რა ელოდებათ მეცნიერებათა კანდიდატებს და როგორ გახდებით 2005 წლიდან დოქტორები
სოფიკო სიჭინავა
უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, საქართველოში დამკვიდრებულ განათლების შესახებ ტრადიციულ და საკმაოდ უცნაურ შეხედულებას თავდაყირა აყენებს. დიპლომებისა და სამეცნიერო ხარისხებისადმი დაუოკებელ ლტოლვას, უმაღლესი სასწვლებლების ორგანიზაციული და თვითონ სწავლების ფორმის ცვლილებები უსათუოდ მოთოკავს.
სასწავლებლებს ავტონომიურობის უმაღლესი ხარისხი ენიჭებათ და თვითონ ფაკულტეტები ხდებიან სრულყოფილი, ხარისხიანი განათლების გარანტები, რაც, თავის მხრივ, უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციით კონტროლდება. განათლების სისტემა ევროპულს უახლოვდება და თუ სწავლების ეს ფორმა ყველგან ამართლებს, ჩვენთანაც შედეგს ამოიღებს. სრული უმაღლესი განათლების სამი საფეხური: სამი აკადემიური წოდება (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი), აკადემიური თანამდებობის სისტემა (ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი), უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის პრინციპები (ემერიტუსი), განათლების სისტემის ხარისხს საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვებს.
უმაღლეს სასწავლებელს აკადემიური და თვითმმართველობითი ავტონომია ენიჭება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჯერ ერთი, სასწავლებელი თვითონ განსაზღვრავს საკუთარ სტრატეგიას და, მეორე, უმაღლესი სასწავლებელი თვითონ ქმნის მმართველ ორგანოებს, განკარგავს ფინანსებს, ქონებას, აწარმოებს საკადრო პოლიტიკას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ირჩევს სენატს და აკადემიურ საბჭოს. სენატი შედგება ფაკულტეტებიდან კვოტურ პრინციპზე არჩეული წარმომადგენლებისაგან (ასოცირებული პროფესორები, ასისტენ-პროფესორები, პროფესორები და სტუდენტები). აკადემიურ საბჭოში შედიან ფაკულტეტებიდან არჩეული პროფესორები. უნივერსიტეტის რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, ეს უკანასკნელი სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს კანცლერის კანდიდატურას, რომელიც არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა, სამეული (რექტორი, კანცლერი და აკადემიური საბჭო) შეიმუშავებენ ბიუჯეტს, რომელსაც სენატი ამტკიცებს, სენატი ამტკიცებს სასწავლებლის წესდებას, მნიშვნელოვნად იზრდება ფაკულტეტის უფლებები და ავტონომიურობა, გაზრდილია მათი საბიუჯეტო და საფინანსო უფლებამოსილებები, ფაკულტეტები თავად ანიჭებენ აკადემიურ ხარისხს.
უმაღლესი სასწავლებლები გადიან აკრედიტაციას, რაც არის ერთგვარი უზრუნველყოფისა და შეფასების პროცესი. აკრედიტაცია აუცილებელია სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლისთვის, ხოლო კერძო უმაღლესი სასწავლებლისთვის – ნებაყოფილობითი. მხოლოდ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემის უფლება და ასევე მხოლოდ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია სახელმწიფო დაფინანსების მიღება. თუ ადრე უმაღლეს სასწავლებელში ფული ადმინისტრაციას შემოჰქონდა და შემდეგ იგი უნაწილებდა ფაკულტეტებს, ახლა პირიქით მოხდება, ფაკულტეტები ბიუჯეტის არა მხოლოდ მიმღებნი, არამედ ფულის შემომტანებიც ხდებიან. როცა აბიტურიენტი უმაღლესში სახელმწიფო ვაუჩერით, ან საკუთარი ფულით მივა, ეს ფული ფაკულტრეტის იქნება და შეთანხმების საფუძველზე ადმინისტრაციაზეც გადანაწილდება.
იცვლება სწავლების ფორმა და პრინციპი, თანდათანობით წარსულს ჩაბარდება კურსის, ცხრილის ცნება, სტუდენტი თვითონ ააგებს თავის სასწავლო პროგრამას და აირჩევს პედაგოგებს.
იცვლება მისაღები გამოცდების ფორმა და შინაარსი, აბიტურიენტი აღარ იქნება ვალდებული მისაღები გამოცდები ჩააბაროს შესაბამის სასწავლებელში, ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2005 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენასა და მათემატიკაში. აქედან მათემატიკის ჩაბარება ფაკულტეტების არჩევანზე იქნება დამოკიდებული, გამოცდა წერილობითი იქნება და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთდროულად ჩატარდება. 2006 წლიდან ფაკულტეტების ასარჩევ ნუსხას დაემატება საქართველოს ისტორია, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები განმსაზღვრელია აბიტურიენტებისათვის სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტების მიღებისას, რომელიც გამოცდების პროცესში საუკეთესი შედეგის მქონე აბიტურიენტებზე განაწილდება. მათ სახელმწიფოს ხარჯზე სწავლების უფლება ექნებათ, დანარჩენი აბიტურიენტები, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტესტირება, თავად დაფარავენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების საფასურს. სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულია სპეციალური პროგრამები.
უმაღლეს სასწავლებლებს დაფინანსების ორი წყარო ექნებათ: სტუდენტთა ვაუჩერი და მეცნიერების კონკურენციაზე დამყარებული დაფინანსება, სახელმწიფო დააფინანსებს წარმატებულ პროექტებს, რაც უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო მუშაობის ძირითადი წყარო გახდება. თავდაპირველად დაფინანსდება (ვაუჩერით, ან სტუდენტის მიერ განთავსებული ფულით) ბაკალავრიატი და ის მეცნიერი, რომელიც სტუდენტს ასწავლის, შემდეგ კი, როცა მაგისტრატურისთვისაც შემოვა, დაინერგება ეროვნული გამოცდები, სახელმწიფო გრანტს მაგისტრებიც მოიპოვებენ.
უმაღლესი განათლების მომავალსა და სამეცნიერო ხარისხების მინიჭების ახალი წესების თაობაზე გვესაუბრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ლომაია:
უმაღლესი სასწავლებლების ინსტიტუციური აკრედიტაცია უკვე დაიწყო, მათ დაეგზავნათ თვითშეფასების კითხვარები. ინსტიტუციურმა აკრედიტრაციამ კითხვა უნდა გასცეს ორ მარტივ კითხვაზე: შეესაბამება თუ არა კონკრეტული ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ-ტექნილური ბაზა და ინტელექტუალური რესურსები უმაღლესი განათლების პროგრამას, თუ პირველ კითხვაზე დადებითი პასუხი იქნება, მეორე კითხვა შემდეგნაირია, რამდენია იმ სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც ამ მატერიალურ ტექნიკური ბაზის პირობებში შეუძლია განათლების მიღება.
აკრედიტაციის ჩატარებას ითხოვდა ჯერ კიდევ უმაღლესი განათლების შესახებ არსებული ძველი კანონი. მის თანახმად, აკრედიტაცია 2000 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, რაც, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. დღეს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილია სპეციალური სააკრედიტაციო საბჭო. უკვე ჩატარდა რამდენიმე სხდომა. მასში მონაწილეობას ღებულობენ როგორც სამინისტროს, ასევე პარლამენტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ეს აკრედიტაცია ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულ პედაგოგ-მასწავლებელთა კვალიფიკაციას ვამოწმებთ. მაგალითად, უმაღლესი სასწავლებლის ლიცენზირების ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ პროფესორ-მასწავლებელთა 65%-ს მაინც უნდა ჰქონდეს კანდიდატის ხარისხი და 7% – დოქტორის. პირობები ასეთია: აუდიტორიების ფართი, საბიბლიოთეკო ფონდი, ფართის შეფარდება სტუდენტთა რაოდენობასთან, საბიბლიოთეკო ფონდთან, კომპიუტერუების უზრუნველყოფა.
რამდენი ხანი დასჭირდება გაცემული აკრედიტაციების გადახედვას? ხომ შეიძლება, რომ რომელიმე უმაღლესმა სასწავლებელმა ვერ გაიარა ახლა, მაგრამ ორი, სამი წლის შემდეგ შეძლოს აკრედიტაციის პირობების დაკმაყოფილება.
უმაღლეს სასწავლებელს, რომელმაც აკრედიტაციაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, ვადა 2 წლამდე მიეცემათ, რათა მოემზადონ, თავიანთი მატრიალურ-ტექნიკური ბაზა შესაბამისობაში მოიყვანონ, ინტელექტუალური რესურსი გააძლიერონ. აკრედიტაცია – ეს არ არის ჩასაფრებულის პოზიცია, რასაკვირველია, ეს არის კონტროლი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა დახმარება, რათა ექსპერტთა წრემ მიუთითოს უმაღლეს სასწავლებლებს სად აქვთ მათ სუსტი ადგილი. თუმცა, ბუნებრივია, ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც სარდაფებში და ორიოდ ოთახშია განლაგებული, აკრედიტაციას ვერ მიიღებენ.
მისასალმებელია, რომ სესი ძველი სახით აღარ იარსებებს, მაგრამ იქმნება მისი მიკრო მოდელი ექსპერტთა საბჭოს სახით, როგორ გაკონტროლდება მისი მუშაობა?
კანონით გათალიწინებულია გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც აკრედიტებული უმაღლესი სასაწავლებლის ფაკულტეტს, რომელსაც ექნება ამის სურვილი, საშუალება ექნება თვითონვე გასცეს დოქტორის ხარისხი, ამ მინიჭებულ ხარისხს აღარ დასჭირდება სხვა რომელიმე, ვთქვათ სესი-ს მსგავსი ორგანოს მიერ დადასტურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაკულტეტი და უნივერსიტეტი მთლიანად თვითონ ხდება გარანტი იმ ხარისხისა, რომელსაც მიანიჭებს. მომავალი აკრედიტაციის დროს ესეც შეფასდება, რომ უნივერსიტეტმა დაუმსახურებლად მიანიჭა რომელიმე პიროვნებას ხარისხი და იმოქმედებს შემდგომი აკრედიტაციის მიღებაზე. იმ გამკაცრებული კონკურენციის პირობებში და თამაშის წესებში, რომელსაც კანონი დაადგენს, მთავარია უმაღლეს სასწავლებელს მაქსიმალური ყურადღება მიმართული ჰქომდეთ იქითკენ, რომ ხარისხი არ დაეცეს, რადგან ამ ხარისხზე იქნება დამოკიდებული სტუდენტთა მოდინება, შესაბამისად, დაფინანსება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებაც. ჩვენ უბრალოდ ვქმნით მოწესრიგებულ კონკურენტულ გარემოს. ჩვენ და კანონი კი, ამ შემთხვევაში ვთამაშობთ მხოლოდ პირუთვნელი არბიტრის როლს, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მიმართ, უბრალოდ, ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ყველა წესი იქნება თანაბრად ამოქმედებული ამ სივრცეში მოქმედი ყველა უმაღლესი სასწავლებლის მიმართ.
როგორც ამბობენ, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, მაგისტის და ბაკალავრის წოდება უფრო ძნელადმისაღწევი და საპატიო გახდება, რა განაპირობებს სირთულეს და რა მოთხოვნები იქნება, ვთქვათ მაგსიტრების მიმართ წაყენებული, ამას განსაზღვრავს კანონი, თუ ექსპერტთა საბჭოები?
გარდამავალი პერიოდის შემდეგ იცვლება სწავლების ფორმა უმაღლეს სასწავლებლებში, კუსიდან კურსზე გადასვლა და საერთოდ კურსის ცნება როგორც ასეთი თანდათანობით წარსულს ჩაბარდება, იქნება კრედიტ-საათების სისტემა, როგორც არის ყველა დასავლურ უნივერსიტეტში, ანუ გარკვეულ საგნებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს გარკვეული კრედიტ-საათები, რათა შემდგომ პრეტენზია განაცხადოს სპეციალისტის, ბაკალავრის და შემდეგ მაგისტრის წოდების მიღებაზე. რაც შეეხება მაგისტრატურაში ჩარიცხვას, აქ მომზადდება და ჩატარდება ისეთივე ტიპის გამოცდები, როგორიც იქნება მისაღები გამოცდა, ერთიანი ეროვნული გამოცდა, რათა სახელმწიფომ გამოავლინოს ის საუკეთესო ბაკალავრები, რომლებიც იმსახურებენ მაგისტრატურაში სწავლების გაგრძელებას. რასაკვირველია, ნორმატიული აქტი ზღვრულ პარამეტრებს დაადგენს, ხოლო ამ პარამეტრების შევსებას შინაარსით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლები მოახდენენ.
ანუ, მაგისტრების მიმართ მოთხოვნა, შესაძლოა, სხვადასხვა სასწავლებელსა თუ ფაკულტეტზე განსხვავებული იყოს?
ეს ყველგან ასეა, მაგრამ ერთია მთავარი, რომ სამართლის მაგისტრის წოდება გაცემული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ თავსებადი უნდა იყოს დასავლეთის ნებსიმიერი უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემულ სამართლის მაგისტრის წოდებასთან. ეს არის ჩვენი ამოცანა, მრავალფეროვნება, ბუნებრივია, შენარჩუნებული იქნება, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი სამართლის მაგისტრის წოდებას სხვადასხვანაირად ძერწავს და აკონსტრუირებს, ამას სინამდვილეში მოცემულ ფარგლებში თვითონ სტუდენტი აკეთებს. იგი მიდის უმაღლეს სასწავლებელში, იქ არ ხვდება გამოკრული ცხრილი, თვითონ ირჩევს საგნებს, მაგრამ არსებობს პირობა, რომ მთავარ მაპროფილებელ სპეციალობაში მას უნდა ჰქონდეს მოსმენლი რაღაც გარკვეული ზღვრული რაოდენობის ლექციები და ჩაბარებული გამოცდა, სხვა საგანში სხვა რაოდენობა და ა.შ. მესამე და მეოთხე საგანი უკვე შერჩევითია. ანუ სტუდენტს შეუძლია დაესწროს მეორე, მესამე წლის სტუდენტებთან ერთად ლექციას, იმის მიხედვით, ვინ როგორ ააგებს თავის სწავლის პროგრამას. კანონის გამოქვეყნებისთანავე არა, მაგრამ თანდათანობით ჩვენ ამ სისტემაზე გადავალთ.
ვთქვათ, ადამიანი ხარისხით არის კანდიდატი და მაისამდე სადოქტორო დისერტაციის დაცვა ვერ მოასწრო, როგორ უნდა მოიქცეს შემდეგ?
კანდიდატებს თავიანთ ნაშრომს და წოდებას არავინ და ვერავინ წაართმევს, იგი სიცოცხლის ბოლომდე იქნება მეცნიერებათა კანდიდატი, ისევე, როგორც დღეს გვყავს სსრკ სახალხო არტისტები, საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლები და ა.შ. საუბარი არის იმაზე, რომ კონკრეტული სამეცნიერო წოდების მქონე პიროვნების თნამდებობა როგორი იქნება ფაკულტეტზე, ფაკულტეტი თვითონ განსაზღვრავს კონკრეტულად მეცნიერებათა კანდიდატს თანამდებობათა ახალ იერარქიაში რა თანამდებობა შეესაბამება. იქნება ის ასოცირებული პროფესორი თუ ასისტენტ-პროფესორი, ამას უკვე ფაკულტეტები განსაზღვარვენ კონკრეტული პიროვნების კონკრეტული დამსახურებებიდან გამომდინარე. მაგრამ, როცა ჩვენ ახალ სისტემაზე გადავალთ, არ იქნება მეცნიერებათა დოქტორი ზოგადად, იქნება თბილისის სახელმწიფო უნივესრიტეტის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი და ა.შ.
თვითონ ის ფაქტი, რომ 12 წლის წინ ადამიანმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და შესაძლოა, ამ ხარისხით ახალ სისიტემაში კონვერტაცია მოხდეს სადოქტორო ხარისხსში, პიროვნებას არავითარ გარანტიას არ აძლევს რომელიმე თანამდებობის დასაკავებლად. ამის გარანტიას მას მისი კონკრეტული დამსახურებები, ღირსებები, პუბლიკაციები თუ სამეცნიერო- პედაგოგიური მოღვაწეობა მისცემს, რომელიც განახორციელა იმ მომენტიდან, როცა მან საკანდიდატო ხარისხი დაიცვა.
ეკონომიკურ მეცნიერებაში იმპაქტ-ფაქტორის მოთხოვნა, ფაქტიურად, შეუძლებელს ხდიდა სადოქტორო დისერტაციის დაცვას, რადგან იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალები ძირითადად ინგლისურენოვანია და მათ არ აინტერესებს ტრანზიტული ეკონომიკის პრობლემები. დარჩება თუ არა იგი თუ ამასაც ფაკულტეტი გადაწყვეტს?
თუ ფაკულტეტს მოეწონა, რასაკვირველია, იმპაქტ-ფაქტორის მოთხოვნა დარჩება და ეს მათი გადასაწყვეტია. ერთ რამეს გეტყვით, არსად ისეთი ცხოველი ყურადღება არ ეთმობა დისერტაციის დაცვის, ასე ვთქვათ, პროცედურას, როგორც ჩვენთან. ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ შეერთებულ შტატებში, დასავლეთში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ერთი და იგივე ხარისხის მქონე სხვადასხვა უნივერსიტეტებში შესაძლოა სხვადასხვა დონის მკვლევარი იყოს, იმიტომ, რომ სადღაც მოთხოვნები მაღალია, სხვაგან ასე არ არის, აუცილებელი არ არის ყოველივე ეს იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებთან იყოს მიბმული, მაგრამ ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი ტრადიციულად უფრო მაღალ თამასას აწესებს და ეს მათი უფლებაა.
უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტონომიურობის ასეთი მაღალი ხარისხის მინიჭება, სამეცნიერო ხარისხებისადმი ჩვენში არსებული დაუოკებელი სწრაფვა ამ პროცესს უმართავს ხომ არ გახდის და მის გაუფასურებას ხომ არ გამოიწვევს?
იმაზე მეტი გაუფასურება, რაც დღეს არის, ძალიან ძნელი მისაღწევია, იმიტომ, რომ მეცნიერებათა დოქტორი საბჭოთა გაგებით, როგორც შემდეგ ჩვენ გადმოვიტანეთ, ნიშნავდა მეცნიერებაში ახალი მიმართულების შექმნას. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ყველა მეცნიერებათა დოქტორმა მეცნიერებაში ახალი მიმართულება შექმნა. ამიტომ, გაუფასურებაზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ ვამბობთ, ხარისხს კი არ ჰქონდეს მნიშვნელობა, არამედ მეცნიერული კვლევის რეალურ ღირებულებას და კვლევას. მესმის, რომ ეს შესაძლოა დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ თუ რეალურად არ მივედით იქამდე, რომ კონკრეტულ ნაშრომს და კვლევას სარეცენზიოდ გავუგზავნით წამყვან ექსპეტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამის სფეროში, როგორც ეს ხდება ყველაგან, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ ეს კვლევა რეალურად რა ღირს, რადგან იშვიათი არ არის პლაგიატის შემთხვევები. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ყოველთვის გადაჭარბებული ყურადღება ექცეოდა დისერტაციის დაცვის პროცედურას. თუ პროცედურა იქნება მარტივი, მაგრამ ეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაკულტეტებმა შექმნან მექანიზმი, რომ კონკრეტული კვლევა იყოს საერთაშორისო მკვლევარებთან დაგზავნილი, მაშინ სურათი სავსებით ნათელი იქნება და ხარისხებისთვის რბოლა ავტომატურად დაოკდება და დაილექება მართლაც თითიდან გამოწოვილი თემები. ჩვენ უნივერსიტეტებს კი არა, სტუდენტებს ვაფინანსებთ, რომლებიც არასოდეს მივლენ ბუტაფორიული ხარისხებისა და წოდებების ფაკულტეტებზე, არამედ მივლენ იქ, სადაც სმენიათ, რომ ჰყავთ რეალური სპეციალისტები. იმ სამარცხვინო პროცედურებს და ვაჭრობას, რომელიც ბოლო წლებში სამეცნიერო ხარისხების მინიჭებისთვის იმართებოდა, წერტილი უნდა დაუსვას იმან, რომ უმაღლესი სასწავლებლები თვითონ გახადო ხარისხისთვის პასუხისმგებელი აკრედიტაციით. სახელმწიფოს აკრედიტაციის სახით ხელთ აქვს რეგულირების საკმაოდ მკაცრი ბერკეტი. თუ ფაკულტეტი ისე გააუარესებს სამეცნიერო კვლევების დონეს, რომ ხარისხს სრულიად დაუმსახურებელ ადამიანს მიანიჭებს, ეს ძალიან ნათლად გამოჩნდება შემდეგი აკრედიტაციის დროს. ის რისკის ქვეშ აყენებს მთელი ფაკულტეტის არსებობას, ვინაიდან ფაკულტეტის ავტონომიის დონე მაღლდება და მის მართვაში ჩართული იქნება ფაკულტეტის ყველა პროფესორი, გარკვეულწილად სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასეთნაირად დაზღვეული უნდა ვიყოთ, რომ არა თუ დევალვაცია არ მოხდეს, პირიქით, რეალური შინაარსის თავსება იმ სამეცნიერო წოდებებისა თუ ხარისხებისა, რასაც ფაკულტეტი მიანიჭებს.
გამოდის, რომ საქართველოში უკვე არსებულ მეცნიერებათა კანდიდატები “გარდაიცვლებიან”, ან დაქვეითდებიან და გაუტოლდებიან უნივესრიტეტის კურსდამთავრებულებს, მაგრამ ძველ კანდიდატებად კი დარჩებიან.
განათლებაში მეცნიერული მოღვაწეობის რეფორმა შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული შემადგენელი ნაწილისაგან: სწორი თამაშის წესები, ანუ ნორმატიული აქტები, უნივერსიტეტის დებულება და სხვა, მაღალანაზღაურებადი პროფესურა, შესაბამისად, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია და მორალური სახე აქვს, სტიმულის მქონე მაღალი შეგნების სტუდენტი, რომელსაც უმაღლესის სასწავლებლის დიპლომის აღების შემდგომ აუცილებლად დასჭირდება სასწავლებელში მიღებული ცოდნა და განათლება, რათა თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანაში და ბიზნესში იპოვოს მაღალანაზღაურებადი სამსახური. თავის მხრივ, მაღალანაზღაურებადი სამსახური სტუდენტისაგან მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, სტუდენტი კი მაღალ კვალიფიკაციას პედაგოგს სთხოვს, მან უნდა მისცეს მაღალი კვალიფიკაცია სტუდენტს და ამისთვის, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი, არ შეიძლება 56, ან 100 ლარიანმა პროფესურამ სტუდენტს ისეთი კარგი განათლება მისცეს, რომ მან მაღალანაზღაურებადი სამსახური იპოვოს, მით ურო, ჩვენთან ბაზარი არ არის განვითარებული და კარგ სამსახურებში ჯერაც ნაცნობ-მეგობრობით ეწყობიან და განათლება პრიმატი არ არის, ამიტომ დიდი შანსია კურსდამთავრებული უმუშევარიც დარჩეს. აქედან გამომდინარე რეფორმა არ არის ერთჯერადი აქტი, არამედ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შეიძლება წლების მანძილზე გაგრძელდეს. თუმცა, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია. 1 ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა, რომელზედაც შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც არის დოქტორანტი მაინც, უძღვება ლაბორატორიულ, სასემინარო, ან პრაქტიკულ მეცადინეობებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას.
2 ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა, რომელზედაც შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3 ემერიტუსი – 65 წელს მიღწეული პროფესორი ხდება ემერიტუსი, უნარჩუნდება სრული ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მას ენიჭება უფლება, იკითხოს ლექციები და სტუდენტებთან იმუშაოს საკუთარი სურვილის მიხედვით, მაგრამ მას აღარ ექნება უფლება დაიკავოს აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობა.