რუსეთში ბიზნესის წარმოება ძალზე რთულია
მოამზადა მარი წიკლაურმა
ზაფხულის საბანკო კრიზისის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ბანკებს ძველებურად აღარ ენდობიან და საკუთარი დანაზოგების ბანკებში შეტანას აღარ ჩქარობენ. რუსეთის საფინანსო ბაზრის ციებ-ცხელებამ სანდო ბანკების შერჩევის საკითხი კიდევ უფრო გაართულა, თუმცა საერთაშორისო ბანკები კრიზისს სულაც არ შეუშინებია. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეროვნულ საფინანსო სისტემას მოკლევადიან პერსპექტივაში არაფერი ემუქრება.
სოჭში გამართულ ფორუმზე “რუსეთის ბანკები – 21” გამოსვლისას
რუსეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, გენადი მელიქიანმა განაცხადა, რომ სექტორში სიტუაციის დესტაბილიზაციის გამო რუსეთის ბანკებიდან მოსახლეობის ანაბრების გადინებამ ზაფხულის თვეებში დაახლოებით 13 მლრდ მანეთი, ანუ ფიზიკურ პირთა დეპოზიტების ერთობლივი მოცულობის 0,7% შეადგინა. თუ 2004 წლის დასაწყისისთვის მოსახლეობა ბანკებს 1.818 ტრლნ მანეთს ანდობდა, აგვისტოს თვეში ეს მაჩვენებელი 1.805 ტრლნ მანეთამდე შემცირდა. რუსეთის რეგიონალური ბანკების ასოციაციის კონფერენციაზე გენადი მელიქიანის მიერ გაკეთებული განაცხადების თანახმად, “კრიზისმა მეტ-ნაკლებად ყველა აზარალა, თუმცა ეს შედარება ისეთივე ზუსტია, როგორც საავადმყოფოში საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი”.
სახელმწიფო ბანკებისათვის კრიზისის შედეგად, რომელიც მნიშვნელოვანწილად ცენტრალური ბანკის არაკეთილსინდისიერი საკრედიტო დაწესებულებების მიმართ წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგი გახდა, ძალზე ხელსაყრელი გარემო შეიქმნა. მათი კონკურენტების რიცხვი დღითი დღე მცირდება. რუსეთის ბანკმა ახალი კრიზისის პროფილაქტიკა სისტემიდან სუსტი ბანკების გამოყვანით დაიწყო, ეს კი, ახლახან დაძლეული კრიზისის განმეორების შესაძლებლობაზე მეტყველებს.
ამგვარად, დღეისათვის რუსეთის ყველა ბანკი ერთნაირ მდგომარეობაში არ იმყოფება. კრიზისის შედეგები არათანაბრად განაწილდა. ძირითადად, კრიზისის შედეგად რამდენიმე მსხვილმა კომერციულმა ბანკმა იზარალა: უპირველეს ყოვლისა “გუტა-ბანკმა” და “ალფა-ბანკმა”, რომელთა მეანაბრეებმა დეპოზიტებიდან 17 მლრდ მანეთზე მეტი მოხსნეს და მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, “ალფა-ბანკში” ზაფხულის მიწურულს კლიენტებმა კვლავ დაიწყეს საკუთარი დანაზოგების მიტანა, შეუძლებელი იყო გადატანილი პრობლემები საკრედიტო დაწესებულების მუშაობის საერთო მაჩვენებლებზე არ ასახულიყო. ალფა-ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ ფრიდმანის განცხადებით, ზარალმა, რომლებიც ბანკმა უნდობლობის კრიზისის შედეგად განიცადა, დაახლოებით 9 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პრობლემით გამოწვეულმა საერთო დანაკარგებმა კი, ათობით მილიონი დოლარი შეადგინა.
სავსებით განსხვავებული სურათი აქვს რუსეთის უმსხვილეს ბანკს, “სბერბანკს”. თუ ზაფხულის დასაწყისისთვის მისმა წილმა მოსახლეობის ანაბრების ბაზარზე მინიმუმს მიაღწია და 61.29% შეადგინა, კრიზისის შემდეგ იგი 62.51%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, კრიზისმა მოსახლეობის ანაბრების საერთო მოცულობაში “სბერბანკის” წილის შემცირების წლის დასაწყისში დასახულ ტენდენციას ბოლო მოუღო. ამ ბანკის მეანაბრეთა რიცხვი კვლავ გაიზარდა.
“სბერბანკი” ლიდერობას ბაზრის ყველა სეგმენტზე ინარჩუნებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომერციული ბანკები ნელ-ნელა ართმევდნენ მას კლიენტურას. 2000 წლიდან მოყოლებული “სბერბანკმა” კლიენტების 20% დაკარგა (80%-დან დაახლოებით 60%-მდე). კლიენტების რაოდენობის ასეთი შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, ექსპერტების აზრით, საბანკო ანაბრების დაზღვევის სისტემის ამუშავებაში მდგომარეობს. ამ სისტემას სხვადასხვა ბანკების კლიენტები უნდა გაეთანაბრებინა და წინა პლანზე წამოსწია არა ბანკის საიმედოობა, არამედ განაკვეთები, რომლებითაც საკრედიტო ორგანიზაცია მოსახლეობისაგან ანაბრებს ღებულობს.
ზაფხულის კრიზისმა პროგნოზისტებს ყველა კარტი აურია. ბანკების გარშემო ატეხილი პანიკის შემდეგ მოსკოვის ეკონომეტრიკიკის, ინფორმატიკის, ფინანსებისა და სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის სპეციალისტების შეფასებით, მოსახლეობის ანაბრები “სბერბანკში” 4,12%-ით, ანუ 43.44 მლრდ მანეთით გაიზარდა, ე.ი. ბევრი კომერციული ბანკისაგან განსხვავებით, საიდანაც მოსახლეობას თავისი ფული აქტიურად გამოჰქონდა, “სბერბანკში” უბრალოდ სადეპოზიტო ბაზის ზრდის პროცესი შენელდა. რუსეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, თავიანთი დანაზოგები ცოტა ხნით სახლში გაეჩერებინათ, იმის ნაცვლად, რომ ბანკებში წაეღოთ. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ “სბერბანკის” წილი ფიზიკურ პირთა ანაბრების ბაზარზე 62.51%-მდე გაიზარდა. თუმცა, სპეციალისტების აზრით, როლი აქ იმდენად მეანაბრეების “სბერბანკში” გადმოსვლას არ უთამაშია, რამდენადაც ფულის მასის საერთო მოცულობის შემცირებას, რომელსაც ისინი ბანკებში ინახავდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც კი მეანაბრეები უკანასკნელი კრიზისისაგან მიყენებული შოკიდან გამოვლენ, ისინი კვლავ მიმართავენ კომერციულ ბანკებს და “სბერბანკის” წილი კვლავ შემცირდება.
კიდევ ერთი ბანკი, რომლის საქმიანობაზეც ზაფხულის კრიზისი დადებითად აისახა, სახელმწიფო ბანკი “ვნეშტორგბანკი” გახდა, რომელმაც კრიზისის პერიოდში მოსახლეობისაგან მოზიდული ანაბრების მოცულობა თითქმის 4 მლრდ მანეთით გაზარდა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის აზრით, ამ ეტაპზე ნეგატიური პროცესები შეჩერებულია და სიტუაცია ნორმალიზაციისაკენ მიდის, თუმცა მოდუნება ჯერჯერობით არ შეიძლება, ვინაიდან “სიცოცხლის ზეიმი” (ანუ 2003 წლის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური სიტუაცია) დასრულდა. რუსეთის ის ბანკები, რომლებიც საკმარის კაპიტალს არ ფლობენ, კვლავინდებურად ძალზე სუსტები არიან, მაკროეკონომიკური სიტუაციის უმნიშვნელო ცვლილებების პირობებშიც კი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. “ასეთ საკრედიტო დაწესებულებებს არსებობა მხოლოდ დიდი ფულადი ნაკადის პირობებში შეუძლიათ”, – ამბობს გენადი მელიქიანი. იგი დარწმუნებულია, რომ “საჭიროა რუსეთის ფედერაციის საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერებაზე მიმართული გეგმიური და მეთოდური სამუშაოების განხორციელება”. ეს სამუშაო კი სისტემიდან სუსტი, არაეფექტური ბანკების გამოყვანის ხარჯზე განხორციელდება, რაც რუსეთის საბანკო სისტემას თავიდან ახალი კრიზისის საფრთხეს ააცილებს.
რაც შეეხება საერთაშორისო ბანკებს, ისინი ფსონებს რუსეთში ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე დებენ და რუსეთის ეროვნული საფინანსო სისტემისათვის მოკლევადიან პერსპექტივაში რაიმე სერიოზულ რისკს ვერ ხედავენ, თუმცა ცენტრალური ბანკის მიერ ცენტრალიზებულ პოლიტიკურ სისტემას გრძელვადიანი რისკების შესაძლო წყაროდ მიიჩნევენ, რის გამოც თავიანთ კლიენტებს სიფხიზლისაკენ მოუწოდებენ.
“ჩვენ რუსეთის ეკონომიკური სისტემის მომდევნო ზრდას ვვარაუდობთ და ქვეყნის საგადასახადო სისტემისათვის ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ,” – აი, ასე ოპტიმისტურადაა განწყობილი ერთ-ერთი საინვესტიციო გიგანტის,Goldman Sachs-ის ანალიტიკოსი, რორი მაკფაკარი. რუსეთის საგარეო ვალს, მისი აზრით, ასევე არაფერი ემუქრება “იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგარეო ვალების მსოფლიო ბაზარზე ახალი ობლიგაციები შემოვა, რომლებიც პარიზის კლუბის ვალის გაცვლის შედეგად წარმოიქმნება, რუსეთის მთავრობა მათ ფინანსური რეზერვების ხარჯზე შეისყიდის”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი. ბანკში დარწმუნებულები არიან, რომ Standart & Poor?s-იც და Fitch-იც რუსეთის სუვერენულ რეიტინგს საინვესტიციო დონემდე უკვე 2005 წლის მეორე ან მესამე კვარტალში ასწევენ. ბანკში გაცილებით უფრო ფრთხილობენ კერძო ბიზნესის და მისი მფლობელების პერსპექტივების შეფასებისას. კერძო საკუთრების შენარჩუნების პრობლემა რუსული რისკის ძირითადი პრობლემაა. “იყავით ყურადღებით”, – აფრთხილებს ბანკი საკუთარ კლიენტებს.
რუსეთის ადრინდელი პოლიტიკური სისტემას რორი მაკფორი სიმპათიით არ მოიხსენებს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს “რეგიონალური ლობისტების ფორუმს” უწოდებს. მაგრამ, ახალი სისტემის შექმნა, ინფორმაციული ანალიტიკოსის აზრით, საკმაოდ რთული იქნება და ამას, შესაძლოა, იმ საპარლამენტო ადგილების შემცირება მოჰყვეს, რომლებსაც “ედინაია როსია” აკონტროლებს. გადაწყვეტილებების მიღების ცენტრის ზემოთ გადატანამ რთულ პერიოდებში შესაძლებელია სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.
კიდევ ერთი ყურადღებიანი დამკვირვებელიც – UFG Deutche Bank-ის სტრატეგი, კრისტოფერ გრენვილი ასევე მიიჩნევს, რომ კრემლის ბოლოდროინდელ ინიციატივებში ახალი არაფერი ყოფილა. “ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ რუსეთში ახლანდელი ცვლილებები პოლიტიკური კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს”, – ამბობს გრენვილი და დასძენს, – “მოკლევადიან პერსპექტივაში”.
გაცილებით უფრო მეტი აღმოჩენები გააკეთეს რუსეთში მათ, ვინც, მართალია, არც ისე კარგად ერკვევიან რუსეთის სპეციფიკაში, სამაგიეროდ, კარგად იცნობენ საერთაშორისო ნავთობკომპანიებს. გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნდა საინვესტიციო კომპანია Oppenheimer- ის ანალიტიკოსის, ფადელ გეიტის მიერ მომზადებული წერილი, რომელიც მან რუსეთში საერთაშორისო ნავთობკომპანიების მენეჯერებთან ერთად მოგზაურობისას დაწერა. გეიტმა მისი “მგზავრის წერილები” კლიენტებს გააცნო. ამ წერილში, ძირითადად, ნავთობის საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან შემდგარი საუბრების შინაარსია გადმოცემული, რომლებიც, მასთან, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო გულახდილები იყვნენ, ვიდრე პრესისათვის მიცემულ ტრადიციულ ინტერვიუებში. გეიტის მიერ გაკეთებული დასკვნები შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს:
ამჟამინდელმა ეკონომიკურმა ბუმმა რუსეთის მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი გაამდიდრა და უფსკრული ღარიბ უმრავლესობასა და მდიდარ უმრავლესობას შორის სერიოზულად გააღრმავა.
ნავთობი არის სამთავრობო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. რუსეთის მთავრობა ადრე თუ გვიან გაანადგურებს “იუკოსს”, მისი აქტივების უმეტეს ნაწილს კი რუსეთის კომპანიების ხელში დატოვებს (სხვებზე უფრო ხშირად ასახელებენ “ლუკოილს” და “გაზპრომს”).
რუსეთის კანონების უზუსტობა და გაურკვევლობა ქვეყნის ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებების შედეგია და მას ამ კანონების საკუთარ ინტერესებში მოქნილად გამოყენების საშუალებას აძლევს. რუსეთში მოქმედი ყველა კომპანია ასე თუ ისე არღვევს კანონს. ეს გარემოება, ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ხელისუფლების უმძლავრეს ბერკეტს წარმოადგენს, ვინაიდან უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელების სჯერა, პუტინის დაპირებების ნავთობის მოპოვების გაზრდასთან და გადაწყვეტილებების ოპეკთან კოორდინირების გარეშე მიღებასთან დაკავშირებით.
ფადელ გეიტის მიერ გაკეთებული დასკვნებიდან ირკვევა, რომ, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენების უმრავლესობა, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, რომელიც მათ ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების კორუმპირებულ მთავრობასთან მუშაობის დროს მიიღეს, მიიჩნევს, რომ “რუსეთში ბიზნესის წარმოება ძალზე რთულია”.