სუფრის ქართული წითელი ღვინოების ხარისხობრივი პოტენციალი და ბაზრის თანამედროვე მდგომარეობა
ე. სარჯველაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, დ. წულაია, ტექ. მეცნ. კანდიდატი
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა წარმოუდგენელია საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების გარეშე. საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე პარადოქსულია იმის მტკიცება, რომ რომელიმე ქვეყანა, თუნდაც ყველაზე მდიდარი და ინდუსტრიული, განვითარდეს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გარეშე.
ნებისმიერი ქვეყნის მსოფლიო ბაზარზე გასვლა და მისი საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყნის შედარებით უპირატესობას სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული სასურსათო სექტორის განვითარების საფუძველი უნდა იყოს ორი მთავარი პრინციპის გათვალისწინება: 1. საშინაო ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის დამკვიდრება; 2. ღია საერთაშორისო ბაზრის რეჟიმის მტკიცე დაცვა. თანამედროვე პირობებში, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს საექსპორტო დანიშნულების პროდუქციის წარმოება, ძველი ტრადიციულ ბაზარზე პოზიციების აღდგენა და გასაღების ახალი ბაზრების მოძებნა. საქართველოს ოდითგანვე ჰქონდა აქტიური საგარეო ეკონომიკური, უმთავრესად სავაჭრო ურთიერთობები, როგორც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნებთან. რაშიც გარკვეული წილი ქართული მეღვინეობის დარგსაც მიუძღოდა. XX საუკუნის ბოლო ათწლეულში მსოფლიო ალკოჰოლურ ბაზარზე სხვა ალკოჰოლური სასმელებზე მოთხოვნის შემცირების ხარჯზე ღვინოზე მოთხოვნის ზრდა აღინიშნა. ღვინო კი საქართველოსათვის ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საექსპორტო პროდუქტს და ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ “სამტრესტში” არსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ღვინისა და ღვინომასალების ექსპორტი 4.5-ჯერ გაიზარდა. ექსპორტის 80% რუსეთზე მოდის. დანარჩენი 20% კი უკრაინაზე, ლიტვაზე, ბელორუსიაზე, ესტონეთზე, აშშ-ზე, ჰოლანდიაზე, ჩეხეთზე და ა. შ. ნაწილდება (3). მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი, ძირითადად, დსთ-ს ქვეყნებში ხორციელდება, არსებობს იმის ნიშნები, რომ საერთაშორისო ბაზრები მზად არიან აითვისონ ქართული ღვინოები, თუკი მათი ხარისხი უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დიდ ყურადღებას უთმობენ მცენარეული ნედლეულის, კერძოდ, ყურძნის ფ ენოლური ნაერთების შესწავლას. საფრანგეთის აგრონომიულ გამოკვლევათა ეროვნულ ცენტრში, სორბონის ექსპერიმენტულ ინსტიტუტთან შექმნილია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი პოლიფენოლების შესწავლის დარგში. ფრანგი მეცნიერების მასკალიეს, ბურზევსკისა და სხვათა ნაშრომების წყალობით ყურადღება მიიქცია პროანტოციანიდოლების შენაერთების მრავალმხრივმა დადებითმა გავლენამ (ანტისკლეროზული, ანტიკანცეროგენული, ანტიჰისტამინური, ანტივირუსული, ამცირებს სპირტის ტოქსიკურობას) ადამიანის ორგანიზმზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ღვინო მხოლოდ მაშინ არის ადამიანისთვის სასარგებლო, თუ იგი მიღებულია ყურძნის წვენის ალკოჰოლური დუღილის შედეგად, საღია, აქვს ნორმალური შედგენილობა და არ შეიცავს კანონით აკრძალულ ყოველგვარ მინარევებს. წითელ ღვინოებზე მოთხოვნილება, აღნიშნული თვისებების გამო, უკანასკნელ წლებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მკვეთრად გაიზარდა, მაგალითად, 1999 წლიდან აშშ-ში საცალო ვაჭრობაში წითელი ღვინოების რეალიზაციის დონემ საერთო მოცულობის 63% შეადგინა და ერთი ლიტრის ფასმა 15 აშშ დოლარს გადააჭარბა (5). განსხვავებულია ღვინის ასორტიმენტისა და ფასისადმი დამოკიდებულება ცალკეული ქვეყნების ტრადიციებისა და სოციალური ფენების მიხედვით, მაგრამ ყველა ქვეყნის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები დიდ მოთხოვნებს უყენებენ ღვინის ხარისხს და მზად არიან გადაიხადონ მაღალი ფასი. სააგენტო “Eა?აეია ე Eიეააე”-ის მიერ შესწავლილ იქნა სხვადასხვა ფასიანი ღვინის მოხმარების სტრუქტურის ცვლილება მოსახლეობის შემოსავლების ცვლილებასთან მიმართებაში. მიღებული შედეგები წარმოდგენილია სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით.
როგორც კვლევის შედეგებისგან ჩანს მომხმარებელი, რომლის შემოსავალი არ აღემატება თვეში 50 აშშ. დოლარს, ძირითადად 82%, ყიდულობს დაბალფასიან ღვინოს, შემოსავლის ზრდასთან ერთად ამ სეგმენტის ღვინის მოხმარება მკვეთრად ეცემა და მაღალ შემოსავლიანი (400 აშშ დოლარი და მეტი) მომხმარებლებისათვის იგი 20%-ზე დაბალია.
საშუალო ფასის ღვინის კატეგორიის მოხმარება, დაბალშემოსავლიან სეგმენტში 4%-ს არ აღემატება. შემოსავლის ზრდასთან ერთად ამ ტიპის ღვინის მოხმარება მკვეთრად მატულობს და 200 აშშ დოლარის შემოსავლიანი მომხმარებლებისათვის 50%-ს აღწევს. საინტერესოა, რომ ამ ტიპის ღვინის მოხმარება მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების კატეგორიაში 40%-მდე მცირდება, რაც გამოწვეულია მაღალფასიანი და ელიტარული ღვინოების წილის გაზრდით.
ექსპერტების შეფასებით, უახლოეს 5-7 წელიწადში ღვინოზე მოთხოვნილება მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც, ძირითადად, მოხდება Aპპელლატიონს-ის კატეგორიის, ანუ ადგილწარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი ღვინოების ხარჯზე (6).
სუფრის ქართული წითელი ღვინოები თავისი ხარისხით, ექსტრაქტულობით, ინტენსიური მუქი ლალისფერით და ჰარმონიულობით, წარმოების მთელი ტექნოლოგიური პირობების სრული დაცვის შემთხვევაში არ ჩამოუვარდებიან ბურგუნდიისა და ბორდოს საქვეყნოდ ცნობილ ღვინოებს. (1).
ქართული წითელი ღვინოების მაღალი ხარისხისა და ღირსების დამადასტურებელი ინფორმაცია გადმოცემულია არა ერთ ძველ და ახალ, ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურაში. მაგალითად, ცნობილი რუსი მოღვაწე, მეცენატი, მეღვინე, თავადი ლევ გოლიცინი, რომელმაც 1910 წელს ინახულა ღვინოების კოლექცია, ყურადღება შეაჩერა 1891 წლის მოსავლის საფერავზე და იგი შეადარა ფრანგულ “გრანკრიუ”-ს უმაღლესი ხარისხის წითელ ღვინოებს (2).
საქართველოში ოდითგანვე არსებობდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ამ ტიპის ღვინოებზე, რამაც მათი წარმოების ტრადიციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სუფრის წითელი ღვინოების მაღალი ხარისხი დადასტურებულია მსოფლიო სხვადასხვა კონკურსებზე მიღებული მრავალი ჯილდოებითა და პრიზებით.
ქვეყნის საკმაოდ მდიდარი სანედლეულო ბაზა საშუალებას იძლევა დაინერგოს მაღალი დონის ინტენსიური წარმოება, დამზადდეს უნიკალური ღვინოები და განხორციელდეს წარმატებული კავშირი ექსპორტის სფეროში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ხდება სუფრის წითელი ღვინოების ბაზრის მდგომარეობის შესწავლა ხარისხთან მიმართებაში.
თბილისის ღვინის ბაზრის შესწავლის დროს გამოვლენილ იქნა, რომ სუფრის წითელი ღვინოების ასორტიმენტიდან, ნახევრად ტკბილ ღვინოებს უკავიათ ღვინის ბაზრის საკმაოდ დიდი სეგმენტი. სახელმწიფო სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, ამ ტიპის ღვინის ძირითადი მწარმოებლები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: შ.პ.ს. G.ჭ.შ. შ.პ.ს. “თბილღვინო”, შ.პ.ს. “ბარაკონი”, შ.პ.ს.”ძმები ასკანლები”, შ.პ.ს.”კოტეხი” და სხვა. ამჟამად მათ გარდა ბაზარზე ფიგურირებს რამდენიმე ათეული მწარმოებლის პროდუქცია, რომელთაგან მხოლოდ ოცამდეა რეგისტრირებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი სასურსათო პროდუქტების ბაზარი საკმაოდ არაკონტროლირებად სფეროს წარმოადგენს.
საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა ბაზარზე წარმოდგენილი სუფრის წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოების ასორტიმენტი, მაგრამ იგივე არ&ლსქუო;შეიძლება ითქვას მათ ხარისხზე. ზოგადად გაიზარდა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მკვეთრად დაეცა ღვინის ხარისხი, რადგან დიდი მოგების მიღების მიზნით, ღვინის მოცულობის შეუსაბამო ზრდა ნედლეულთან მიმართებაში გახდა მისი ფალსიფიკაციის მიზეზი.
ქვეყანაში პატიოსან, ძლიერ მეწარმეებთან ერთად მრავლად არიან არაკეთილსინდისიერი, არალეგალური მეწარმეებიც, რომლებიც აწარმოებენ დაბალი ხარისხის, ფალსიფიცირებულ ღვინოს და წარმატებული ფირმების ეტიკეტის ანალოგებით ახდენენ მის რეალიზაციას. ამით ისინი აზარალებენ არა მარტო ამ კონკრეტულ მეწარმეს, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტსაც, რადგან არ იხდიან გადასახადს და ამასთანავე მათ მიერ წარმოებული საეჭვო ხარისხის პროდუქცია საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას.
თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე, კონკურენტული ბრძოლის ცვალებად პირობებში ხარისხი ხდება ეფექტურობის ძირითადი მახასიათებელი ფირმის მართვის მთელ სისტემაში, ეკონომიკის შემდგომი ინტენსიფიკაციის, წარმოების ეფექტურობისა და შრომის ნაყოფიერების ამაღლების ფაქტორი.
მხოლოდ ვაზის ნარგავებისა და ჩამოსხმული ღვინის რაოდენობის ზრდა არ წარმოადგენს წითელი ნახევრად ტკბილი ღვინის წარმოების ეკონომიკური ეფექტურობის ამაღლების უპირობო საშუალებას, რადგან მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალხარისხოვანი წითელი ღვინოების მიღება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კლიმატური პირობების მიკრორაიონებში, კონკრეტული ვაზის ჯიშიდან, დადგენილი ტექნოლოგიის ზუსტი დაცვით.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ის გარემოება, რომ საფრანგეთში, მსოფლიოში უძვირფასესი ღვინის – “რომანეა-კონტის” წარმოებისათვის გამოყენებული ყურძენი მოჰყავთ ძალიან მცირე ფართობზე და მისი საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 50-54 ცენტნერს არ აღემატება. წელიწადში სტაბილურად ჩამოისხმება მხოლოდ 6-8 ათასი ბოთლი, მაგრამ ამ ღვინის წარმოება ძალიან მომგებიანია მაღალი ხარისხით განპირობებული მაღალი ფასის ( ერთი ბოთლის ფასი ფრანგი მუშის საშუალო ხელფასს უტოლდება) გამო. სამწუხაროდ, ამჟამად საქართველოში არსებული ვენახების მხოლოდ მცირე ნაწილია გაშენებული მონოპოლიური ჯიშებით და შესაფერის ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში. რაც გამორიცხავს, მაღალი ხარისხის ღვინოების დიდი რაოდენობით წარმოებას (1).
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ალკოჰოლური სასმელები (მათ შორის ღვინოები) ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას, მიუხედავად ამისა, პროდუქციისა და მომსახურეობის უსაფრთხოების ზედამხედველობის ინსპექციის მონაცემებით, შემოწმებული 87 ობიექტიდან არასერტიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია გამოვლენილია 57-ში.
ჩვენს მიერ, თბილისის სხვადასხვა რაიონის სავაჭრო ობიექტებში შეძენილ იქნა ოცდაორი მეწარმე-სუბიექტის მიერ ჩამოსხმული ღვინის 50-მდე ნიმუში, რომელთა ფასი მერყეობდა 3-დან 28 ლარამდე.
ჩატარებულმა ექსპერტიზამ გვიჩვენა, რომ აღებული ნიმუშების 40 %-ზე მეტი არა მარტო არ პასუხობდა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებს, არამედ ხასიათდებოდა ფალსიფიკაციის მაღალი დონით. მაგალითად, დაბალფასიანი (3-4 ლარი) ღვინოების უმრავლესობა ხასიათდება ფალსიფიკაციის 100%-იანი მაჩვენებლით. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ინტერნეტ წყაროების მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, ამ ტიპის ღვინოების თვითღირებულება არ შეიძლება იყოს 10 დოლარზე ნაკლები. (4).
აღსანიშნავია, რომ “Gჭშ”-სა და თბილღვინოს მიერ წარმოებული წითელი ნახევრადტკბილი ღვინოები გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხითა და ნატურალურობით. ამ ფირმების წარმატებული ბიზნესი ნათელი მაგალითია იმისა, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი პროდუქციის ხარისხს, მომხმარებლის დაკმაყოფილებასა და ფირმის მოგების დონეს შორის. მაღალი ხარისხის საქონელი უფრო მეტად აკმაყოფილებს მომხმარებელს, რადგან აქვს უფრო მაღალი სამომხმარებლო ღირებულება, რაც გამორიცხავს რეალიზაციის შეფერხებას. ამრიგად, ხარისხის ამაღლების პროგრამის რეალიზება, როგორც წესი იწვევს მოგების გაზრდას.
ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, რუსეთის ბაზარზე ბულგარეთიდან და უნგრეთიდან დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული ქართული ღვინოები შევიდა. მაგალითად, სოფიისა და ჩიპრანის ღვინის ქარხნებიდან მოსკოვში სარეალიზაციოდ ჩაიტანეს “ხვანჭკარა”, “ქინძმარაული” და “ოჯალეში”. 1998 წ. უნგრეთიდან, კერძოდ თერმეკის ღვინის ქარხნიდან მოსკოვში შეტანილ იქნა 2.5 მლნ ბოთლი ფალსიფიცირებული “ხვანჭკარა” და “ქინძმარაული”. ტვერის რაიონის ქ. ოზერსკის სააქციო საზოგადოება “Iცა?ნეია ოიაა?ეუანეია ოიცყენოაი” აწარმოებს ფალსიფიცირებულ “ხვანჭკარას”, “ქინძმარაულს” და “მადლს”. მოსკოვში სააქციო საზოგადოება “Eეია +” აწარმოებს და რეალიზაციას უკეთებს ფალსიფიცირებულ “ქინძმარაულს”, “ახაშენსა” და “ხვანჭკარას”. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან და უნგრეთიდან ინტენსიურად ახდენენ ფალსიფიცირებული ღვინოების ექსპორტს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით ესტონეთში.
საქართველო – ესტონეთის სავაჭრო ცენტრის “EG TRADING CENTER AS” მონაცემებით ესტონეთში, უნგრული ფირმა “AURORA BUDAPEST”-ის სახელით სარეალიზაციოდ შეტანილ იქნა ფალსიფიცირებული “ხვანჭკარა”, “ქინძმარაული” და “ახაშენი”. გარდა ამისა, იმავე სავაჭრო ცენტრის ინფორმაციით ტალინში ფუნქციონირებს ღვინის საამქრო, რომელიც აწარმოებს ღვინის ჩამოსხმას ქართული ღვინის სავაჭრო ნიშნებისა და ეტიკეტების გამოყენებით. (4).
როგორც ვხედავთ ფალსიფიკაციის არსებულმა მაღალმა დონემ შესამჩნევად შეარყია ქართული ღვინის, კერძოდ სუფრის წითელი ღვინის იმიჯი, არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ექსპორტირებული ღვინის დაბალი ხარისხი, ეკონომიკური დანაკარგების გარდა, პირდაპირ ზარალს აყენებს ქართული მეღვინეობის პრესტიჟს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, იწვევს უცხოელი პარტნიორების უნდობლობას.
ასეთ პირობებში აუცილებელია ქმედითი ღონისძიებების გატარება, მათ შორის:
– ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება მსოფლიო ბაზრის დონეზე, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.
– ღვინის ბაზრის მუდმივი მონიტორინგი არასერტიფიცირებული და ფალსიფიცირებული ღვინოების, აგრეთვე, მათი მწარმოებლების გამოვლენისა და ასეთი შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით. ხშირად ფალსიფიცირებული პროდუქცია წარმოადგენენ არა მარტო მწარმოებლის დაინტერესების, არამედ ექსპერტების მატერიალური შემოსავლების წყაროსაც. ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭიროა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.
– “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, წარმოშობის ადგილისა და გეოგრაფიული დასახელების მიხედვით წარმოებულ უნიკალურ ღვინოებზე მკაცრი სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს. ასეთი პროდუქციის წილმა ქვეყანაში დამზადებული ღვინოების შესაძლებლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი უნდა შეადგინოს.
საქართველოში მეღვინეობის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს ქართული ღვინოების დაკარგული პოზიციების დაბრუნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ბაზარზე და გასაღების ახალი ბაზრების ათვისება.
სუფრის წითელი ღვინოების მაღალი ხარისხი შიდა და მსოფლიო ბაზრის სწორი მარკეტინგული კვლევისა და სარეკლამო ღონისძიებების შემთხვევაში ხელს შეუწყობს ექსპორტზე მოთხოვნილების ზრდას, რაც დარგში დასაქმებული მოსახლეობისა და მეწარმეების, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საშუალებაა..