხაზი, ენერგორესურსები თბოელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის და ა.შ. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკის ობიექტები არ გავყიდეთ და მთელი ამ წლების მანძილზე მიმდინარეობდა კამპანია – ვემზადებით ზამთრისთვის. ვიღებდით მილიონობით ვალებს, ამ თანხით მოგვქონდა მაზუთი, ზოგჯერ 1 დოლარიანი 10 დოლარად, მერე იყო მათი ჩამოწერა, ჰესების მუშაობა არარენტაბელური იყო, იყო კორუფცია და ა.შ. ანუ, ეს თანხები ქვესკნელში მიდიოდა. მუშაობდა რეაბილიტაციის ძვირადღირებული პროგრამები, რეაბილიტაციას ვუკეთებდით იმას, რაც არ იყო გაყიდული და სახელმწიფოს მენეჯმენტში არსებობდა. იმან, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ენერგეტიკის პრივატიზება არ მოახდინა, ჩვენი ქვეყანა 500 მლნ-ზე მეტი დოლარით აზარალა. ვფიქრობ, პრივატიზაცია მძიმე მრეწველობის და ენერგოსისტემის პრივატიზებით უნდა დაგვეწყო. კრედიტების უმრავლესობა, რომლებიც ამ პერიოდს განეკუთვნება არაეფექტურად იყო გამოყენებული. თითქმის არც ერთი მათგანი წარმოებისკენ არ მიმართულა, არ გვქონდა მწყობრი გეგმა იმისა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. როგორ ფიქრობთ, ენეგოსისტემას, საიდანაც ამოღება 20-25% იყო, როგორ უნდა დაეფარა ეს კრედიტები? ვალების ეს კატეგორია მოცულობით ყველაზე დიდი და მძიმეა. სახელმწიფოს მისი თავიდან აცილება შეეძლო, რათა ნორმალური სავალო ტვირთი ჰქონოდა, დღეს კი, მშპ-ის 50%-ზე მეტია”.
ნებისმიერი ქვეყნისთვის ვალის მოზიდვა შემდეგი ორი ფაქტორით განისაზღვრება:
1. რა რაოდენობის უცხოური კაპიტალის ათვისება შეუძლია ქვეყანას, 2. რა რაოდენობის ვალის მომსახურება შეუძლია ქვეყანას რისკის გარეშე, სესხები კი იყოფა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ორმხრივი, მრავალმხრივი და სხვა ფინანსური კრედიტების კატეგორიებად. ქვეყნის კრედიტუნარიანობის შესაფასებლად და საგარეო ვალის განსაზღვრისათვის გამოიყენება სხვადასხვა მაჩვენებლები: ოქრო-სავალუტო რეზერვების გარდა ყველაზე მეტად გავრცელებულია შემდეგი მაჩვებებლები: 1. საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, 2. საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან, 3. საგარეო ვალის მომსახურებსთვის გადასახდელების საერთო თანხის შეფარდება ექსპორტთან და ქვეყნის შემოსავლებთან, 4. საპროცენტო თანხის შეფარდება ექსპორტთან, 5. საგარეო სესხების წილი ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებაში, აქედან გამომდინარე, არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, რომელსაც საგარეო ვალის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს.
პრაქტიკულად, საგარეო დავალიანება ყველა ქვეყანას აქვს. მათი უმრავლესობა წმინდა მევალეა, მათ შორის განვითარებული ქვეყნებიც. მიმდინარე საგადამხდელო ბალანისის მიხედვით, ქრონიკული დეფიციტი აქვს ავსტალიას, დიდ ბრიტანეთს, ახალ ზელანდიას, გფრ-ს (1991-1997წწ), შვედეთს (1994-1997წწ) და ა.შ.
საგარეო ვალმა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში განსაკურებული როლი ითამაშა, რომლის სიდიდე 70-იანი წლებიდან მოყოლებული სულ უფრო იზრდება და საერთაშორისო კრედიტის სისტემაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. 80-იანი წლების დასაწყისში განვითარებადი ქვეყნების სავალო კრიზისის გაღრმავებამ დასავლეთის მსხვილი ბანკები საფრთხის წინაშე დააყენა. 80-იანი წლების ბოლოს ამ კრიზისის ახალმა აფეთქებამ სიტუაცია კრედიტორ და მევალე ქვეყნებს შორის უკიდურესად დაძაბა. ამ გარემოებამ აუცილებელი გახადა მათ შორის ურთიერთობის დარეგულირება, კონფროტაციიდან დიალოგის ფორმაზე გადასვლა. შემუშავდა საგარეო ვალის შემცირებისა და სემსუბუქების სისტემა, რამაც ხელი შეუწყო განვითარებადი ქვეყნების მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული გარდაქმნების პროგრამების რეალიზაციას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის მარტო საგარეო ვალი 95,3 მლრდ დოლარი იყო, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთი. 1997 წლის მონაცემებით, გარდამავალი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის საგარეო ვალი 282,0 მლრდ დოლარს შეადგენდა, ეს პრობლემა მწვავე მსჯელობის საგნად იქცა და დარეგულირდა სსფ-ს, ლონდონისა და პარიზის კლუბების მიერ. “პარიზის კლუბი”, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი კრედიტორების არაფორმალური გაერთიანება, 1956 წელს შეიქმნა და სახელმწიფოთაშორისო დებიტორული დავალიანებების საკითხის დასარეგულირებლად მსოფლიოს შვიდ განვითარებულ ქვეყანას აერთიანებს. მისი წევრები არიან: აშშ, იაპონია, გერმანია, ინგლისი, კანადა, საფრანგეთი, იტალია და 1997 წლიდან, რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ “კლუბს” არც შტაბ-ბინა აქვს და არც წესდება, ვალებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში მისი როლი მნიშვნელოვანია. ბოლო 20 წლის განმავლობაში “პარიზის კლუბის” ეგიდით 350 მლრდ დოლარზე მეტი კრედიტის რესტრუქტურიზება განხორციელდა.
ამა თუ იმ ქვეყნის ვალების პრობლემურ საკითხებს “კლუბის” სამიტზე, წესისამებრ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები წყვეტენ. პრობლემის დადებითად გადასაჭრელად კრედიტორი ქვეყნების სრული შეთანხმებაა აუცილებელი. ხოლო, რამდენადაც კრედიტორებად “ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრი სახელმწიფოები გვევლინებიან, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ძირითადად ამ ქვეყნების ხელმძღვანელები სხდებიან. რიგი სახელმწიფოები კი, რუსეთისა და ბრაზილიის ჩათვლით, ერთდროულად მსხვილი კრედიტორებიც არიან და მევალეებიც. მათთვის “პარიზის კლუბი” ერთ-ერთი ისეთი ადგილია, სადაც მევალეებსა თუ კრედიტორებს ერთდროულად ხვდებიან და საკუთარ პრობლემებსაც აგვარებენ.
როგორც წესი, “პარიზის კლუბი” ე.წ. დაუწერელი კანონებით მოქმედებს.
“პარიზის კლუბის” მოღვაწეობის მეთოდები, პრინციპები და შესასრულებელი პროცედურები არ ფორმდება რაიმე კონკრეტული სახის დოკუმენტში. არსებობს ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებიც კლუბის მოღვაწეობას განსაზღვრავენ: 1.”პარიზის კლუბის” მიერ არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ მას არ ეთანხმება ყველა კრედიტორი ქვეყანა (რამაც გამოიწვია საქართველოსთვის ასე გახმაურებული “ნულოვანი ვარიანტის” მიღება, რომელიც რუსეთის დაჟინებული მოთხოვნა იყო); 2. კლუბის მოთხოვნაა, რომ არც ერთი კრედიტორი არ შეეცადოს, დებიტორისგან მიიღოს სხვა კრედიტორისგან განსხვავებული და უკეთესი პირობები; 3. იგი ეთანხმება საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დებიტორულ ქვეყანაში არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა; 4. პარიზის კლუბში მონაწილე კრედიტორს არა აქვს უფლება, ნაკლებად მისაღები პირობები მოითხოვოს, ვიდრე ეს პარიზის კლუბთან დადებულ მრავალმხრივ შეთანხმებებში არის გათვალისწინებული; 5. “პარიზის კლუბის” მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კრედიტორ ქვეყანასთან მიმართებაში კონკრეტულ ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციის შეფასებას უნდა ეფუძნებოდეს. მხოლოდ ამ პრინციპების გათვალისწინების შემდეგ ხდება “პარიზის კლუბში” შეთანხმება და მოდელის ამორჩევა. აქ დაბალი განვითარების დონის (ერთ სულ მოსახლეზე 765 დოლარამდე მშპ) და მაღალი დავალიანების მქონე ქვეყნების მიმართ, ასევე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც საშუალო დონის ქვედა ზღვარზე იმყოფებიან, ვალის მომსახურების და მათი გადახდის პირობების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ოპერაციები ხორციელდება. ამ პროცესების დარეგულირების მიზნით მოქმედება დაიწყო ე.წ. “ჰიუსტონის პირობებმა”, “ტორონტოს პირობებმა”, “ლონდონის პირობებმა”, “ნეაპოლის პირობებმა”, “ლიონის პირობებმა”, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის “ინიციატივებმა” და ა.შ. საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები “ჰიუსტონის პირობების” მიხედვით მოქმედებენ. ამ უკანასკნელმა ფუნქციონირება 1990 წლის სექტემბრიდან დაიწყო. იგი არ ითვალისწინებს ვალისა და გადასახდელების შემცირებას, მაგრამ გულისხმობს ვალის დაფარვის შედარებით შეღავათიან პირობებს. “ჰიუსტონის პირობები” ითვალისწინებს კრედიტის დაფარვას 15 წელიწადში, შეღავათიან პირობებს და 8 წლის განმავლობაში საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. რაც შეეხება არაკომერციულ კრედიტებს, მათი დაფარვის ათწლიანი შეღავათიანი პერიოდით ვადა 20 წელია.
“ტორონტოს პირობები”, რომელიც 1988-1991 წლებში ფუნქციონირებდა, ახორციელებდა ვალისა და გადასახდელების ძირითადი ნაწილის 30-33%-ით შემცირებას, ხოლო “ლონდონის პირობების” მიხედვით, შემცირება 50%-ს შეადგენდა (1991-1994წწ), “ნაპოლის პირობების” მიხედვით კი, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს, შემცირება 67%-ს შეადგენს, ხოლო “ლიონის პირობების” მიხედვით – 80%-ს.
ჩვენს შემთხვევაში, შექმნილ სიტუაციას უკვე აღარაფერი ეშველება. თუ ქვეყანა გვქვია ამ ვალებს უნდა მოვუაროთ. მთავარი მაინც ის არის, თუ რამდენად გამოვიტანეთ ყოველივე აქედან დასკვნა და რამდენად ვისწავლეთ საერთაშოროსო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მუშაობა – ვალის აღება და შემდგომ მისი ეფექტურად გამოყენება.
ემზარ ჯგერენაია – “დღეს უდიდესი გამარჯვებაა მიღწეული – პარიზის კლუბმა 3 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხები გადაგვივადა, მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა და უკანა რიცხვის ვალებიც გადაავადეს. საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელსაც საკმაოდ დიდი ენთუზიაზმი, საშუალებები და უცხოური მხარდაჭერა აქვს, შეუძლია მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს, რათა საქართველოში ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდი დასრულდეს, 3 წლის განმავლობაში ამ კუთხით დაზოგილი თანხა ქვეყნის ეკონომიკის ასაღორძინებლად გამოიყენოს. ახლა მთავარია ზუსტად გაწერილი გეგმა გვქონდეს იმისა, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი, რომ მუდმივად არ ვიდგეთ ამ პრობლემის წინაშე, თუმცა, რესტრუქტურიზაცია პერმანენტული, მუდმივი პროცესია, რომელიც ყოველთვის ხდება, უბრალოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შემუშავდეს სისტემა, თუ როგორ და რისთვის ვიღებთ ამ ვალებს და რა ეფექტი აქვს თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე აღებულს. აქედან გამომდინარე, ქვეყანა მიიღებს თავის სახეს, ისწავლის დონორებთან ურთიერთობას და არ ვიქნებით მუდმივად მათხოვრის როლში, არამედ ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელსაც, ბუნებრივია, საგარეო ვალი ყოველთვის ექნება და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ მშპ-სთან ვალების პროცენტის მიმართება დასაშვებ ზღვარზე უნდა იყოს”.