რეგიონების სამეურნეო სპეციალიზაცია, როგორც მათი საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების საფუძველი
ევგენი ბარათაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, გოჩა კეკელია
თანამედროვე პირობებში რეგიონულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ სრულიად ახალი შინაარსი შეიძინა. იგი გადაიქცა ქვეყნის სტრატეგიის ორგანულ ნაწილად და გამომდინარეობს ეროვნული მეურნეობის განვითარების ძირითადი ამოცანებიდან. იგი, როგორც ყველა პოლიტიკა, აუცილებლად მოიცავს მიზანს და მისი განხორციელების საშუალებებს.
საქართველოში ამჟამად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და ეკონომიკის მძიმე კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში საზოგადოებრივი წარმოების ტერიტორიული ორგანიზაციის დიდი უპირატესობის უნარიანად გამოყენებით რეალურად შესაძლებელია ქვეყნის ერთიანი სახალხო-სამეურნეო კომპლექსის აღმავლობისა და განმტკიცების მიღწევა. აღნიშნულის საფუძველი კი, ცალკეული რეგიონების პოტენციურ შესაძლებლობათა სრულყოფილად გამოყენებაში უნდა ვეძებოთ. იგულისხმება საქართველოს ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით ფორმირებული რეგიონების (მხარეების) რესურსულ შესაძლებლობათა გამოყენების მკვეთრად გაუმჯობესება და მათი ქვეყნის ეკონომიკური კვლავწარმოების პროცესში ჩართვა.
დღეს საქართველოსათვის რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან და ძირითად ამოცანად გვესახება მყარი შედეგების მიღწევა იმ დიდი შესაძლებლობების მქონე პოტენციალიდან, რომელიც არსებობს ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში.
სამწუხაროდ, ქართველ მეწარმეთა და ბიზნესმენთა საკმაოდ სოლიდურ ნაწილს, კარგად არც აქვთ გათვითცნობიერებული რეგიონის საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის არსი და შინაარსი.
საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალი უნდა გავიგოთ ისეთ ფენომენად, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ცალკეული ტერიტორიული ერთეულის შესაძლებელ ეკონომიკურ ძლიერებაზე; ამასთან, გვევლინება, როგორც დაგროვილი და აღწარმოებული რესურსების სიდიდის განმაზოგადებელ მაჩვენებლად, რესურსების გამოყენებული და გამოუყენებელი შესაძლებლობების ერთობლიობად, რომელთა წარმოებაში სრულად ჩართვით რეალურად შესაძლებელი გახდება რეგიონებისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა-განვითარება.
თანამედროვე პირობებში, როდესაც ძირითად ამოცანად გვესახება ქვეყნის სახალხო მეურნეობის გაჭიანურებული ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა და ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე სრულყოფილად გადაყვანის პროცესის დაჩქარება, რეგიონების საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად უნდა მიჩნეულ იქნას რეგიონების საწარმოო სპეციალიზაცია. მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ნაწილში თანამედროვე პირობებში სულ უფრო ნათლად არის გამოკვეთილი შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავების პროცესი, რომელიც კარგა ხანია გასცდა ეროვნულ ფარგლებს, შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავება უშუალო გამოხატულებას პოულობს და აისახება წარმოების სპეციალიზაციაში. მსოფლიო ცივილიზაციის მიმდინარე ეტაპზე, როდესაც საერთაშორისო ინტეგრაციულმა პროცესებმა ღრმა და შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ქვეყნის შიგნით რეგიონულ დონეზე საწარმოო სპეციალიზაციის გაღრმავების პრობლემამ, როგორც საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების მნიშვნელოვანმა მიმართულებამ, აშკარად უფრო მეტი დატვირთვა და შინაარსი შეიძინა. ამ ფონზე, უდავოდ, პირველ ყოვლისა, ყურადღებას იმსახურებს საქართველოსა და მისი ცალკეული რეგიონების აგრო-სამრეწველო კომპლექსი. საქართველო ისტორიულად ტრადიციული სოფლის მეურნეობის ქვეყანაა, ხოლო თავისი საწარმოო ძალების განვითარების მიღწეული დონით ის აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყნების რიგს განეკუთვნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, თავდაპირველად გვინდა ყურადღება საქართველოს რეგიონულ-აგროსამრეწველო კომპლექსის სპეციალიზაციის საკითხებზე გავამახვილოთ. რეგიონულ ჭრილში საქართველოს აგროკლიმატი ხელსაყრელ გარემო პირობებს ქმნის ციტრუსოვანთა, ჩაის კულტურის, მევენახეობის, მეხილეობის, მეთამბაქოების და მთელი რიგი სხვა დარგების განვითარებისათვის. აღნიშნული დარგების ინტენსიური განვითარების საფუძველზე შესაძლებელია ჩაის მრეწველობის, მეღვინეობის, ხილ-ბოსტნეულის საკონსერვო მრეწველობის, თამბაქოს მრეწველობის, ეთერზეთების წარმოების აღმავლობის მიღწევა. 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში შეწყდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ზოგიერთი სახეობების მიმართ ადგილი აქვს მათი წარმოების მკვეთრ დაცემას, რაზეც მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი მონაცემები (იხ. ცხრილი #1):
საქართველოს სოფლის მეურნეობის მაპროფილებელი დარგების პროდუქციის წარმოების მკვეთრად შემცირებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყნის სამრეწველო პროდუქციის წარმოებას მათ შორის გადამამუშავებელი მრეწველობის წარმოების მოცულობებს თავისი უარყოფითი დაღი დაასვა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს ქვეყანაში მთლიანად სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობამ 1429,7 მლნ. ლარი შეადგინა და ზრდის ტემპი წინა წელთან იყო 14,8 %, ხოლო 2003 წელს სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 1995 წელთან შედარებით 59,9 %-ით გაიზარდა, 1990 წელთან შედარებით ქვეყანაში სამრეწველო პროდუქციის მოცულობა მაინც 4,4-ჯერ იყო შემცირებული.
საქართველოსათვის მაპროფილებელი ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მკვეთრმა შემცირებამ, როგორიცაა: ჩაის ფოთოლი, ხილი, ციტრუსი, ყურძენი, განაპირობა კვების მრეწველობის ძირითად სახეობების ჩაის, ღვინის, კონსერვების სამრეწველო წარმოება. 90-იანი წლების დაწყებამდე საქართველო ყოველწლიურად აწარმოებდა ჩაის პროდუქციას 100-120 ათასი ტონის ოდენობით (2003 წელს გამოშვებულია ყველა სახეობის ჩაის მხოლოდ 7,0 ათ. ტონა), ხილ-ბოსტნეულის კონსერვი იწარმოებოდა 700-800 მლნ პირობითი ქილა, ხოლო 2003 წელს წარმოებულია მხოლოდ 47,6 მლნ. ქილა. ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე პრდუქციის სხვა სახეობებშიც, ხოლო საყოველთაოდ ცნობილი და განთქმული ქართული ეთერზეთების წარმოება საერთოდ შეწყდა.
საინტერესოა ბოლო 2003 წლის მონაცემების მიხედვით ცალკეული რეგიონის ხვედრითი წილი სამრეწველო წარმოების მიხედვით, რაზეც წარმოდგენას იძლევა ქვემოთ მოყვანილი მონაცემები (იხ. ცხრილი #2):
ამრიგად, საქართველოს ეკონომიკაში განვითარებულმა ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა ყველა რეგიონების წინაშე მდგომი რიგი პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მასშტაბების ყველა რეგიონში 80-იანი წლების ბოლო მიღწეულ მაქსიმალურ დონესთან შედარებით მკვეთრად შემცირება. მრეწველობაში მდგომარეობა განსაკუთრებით არგადახდების ჩამოყალიბებულმა სისტემამ და სამრეწველო საწარმოების აბსოლუტურ უმრავლესობაში საჭირო საბრუნავი სახსრების უქონლობამ დაამძიმა.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ პროდუქციის წარმოების საზოგადოებრივად აუცილებელი შრომის დანახარჯებში გამოიხატება რეგიონული (ტერიტორიული) თავისებურებები. სპეციალიზაცია კი, როგორც წარმოების ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პროგრესული ფორმა ხელს უწყობს შრომის მწარმოებლურობის მკვეთრი ამაღლებით პროდუქციის წარმოებაზე საზოგადოებრივად აუცილებელი შრომის დანახარჯების შემცირებას, იქნება ეს კონკრეტული ეკონომიკური სუბიექტის, თუ რეგიონის დონეზე.
მეურნეობრიობის საბაზრო პირობების მოთხოვნით წარმოების თითოეული საბოლოო პროდუქტი საზოგადოებისა და კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს როგორც შედეგებით, ასევე მისი დანახარჯების თვალსაზრისით (დანახარჯები გამოხატულებას პოულობს სარეალიზაციო ფასში).
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აქტიურად განვითარდა აგროსამრეწველო კომპლექსების რეგიონულ თავისებურებათა კომპლექსური გამოკვლევის მეთოდოლოგია, რომლის მიზანსაც აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების ხელშეწყობა შეადგენს. დამახასიათებელია, რომ ნაშრომებში სამეურნეო მექანიზმების შემფასებელ ფაქტორებად გამოკვეთილად გამოირჩევა ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ რაიონული და რეგიონული აგროსამრეწველო კომპლექსების სპეციალიზაციას.
საქართველოს და მის რეგიონებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩნიათ თავიანთი ეკონომიკის სპეციალიზებული პროფილის ფორმირებისა და ამ გზით მათი საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვნად ასამაღლებლად.
მთლიანად საქართველოსა და მისი რეგიონებისათვის სპეციალიზაციის გზებისა და სწორი მიმართულებების განსაზღვრის თვალსაზრისით, დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას. ამ მხრივ ინტერესს იწვევს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება. აღნიშნული ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო წარმოების მეცნიერულ გამოკვლევებში ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი აგროსამრეწველო წარმოების სპეციალიზაციის პრობლემას. აშშ-ში გამოყენებულია სუბრეგიონების ფორმირების ისტორიულად ჩამოყალიბებული წესები, რაც განპირობებულია რეგიონების მკვეთრად გამოხატული კლიმატური ზონების არსებობით. უნგრეთში ხორციელდება შიდასამეურნეო სპეციალიზაცია, ხოლო მეურნეობები ჯგუფდებიან მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფების პროდუქციით დაკმაყოფილების ნიშნით. ბულგარეთში წარმატებით იყენებენ სპეციალიზებული მეურნეობების ფორმირების განსხვავებულ მეთოდებს, სადაც ისწრაფიან გამოჰყონ გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მასიური წარმოების სუბრეგიონული გაერთიანებები. მოლდოვას რესპუბლიკაში კლიმატური ფაქტორების შეფასების საფუძველზე ძირითადად მეურნეობრიობა ორიენტირებულია საგნობრივ სპეციალიზაციაზე (როგორც შიდასამეურნეო, ისე მეურნეობათაშორის). ამასთან ქვეყნის მასშტაბით ავლენენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კომპლექსის მიხედვით წარმოების სპეციალიზაციის შესაძლებლობასა და აუცილებლობას.
საქართველოს აქვს ტრადიციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების სპეციალიზაციის თვალსაზრისით. როგორც ზემოთაც მივუთითეთ, ჩვენი ქვეყანა ითვლება კლასიკური მევენახეობის, მეხილეობის, მეციტრუსეობის, მეჩაიეობისა და მეთამბაქოეობის ქვეყნად. სხვადასხვა ჯიშის (დასახელების) ქართული ყურძენი და ხილი, ჩაი და ციტრუსოვანი ნაყოფი მაღალი ორგანეპტიკული თვისებებით, ხარისხითა და გემოთი გამოირჩევა. ბოლო წლების ცნობილმა მოვლენებმა ყველა აღნიშნული მაპროფილებელი დარგი დეგრადაციის გზაზე დააყენა და ამ დარგების უახლოეს წლებში აღორძინების საქმე და მათ ბაზაზე სპეციალიზებული გადამამუშავებელი საწარმოების (სასურსათო მიმართულების) ამოქმედება დღეს სერიოზულ პრობლემად იქცა.
ყველა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ჩამოყალიბდეს საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის მიერ საწარმოებელი პროდუქტების ნომენკლატურის ფორმირების მოთხოვნები, რაც საშუალებას მოგვცემს, დაკმაყოფილდეს საზოგადოების სურსათზე მოთხოვნა.
საქართველოში სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის რეალურ მიმართულებად პროდუქციული სპეციალიზაცია მიგვაჩნია, ანუ სპეციალიზაცია განსაზღვრული დასახელების პროდუქციის წარმოებაზე. ამ პრინციპს უნდა დაეფუძნოს წარმოების დარგობრივი დანაწილება (ანუ დარგობრივი სპეციალიზაცია).
მეცნიერულმა გამოკვლევებმა და ჩვენმა ანალიზებმა დაგვარწმუნა, რომ სოფლის მეურნეობის წარმოების სპეციალიზაცია აგროსამრეწველო კომპლექსისა და რეგიონის განვითარების რეალური მაგისტრალური გზაა, რომელიც უზრუნველყოფს მათ საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებას. სოფლის მეურნეობის პროდუქტების სპეციალიზებული წარმოების ფორმირების რეგიონული პრინციპები საშუალებას იძლევა ამაღლდეს კაპიტალურ დაბანდებათა ეფექტურობა. უფრო მეტიც, კაპიტალურ დაბანდებათა ეფექტურობა აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაში განსაზღვრავს მის აგრარულ-ეკონომიკურ და ტექნიკურ-საორგანიზაციო სპეციალიზაციას და, თავის მხრივ, ფორმირდება პროგნოზირებადი სპეციალიზაციის ბაზაზე.
ამრიგად, საქართველოს უმეტესი რეგიონების ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებად აგროსამრეწველო კომპლექსისა და მის საფუძველზე კვების მრეწველობის ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა და დახმარება უნდა მივიჩნიოთ. ამისათვის უნდა მივაღწიოთ რესურსების გადანაწილებას არა დარგების მიხედვით, არამედ უფრო დეტალიზებული ნიშნების შესაბამისად (კერძოდ, საწარმო, პროდუქციის სახეობა, საინვესტიციო პროექტი).
საქართველოს აქვს პოტენციური შესაძლებლობები, ყურადღება გამახვილდეს სამომხმარებლო სექტორის ობიექტების მიმართ (კვებისა და მსუბუქი მრეწველობა), რომლებიც ორიენტირებული იქნებიან არაძვირადღირებული მასიური პროდუქციის წარმოებაზე, რაზეც ყოველთვის არის მყარი მოთხოვნა. კვების მრეწველობის დარგების აღორძინება-განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობები აქვთ: შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებს, კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, გურიას და სხვ. აქვე გვინდა შემოგთავაზოთ რეგიონის სამეურნეო კომპლექსის განვითარების პრიორიტეტების შერჩევის სქემა, რომელიც საქართველოს რეგიონების მესვეურებს სამეურნეო კომპლექსის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში, განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებაში გარკვეულ დახმარებას გაუწევს.
რეგიონის სამეურნეო კომპლექსის განვითარების სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ითვალისწინებდეს: 1) სამეურნეო სპეციალიზაციის სრულყოფას; 2) რეგიონში საბაზრო გარდაქმნების სტრატეგიას; 3) რეგიონული განვითარების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს.
სამეურნეო სპეციალიზაციის სრულყოფამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებზე:
– როგორი იქნება სამეურნეო კომპლექსის საერთო მიმართულება გადამამუშავებელი, თუ მომპოვებელი დარგების განვითარებაზე;
– უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს თუ არა რეგიონის საბაზისო ტრადიციული სამეურნეო სპეციალიზაცია;
– რომელი დარგების კოოპერირების განვითარება უნდა დაედოს საფუძვლად რეგიონის სამეურნეო სპეციალიზაციის სრულყოფას;
– რეგიონისათვის დამახასიათებელი რომელი ტრადიციული (მაგრამ არა მაპროფილებელი) დარგების სიმძლავრეები საჭიროებს ტექნიკურ გადაიარაღებასა და რეკონსტრუქციას რეგიონის ეკონომიკის კომპლექსური განვითარების თვალსაზრისითა და ინტერესებისათვის;
– როგორია რეგიონის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივები და პრობლემები და სხვ.
რეგიონული განვითარების უმნიშვნელოვანესმა პრობლემებმა უნდა მოიცვას:
– რეგიონის თითოეული უმსხვილესი საწარმო-მონოპოლისტის განვითარებისა და საბაზრო გარდაქმნის პროგრამის შემუშავება და რეალიზაცია (მაგ., ქვემო ქართლში მადნეულის საწარმოს, რუსთავის მეტალურგიული, აზოტისა და ცემენტის საწარმოები);
– რეგიონის ეკოლოგიური პოლიტიკის შემუშავება, რამაც უნდა უზრუნველყოს რეგიონის სამეურნეო კომპლექსის მუშაობის ეკოლოგიური უსაფრთხოება;
– რეგიონის ტერიტორიული ბაზრის განვითარება და რეგიონთაშორისი კავშირების ფორმირება.
რეგიონში საბაზრო გარდაქმნების სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების საფუძველზე სტრუქტურული გარდაქმნა და რეგიონის ეკონომიკის საბაზრო რეფორმირება, ხოლო უფრო კონკრეტულად:
– რეგიონის წამყვანი საწარმოების ბაზაზე (მაგალითად ფინანსურ-სამრეწველო კომპანიის) კონკურენტუნარიანი საბაზრო სექტორის ფორმირება მსხვილი დივერსიფიკაციული ტრანსრეგიონული და ტრანსეროვნული კორპორაციების ჩამოყალიბებით.
– ადგილობრივ დონეზე მცირე მეწარმეობის განვითარება რეგიონში არსებული მეთოდების, წესების, ხერხების და მექანიზმების მდიდარი არსენალის გამოყენებით;
– საპრივატიზაციო პროცესების დასრულება და საწარმოებზე მესაკუთრეობის გარკვეული უფლებების მიღწევა;
– რეგიონული ადმინისტრაციის საწარმოებთან ურთიერთობის დამუშავებული სისტემის ჩამოყალიბება;
– საწარმოებთან დამოკიდებულებაში ეკონომიკური რეგულირებისა და ინსტრუმენტების სისტემის შემუშავება და პრაქტიკული გამოყენება;
– საკუთრების განსხვავებული ფორმის მქონე საწარმოებთან ურთიერთობაში ერთნაირი მიდგომების გამოყენება და სხვ.
როდესაც ვლაპარაკობთ რეგიონების სამეურნეო კომპლექსის განვითარების სტრატეგიულ და ტაქტიკურ ამოცანებზე, დაუშვებელია ყურადღება არ გამახვილდეს სამრეწველო წარმოების პრობლემებზე. გაჭიანურებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც მოიცვა მთელი სახალხო მეურნეობა, განსაკუთრებით დააზარალა მრეწველობა. სამრეწველო საწარმოთა პრივატიზაციის განხორციელების შემდეგ საწარმოთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ფუნქციონირებაშეწყვეტილი საწარმოთა რესტრუქტურიზაცია და მათი ფუნქციონირების განახლება. ამასთან, უნდა მოხდეს ფუნქციონირებააღდგენილ საწარმოთა პროგრესული ტექნიკისა და ტექნოლოგიის ბაზაზე სპეციალიზაცია. სამრეწველო წარმოების სპეციალიზაცია უზრუნველყოფს ქვეყნის მრეწველობის სტრუქტურის სრულყოფას. სწორედ სამრეწველო წარმოების სპეციალიზაციამ უნდა უზრუნველყოს ცალკეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნების თავისებურებათა და მრეწველობის პრიორიტეტული დარგების (სფეროების) განვითარება, რაც საბოლოო ჯამში, თავს იჩენს რეგიონის სპეციალიზაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ზემოაღნიშნული მომენტების (არგუმენტების) პრაქტიკულად განხორციელებით მოცემული რეგიონის საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის მკვეთრად ამაღლებას უზრუნველყოფს.
საქართველოს რეგიონების სამრეწველო სპეციალიზაცია უნდა განხორციელდეს ძირითადად ორი მიმართულებით – საგნობრივი და ტერიტორიული სპეციალიზაციის ფორმით.
საქართველოში რეგიონული სამრეწველო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები უნდა გახდეს:
– ქვეყნისა და რეგიონების სამრეწველო განვითარების პროგრამებით მხარდაჭერა;
– საწარმოებს შორის ხანგრძლივვადიანი კონტრაქტებისა და მიზნობრივი შეთანხმებების საფუძველზე რაციონალური დარგთაშორისი ეკონომიკური კავშირებისათვის მხარდაჭერა და ხელის შეწყობა;
– სამრეწველო საწარმოების რესტრუქტურიზაციის პროცესის სტიმულირება;
– დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამრეწველო და სავაჭრო საწარმოებთან და საქართველოს ცალკეული რეგიონების სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა და გაღრმავება;
– ქვეყნის წამყვანი სამრეწველო საწარმოების რეგიონების ცალკეულ სამრეწველო წამოწყებებთან (მათი ზრდა-განვითარებისათვის ხელშეწყობის თვალსაზრისით) თანამშრომლობა;
– სამთავრობო შეკვეთების რეგიონებში განთავსებულ სამრეწველო საწარმოებში შესრულებაზე კურსის აღება;
– ხელისუფლების ტერიტორიალურ ორგანოებსა და საწარმოთა აქციონერ-მესაკუთრეებსა და დირექტორთა კორპუსებს შორის ორგანიზაციული ურთიერთქმედების ფორმების განვითარება;
– რეგიონის სამრეწველო პოტენციალის რეალურად შეფასება;
რეგიონებში წამყვან ორგანიზაციულ-სტრუქტურულ წარმონაქმნად მრეწველობის განვითარების დაჩქარების ინტერესებისათვის გვესახება უპირატესად საფინანსო-სამრეწველო წამოწყებების (ჯგუფების, გაერთიანებების, კომპანიების) ფორმირება, ასეთი სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტრუქტურებში შესაძლებელი გახდება საფინანსო-საბანკო და სამრეწველო კაპიტალების შერწყმა.
შესაძლებლად მივიჩნევთ ცალკეული რეგიონის სამმართველო ორგანოებმა ორგანიზება გაუწიონ რეგიონში მონიტორინგის სისტემის შექმნას, რაც საშუალებას მოგვცემს შეიქმნას (ჩამოყალიბდეს) თითოეული საწარმოს მიმართ დაწვრილებითი დოსიე, ხოლო შემდეგ მიღებული მონაცემების საფუძველზე შემუშავდეს რეგიონული სამრეწველო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები; აგრეთვე შასაძლებელი გახდება განისაზღვროს ის სამეურნეო სუბიექტები, რომელთა მხარდაჭერაც საფუძველს ჩაუყრის მოცემული რეგიონის მთელი ეკონომიკის დაჩქარებულ აღმავლობას.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია რეგიონებში მრეწველობის გამოცოცხლებისათვის ხელის შეწყობის მიზნით გამოყენებული იყოს შემდეგნაირი ინსტრუმენტი: საწარმოთა ის აქტივები, რომლებიც არ მუშაობენ, გავანთავისუფლოთ იმ ტვირთისგან, რასაც ქონების გადასახადი ეწოდება. ამით საწარმოებს საშუალება მიეცემა “უკეთესი დროის დადგომამდე” შეინარჩუნონ ის მოწყობილობა, რომელსაც აქამდე ყიდდნენ ან უფრო მასიურად ჯართად აბარებდნენ. მეორე მხრივ, ასეთი საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება სამრეწველო საწარმოებს დაეხმარება ამ ღონისძიების შედეგად გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები წარმოების განვითარების ხელშეწყობისკენ წარმართონ. არსებობს კიდევ სხვა გზაც, კერძოდ, ზოგიერთი საწარმოებისათვის არსებული ვალების “პატიება”. ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ სახელმწიფო ასეთ საწარმოებს ფეხზე დადგომაში დაეხმარება და არა ამაოდ ეცდება მათგან ვალების ამოღებას.
ამრიგად, საჭიროა სამრეწველო საწარმოთა რეალური ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით აქტიური სამრეწველო პოლიტიკის გატარება. ამასთან თითოეულ ბიუჯეტშემქმნელ სამრეწველო საწარმოსთან მიმართებაში უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური ტაქტიკა და სტრატეგია.
როგორც მივუთითეთ, რეგიონის საბაზრო რეფორმირების გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად კონკურენტუნარიანი ფინანსურ-სამრეწველო კომპანიების ფორმირება გვესახება. ასეთი სახის კომპანიების მიზანს უნდა წარმოადგენდეს მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნა და ინვესტიციური მოღვაწეობის ახალი მექანიზმების რეალიზება. ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებისათვის პერსპექტიულად გვეჩვენება ჰოლდინგური და ტრასტული (ნდობითი) ურთიერთობათა გამოყენება. ასეთი ურთიერთობათა ფორმირება შეიძლება ჯგუფის მონაწილეთა სათაო ფინანსურ-სამრეწველო კომპანიასთან ნორმალურ ორგანიზაციულ-ეკონომიკური ურთიერთქმედების ჩამოსაყალიბებლად ძლიერი საფუძველი გახდეს.
ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების ფორმირება უნდა განხორციელდეს სრულიად ნებაყოფლობითი პრინციპის საფუძველზე ხელშეკრულებითი წესის გამოყენებით, სადაც უნდა განხორციელდეს აქციების პაკეტთა კონსოლიდაციის საბაზრო ფორმებით. ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების შექმნით მოხდება ეკონომიკური, ორგანიზაციული, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური პოტენციალების ინტეგრაცია.
სამრეწველო სპეციალიზაციის ჩამოყალიბების დონის მიხედვით ქვეყნები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: 1) მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები, რომელთა უმრავლესობამ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან სპეციალიზაციას; 2) განვითარების საშუალო დონის ქვეყნები, რომლებშიც მიმდინარეობს ინდუსტრიალიზაციის პროცესი. ამ უკანასკნელთ უნდა მივაკუთვნოთ, ალბათ, საქართველოც. ამგვარი სამეურნეო სტრუქტურა გამოხატავს მრეწველობის დარგების მრავალრიცხოვნობას, სადაც მიმდინარეობს ეკონომიკაში დომინირებადი სექტორების თანდათანობით გამოყოფა.
რეგიონის სამეურნეო წარმატებები ან წარუმატებლობები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს იგი დაიკავოს განსაკუთრებით მომგებიანი პოზიცია ქვეყნის ეკონომიკურ სპეციალიზაციაში და შესაბამისად, შრომის საზოგადოებრივ და საერთაშორისო დანაწილების სისტემაში.
საქართველომ და მისმა ცალკეულმა რეგიონებმა, სახალხო მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, უნდა აირჩიოს სპეციალიზაციის ის ტიპი, რომელიც ითვალისწინებს:
– ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების არსებობის საფუძველზე მაპროფილებელი დარგების განვითარებას;
– ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ორიენტაციას ისეთი სახის ნაკეთობათა წარმოებაზე, რომლებიც მოითხოვენ დამუშავების მაღალ ხარისხს. ამ შემთხვევაში დომინირებადი დარგების ამორჩევა, როგორც წესი, უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყნის ან რეგიონის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების ან გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებასთან. სპეციალიზაციის ეს ახალი ტიპი დაფუძნებულია უმეტესწილად იმ უპირატესობების გამოყენებაზე, რომლებიც წარმოექმნებათ მწარმოებლებს ტექნიკურ სიახლეთა დანერგვის, მის ბაზაზე სერიული წარმოების ორგანიზაციის შედეგად.
მსოფლიოს ამ გამოცდილებების გაანალიზება საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებულ აღორძინებას.
რეგიონების სპეციალიზაცია მათი საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რისთვისაც გარდა ყველა ზემოთ აღიშნული ღონისძიებებისა, დამატებით საჭიროდ მიგვაჩნია განხორციელდეს:
– ეკონომიკაში დომინირებადი სექტორების განსაზღვრა და უპირატესის განვითარების უზრუნველყოფა;
– საგარეო ბაზარზე ორიენტირებული სამრეწველო წარმოების ორგანიზაცია;
– სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და აქცენტების გადატანა უპირატესად რთული მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოებაზე;
– ბიზნესის (განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესის) განვითარება და მეწარმეებს შორის კავშირების გაღრმავებისათვის მაქსიმალურად ხელშეწყობა;
– პრივატიზაციის პროცესების გაანალიზება და ტერიტორიულ ჭრილში გადასინჯვა;
– საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიმართ მკვეთრი კრიტიკული მიდგომა და მასში ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა;
– ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონებისადმი ყურადღებისა და დახმარების გაძლიერება, განსაკუთრებით ისეთი პრიორიტეტული დარგებისა, როგორიცაა: კვებისა და მსუბუქი მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საჭიროდ უნდა იყოს მიჩნეული რეგიონების ფუნქციონირების ეკონომიკური შეფასების მეთოდოლოგიის პროდუქციის წარმოების ოპტიმალური სტრუქტურის ფორმირების, რეგიონის სპეციალიზაციის მიღწეული დონის ამავე რეგიონის საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებაზე ფაქტიური დადებითი გავლენის ზემოქმედების ხარისხის გათვალისწინებით გარდაქმნა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონული ფაქტორების რაციონალური გამოყენების ხარისხის ამაღლებას.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ საქართველოს სახალხო მეურნეობის განვითარების რეალური გზა არის რეგიონული ქვესისტემების სრულყოფა-განვითარების გზით მთელი ქვეყნის სახალხო მეურნეობის სისტემის სრულყოფის მიღწევა.