გამჭვირვალე ბიუჯეტი – დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტი
რედაქციისაგან
საქართველოში არის ადგილი, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირი თითქმის სიმბოლურ ფასად, 10 თეთრად მიეწოდება. გაზი, რომელსაც საგარეჯო, ნინოწმინდა, პატარძეული და გიორგიწმინდა მოიხმარს, ადგილობრივია და მას ბრიტანულ-ქართული კომპანია “ნინოწმინდა მოიპოვებს. ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან შესული გადასახადებით ამჟამად რაიონის ბიუჯეტის 30-35 პროცენტი ივსება.
– “ამ მაჩვენებელმა გასულ წლებთან შედარებით იკლო, რადგან მოპოვება შემცირდა. ახლა იმპორტირებული გაზის შემოყვანას ვაპირებთ, რადგან არსებული გაზი მოსახლეობის ზამთრის მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს, – ამბობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან ბუხნიკაშვილი. საგარეჯოელებს გაზი გაუძვირდებათ და ამას აუცილებლად მოჰყვება ხალხის უკმაყოფილება, რადგან მათთვის ამ ეტაპზე სრულიად გაუმჭვირვალეა იმ კომპანიების მუშაობა, რომლებიც მოპოვებითი მრეწველობით არიან დაკავებულნი.
დღეისათვის, საქართველოში 15 ნავთობის და 1 გაზის საბადოა. პარალელურად მიმდინარეობს ახალი საბადოების კვლევა-ძიება.
ნავთობის და გაზის ოპერაციებით 2006 წელს დაკავებულნი იყვნენ: “კანარგო ჯორჯია, “იორის ველი – ნავთობი და გაზი, “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია, ნავთობის ეროვნული კომპანია “საქნავთობი. ამ კომპანიების ვებ-გვერდებზე ინფორმაცია მათი წარმოების მოცულობისა და ფინანსური ანგარიშების შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება ბიუჯეტში გადარიცხული თანხები, ხელმისაწვდომი არ არის.
2006 წლის ანგარიშიდან, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული, ვიგებთ, რომ წლის განმავლობაში მთლიანად მოპოვებული იქნა 63507 ტონა ნავთობი და 21377 ათასი მ3 გაზი. სახელმწიფოს წილმა მოპოვებულ ნავთობში შეადგინა 27692 ტონა. რეალიზებული 13979 ათასი მ3 გაზიდან კი სახელმწიფოს წილი 4892 ათასი მ3-ით განისაზღვრა.
“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან საბიუჯეტო შენატანების თაობაზე კონფიდენციალური არ არის. თუმცა კორპორაციაში ეს ინფორმაცია მხოლოდ წლის ბოლოს ექნებათ და მას გამოაქვეყნებენ კიდეც.