დღეს უკეთესად ცხოვრობთ, ვიდრე 4 წლის წინ?
ალექსანდრა ლალიაშვილი
ამერიკაში საპრეზიდენტო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუმცა, თუ წინა არჩევნების დროს ოპონენტების დისკუსიების მთავარი თემა აშშ-ს საგარეო პოლიტიკა იყო, ახლა ვითარება შეცვლილია. 6 ნოემბრის არჩევნებზე მთავარი თემებია საბიუჯეტო დეფიციტი, სახელმწიფო ვალი, უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი. ისინი საგარეო პოლიტიკურ საკითხებს ჩრდილავენ. საშუალოდ, 20 ამერიკელი ამომრჩევლიდან საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტი მხოლოდ ერთისთვისაა. შესაბამისად ორივე კანდიდატის, მოქმედ პრეზიდენტ ობამასა და რესპუბლიკელ რომნის საარჩევნო კამპანია ეკონომიკაზეა ფოკუსირებული.
შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ფართოდ განიხილება, როგორც რეფერენდუმი, რომელიც ბარაკ ობამას მიერ მიმდინარე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს გადადგმული ნაბიჯების შეფასებას უკავშირდება. მსოფლიოსა და აშშ-ში არსებული ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა გაეცეს კითხვას პასუხი – რამდენად ადექვატური და შედეგეიანი იყო ის სტიმულირების პაკეტები, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ეკონომიკის მისამართით განახორციელა.
რესპუბლიკელები წინა საარჩევნო კამპანიის წარმოებისას წარსულის რიტორიკულ ტაქტიკას იყენებენ, რაც მკაცრი ეკონომიკური პირობებით საყოველთაო უკმაყოფილების გაღრმავებას ითვალისწინებს. რესპუბლიკელი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის, პოლ რაიანის თქმით, ბარაკ ობამა ვერ დაფარავს მისი ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობას. “ჩვენ ვერ მოვისმენთ მტკიცებულებებს და ფაქტებს იმის შესახებ, თუ რამდენად გაუმჯობესდა ადამიანების ყოფა პრეზიდენტ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. თქვენ ხედავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მოღვაწეობა ამას არ ადასტურებს.” იგივე შეკითხვა დასვა რონალდ რეიგანმა თავის საპრეზიდენტო კამპანიისას 1980 წელს, რომლის დროსაც მან მაშინდელი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი დაამარცხა. “დღეს უკეთესად ცხოვრობთ, ვიდრე ოთხი წლის წინ?” – იკითხა რონალდ რეიგანმა. რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ ამომრჩევლები წელსაც ანალოგიურ განაჩენს გამოიტანენ.
დემოკრატების მტკიცებით კი, უმუშევრობის დღეს არსებული მაღალი მაჩვენებელი და ნელი ტემპით მიმდინარე ეკონომიკური ზრდა იმ ღრმა კრიზისის მძიმე შედეგია, რომელიც ობამას გაპრეზიდენტებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყო – მაშინ, როდესაც რესპუბლიკელები იყვნენ ქვეყნის სათავეში. ამასთან დაკავშირებით. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი: “პრეზიდენტმა ობამამ ქვეყნის მართვა გაცილებით სუსტი ეკონომიკის პირობებში დაიწყო, ვიდრე მე. ვერც ერთი პრეზიდენტი, ვერც მე და ვერც ნებისმიერი ჩემი წინამორბედი ვერ შეძლებდა ყველა ამ სირთულის მოგვარებას ოთხ წელიწადში.”
როგორი ამერიკა დახვდა ობამას? 7 კვირით ადრე, სანამ 2008 წლის ნოემბერში ობამა მაკეინს დაამარცხებდა და პრეზიდენტი გახდებოდა, აშშ-ში ფინანსური კატასტროფების ტალღა წავიდა. Lეჰმან Bროტჰერს-ის გაკოტრება, AIG გადარჩენა სახელმწიფოს მიერ, 2008 წლის ბოლო კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 9%-ით შემცირდა, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი მაჩვენებე-ლი იყო. გარდა ამისა, ინვესტორების მხრიდან ნდობის ხარისხი ახალი პრეზიდენტის მიმართ იყო ძალიან დაბალი. ობამა შეეცადა რომ ეს ნდობა როგორმე მოეპოვებინა. მან პრეზიდენტობა დაწყო კრიზისში მყოფი ფინანსური ინსტიტუტების რეკაპიტალიზაციით. მოახდინა მათი “ცუდი ვალების” კერძო სექტორიდან საჯარო სექტორში გადატანა. მალე ბევრმა ამერიკულმა ბანკმა შეძლო არა მხოლოდ სიტუაციის გამოსწორება, არამედ სახელმწიფოს ვალის ნაწილობრივ დაფარვაც კი.
საბანკო სექტორის გარდა, ობამას ადმინისტრაციის მიერ ნაბიჯები გადაიდგა აშშ-ს ეკო-ნომიკისათვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საავტომობილო ინდუსტრიის დასახმარებლად. “ჯენერალ მოტორსისა” და “კრაისლერისათვის” გაცემული დახმარების პაკეტების საშუალებით უამრავი სამუშაო ადგილის შენარჩუნება მოხერხდა, 2010 წლიდან ამ კომპანიებმა კრიზისს თავი დააღწიეს. დახმარების სანაცვლოდ ობამას ადმინისტრაციამ მენეჯმენტი აიძულა შესაბამისი რეფ-ორმები გაეტარებინათ კომპანიის შიგნით ზედმეტი დანახარჯების თავიდან ასაცილებლად.
თუმცა ოპონენტებს ობამას ეკონომიკური გუნდის გასაკრიტიკებლად მიზეზიც ბევრი აქვთ. საბანკო და საავტომობილო ინდუსტრიისაგან განსხვავებით, ობამას ადმინისტრაციის მცდელობა, დახმარებოდა სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროს, ნაკლებ ეფექტიანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, 800-მილიარდიანი პაკეტის დამტკიცების შემდეგ 2009 წელს, აშშ-ს მშპ მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა, რაც ძალიან დაბალი ზრდაა.
ობამას ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი იყო ამერიკული ეკონომიკის გარდაქმნა; ეკონომიკაში განახლებადი ენერგიის სულ უფრო დიდი რაოდენობით გენერირება; ფინანსური სპეკულაციებისაგან ეკონომიკის დაცვა; საჯარო ინვესტიციების განათლების სფეროში მიმართვა; წარმოების განვითარება-წახალისება; საშუალო ფენის შემოსავლის ზრდა და ჩინეთის მხრიდან კონკურენტუნარიანობის მზარდი გამოწვევის ჯეროვანი პასუხი. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტიდან “მწვანე ენერგიის” წყაროებზე მიმართული იქნა 90 მილიარდი დოლარი. მაგრამ ამ მიმართულებით დიდი წარმატება აშშ-ს ჯერ არ აქვს. მართალია, ობამამ გასულ წელს განაცხადა, რომ მალე მსოფლიოში წარმოებული ელექტრო ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების 40% აშშ-ში იქნება წარმოებული, თუმცა ზოგადად მთელ მსოფლიოში მსგავსი ავტომობილების წილი ისევ ძალიან მცირეა, ქარხნები გადარჩენისათვის იბრძვიან. ესეც არ იყოს, ამერიკულ კომპანიებს ძალიან უჭირთ იაფი ჩინური წარმოებისათვის ჯეროვანი კონკურენციის გაწევა. ამერიკელები არც ეკონომიკის ზრდისა და უმუშევრობის შემცირების ტემპებით არიან კმაყოფილი.
დასჯის თუ არა ამომრჩეველი პრეზიდენტ ობამას არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო? თუ აღიარებენ მის დამსახურებას ფინანსურ კრიზისთან ბრძოლაში?
თუკი, რომელიმე რესპუბლიკელს ამჟამინდელი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე შევეკითხებით, პასუხი იქნება, რომ მან უფრო მეტი გააფუჭა, ვიდრე გააკეთა. “თითქმის ყველაფერი რაც მან გააკეთა, ჩვენს ეკონომიკას ძვირად დაუჯდა,” – განაცხადა მიტ რომნიმ. მაგრამ რას სთავაზობენ თავად რესპუბლიკელები ამომრჩევლებს? დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამერიკის ეროვნული ვალი კიდევ უფრო გაიზრდება თუ რესპუბლიკელი კანდიდატების მიერ შეთავაზებული საგადასახადო პოლიტიკა განხორციელდება.
ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ბილ ფრენზელი ორპარტიული საბიუჯეტო კვლევის კომიტეტის წევრია. ის ამბობს, რომ რესპუბლიკელთა მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ ხედვას უფრო მეტი დახვეწა სჭირდება. “რესპუბლიკელი კანდიდატების დაპირებები სულ ცოტა ათი წლის მანძილზე დაბალანსებული ბიუჯეტის საშუალებას არ იძლევა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლითაც კი,” – ამბობს ფრენზელი. თუკი, ამერიკის ეკონომიკაში არაფერი შეიცვლება, კომიტეტის გათვლებით, დღე-ვანდელი 15 ტრილიონი ვალი 2012 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 85 პროცენტს მიაღწევს. შედარებისთვის საბერძნეთის ვალი ფინანსური სესხის აღებამდე მთლიანი შიდა პროდუქტის 160 პროცენტს შეადგენდა. ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიტ რომნის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ქვეყნის დავალიანებას კიდევ 250 მილიარდს დაუმატებს.
როგორც გამოკითხვები აჩვენებეს, ამერიკელი ამომრჩევლები დასაქმების პრობლემას უმთავრესად მიიჩნევენ, ამიტომაც ორივე კანდიდატი, ბარაკ ობამაცა და მით რომნიც აქცენტს ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობაზე აკეთებენ.
2011 წლის სექტემბერში ობამამ წამოაყენა წინადადება 447-მილიარდიანი სტიმულირების პაკეტის შესახებ, იმისათვის, რომ შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განათლების სისტემაში ინვესტირების გზით. ამავე დროს, ობამას ინიციატივა იყო საგადასახადო შემოსავლის გაზრდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის.
ამის პარალელურად, რესპუბლიკელები და რომნი ცდილობენ გააგრძელონ ბუშის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ამერიკელებს გადასახადების შემცირებას ჰპირდებოდა. გადასახადების შემცირებით რესპუბლიკელები ელოდებიან რომ მოხდება ეკონომიკის სტიმულირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. რომნის ეკონომიკური გეგმები ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას როგორც ფიზიკურ, ასევე კორპორაციულ დონეზე. ბიუჯეტის დაბალანსებას კი ფედერალური ხარჯების შემცირებით გეგმავს. რომნი აკრიტიკებს ომაბას მთავრობის მიერ გატარებული ჯანდაცვის სფეროსა და საგადასახადო სისტემის რეფორმას. რესპუბლიკელი კანდიდატის შეფასებით, ობამას მთავრობის მიერ ამ სფეროში განხორციელებულმა ცვლილებებმა აშშ-ს ეკონომიკა დააზარალა.
რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე 28-30 აგვისტოს მიიღეს კონვენცია, რომელშიც ნათქვამია, რომ რესპუბლიკელები და მათი კანდიდატი მხარს უჭერს თავისუფალ საბაზრო პოლიტიკას, რაც გულისხმობს გაზრდილ დერეგულირებას, დაბალ გადასახადებს და თავისუფალი ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობას ეკონომიკის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისათვის. რესპუბლიკელები აკრიტიკებენ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ის აქტიურად ერეოდა ეკონომიკის კერძო სექტორში ფინანსური კრიზისის დროს.
საპრეზიდენტო სავარძელის დაკავების შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ ასეულობით მილიარდი დახარჯა. 2008 წელს იყო 700 მილიარდიანი ე.წ. საბანკო სექტორის გადარჩენის პაკეტი. ამას მოჰყვა ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი 797 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით. 2010 წლის მარტში კი კონგრესმა მიიღო ობამას კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ამჯერად ჯანდაცვის სფეროს და პაციენტთა მდგომარეობის გამოსწორებას უკავშირდებოდა, პროგრამამ უნდა მოიცვას 32 მილიონი აშშ-ს მოქალაქე. ეს პროგრამა 10 წელზეა გათვალისწინებული და აშშ-ს ეკონომიკას მთლიანობაში 940 მილიარდი დოლარი დაუჯდება. მაშინ როცა დემოკრატების საბიუჯეტო გეგმები ამ პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის 143 მილიარდი აშშ დოლარით შემცირებას ისახავს მიზნად.
2010 წლის ივლისში ობამამ კონგრესში გაიტანა კანონი ფინანსური სფეროს რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფედერალურ მთავრობას ენიჭება დამატებითი უფლებები ჭალლ შტრეეტ-ის რეგულირებისთვის, კანონის ფარგლებში ასევე შეიქმნა მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურო.
2011 წლის სექტემბერში ობამამ წარადგინა სტიმულირების ახალი პაკეტი 447 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით, რომელიც ცნობილია “ამერიკის სამუშაო ადგილების აქტის” სახელით და მიზნად ისახვდა იმ პერიოდისათვის 9.1%-იან უმუშევრობასთან ბრძოლას. ახალი პაკეტი მოიცავს გადასახადების ზრდის გეგმას, ასევე ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განათლების სფეროში. 2011 წლის იმავე თვეში ომაბამ ასევე მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს სამხრეთ კორეასთან, კოლუმბიასთან და პანამასთან. კონგრესმა მათი რატიფიცირება ოქოტომბერში მოახდინა.
პრეზიდენტობის ბოლო წელს და წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ, გადასახადების შემცირების თემა ობამასათვისაც აქტუალური გახდა. 2012 წელს ობამას ადმინისტრაციამ ქვეყანაში წარმოების ზრდის ხელშეწყობა დაისახა მიზნად და გამოვიდა ინიციატივით შეემცირებინათ გადასახადები იმ კომპანიებისათვის, რომლებიც ხელს უწყობენ სამუშაო ადგილების შექმნა-შენარჩუნებას. ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას ობამამ ასევე აღინიშნა, რომ ქვეყანას ესაჭიროება სულ უფრო მეტი პროფესიონალი მუშახელი, ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლების სფეროში ინვესტიციების გაზრდას.
მიმდინარე წლის იანვარში ობამას ადმინისტრაციამ წარუდგინა კონგრესს მცირე ბიზნესის განვირთარების ხელშემწყობი პროგრამა და უმსხვილესი კორპორაციებისათის გადასახადის 35-დან 28%-მდე შემცირების გეგმა. ეს პაკეტი ასევე გულისხმობს გადასახადის მინიმალურ ზღვარს უცხოური მულტიეროვნული კორპორაციებისთვის, მოგების საზღვარგარეთ გადინების თავიდან აცილების მიზნით.
ობამას ადმინისტრაცია ცდილობს ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქოს სახლების იმ მეპატრო-ნეებსაც, რომელთაც სესხის დაფარვა არ შეუძლიათ, საპროცენტო განაკვეთების დაწევის სტიმულირებით, ამისათვის კი ობამა გამოვიდა ინიციატივით, გადასახადები შეუმცირდეს იმ კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო სექტორს წარმოადგენენ და შესაბამისად, განსაზღვრავენ უძრავი ქონების ფასებსა და საპროცენტო განაკვეთების სიდიდეს.
2012 წლის ივლისში ობამამ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კვლავ გააგრძელებს საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას მცირე ბიზნესისათვის. დემოკრატმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს გადასახადები მცირე ბიზნესისათვის 18-ჯერ შემცირდა და საშუალო სტატისტიკური ამერიკული ოჯახისათვის 3.600 აშშ დოლარით შემცირდა სადაგადასახდო ტვირთი 2008 წელთან შედარებით, როდესაც ობამა პრეზიდენტი გახდა. ივლისში სენატმა ასევე მიიღო ობამას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკელების 2%-ის გარდა.
ობამა და ტიმოთი გეიტნერი ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ ევროპასა და ევროპის სავალო კრიზისს. დემოკრატებს სჯერათ, რომ ევროპის პრობლემების გაუზიარებლობის შემთხვევაში, ის ძირს აშშ-ს ეკონომიკასაც გამოუთხრის და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას საგრძნობლად დაამუხრუჭებს.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, რომელიც თვლის, რომ სხვა ეკონომიკების დახმარება აშშ-ს ეკონომიკას ძალიან ძვირი უჯდება. რომნიმ საზეიმოდ გაახმაურა 59-პუნქტიანი ეკონომიკური გეგმა, რომელიც შეიცავს კორპორატიული გადასახადისა და სამთავრობო ხარჯების შემცირების, თავისუფალი ბაზრის რეგულირების მაქსიმალურად გაუქმებისა და პრო-ფკავშირებისათვის “ლაგამის ამოდების” გეგმებს.
რომნიმ ხაზხი გაუსვა იმ 5 ნაბიჯს, რომელსაც ის გადადგამს პრეზიდენტობის პირველივე დღიდან, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული 5 ახალი კანონპროექტი დაკავშირებული იქნება კორპორატიული გადასახადის 35-დან 25%-მდე შემცირებასთან; ახალი ენერგოწყაროების აღმოჩენასთან; ფედერალური გადამზადების პროგრამების კონსოლიდირებასა და მათი შტატებისათვის დაქვემდებარებასთან; და რისკის მაღალი შემცველობის მქონე დანახარჯების შემცირებასთან 5%-ით.
რომნი გაპრეზიდენტების შემთხევვაში აპირებს ჯანდაცვის სფეროს რეგულირების შტატებზე განაწილებას და არა ფედერალურ დონეზე შენარჩუნებას. რომნი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ობამას გაზრდილმა რეგულირებამ ყველა სფეროში მოახდინა ეკონომიკის ზრდის დამუხრუჭება და აპირებს ობამას მიერ აღმასრულებელი ხელუსუფლებისათვის მინიჭებულ დამატებითი უფლებების გაუქმებას.
2012 წლის იანვრის პრაიმერის დებატებში რომნიმ განაცხადა, რომ მასაჩუსეტსის გუბერნატორობის დროს გადასახადები 19-ჯერ შეამცირა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ყოველ წელს დაბალანსებული იყო შტატის ბიუჯეტი. მაგრამ იმავე გუბერნატორობის პერიოდში, რომნი მხარს უჭერდა იარაღისა და კლიმატის ცვლილების კონტროლის გამკაცრებას და მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა ყველასთვის სავალდებულო ყოფილიყო. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან ეს ყველაფერი დაივიწყა. გარდა ამისა, 1 წლის წინ რომნი მომხრე იყო საშემოსავლო გადასახადი არსებულ დონეზე შეენარჩუნებინა. დღეს კი ის მომხრეა შეამციროს საშემოსავლო გადასახადი ყველასათვის.
საგადასახადო რეფორმებს შორის რესპუბლიკელი კანდიდატი გეგმავს ნულამდე შეამციროს გადასახადი კაპიტალის მოგებიდან, პროცენტებიდან და იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 200 000 დოლარზე ნაკლებია, გააუქმოს გადასახადი დივიდენდებიდან მიღებულ შემოსავალზე. მიტ რომნი: “ახლა აშშ-ს ეკონომიკა გზაჯვარედინზეა. ობამა ირჩევს გზას, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ ევროპის მსგავს სავალო კრიზისამდე მიიყვანს. მე გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ კურსს, რომელიც აშშ-ს აქამდე არასოდეს ჰქონია”. რომნის გეგმებში მთავრობა და ბიზნესი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა “მასწავლებელ-მოსწავლე”. რომნი პირობას დებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სამთავრობო ხარჯებს მშპ-ს 20%-მდე შეამცირებს, დღეს არსებული 24.3%-დან.
რესპულიკელები ამომრჩეველს უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკასაც ჰპირდებიან. გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რომნი გეგმავს, რომ ჩინეთი გამოაცხადოს როგორც ვალუტით მანიპულირებადი ქვეყანა და ამის გამო დასაჯოს ჩინური იმპორტი საგადასახადო ბარიერებით. 2008 წელს ობამა პრეზიდენტის პოსტზე საგარეო პოლიტიკური ამბიციებით დატვირთული მოვიდა. მას მემკვიდრეობით ერაყი და ავღანეთი ერგო, გამწვავდა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი და დადგა არაბული გაზაფხული. ობამამ საკუთარ საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს ისრაელპალესტინის კონფლიქტის დაძვრა და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაუმატა. რესპუბლიკელები გამუდმებით აკრიტიკებდნენ მის საგარეო ნაბიჯებს. რომნი და მისი თანაგუნდელები მოქმედ პრეზიდენტს სისუსტესა და კრიტიკული საკითხების არასწორ მართვაში ადანაშაულებენ. რომნიმ განაცხადა, რომ რუსეთს ამერიკის უპირველეს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და გაპრეზიდენტების მეორე დღესვე ჩინეთს ფინანსურ მანიპულატორად გამოაცხადებს. რომნი აცხადებს, რომ ჩინეთს ამერიკასთან კონფრონტაციის უსარგებლობაში დაარწმუნებს და გაპრეზიდენტების პირველ დღესვე აიძულებს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების პრინციპების დაცვას. ბრიტანული გამოცემა თჰე Eცონომისტ აღნიშნავს, რომ ჩინეთისადმი მკაცრი რიტორიკა უკვე 20 წელია ახასიათებთ ამერიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი მათი მიდგომა შედარებით ზომიერია. ჩინეთის ფინანსურ მანიპულატორად გამოცხადება გაპრეზიდენტებამდე ობამასაც სურდა. 2008 წელს, გაპრეზიდენტების შემდეგ კი, ობამამ პრიორიტეტად ისრაელ-პალესტინის საკითხი აქცია. მიეცემა თუ არა რომნის ამის საშუალება? ამ კითხვას პასუხს ამერიკელი ამომრჩეველი 6 ნოემბერს გასცემს.