დემოგრაფიული მეცნიერების განვითარების ზოგიერთი საკითხი თანამედროვე ეტაპზე
ჯამლეტ ჯანჯღავა
პოსტსაბჭოთა პერიოდის ხანმოკლეობის მიუხედავად, საქართველოში დემოგრაფიული მეცნიერება ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში განვითარდა. ამისათვის შესაბამისი საფუძველი რეალურმა პირობებმაც შექმნა. ჩვენი აზრით, შეიძლება გამოვყოთ ოთხი ძირითადი პირობა, რომელთაგან პირველი და უმთავრესი იყო ეროვნული დემოგრაფიული კადრების არსებობა. თუ ადრე დემოგრაფიულ პრობლემებზე მომიჯნავე დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ, 1970-იანი წლებიდან ასპირანტურის მეშვეობით ხდება სწავლულ დემოგრაფთა მომზადება.
ამ ასპირანტების უმრავლესობას ხელმძღვანელობას ცნობილი რუსი დემოგრაფები უწევდნენ. ბევრმა მათგანმა სამეცნიერო ხარისხი მოსკოვში მოიპოვა. ასე, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისისათვის ჩვენ გვყავდა როგორც მომიჯნავე დარგებიდან დემოგრაფიაში მომუშავე საკმაოდ გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტები, ისე ახალგაზრდა სწავლული დემოგრაფები.
დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებისათვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მეორე პირობას – პოსტსაბჭოთა პერიოდში შეიქმნა სამეცნიერო და სასწავლო კერები, ხოლო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში – დემოგრაფიის დეპარტამენტი. კერძოდ, 1990 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა დემოგრაფიული კვლევის ცენტრი, რომელიც სულ მალე ერთიანდება სოციოლოგიური კვლევის ცენტრთან. სწორედ ამ გაერთიანებული ცენტრის ბაზაზე 1991 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში იქმნება დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი, რომლის დირექტორად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლეო ჩიქავა. ამით საფუძველი ჩაეყარა დემოგრაფიული პრობლემების კვლევის გაფართოებას. მართლაც, ინსტიტუტმა თავისი არსებობის მოკლე ხნის მანძილზე მრავალი, უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემა შეისწავლა და ქვეყნის დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისათვის შესაბამისი ღონისძიებებიც შეიმუშავა.
დემოგრაფიული აზრის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 2000 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დემოგრაფიის კათედრის შექმნას. მანამდე კი, ერთი წლით ადრე, პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი პროფესორ ანზორ თოთაძისა და დოცენტ ვაჟა გურგენიძის შემადგენლობით, რომელთაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შესთავაზეს დემოგრაფიის საუნივერსიტეტო სწავლებისა და კვლევის საგნად გადაქცევის მიზნით სამეცნიერო და სასწავლო სტრუქტურული ერთეული შექმნილიყო. ინიციატივა მოიწონეს და უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის ბრძანებით, დემოგრაფიული პრობლემების საუნივერსიტეტო დონეზე შესწავლის მიზნით, ისტორიის ფაკულტეტზე შეიქმნა დემოგრაფიული კვლევის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელად ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა ლორთქიფანიძე დაინიშნა. ლაბორატორია ერთი წლის შემდეგ დემოგრაფიის კათედრად გადაკეთდა, რომელმაც დაიწყო დემოგრაფთა პროფესიული კადრების – მაგისტრების მომზადება.
დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებისა და დემოგრაფიის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის მიზნით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სისტემაში დემოგრაფიის დეპარტამენტის ფუნქციონირებას (1998-2004 წლები), რომელიც სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენდა. დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა პროფესორი ანზორ თოთაძე. დეპარტამენტის ამოცანებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა არსებული დემოგრაფიული ვითარების სისტემატური შესწავლის შედეგების საფუძველზე ერთიანი სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითადი მიზნების, მიმართულებების, ღონისძიებათა სისტემისა და მათი განხორციელების ორგანიზაციული ფორმების შემუშავება და განსაზღვრა, შობადობის სტიმულირების, მოკვდაობის შემცირების, ოჯახის განმტკიცების, სიცოცხლის ხანგრძლივობის გადიდებისა და მიგრაციის გზით რაციონალური დემოგრაფიული განვითარების უზრუნველყოფა და სხვა. დეპარტამენტმა შეიმუშავა დემოგრაფიული პოლიტიკის ორგანიზაციული და შობადობის სტიმულირების ფორმები, აგრეთვე რეგიონალური დემოგრაფიული პოლიტიკა, მაგრამ სახსრების უქონლობის გამო შემუშავებული ღონისძიებები დაუფინანსებელი დარჩა.
საქართველოში დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეცნიერო ჟურნალ “დემოგრაფიის” დაარსებას (1999 წელს). ამით ქართველ მეცნიერებს საშუალება მიეცათ საზოგადოების ფართო სამსჯავროზე გამოეტანათ თავიანთი შრომები, ქვეყნის უმწვავესი დემოგრაფიულ პრობლემები. ჟურნალ “დემოგრაფიის” რედაქტორია პროფესორი ანზორ თოთაძე.
მესამე პირობა, რომელმაც ხელი შეუწყო დემოგრაფიული აზრის განვითარებას პოსტსაბჭოთა პერიოდში, არის ორასი წლის მანძილზე დაგროვილი პირველადი დემოგრაფიული ინფორმაცია, რომელიც ხანგრძლივ პერიოდში დემოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების დინამიკაში განხილვის, ანალიზისა და კანონზომიერების დადგენის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, გარდამავალ პერიოდში დემოგრაფიული პროცესების ანალიზისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პირველადი სტატისტიკურ-დემოგრაფიული აღრიცხვის მონაცემების დაზუსტებას და საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების დროულად გამოქვეყნებას.
უკანასკნელი პერიოდში დემოგრაფიული მეცნიერების განვითარების მეოთხე პირობად გარკვეულწილად ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება მიგვაჩნია. ქვეყნის წინაშე მდგარი გამწვავებული დემოგრაფიული პრობლემების ყოველმხრივ შესწავლაში, ანალიზსა და მოგვარებაში ინტერესს იჩენენ არა მარტო მეცნიერ დემოგრაფები, არამედ მომიჯნავე მეცნიერების წარმომადგენლები და მთელი საზოგადოება, ფართოვდება დემოგრაფიული კვლევის მასშტაბები, იზრდება დემოგრაფიული ნაშრომების გამოცემათა რაოდენობა, უფრო მეტად ვითარდება დემოგრაფიული პუბლიცისტიკა, რაც დემოგრაფიული აზრის განვითარებასთან ერთად დემოგრაფიული ცოდნის გავრცელებასაც უწყობს ხელს.
1970-იანი წლებიდან ასპირანტურის მეშვეობით მომზადებული ახალგაზრდა სწავლული დემოგრაფები იწყებენ მოღვაწეობას დემოგრაფიის სფეროში. განსაკუთრებით ნაყოფიერ მუშაობას ეწევა გიორგი წულაძე, რომელმაც 1980 წელს მის მიერ ჩატარებული შობადობის სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით 1984 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფიული ნაშრომი “შობადობის სოციოლოგიის საკითხები”. ეს მონოგრაფია, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი ნაშრომია შობადობის შესახებ, სადაც გაშუქებულია არა უბრალოდ შობადობის რაოდენობისა და დონის საკითხები, არამედ ოჯახში ბავშვების რაოდენობა, განხილულია ქორწინების ხანგრძლივობის, ასაკის, განათლების და შემოსავლის დონის, ეროვნებისა და სხვა საკითხებთან ურთიერთდამოკიდებულებაში. თუმცა, ამ ნაშრომის ღირსება მარტო ამით როდი ამოიწურება. გ. წულაძემ თავის ნაშრომში შეისწავლა რეპროდუქციული ქცევა და მართებულად მიიჩნია რეპროდუქციულ ქცევაში ეგულისხმა ქცევის მიმართება ბავშვთშობისადმი, ხოლო რეპროდუქციულ განწყობაში მისი შესაბამისი განწყობა. იგი ახლებურად მიუდგა შობადობის შესწავლის საკითხს და შობადობის თავისებურებათა ასახსნელად ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის დ. უზნაძის განწყობის თეორია გამოიყენა. იგი იმ ცნობილი პირობიდან გამოდიოდა, რომ რეპროდუქციული ქცევა წარმოადგენს შესაბამისი განწყობის რეალიზაციას და ამრიგად, რეპროდუქციული განწყობა წინ უსწრებს რეპროდუქციულ ქცევას. ავტორი რეპროდუქციული განწყობის შესწავლისათვის იღებს სოციალურ ფაქტორებს, რადგან, როგორც სამართლიანად მიუთითებს, ადამიანს სწორედ სოციალურ გარემოში, სოციალური ურთიერთობების პროცესში უყალიბდება გარკვეული რეპროდუქციული განწყობა1. სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილავს გ. წულაძე ბავშვის საშუალო იდეალურ, სასურველ და მოსალოდნელ რაოდენობას ქალთა ასაკის, განათლების, მატერიალური კეთილდღეობის (ოჯახის ერთ სულზე საშუალო შემოსავლის, ოჯახის მთლიანი შემოსავლის, საცხოვრებელი ადგილისა და მთლიანი შემოსავლის გათვალისწინებით), რეპროდუქციის პერიოდის ქალების მშობლების ბავშვების რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, რეპროდუქციული ქცევაში ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ქალების მშობლების ბავშვების რაოდენობა, რაც შემდეგ რეპროდუქციულ ქვეყანაში პოულობს რეალიზაციას. ეს ავტორის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმაც დაადასტურა. კერძოდ, გამოკვლევის მიხედვით, ქალებმა, რომელთა მშობლებს ჰყავდათ ერთი ბავშვი, საშუალო მოსალოდნელ ბავშვების რაოდენობად 1,41 ბავშვი დაასახელეს, ხოლო რომელთა მშობლებს ჰყავდათ საშუალოდ 5 და მეტი ბავშვი – 2.45 ბავშვი2. ნაშრომში მოცემულია, აგრეთვე, დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხები და შობადობის სტიმულირების გზები. გ. წულაძის მიერ დემოგრაფიის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემის – შობადობის სრულიად ახლებურმა კვლევამ მნიშვნელოვნად წინ წასწია დემოგრაფიული აზრის განვითარება. შემდეგში ბევრმა ქართველმა დემოგრაფმა გაიზიარა მისი რეპროდუქციული ქცევის თეორია და თავიანთი ნაშრომებში მის მიერ გაშუქებულ თეორიულ და მეთოდოლოგიურ საკითხებს სათანადო ადგილი დაუთმო. როგორც აღვნიშნეთ, პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს დემოგრაფიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. დემოგრაფიული ვითარება უაღრესად გამწვავდა. პირველადი სტატისტიკურ-დემოგრაფიული აღრიცხვის მოშლის შედეგად, შეუძლებელი გახდა სანდო დემოგრაფიული მაჩვენებლების გაანგარიშება და შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების სწორი ანალიზი. ეს ხარვეზი შეივსო გიორგი წულაძის და გიორგი მელაძის 1997 წ. გამოცემული ნაშრომით “საქართველოს მოსახლეობა და დემოგრაფიული პროცესები” და 1998 წელს დასტამბული გიორგი წულაძისა და გიორგი მელაძის ნაშრომით “დემოგრაფიული ვითარება საქართველოში, 1997”. ავტორებმა ამ ნაშრომებში სანდო პირველადი ინფორმაციის უქონლობის გამო, მოსახლეობის რაოდენობისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების გასაანგარიშებლად შეფასების მეთოდი გამოიყენეს. კერძოდ, მათ განსაზღვრეს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა და მის საფუძველზე გაიანგარიშეს სხვადასხვა დემოგრაფიული კოეფიციენტები და ინდექსები, გააანალიზეს მიმდინარე დემოგრაფიული პროცესები. ამას მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყანაში უაღრესად მწვავე რეალური დემოგრაფიული ვითარების დასახასიათებლად. ავტორებმა ამ ამოცანის გადაწყვეტას წარმატებით გაართვეს თავი.
გ. წულაძემ და გ. მელაძემ აღნიშნულ ნაშრომებში შეისწავლეს ქვეყნის ყველა მწვავე დემოგრაფიული პრობლემა – მოსახლეობის რაოდენობა, შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი მატება და მოსახლეობის აღწარმოება, ქორწინება, განქორწინება, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა, გარე მიგრაცია, რეგიონული განსხვავებები. ამ პრობლემის ამომწურავი ანალიზის შედეგად მათ წარმოაჩინეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების რეალური სურათი, რაც მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებში აისახა. კერძოდ, ქვეყანაში დაიწყო დემოგრაფიული და ოჯახის კრიზისი, არნახული მასშტაბები მიიღო გარე მიგრაციამ, რასაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის კლება მოჰყვა, გამოიკვეთა ქორწინებითი შობადობის მუდმივი კლების ტენდენცია, იზრდებოდა საქართველოს მოსახლეობის შობადობის სოციალურ-ბიოლოგიური პოტენციალი, მაგრამ, ამავე დროს, ძირითადად ბავშვთა შობის განზრახ შეზღუდვის გამო, განუხრელად და უფრო მეტი ზომით მცირდებოდა მისი რეალიზაციის ხარისხი, ცოცხლად დაბადებულთა შორის შეიცვალა ვაჟების და გოგონების რაოდენობრივი თანაფარდობა ვაჟების სასარგებლოდ, განსაკუთრებით გაიზარდა მამაკაცების დაქვრივების სპეციალური კოეფიციენტი, შობადობის კლებისა და მოკვდაობის ზრდის შედეგად შემცირდა მოსახლეობის ბუნებრივი მატება. უაღრესად დაიკლო მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტმა. მეტ-ნაკლებად შემცირდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ბუნებრივი მატება, თუმცა აზერბაიჯანელებში, შემცირების მიუხედავად, იგი მაინც მაღალი იყო და 2.8-ჯერ აღემატებოდა ქართველების შესაბამის მაჩვენებელს3. მაღალი შობადობა, დაბალი მოკვდაობა და მაღალი ბუნებრივი მატება დამახასიათებელი იყო ქვემო ქართლის, აჭარისა და სამცხე ჯავახეთის მოსახლეობისათვის4.
დემოგრაფიული მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სანდო პირველადი დემოგრაფიული ინფორმაცია. როგორც აღვნიშნეთ, პირველადი აღრიცხვა თითქმის მთლიანად მოიშალა, განსაკუთრებით 1990-იანი წლების პირველ ნახევარში. ამიტომ, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გ. წულაძის თანაავტორობით გამოცემულ საქართველოს დემოგრაფიულ წელიწლეულებს, რომლებშიც ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად ავტორების შეფასებები და გაანგარიშებებია მოტანილი.
გიორგი წულაძემ დიდი მუშაობა ჩაატარა ქართულ ენაზე “დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი” შედგენისათვის. ასეთი ლექსიკონი მშობლიურ ენაზე ბევრ ერს არ გააჩნია. წიგნი მოიცავს 1000-ზე მეტ ცნებას და მასში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება სხვა ანალოგიურ ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში მოყვანილ წერილებს, აგრეთვე, სპეციალურ დემოგრაფიულ ლიტერატურას, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა და სრულყოფილი გახადა ცალკეული ცნებების შინაარსი. ლექსიკონის უდაოდ დიდი დადებითი მხარეა ის, რომ მასში მოცემულია ქართული დემოგრაფიული ცნებები, რომლებიც უშუალოდ შემდგენლის მიერ არის განმარტებული.
ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა გიორგი მელაძემ, გარდა აღნიშნული მონოგრაფიებისა, სამეცნიერო შრომების კრებულებსა თუ ჟურნალებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიები გამოაქვეყნა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მან ოჯახის, ქორწინების, განქორწინების, სქესთა მეორეული თანაფარდობის, ისტორიული დემოგრაფიის პრობლემების კვლევაში.
ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ დემოგრაფიულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეთნოდემოგრაფიული პროცესების, ეთნოდემოგრაფიული პოტენციალის, ეთნიკური თანაფარდობის შესწავლა. ამასთან, ყოველივე ეს უაღრესად საგულისხმო ფაქტორია ეთნიკური ურთიერთობების განვითარებაში. საქართველოში, სადაც მრავალი ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობს და ეთნოსის განსახლება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, სადაც მოსახლეობის გამრავლების მაჩვენებლები შესამჩნევად განსხვავდება ავტოქტონურ მოსახლეობასა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის, ეთნოდემოგრაფიულ პროცესების კვლევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისათვის. სწორედ ამ პრობლემებს მიუძღვნა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ელგუჯა მენაბდიშვილმა 1999 წელს თავისი სადოქტორო დისერტაცია დემოგრაფიაში თემაზე: “ეთნოდემოგრაფიული პროცესები საქართველოში (რეგიონალური ასპექტები)”. ავტორმა უამრავი დემოგრაფიული მონაცემის დამუშავების საფუძველზე ეთნოდემოგრაფიული პროცესების შესწავლას სრულიად ახლებურად მიუდგა და მათი დამუშავებით დემოგრაფიული აზრის შემდგომ განვითარებაში თავისი საგრძნობი წვლილი შეიტანა. მან შეიმუშავა მკვიდრი და არამკვიდრი მოსახლეობის რიცხოვნობისა და წილის ცვალებადობის შეფასების კრიტერიუმი და მეთოდიკა, გააკეთა შრომითი რესურსების სტრუქტურაში მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზი, მხოლოდ შობადობის დინამიკაში მომხდარი ცვლილებების გავლენით გამოავლინა ეთნიკური სტრუქტურისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, კერძოდ დაადგინა, რომ საბაზისო მაჩვენებლის (1989 წ.) შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფენ ქართველები, რუსები, უკრაინელები და ებრაელები. საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეროვნებები ინარჩუნებენ საბაზისო მაჩვენებელს, ხოლო ზოგიერთი მკვეთრად იზრდება (ქურთები, აზერბაიჯანელები). ამასთან, ავტორმა შეისწავლა სხვადასხვა ეროვნებებში ბუნებრივი მატების განსხვავებული ინტენსივობა და მისი დემოგრაფიული შედეგები. რეგიონებში კი ეთნოდემოგრაფიული პროცესების კვლევის შედეგად ბევრი საყურადღებო დასკვნა გააკეთა. მაგალითად, კახეთის რეგიონში ეთნოდემოგრაფიულ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებათა ნეგატიური ტენდენციები, მომავალში არაორდინალურ ღონისძიებათა გაუტარებლობის შემთხვევაში, კრიტიკულ ვითარებას შეუქმნის ადგილობრივ, ძირძველ ქართულ ეთნოსს.
ავტორმა გაანალიზა კახეთის მოსახლეობის ბუნებრივ მატებაში თითოეული ეთნოსის წილი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქართველების მდგომარეობა მეტად დამაფიქრებელი იყო. სულ უფრო მცირდებოდა მისი წილი მთელ მოსახლეობაში, რადგან აზერბაიჯანელთა გამრავლების პროცესი მეტად ინტენსიური იყო. საკმარისია ითქვას, რომ მათ ბუნებრივ მატებაში 48.7 პროცენტი უჭირავთ, ხოლო ქურთებს და “სხვა ეროვნებას” კიდევ – 8.9 პროცენტი6. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ “კახეთში ქართული ეთნიკური სუბკულტურის შემდგომი არსებობა-განვითარება წარიმართება სომეხის, რუსის, უკრაინელის, ბერძენის და ოსის ეთნიკური სუბკულტურების სუბიექტთა შემცირებისა და აზერბაიჯანულ, “სხვა ეროვნებების” და ქურთული ეთნიკური სუბკულტურების სუბიექტის ზრდა-გამრავლების პირობებში”7. ავტორის წინადადებით, არ შეიძლება დაამკვიდრო პასიური დამოკიდებულება, როდესაც კლება-შემცირებას განიცდის მკვიდრი ერის რომელიმე სუბკულტურის შემნახავი და განმავითარებელი სოციუმები. ასეთი ვითარება აუცილებელს ხდის მიზანმიმართული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას, რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავისი ყურადღების სფეროში უნდა მოაქციოს.
დემოგრაფიული აზრის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გია ფირცხალავას. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებისათვის ზრუნვა 1960-იანი წლებიდან, როდესაც მეცნიერების ამ სფეროში კვლევა შეწყვეტილი იყო. რაც მთავარია, მან ქვეყნის დემოგრაფიული განვითარებისადმი მიძღვნილ ნაშრომებში დაიწყო დემოგრაფიულ მაჩვენებელთა გაანგარიშების თანამედროვე მეთოდების გამოყენება, ამასთან, მისი ნაშრომები განსახილველი პრობლემებისადმი ახლებური მიდგომით ხასიათდებოდა. მან ბევრი რამ გააკეთა პირველადი დემოსტატისტიკური აღრიცხვის მოწესრიგებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1997 წელს გამოშვებული მისი მონოგრაფია: “საქართველოს მოსახლეობა: ეროვნული შემადგენლობა, ოჯახები, მიგრაცია.” ამ მონოგრაფიაში გ. ფირცხალავამ განიხილა ის ცვლილებები, რომელთაც ადგილი ჰქონდა საქართველოში მოსახლეობის სამ აღწერას (1970წ., 1979წ., და 1990წ.) შორის მოსახლეობის რიცხოვნობასა და ეროვნულ შემადგენლობაში როგორც მთლიანად ქვეყნის მიხედვით, ასევე რეგიონულ ჭრილში. ნაშრომში გაშუქებულია, აგრეთვე, ოჯახების რიცხოვნობა და სტრუქტურა, გარე მიგრაციის ძირითადი მიმართულებები, ეთნიკური თავისებურებები და გარე მიგრაციის საკითხები 1900-იანი წლების პირველ ნახევარშიც. შობადობის შემცირების ახალ ტენდენციებსა და ძირითად მიზეზებს ეხებოდა მისი სტატია, რომელიც ჟურნალ “დემოგრაფიაში” დაიბეჭდა8 ამავე ჟურნალში დაიბეჭდა მისი მეტად საინტერესო სტატია “საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის “დემოგრაფიული ეფექტი” პოსტსაბჭოთა საქართველოში.”9 ამ სტატიაში ავტორი მართებულად მიუთითებს, რომ “პოსტსაბჭოთა საქართველოში შექმნილია თვისებრივად სრულიად ახალი კრიზისული დემოგრაფიული სიტუაცია: ქვეყანა დემოგრაფიული პროცესების ძირითადი დეტერმინაციით – ცხოვრების დონით – განეკუთვნება განვითარებად, ხოლო შობადობის დონით, მოსახლეობის შეკვეცილი კვლავწარმოების მიხედვით – განვითარებულ ქვეყნებს… საქართველოში დაბალი შობადობისა და მოსახლეობის შეკვეცილი კვლავწარმოების პირობებში, მოსახლეობის რიცხოვნობა ემიგრაციის გამო მცირდება… საქართველოში არსებული კრიზისული დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით, დემოგრაფიის დარგი, შეიძლება ითქვას, მეტნაკლებად გაეროს ყველა ქვეყანას ჩამორჩება. დემოგრაფიის სფეროში შექმნილი ამ პარადოქსალური მდგომარეობის სახელმწიფოს მხრივ რეაგირების გარეშე დატოვებას გარდაუვლად მოჰყვება საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დეპოპულაციის, დემოგრაფიული დეგრადაციის გაღრმავება, რომლის შენელება-შეჩერებას შემდგომში შეიძლება გაცილებით ხანგრძლივი დრო და დიდი მატერიალურ-ფინანსური სახსრები დასჭირდეს.”
დაახლოებით ანალოგიურ აზრს ავითარებს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ციური ანთაძე სტატიაში “XX საუკუნის 90-იანი წლების სოციალურ-ეკონომიკური პროცესები და მათი გავლენა დემოგრაფიულ ტენდენციებზე საქართველოში.” სტატიაში ავტორი აკეთებს მეტად საგულისხმო დასკვნას: “ქვეყანაში შექმნილია არაორდინალური სიტუაცია: დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით საქართველო მაღალგანვითარებული ქვეყნების რიგშია, ხოლო ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით – დაბალგანვითარებული ქვეყნების რიგში… საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შობადობის გაზრდის რეზერვი (დაახლოებით 1,2 ბავშვი) შვილების სასურველ და რეალურ რაოდენობას შორის სხვაობის სახით. ამასთან ამ რეზერვის რეალობად ქცევის ფაქტორი ძირითადად ეკონომიკური ბუნებისაა…… ეს დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის უახლოეს მომავალში უნდა იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში შობადობის გაზრდისათვის არასასურველი პირობების შენარჩუნებისას საზოგადოებრივ ცნობიერებაში მცირე ზომის ოჯახის ნორმის ფორმირება კიდევ უფრო დაჩქარდება და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების შემთხვევაშიც დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას შობადობის გაზრდისა და მოსახლეობის გადაბერების ტემპების შენელების თვალსაზრისით აღარ უნდა ველოდოთ… შეხედულება, რომ დღეისათვის საქართველოში ისედაც ჭარბმოსახლეობაა (რამეთუ ვინც ახლა ცხოვრობს საქართველოში, ისინიც ვერ დაგვისაქმებია) და მიუღებელია შობადობის სტიმულირების სახელმწიფო პოლიტიკა, ჩვენი აზრით, უაღრესად საშიში და წინდაუხედავია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების ახლანდელი ტენდენციები, მოსახლეობის შემადგენლობაში მიმდინარე ასაკობრივი და სოციალური ცვლილებები უაღრესად მძიმე შედეგებს მოგვიტანს უკვე უახლეს 10-15 წელიწადში და მათი დაძლევა კიდევ უფრო რთული იქნება (თუ არა შეუძლებელი). საქართველოს ეკონომიკური განვითარების დღევანდელი დონის გამოყენება ჭარბმოსახლეობის შეფასების კრიტერიუმად, როცა ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების დიდი ნაწილი გამოუყენებელია, ჩვენი აზრით, მიუღებელი და არამეცნიერულია. ქვეყნის განვითარებას პრობლემას უქმნის არა ჭარბმოსახლეობა, არამედ სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოს მართვის უნარის დეფიციტი, ქვეყანაში გამეფებული ქაოსი და უწესრიგობა.”11 ამ ვრცელ ამონაწერში ნათლად ჩანს ქვეყანაში არსებული უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება და ის გზები, თუ როგორ გადავწყვიტოთ ჩვენს წინაშე მდგარი დემოგრაფიული პრობლემები, რას უნდა მივაქციოთ მთავარი ყურადღება. ავტორი მართებულად შენიშნავს, რომ თუ სასწრაფოდ არ განხორციელდა ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების მიზნით საჭირო ღონისძიებები, ვითარების გამოსწორება თითქმის შეუძლებელი გახდება. დემოგრაფიული პრობლემების ანალიზის მეცნიერული დამუშავების სიღრმით, შესაბამისი დასკვნებითა და დაყენებული წინადადებებით ც. ანთაძის სხვა სტატიებიც გამოირჩევა.
პოსტსაბჭოთა პერიოდში მნიშვნელოვანი ისტორიულ-დემოგრაფიული გამოკვლევა ჩატარდა. ამ გამოკვლევათა ნაწილის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. ახლა კი გვინდა აღვნიშნოთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, აწ გარდაცვლილი ვახტანგ ჯაოშვილის მონოგრაფიულ გამოკვლევა “საქართველოს მოსახლეობა,” რომელიც 1996 წელს დაიბეჭდა. ეს მონოგრაფია ადრეც გამოიცა (რუსულ ენაზეც), მაგრამ ახალი გამოცემა მნიშვნელოვანი სიახლეებით შეივსო. მასში საფუძვლიანადაა შესწავლილი მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა ბოლო საუკუნეების მანძილზე საქართველოს თანამედროვე საზღვრების გათვალისწინებით. მოცემულია მე-19 საუკუნეში ჩატარებული აღწერების კრიტიკული ანალიზი. ნაშრომში რეტროსპექტულ მიმოხილვასთან ერთად დიდი ადგილი ეთმობა თანამედროვე დემოგრაფიული ვითარების ანალიზს. მოსახლეობის ბუნებრივი აღწარმოების საკითხების განხილვის დროს ნაშრომში გვხვდება მსჯელობა როგორც ბუნებრივ მოძრაობაზე მოქმედ ცნობილ, ისე ავტორისეულ ახალ ფაქტორებზე. ავტორის მიხედვით, თვით დემოგრაფიულ ვითარებაში მომხდარი ზოგიერთი პროგრესული მოვლენა გახდა შობადობის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი (ბავშვთა მოკვდაობის შემცირება), რამაც გამოიწვია მრავალშვილიანობის ტრადიციის თითქმის გაქრობა. ამასთან, ყოფილ საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების წინა წლებში მოკვდაობის დონე საქართველოში დაბალი იყო. მაგალითად, 1940 წელს ეს მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე დაბალი იყო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის. ავტორის აზრით, ამას ძირითადად განაპირობებდა ოჯახში ბავშვების აღზრდაზე მეტი ზრუნვა, რაც ტრადიციულად ძველთაგანვე იყო დამკვიდრებული ქართველ მოსახლეობაში.12 პროფესორი ვ. ჯაოშვილი აღნიშნულ პრობლემებთან ერთად ყოველმხრივ იხილავს მოსახლეობის მიგრაციასა და ეთნიკურ შემადგენლობას, მოსახლეობის სტრუქტურაში მომხდარ ცვლილებებს.
პოსტსაბჭოთა პერიოდში ოჯახის პრობლემების კვლევა გაგრძელდა, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ოჯახში ხდება თაობათა განახლება, დაგროვილი ცოდნისა და ეროვნული სულიერების განვითარება და გადაცემა თაობათა შორის. ოჯახის ფუნქციების დაცვისა და სრულყოფის პირობებში შესაძლებელია არა მარტო ერის გამრავლების უზრუნველყოფა, არამედ იმ ეროვნული ნიშან-თვისებების შენარჩუნება და განვითარება, რაც ერის მაცოცხლებელ ძალას, მის სახეს წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ დემოგრაფიულ ფასეულობათა სისტემაში ოჯახს რა ადგილი უჭირავს თანამედროვე პირობებში, როდესაც საფრთხე დაემუქრა ოჯახის არა მარტო ცალკეული ფუნქციების, არამედ საერთოდ ოჯახის არსებობას. ამ საკითხის შესწავლა ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ეს საკითხიც იქნა შესწავლილი ჩვენი მონაწილეობით 2003 წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის დროს.13 მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა დემოგრაფიული პროცესები უაღრესად გაამწვავა, საბედნიეროდ, ეროვნული ცნობიერება ამ პრობლემებისადმი დამოკიდებულებაში არ შეცვლილა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რესპოდენტებმა 50 უნივერსალურ ფასეულობას შორის განათლებისა და ზნეობის შემდეგ ოჯახი მესამე ადგილზე დაასახელეს.14 ამრიგად, ფასეულობათა იერარქიულ სისტემაში საზოგადოება ოჯახს თითქმის უმაღლეს ადგილს ანიჭებს და ამიტომ მას ისიც აღელვებს, რომ ოჯახი ვეღარ ასრულებს თავის ძირითად – ბავშვის დაბადების ფუნქციას. ამიტომ ოჯახის პრობლემების კვლევა პოსტსაბჭოთა პეროიდში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდა.
ცნობილმა მკვლევარმა, აწ გარდაცვლილმა პროფესორმა მზია ბექაიამ ოჯახის თეორიის საკითხებზე, ქართული ოჯახის თავისებურებებსა და საოჯახო პოლიტიკის ამოცანების შესახებ საყურადღებო სტატიები გამოაქვეყნა,15 მანვე შეისწავლა განქორწინების საკითხები გარდამავალ პერიოდში16 და ოჯახის სტრუქტურისა და ეკონომიკურ ფუნქციათა ცვლილებები.17 ახალგაზრდა მეცნიერებმაც მრავალი ნაშრომი მიუძღვნეს ოჯახის პრობლემებს. ყოველივე ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა ოჯახის ფუნქციების, მისი სიმტკიცის როლის მნიშვნელობის წარმოჩენისა და ოჯახური პრობლემების ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისათვის ზრუნვამ. ახალგაზრდა დემოგრაფმა, ზურაბ გოქაძემ ერთეროვნული და შერეული ქორწინებების დემოგრაფიულ ასპექტებზე საკანდიტატო დისერტაცია დაიცვა, ხოლო ქეთევან გოჩიაშვილის საკანდიტატო დისერტაციის თემა იყო განქორწინების სოციალურ-დემოგრაფიული ასპექტები. ამ ნაშრომებში დიდი ყურადღება დაეთმო ოჯახში ბავშვების იდეალურ, სასურველ, მოსალოდნელ და ფაქტობრივ რაოდენობას, რეპროდუქციული ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორებს, ბავშვების ყოლის ხელშემშლელი მოტივების კვლევას, შრომითი მიგრაციის გავლენას განქორწინებაზე, განქორწინების შედეგებს და სხვ. საკითხებს. ამავე დროს, ჩვენი აზრით, ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას საჭიროებს. მაგალითად, საეჭვოა, რომ ერთეროვნული ქორწინება რამდენადმე უფრო ხანგრძლივი და სტაბილურია, ვინემ ეროვნულად შერეული18. სხვა გამოკვლევები საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ვერც იმ აზრს გავიზიარებთ, რომ განქორწინების არსებითი გავლენა შობადობაზე თითქოს არ შეინიშნებოდეს, რადგან ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც განქორწინდა, ახდენს თავისი რეპროდუქციული მოთხოვნილებების რეალიზაციას და არარეალიზებულმა რეპროდუქციულმა მოთხოვნილებამ განაპირობა მათი მეორედ დაქორწინება.19 კვლევის შედეგად განქორწინების უმრავლესობა ხდება 30 წლამდე ასაკში.20 ამ ასაკში კი განქორწინებულ ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის რეპროდუქციული მოთხოვნილებების რეალიზაცია არ არის მოხდენილი (მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ კონფლიქტურ ოჯახებში, რომლებშიც მოსალოდნელია განქორწინება, თავს იკავებენ ბავშვის გაჩენისაგან). ამასთან, არარეალიზებული რეპროდუქციული მოთხოვნილების მიხედვით არ ხდება მეორედ დაქორწინება. ამ შემთხვევაში უფრო სხვა მოთხოვნილებები თამაშობენ გადამწყვეტ როლს.
ახალგაზრდობის ოჯახურ ფასეულობებს, ბავშვებზე მოთხოვნილების დინამიკას და ოპტიმალური საქორწინო ასაკის საკითხებს ეხება ნანა მენაბდიშვილი საკანდიდატო ნაშრომში “სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული ორიენტაციები.”
გარდამავალ პერიოდში ქართველ დემოგრაფთა ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს მოსახლეობის მოგრაციის საკითხები. თითქმის ყველა მეცნიერ-დემოგრაფი თავიანთ ნაშრომებში მიგრაციულ პროცესებს მეტ-ნაკლებად შეეხო. ეს გასაგებიცაა, რადგან ინტენსიურმა მიგრაციულმა პროცესებმა დემოგრაფიული ვითარება უაღრესად გაამწვავა. მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, თითქმის მილიონი ადამიანი მუდმივ საცხოვრებლად საზღვარგარეთის ქვეყნებში გადასახლდა, რომელთაგან უმრავლესობა ფერტილურ ასაკში იმყოფებოდა. ცხადია, ასეთი ვითარება ხელს უწყობს მოსახლეობის გამრავლების პოტენციალის მნიშვნელოვნად შემცირებას. 1996 წელს პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა გამოსცა წიგნი: “საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია,” სადაც განხილულია მიგრაციული პროცესები 1990-იანი წლების პირველ ნახევარში და წინა, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში, ეთნიკური თავისებურებები, გარე და შიდა მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, ეთნიკური თავისებურებები, მიგრაციის გავლენა მოსახლეობის რიცხოვნობასა და სტრუქტურაზე. 1999 წელს გამოდის თომა გუგუშვილის მონოგრაფია: “საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები.” ავტორი მიგრაციულ პროცესებს განიხილავს ფართო მასშტაბით, კერძოდ, მიგრაციულ-დემოგრაფიული აღრიცხვიანობისა და მაჩვენებელთა სანდოობის საკითხებს, გარე და შიდა მიგრაციულ პროცესებს და წარმოშობის პირობებს, გარე მიგრაციას და მისი უარყოფითი შედეგების გავლენას დემოგრაფიაზე, რეგულირების საფუძვლებსა და სისტემებს, გარე მიგრაციის აღრიცხვის, მართვისა და კონტროლის სისტემებს. ავტორი მიგრაციული პროცესებთან დაკავშირებული საკმაოდ ფართო საკითხების განხილვისა და ანალიზის შემდეგ იმის აუცილებლობას ხედავს, რომ საქართველოს მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება, უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული და ყოველდღიური საზრუნავი. 1989-2002 წლებში გარე მიგრაციულ პროცესებს ეძღვნება, აგრეთვე, ალექსანდრე ვადაჭკორიას საკანდიდატო ნაშრომი. მასში განსაკუთრებით ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი გარე მიგრაციის სტატისტიკა და შერჩევითი გამოკვლევები, რასაც მიგრაციის შესახებ გამოქვეყნებულ სხვა ნაშრომებში ნაკლები ყურადღება ექცევა. ნაშრომში წარმოდგენილი საკითხების სიღრმისეული განხილვის მიუხედავად, ზოგიერთი ავტორისეული მოსაზრება საკამათოდ მიგვაჩნია, მაგალითად, მიგრანტთა მიმართულებები და მიზეზები შერჩევით გამოკვლევებში, ჩვენი აზრით, აღწერილობით ხასიათს ატარებს და სხვ.
შობადობის შემცირებისა და ინტენსიური მიგრაციული პროცესების შედეგად ქვეყნის წინაშე კიდევ ერთი მწვავე დემოგრაფიული პრობლემა დადგა – მოსახლეობის დაბერება. 2002 წელს 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 18,6 პროცენტი იყო, ხოლო 65 წელსა და უფროსი ასაკისა – 12,7 პროცენტი, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 1989 წელს შესაბამისად 14,4 და 8,8 პროცენტს უდრიდა. ე. როსეტის კლასიფიკაციით უკვე “სიბერის მაღალი განვითარების საფეხურზე” ვიმყოფებით. თავისთავად ეს პრობლემა გლობალური ხასიათისაა, მაგრამ როდესაც მოსახლეობის დაბერება დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ხდება და ისიც შესამჩნევად, თანაც მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, მაშინ ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს.
უკანასკნელ წლებში მოსახლეობის დაბერების პრობლემას არა ერთი და ორი ნაშრომი მიეძღვნა, რომელთაგან აღსანიშნავია მზია შელიას მონოგრაფიული ნაშრომი “მოსახლეობის დაბერება საქართველოში,” რომელიც 1999 წელს გამოიცა. მონოგრაფიაში განხილულია მოსახლეობის დაბერების პროცესი საქართველოში, ეთნოდემოგრაფიული თავისებურებანი, დემოგრაფიული დაბერების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გამოთქმულია წინადადებები დაბერების პროცესის დასარეგულირებლად. მ. შელიასვე ეკუთვნის საინტერესო ნაშრომი: “საქართველოს მოსახლეობის დაბერების თავისებურებანი 1990-იან წლებში.”
მოსახლეობის დაბერების პრობლემის დიდი მნიშვნელობის გამო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გერონტოლოგიისა და გერიატრიის პრობლემურმა საბჭომ 2000 წელს დემოგრაფიული დაბერების პრობლემებზე მოაწყო კონფერენცია, რომლის მასალები ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა.22
ისტორიული დემოგრაფიის პრობლემებს ეძღვნება პროფესორ შოთა თეთვაძის მონოგრაფია “სომხები საქართველოში.” ეს ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ნაშრომებს შორის, რომლებშიც განხილულია საქართველოში სომხების ბინადრობის, მათი საქართველოში ჩამოსახლებისა და განსახლების საკითხები. ავტორმა თავი მოუყარა საკმაოდ მდიდარ სტატისტიკურ მონაცემებს, დაამუშავა ამ საკითხზე არსებული უამრავი წერილობითი წყარო და მათი მეცნიერული ანალიზის საფუძველზე მეტად სწორი დასკვნები გააკეთა.
ახალგაზრდა დემოგრაფებმა ბევრი მწვავე დემოგრაფიული პრობლემა დაამუშავეს. კერძოდ, მერაბ გეჯუამ შეისწავლა აფხაზეთის და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემები; თამაზ ზუბიაშვილმა – მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის, ეთნიკური და რასობრივი ურთიერთობების, მსოფლიო ურბანიზაციის პრობლემები; ლელა მენაბდიშვილმა – მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულება ქართულ ოჯახებში; ლია ჭყონიამ – თვითშენახვითი ქცევის დემოგრაფიული ასპექტები და სხვ.
დასასრულ, შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდი დემოგრაფიული მეცნიერების შემდგომი არსებითი განვითარებით აღინიშნა. ამ პერიოდში თითქმის არ დარჩენილა ქვეყნის არც ერთი მტკივნეული დემოგრაფიული პრობლემა, რომ ის ქართველი დემოგრაფების საფუძვლიანი მსჯელობის საგანი არ გამხდარიყო. მათი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა დემოგრაფიული პროცესები: შობადობა, მოკვდაობა, მოსახლეობის აღწარმოება, ქორწინება, განქორწინება, აგრეთვე, მიგრაცია, დემოგრაფიული მეცნიერების თეორიული პრობლემები. ყოველივე ეს აისახა მონოგრაფიულ გამოცემებსა თუ ცალკეულ სამეცნიერო ნაშრომებში, რომელთა რაოდენობა ასეულობით დასახელების ნაბეჭდ პროდუქციას მოიცავს. მიუხედავად პოსტსაბჭოთა პერიოდის ხანმოკლეობისა, დემოგრაფიული აზრი საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში განვითარდა.