რუსეთის საბანკო სისტემა კრიზისს გადაურჩა?
მოამზადა მარი წიკლაურმა
დაახლოებით ორი თვის წინ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნდა ეგრეთ წოდებული “საეჭვო” ბანკების “შავი სია”. ამ სიაში, 27 წვრილი და ნაკლებად ცნობილი საკრედიტო ორგანიზაცია იყო ჩამოთვლილი:
“გუტაბანკი”, “ევროტრასტი”, “ავანგარდი”, “ევროფინანსი”, “ნეფტეპრომი”, “გლობექსი”, “სენატორი”, “მდმ” და ა. შ. თუმცა მათ შორის რუსეთის რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ბანკიც ფიგურირებდა: “პაველეცკი”, “კრედიტტრასტი”, “სოდბიზნესბანკი”, “ალფაბანკი”, “იმპექსბანკი”, “მეტალინვესტბანკი” და “პრობიზნესბანკი”. ამ ბანკების კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: ტნკ (ტიუმენის ნავთობ კომპანია), “ტრანსნეფტი”, “სიბნეფტი”, რაო “აეს”-ი და ა. შ. ნდობის კრიზისი ნაწილობრივ პროვოცირებული იყო ფინანსური მონიტორინგის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელის, ვიქტორ ზუბკოვის განცხადებით, თანხების გარეცხვაში ეჭვმიტანილი კანდიდატი ბანკების ლიცენზიების გამოწვევის შესახებ.
რუსეთის საბანკო სექტორში ამ ფაქტებით გამოწვეული პანიკის
გამო სერიოზული აჟიოტაჟი ატყდა. მსგავსი პანიკა 1995 წლის მასშტაბური ბანკთაშორისი კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.
“შავი სიის” პარალელურად, როგორც გაირკვა, არსებობდა იმ “თეთრი” ბანკების ჩამონათვალიც, რომლებიც შესაბამისი ორგანოების შეფასებით, გამჭვირვალობით და სტაბილურობით გამოირჩეოდნენ. მათ შორის აღმოჩნდნენ: “სბერბანკი”, “ვნეშტორგბანკი”, “გაზპრომბანკი”, “მოსკოვის ბანკი”, “ბანკი ევროფინანსი”, “მოსკოვის საერთაშორისო ბანკი”, “როსსელხოზბანკი”, “განვითარების რუსეთის ბანკი”, “ბანკი პეტროკომერცი”, “რაიფაიზენბანკი”,”სიტიბანკი”, მიუხედავად იმისა, რომ ფმფს-ს ხელმძღვანელმა “შავი სიის” არარსებობის შესახებ განაცხადა, ხოლო ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა, ეგრეთ წოდებული “მცოცავი დეფოლტი” ძალას იკრებდა. რუსეთის ორი მსხვილი ბანკი – ?კრედიტტრასტი” და ?პაველეცკი” დახურვის პირას აღმოჩნდნენ. მაისში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა “სოდბიზნესბანკს” ლიცენზია შეუჩერა, 24 ივნისს კი საარბიტრაჟო სასამართლომ ბანკის ლიკვიდაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის ორი მსხვილი ბანკი – “ალფა-ბანკი” და “გუტა-ბანკი” – სერიოზულ პრობლემებს წააწყდა.
რუსეთის ბანკებს შორის საკუთარი კაპიტალის მოცულობით “ალფა-ბანკი” მე-5 ადგილს (25 მლრდ. მანეთი), “გუტა-ბანკი” კი – 26-ე ადგილს (4,5 მლრდ. მანეთი) იკავებს.
გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ?გუტა-ბანკს” და ?ალფა-ბანკსაც” გაუჩნდათ პრობლემები ნაღდი თანხების გადახდასთან დაკავშირებით. თითოეული ასობით ათასს მეანაბრეს ითვლის. “გუტა-ბანკი” ლიკვიდურობის კრიზისის დაძლევას და თანხების გარედან მოზიდვას შეეცადა. თავიდან “ვნეშტორგბანკი” მას მრავალმილიონიან კრედიტს დაჰპირდა კიდეც, თუმცა შემდგომში მოულოდნელად უარი განუცხადა. მსგავსი პრობლემები “ალფა-ბანკსაც” შეექმნა. მას დაკრედიტებაზე უარი რამდენიმე საშუალო და მცირე პარტნიორმა ბანკმა განუცხადა.
ივლისის პირველ რიცხვებში ინფორმაცია კარს მომდგარი საბანკო კრიზისის შესახებ ანალიტიკოსების მსჯელობების და კულუარული ჭორების ფარგლებს გასცდა და ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი. ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, ეყრდნობოდა თუ არა ?შავი სია” ინსაიდერულ ინფორმაციას არ არსებობდა, მაგრამ, ანალიტიკოსები სამართლიანად აღნიშნავდნენ, რომ ყველაზე არარეალურ ჭორებსაც კი გააჩნიათ მატერიალიზების უნარი იმ შემთხვევაში, თუ ხალხი იჯერებს მის სინამდვილეს. ხალხმა კი დაიჯერა და “საეჭვო” ბანკების კლიენტები პანიკამ მოიცვა. სიების გამოქვეყნებიდან მოყოლებული ერთი თვის მანძილზე მეანაბრეებმა კერძო ბანკების ანგარიშებიდან 2 მლრდ დოლარამდე თანხა მოხსნეს. სიტუაცია დღითიდღე უფრო რთულდებოდა. ბანკებმა მთელი ძალისხმევა სალაროებში ნაღდი ფულის მარაგის საკმარისი რაოდენობის შენარჩუნებისკენ მიმართეს. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ თუ რუსეთის ცენტრალური ბანკი გადამწყვეტ ზომებს სასწრაფოდ არ მიიღებდა, რუსეთის საბანკო სისტემას ფართომასშტაბიანი კრიზისი მოიცავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანაბრების უკუდენა გრძელდებოდა, ფინანსისტები ამტკიცებდნენ, რომ ის, რაც რუსეთის საბანკო სისტემაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხდებოდა, საბანკო კრიზისი არ ყოფილა, უბრალოდ ზოგიერთ ბანკს გარკვეული პრობლემები შეექმნა. მათი აზრით, ეს იყო მოსკოვის ზოგიერთი ბანკის წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული კამპანია. რუსეთის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, გარეგინ ტოსუნიანის განცხადებით, ცალკეული ბანკების წარმომადგენლები შეეცადნენ, შექმნილი მდგომარეობა კლიენტების გადმობირებისათვის გამოეყენებინათ. მეანაბრეები კი პანიკას აჰყვნენ, რისთვისაც თვითონ დაზარალდნენ – ანაბრებიდან მათი კუთვნილი პროცენტები არ მიიღეს. ბანკირები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ნერვიულობისათვის საბაბი არ არსებობს და კრიზისი დასრულდა. გარეგინ ტოსუნიანმა მეანაბრეებს ზაფხულის თვეების დასვენებისათვის გამოყენება ურჩია და დასძინა, რომ მათ ანაბრებს არაფერი ემუქრებოდა.
15 ივლისს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, სერგეი იგნატიევმაც გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, სავალდებულო რეზერვების ნორმების შემცირების და სახელმწიფო სათათბიროს მიერ ახალი კანონების მიღების შედეგად, ბანკების მიმართ ნდობა აღდგენილია. ?ნდობის კრიზისი, ჩემი აზრით, დაძლეულია, ახლა ძალზე მნიშვნელოვანია ბანკთაშორისი კრედიტების ბაზრის აქტივიზაცია, ბანკების ერთმანეთისადმი ნდობის აღდგენა”, – განაცხადა იგნატიევმა. მისივე ინფორმაციით, რუსეთის არც ერთ მეტ-ნაკლებად შესამჩნევი ბანკის მუშაობაში რაიმე სერიოზული პრობლემები არ შეინიშნება, ანუ პრობლემები აქვს იმ ბანკებს, რომლებსაც ადრე, “გუტა-ბანკის” სიტუაციამდე ჰქონდა პრობლემები. ამავე დროს, ის ბანკებიც, რომლებსაც კრიზისთან დაკავშირებით ხშირად მოიხსენებოდნენ, “გუტა-ბანკის” ჩათვლით, ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ უსიამოვნებები უკან მოიტოვეს. “გუტა-ბანკმა” მეანაბრეებისგან მათთვის ანაბრების დაბრუნების თაობაზე განცხადებების მიღება დაიწყო. გარდა ამისა, ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ამ ბანკის “ვნეშტორგბანკის” მიერ შესყიდვის თაობაზე. ბანკს ასევე აქვს გარკვეული წინადადებები ინვესტორებისაგან, თუმცა მოლაპარაკებების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
“ალფა-ბანკმა” თავის მხრივ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და პრობლემები არც ლიკვიდურობასთან, არც გადახდებთან და არც გადაკრედიტირებასთან დაკავშირებით არა აქვს. ფიზიკური პირებისაგან თანხების შემოდინება კი გადინებას 30%-ით აღემატება. ის, რომ ბანკირები საბანკო ბაზრის დაწყნარებას ცდილობენ, სავსებით გასაგებია. თუმცა იმ პირებს, რომლებიც პროცესს გარედან ადევნებდნენ თვალ-ყურს, განსხვავებული აზრი გააჩნია.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთის საბანკო ბაზარმა კრიზისი დაძლია, ჯერჯერობით ნაადრევია. მათ მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობის და უნდობლობის ორი თვის შემდეგ დაძაბულობა რუსეთის საბანკო სექტორში ნელ-ნელა კლებულობს, აღდგენილია ბანკთაშორისი კრედიტების ბაზარი, მნიშვნელოვნად შემცირდა ბანკებიდან ფიზიკურ პირთა ანაბრების უკუდენა და ერთი შეხედვით, რუსეთის საბანკო სისტემა სისტემურ საბანკო კრიზისს ამჯერად გადაურჩა, სირთულეები მომავალშიც არის მოსალოდნელი. თუმცა, მხოლოდ ამის გამო არ ღირს საუბარი იმაზე, რომ სერიოზული საფრთხე ემუქრება რუსეთის მთელ საბანკო სისტემას.
კომპანია “რენესანს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე შოხინის განცხადებით, ბანკები კიდევ რამდენიმე ხანს გააგრძელებენ მათი პარტნიორების საიმედობის გარკვევას. ობიექტური მიზეზები საბანკო სექტორში შექმნილი დაძაბულობისათვის არ არსებობდა და დესტაბილიზაცია, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ფაქტორებით იყო გამოწვეული. თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. შოხინის აზრით, რუსეთის საბანკო სისტემას უამრავი პრობლემა აქვს. მათ შორის არის კანონმდებლობასთან, მის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, მეანაბრეების ბანკებისადმი და ბანკების ერთმანეთისადმი უნდობლობა, და, როგორც უნდობლობის შედეგი, პასივების სტაბილური ბაზის უკმარისობა. ცენტრალური ბანკი კი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთში საბანკო კრიზისი დარეგულირდეს. მის მიერ მიღებული ზომები ეფექტური და დროულია და საბანკო კრიზისის ნიშნების ლიკვიდაციისკენ უფროა მიმართული, ვიდრე მისი მიზეზებისკენ. შესაბამისად, მოსალოდნელია საბანკო კრიზისის გამეორება.
ამგვარად, ნათელია, რომ რუსეთის საკრედიტო ორგანიზაციებს გარკვეული სირთულეები ჯერ კიდევ წინ ელით, ვინაიდან დაწყებულია რუსეთის ფინანსური სისტემის გაჯანსაღების პროცესი, რომლის შედეგადაც რუსეთის ბანკების ჭარბი რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. რუსეთის საბანკო სისტემის არასაიმედო ბანკებისაგან გაწმენდის პროცესის გაგრძელებას ექსპერტები უკვე მომავალ წელს ვარაუდობენ. “მეგატრასტოილის” წამყვანი ექსპერტის, ალექსანდრე რაზუვაევის აზრით, “საბანკო სისტემა უნდა გაიწმინდოს და ეს სწრაფად უნდა გაკეთდეს”, მაგრამ მოვლენების მოულოდნელი განვითარება მოსალოდნელი აღარ არის. ნათელია, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი საკრედიტო დაწესებულებების მასობრივ გაკოტრებაში კი არ არის დაინტერესებული, არამედ ამ პრობლემების უმტკივნეულოდ მოგვარებაში. და ამისთვის მას საკმარისი შესაძლებლობები გააჩნია.
დღეს რუსეთში დაახლოებით 1300 ბანკი არსებობს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისათვის კი ოპტიმალურია დაახლოებით 100 საკრედიტო ორგანიზაცია. ნებისმიერი ეროვნული ეკონომიკის მთავარი ამოცანა ჩრდილოვანი სექტორის შემცირებაში მდგომარეობს. შესაბამისად, ამ ფონზე იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც ჩრდილოვან სექტორს ემსახურებიან, შემცირდება. თუმცა, მცირე და საშუალო ბანკები რეგიონებში, რომლებიც ჩრდილოვან სექტორთან დაკავშირებულები არ არიან, არ დაზარალდებიან, – აცხადებენ ექსპერტები.
აღსანიშნავია, რომ, როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ბანკების ლიკვიდურობასთან დაკავშირებული კრიზისი უცხოურ საკრედიტო ორგანიზაციების აწყობს. ამერიკული ჟურნალ “ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ”-ის ინფორმაციით, რუსეთში უცხოური ბანკების კლიენტების რიცხვი იზრდება. რუსეთის მოქალაქეებს ფულის დაბანდება უცხოურ საკრედიტო ორგანიზაციებში ურჩევნიათ. თუმცა ავსტრიული “რაიფფაიზენბანკ”-ის მმართველობის თავმჯდომარე, მიშელ პერირენი აღნიშნავს, რომ იგი არ არის დარწმუნებული, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე მოგებული ყველა უცხოური ბანკი აღმოჩნდება. სავარაუდოდ, ეს ერთ ან ორ ბანკს შეეხება, ხოლო დანარჩენებისთვის არაფერი შეიცვლება, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ შესაძლებლობაზე მიიღონ დამატებითი კლიენტები და მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ასეთი შესაძლებლობა კი, მეტწილად მსხვილ სახელმწიფო ბანკებს გააჩნიათ. კრიზისმა საბანკო სექტორში სახელმწიფო ბანკების როლი მნიშვნელოვნად გაზარდა, ვინაიდან სირთულები მსხვილ ბანკებსაც ჰქონდათ. ამიტომ ბევრმა მეანაბრემ ფულის “სბერბანკში” და “ვნეშტორგბანკში” გადარიცხვა დაიწყო.
თვითონ რუსი ბანკირები მასობრივი პანიკის და ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევაში, რის გამოც რუსეთის ბევრმა საშუალო და წვრილმა ბანკმა იზარალა, ზოგმა კი საერთოდ კრახი განიცადა, მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებას აბრალებენ და შესაბამისი მასალების მოგროვების შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ მიმართვას. სასამართლოს მეშვეობით ამოღებული თანხებით კი, დაზარალებული მეანაბრეების მატერიალური ზარალის კომპენსირებას აპირებენ.