ობამაქეარი, საგადასახადო პოლიტიკა და დონალდ ტრამპი
გიორგი ელიზბარაშვილი
2009 წლის იანვარში, როდესაც ობამა საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას შეუდგა, აშშ იყო ერთ-ერთი მცირეთაგანი იმ განვითარებული ქვეყნებიდან, რომელსაც არ გააჩნდა საყოველთაო დაზღვევა. ბატონი ობამა შეეცადა მის გამოსწორებას, თუმცა ვერ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. 1) აშშ-ს ზომა, როგორც ეკონომიკის, ასევე მოსახლეობის, 2) მოქალაქეების მსოფლმხედველობა 3) მშპ-ს 17% ჯანდაცვაზე, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ეკონომიის მიზნით სამკურნალოდ მეზობელ მექსიკაში, ან გაცილებით უფრო შორს, თუნდაც თურქეთში მიემართებოდნენ.
ბევრი თანხმდება, რომ სახელმწიფო ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება. სახელმწიფოს არსებობა-არარსებობაზე დისკუსიები იშვიათია, ანარქისტებს საზოგადოებაში არ აქვთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. კამათი იმართება სახელმწიფოს ზომისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. ზოგადად, დემოკრატიის პირობებში, მოსახლეობა გარკვეული ვადით, ქირაობს ადამიანთა ჯგუფს და გადასცემს მათ უფლებათა ნაწილს უსაფრთხოების სანაცვლოდ. ნებისმიერი სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; აგრეთვე მოქალაქეების დაცვა, სამართლებრივი ნორმების შემუშავება. მაგრამ არის კი სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა სოციალური უზრუნველყოფა? ძალიან კეთილშობილურად ჟღერს, რომ სახელმწიფო დაეხმაროს გაჭირვებულს, უმკურნალოს ვისაც არ გააჩნია ამის სახსრები, მისცეს განათლება და თუ მოხერხდება ავტომობილი, ბინა. რა არის ამაში ცუდი, როცა კეთილი, ქველმოქმედი სახელმწიფო სიკეთეებს სჩადის.
აქ ვადგებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას. დავსვათ კითხვა რა არის დედამიწაზე უფასო? მზე. ასევე ჰაერი, მაგრამ არა სუფთა. შეიძლება ვთქვათ სიყვარული, ღიმილი, მაგრამ როგორც წესი მათ სანაცვლოდ ველით ასევე სიყვარულს, ღიმილს, კეთილგანწყობას. შესაბამისად უფასო ჯანდაცვა, განათლება ან რაიმე სხვა, სინამდვილეში სულაც არაა უფასო. ვიღაც, შეიძლება მას უფასოდ ღებულობს, მაგრამ გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე.
არ არის და არც ყოფილა სახელმწიფო, სადაც სოციალური ხარჯები გასტოლებოდა 0-ს და ყველაფერი სმითის უხილავ ხელს ემართა, ამავე დროს არც კომუნიზმი დამყარებულა სადმე ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. გასული 1 საუკუნის გამოცდილებამ კი ცხადყო, რომ სოციალიზმი უბრალოდ არ მუშაობს. „დავეწიოთ და გავუსწროთ შეერთებულ შტატების 1 სულ მოსახლეზე პროდუქციის მწარმოებლურობით“. ეს ცნობილი პროპაგანდისტული ლოზუნგი ხშირად ისმოდა საბჭოთა კავშირში. რეალობა კი სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ხანგრძლივი შეჯიბრების შემდეგ 1990 წელს აშშ-ს GDP per capita PPP შეადგენდა 23954$-ს, რუსეთისა კი მხოლოდ 8013$-ს ანუ თითქმის 3-ჯერ ნაკლებს. ეს საკუთრივ რუსეთში, დანარჩენ რესპუბლიკებში საქმე უფრო მძიმედ იყო. დიდი ოდენობით არარეგისტრირებული შემოსავალს თუ გავითვალისწინებთ სხვაობა შემცირდება, მაგრამ ვერ აღმოიფხვრება. სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია ჩინეთის მაგალითზე, კერძო საკუთრების დაშვების შემდეგ, იმავე PPP დათვლით 25 წელიწადში (1990-2015) შემოსავალი 987$-დან 14451$-მდე გაიზარდა. სოციალიზმის დამცველები, დღეს თავადვე გმობენ საბჭოთა კავშირს, ჩინეთს და მაგალითად შვედეთი მოჰყავთ. შვედეთის ეკონომიკა 1990-2015 წლებში 2.38-ჯერ გაიზარდა 20096$-დან 47862$-მდე. ირლანდიის კი 4.99-ჯერ 13735$-დან 68514$-მდე.
შემოსავლის რაც უფრო მეტ ნაწილს ართმევ ადამიანს, მით უფრო მცირდება მისი მოტივაცია გააკეთოს რამე. თუ იცის, რომ საქმე არ დაუფასდება, მის ნაშრომს სხვა მიითვისებს. მოტივაციის შექმნა შიშზე და ტერორზეც შეიძლება. მათრახის შიშით მუშაობდნენ მონები. საბჭოთა კავშირშიც 20-იან 30-იან წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა საშინელი რეპრესიების ფონზე მიმდინარეობდა. სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა არც ერთი.
ბუნებრივია, შეიძლება კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა, თუ რა შედეგები მოიტანა ამა თუ იმ ქვეყანაში გადასახადების ზრდამ, სოციალური ხარჯების ზრდამ და პირიქით, რა შედეგი მოიტანა მისმა შემცირებამ. თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შეერთებულ შტატებს და „ობამაქეარს,“ რომელიც ძალაში 2014 წლის 1 იანვარს შევიდა. დასავლეთში მიღებულია რაიმე კანონის ან ტენდენციის მმართველთან დაკავშირება. „რეიგანომიკა“ „აბენომიკა“-იაპონიის პრემიერის შინზო აბეს გავლენით. უფროსი ბუშისა და ბილ კლინტონის მმართველობის დროს ქვეყნის ვალი მდორედ იზრდებოდა 1988-დან 2000 წლამდე ის 2.2-დან 3.4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მშპ-სთან მიმართებაში კი პირიქით შემცირდა 41.8%-დან 33.1%-მდე. უმცროსი ბუშის დროს ვალი 9.4 ტრილიონამდე გაიზარდა, 2015 წელს კი 17.6-ს გადააჭარბა. ამის მიზეზი მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა.
დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ობამაქეარმა“ სრული ფიასკო განიცადა. მისი შედეგები ასეთია კიდევ უფრო გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები, ყველა მოქალაქეს დღესაც არ აქვს სადაზღვეო პოლისი, რამდენიმე სადაზღვეო კომპანია უბრალოდ გაკოტრდა, ბევრმა კი სერიოზული ფინანსური ზარალი ნახა. ჯანმრთელ ახალგაზრდა ადამიანს, როგორც წესი არ სურს სადაზღვეო პოლისის შეძენა, რისკები დაბალია და ფულის უაზრო ფლანგვად მიაჩნია. სახელმწიფო პროგრამა კი მათ ამას ავალდებულებდა. დაბალშემოსავლიანებს კი ნაწილობრივ, ან სრულად უფარავდა ხარჯებს.
კონგრესმა უკვე დაუჭირა მხარი „ობამაქეარის“ გაუქმებას და მიიღო ჩანაცვლების შესახებ კანონი. დაზღვეული იქნება ის ვისაც ექნება ამის სურვილი, საკუთარი ნებით გადაიხდის ფულს, ან დააზღვევს ის სამსახური სადაც მუშაობს, მაგრამ ისიც ნებაყოფლობით და არა იძულებით. ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაბალშემოსავლიანების მცირე ნაწილი, მაგრამ უფრო ნაკლები ვიდრე დღეს. აქვე პატარა გადახვევა საქართველოსთან მიმართებაში. ერთი შეხედვით მართლაც კეთილშობილური იდეა-საყოველთაო ჯანდაცვა ვერ უზრუნველყო ვერც მსოფლიოშო პირველმა ეკონომიკამ და ვერც ასეულს მიღმა დარჩენილმა. საქართველოც იძულებული გახდა მოეხდინა სეგმენტიზაცია. ბოლოს 4 წლის მანძილზე საქართველოშიც გაძვირდა ჯანდაცვა. ბუნებრივია არსებობს ერებს შორის, კულტურებს შორის განსხვავებები მენტალობასა და მსოფლმხედველობას შორის. ის რაც ამართლებს ფინეთში, ვერ იმუშავებს ესპანეთში, რეფორმის გასატარებლად, კანონმდებლობის შესამუშავებლად აუცილებელია ამ ფაქტორების გათვალისწინება, მაგრამ ეკონომიკაში წინსვლის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მაინც ზოგადად სისტემა, სტრუქტურა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკაა. აბსოლუტურად ერთი და იგივე ერი ცხოვრობს სამხრეთ და ჩრდილო კორეაში, მაგრამ სხვაობა შემოსავლებს შორის კოლოსალურია დაახლოებით 18-20 ჯერ (ჩრდილო კორეის ყველა მონაცემი მიახლოებითია და საჯარო ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს).
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ობამას მმართველობის დროს, ეკონომიკური სიძნელეების გარდა, მნიშვნელოვნად შესუსტდა აშშ-ს გავლენა მსოფლიოში. მართალია მან აღადგინა ურთიერთობები ირანთან და კუბასთან, მაგრამ იმავე პერიოდში რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაცია. აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯი იყო ე.წ. „არაბული გაზაფხული“ რისი ყველაზე თვალსაჩინო შედეგიც დაუსრულებელი სისხლისღვრა და რეგიონში რუსეთის გავლენის ზრდაა. შეიქმნა ევრაზიული კავშირი. სერიოზული ბზარი გაჩნდა თურქეთთან ურთიერთობაში. ტრამპს კი სურს დარღვეული დისბალანსის აღდგენა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ეკონომიკის გაძლიერება. მის ერთ-ერთ წინაპირობად კი სრულიად მართებულად სამთავრობო ხარჯების შემცირება და დერეგულაცია მიაჩნია.
თავდაპირველად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ტრამპი წარმოადგენდა დინების საწინააღმდეგოდ მცურავ პოპულისტს, რაც დიდწილად შავი პიარის დამსახურება გახლდათ. მის გამარჯვებას მომენტალურად მოჰყვა დოლარის კურსის დაცემა, ნავთობის ფასის გაზრდა, რყევები ბირჟაზე, მაგრამ მას არ მიუღია მასშტაბური ხასიათი და მალევე ყველაფერი საწყის ნიშნულს დაუბრუნდა. მართალია ტრამპი პროტექციონისტია, აპირებს იმპორტის გადასახადის გაზრდას და სამამულო წარმოების წახალისებას, რამაც ყველა ლოგიკით უნდა გაზარდოს პროდუქციის თვითღირებულება, როგორც ჩინეთში, ასევე მექსიკაში დასაქმებულის ხელფასი ბევრად დაბალია ვიდრე შეერთებულ შტატებში. ასევე თანხმდებიან დაბალ ანაზღაურებას არალეგალი მიგრანტები, რომელთაც დეპორტაციით ემუქრება ტრამპი და რომელთაც დიდად სწყალობდა მისი წინამორბედი, ტრანსწყნაროკეანური სავაჭრო შეთანხმება ჩანასახშივე მოისპო, მაგრამ 45-ე პრეზიდენტი ამ ყოველივეს დაბალანსებას დერეგულაციით და სხვა გადასახადების შემცირებით აპირებს.
დიდი ხნის მანძილზე მუსირებდა მესიჯი, რომ ტრამპი, „რუსეთის კაცია,“ რამაც გარკვეული შიშები გამოიწვია საქართველოშიც. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ტყუილია. თუნდაც ის ფაქტი, რომ აშშ არ დააფინანსებს სახელმწიფოს, რომელიც არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც გვაკლდა წინა ადმინისტრაციის დროს. აღნიშნული პოლიტიკური მხარდაჭერა გაცილებით მეტია ვიდრე კრედიტი ან ერთჯერადი, თუნდაც დიდი ზომის გრანტი. ასევე ტყუილია მოსაზრება, რომ თითქოს ტრამპს არ ესმის როგორ მუშაობს თანამედროვე ეკონომიკა. გარდა „ობამაქეარის“ გაუქმებისა მის გეგმებში შედის:
1) გადასახადის გაუქმება მემკვიდრეობაზე
2) ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ტვირთის შემცირება 39.6%-დან 33%-მდე
3) საგადასახადო ტვირთის შემცირება ბიზნესისათვის 35%-დან 15%-მდე
4) ბიუროკრატიის შემცირება
5) რეგულაციების შემცირება
6) სხვა ქვეყნების დაფინანსების შემცირება
თუნდაც ბოლო მეექვსე პუნქტი არაა უმნიშვნელო. ტრამპი არაა ნატოს წინააღმდეგი, მაგრამ, მიიჩნევს, რომ ნატოს წევრმა თითოეულმა სახელმწიფომ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და არ იყოს აშშ-ს იმედად. მოთხოვნა არის მშპ-ს 2%, რომელსაც მხოლოდ 6 ასრულებს 28 წევრიდან. ფაქტიურად ესეც სოციალიზმია გლობალური მასშტაბით. კანადას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ, რატომ უნდა გაიღოს თანხა აშშ-ს გადასახადის გადამხდელმა მაგალითად ლატვიის უსაფრთხოებისთვის?
ევროპაში იმ სახელმწიფოებმა, სადაც განლაგებულია ამერიკული ბაზები, ასევე უნდა გაიღონ თანხა, რადგან ბაზები იცავს მათ უსაფრთხოებას. მეორე მსოფლიო ომის მერე აშშ ფაქტიურად იძულებული გახდა გაეღო ათეულობით მილიარდი დოლარი, რათა ევროპის ქვეყნები საბჭოთა გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ. ამ ხარჯის გაღება მაშინ დაუძლურებულ ევროპას არ შეეძლო, დღეს კი, როცა ევროპის ზოგი ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე შემოსავლებით უსწრებს შტატებს მისი მხრიდან კიდევ თანხის გაღება უკვე ფლანგვის ტოლფასი ხდება. ტრამპი გეგმავს 25 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას და ეკონომიკის 3-3.5 პროცენტით ზრდას წელიწადში. ეს უკანასკნელი წელს გაძნელდება, რადგან პირველი კვარტლის ზრდამ 0.7% შეადგინა მხოლოდ, მაგრამ მიზნის მიღწევა შემდგომ წლებში სავსებით შესაძლებელია. რეიგანის დროსაც თავდაპირველი ზრდა 2.6%-ს შეადგენდა მეორე წელს კლებაც კი დაფიქსირდა 1.9%, თუმცა ეს პერიოდი საერთაშორისო საბანკო კრიზისსაც უკავშირდება, რეალური ზრდა კი მესამე წელს დაიწყო. ობამას მმართველობის პერიოდში მშპ-ს წლიური ზრდა 2.6%-ს არ ასცილებია რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია მოყოლებული კენედის პრეზიდენტობიდან. იქამდე 40 წლის მანძილზე საშუალო ზრდა 3.1%-ს შეადგენდა.
სწორედ ობამას პერიოდში გადაუსწრო ჩინეთის მთლიანმა მშპ-მ (PPP) შტატებისას, შეიძლება ეს გარდაუვალ მოვლენადაც მივიჩნიოთ, მაგრამ პროცესი რამდენიმე წლით დაჩქარდა. მსოფლიო ეკონომიკასთან ფარდობაში კი აშშ-ს პროცენტულმა წილმა კლება უმცროსი ბუშის დროს დაიწყო და გაგრძელდა ობამას პერიოდშიც. აშშ უკვე აღარაა იმ დონის უპირობო ლიდერი როგორც ადრე. ხარვეზის გამოსასწორებლად სხვა ხარჯების შემცირების მხარდამხარ იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი 54$ მილიარდი დოლარით. იზრდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებაც.
განსაკუთრებულ ხმაურს იწვევდა დამოკიდებულება მიგრანტების მიმართ. ისმოდა არაჰუმანურობის ბრალდებები. პროტესტს გამოთქვამდნენ ეკონომისტებიც, მიზეზი ბანალური-იაფი მუშახელის ეფექტი. ბევრჯერ ითქვა, რომ ამერიკა სწორედ მიგრანტებმა დააარსეს, მიგრანტია ილონ მასკი და შეზღუდული მიგრაციის პირობებში ვერც სტივ ჯობსის სახელს გაიგებდა მსოფლიო, ანუ არ იარსებებდა apple. ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. მიგრანტების დიდი ნაწილი, მართლაც წარმოადგენს იაფ მუშახელს, მაგრამ ნაწილი რჩება მასპინძელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში აშშ-ს კმაყოფაზე, იზრდება კრიმინალის მაჩვენებელი, რის გამოც დგება პოლიციის, პენიტენციალური სისტემის დაფინანსების ზრდის საკითხი, გამოდის, რომ იაფი მუშახელი საერთო ჯამში არც თუი ისე იაფია. სხვა საკითხია ტერორიზმის საფრთხე. ევროპის მაგალითმა აჩვენა, რომ თურმე ლტოლვილთა ნაწილი სინამდვილეში ტერორისტია. ბუნებრივია არ მოხდება 11 მილიონი მიგრანტის დეპორტი არ მოხდება, თუნდაც მხოლოდ დანახარჯების გათვალისწინებით, უბრალოდ ყოველწლიურად ადრინდელზე ნაკლები ადამიანი შეძლებს საზღვრის გადაკვეთას.
დღეს უკვე ავლებენ პარალელს რეიგანთან, რაც შეიძლება ცოტა ნაადრევია, მაგრამ არა შეუძლებელი. კიდევ 1 მსგავსება იმ პერიოდთან, რეიგანის გაპრეზიდენტებამდე ბრიტანეთის პრემიერი მარგარეტ ტეტჩერი გახდა, დღეს ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ბრიტანეთმა უარი თქვა ევროკავშირზე. მაშინ იმ ტანდემმა მოახერხა დასავლეთის გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირის დაშლის დაჩქარება. რა მოხდება ახლა ამას დრო გვიჩვენებს. აქცევს თუ არა ყოფილი მაგნატი, თავის მთავარ საარჩევნო სლოგანს რეალობად: Make America great again-გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული, ამასაც დრო გამოაჩენს.
ბიბლიოგრაფია
www.Worldbank.org
www.forbes.com
www.cia.gov
www.bm.ge
www.bpi.ge
the economist მსოფლიო 2014, მსოფლიო 2017