ქართული “გრემი” უცნობის ტრიუმფი

ავთო ჩიტიძე

ამერიკულ “გრემსა” და “ოსკარზე” მეოცნებე ქართველმა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ქართველი ვარსკვლავებისათვის “გრემის” ანალოგი შეექმნათ. სამი წლის წინ “ვერცხლის ვარსკვლავი” შეიქმნა, იგივე “მეგა”, რომელიც წლის ყველაზე გემოვნებიან და სექსუალურ მომღერლებს გადაეცემოდა. იდეის ავტორი ბესო ჩუბინიძე იყო. წელს, 12 აპრილს “მეგას” დაჯილდოება მესამედ ჩატარდა. ორგანიზატორები ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ წლევანდელი ცერემონიალი რატომღაც “ოსკარის”იდენტური იქნებოდა(?!), მეტიც, ფილარმონიის წინ ვარსკვლავურ ბილიკსაც კი შეგვპირდნენ, მაგრამ… ვარსკვლავური ბილიკი მხოლოდ მეტრანახევარი სიგრძის გახლდათ. ქართველი ვარსკვლავები კი, მართალია, ჰოლივუდელებივით დაცვის თანხლებით გადმოდიოდნენ მანქანებიდან (საინტერესოა ვისგან იცავენ თავს?), მაგრამ მოკლე ბილიკზე პოზირება არც კი უფიქრიათ, თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, თითქოს ვიღაც მისდევდათ.

ვარსკვლავურ ბილიკზე პირველად ირმა სოხაძემ და მისმა ქალიშვილმა გაიარეს. ბილიკის გარშემო შეკრებილი თინეიჯერები დიდი ოვაციებით შეხვდნენ ლელა წურწუმიას, მამულიჩას და სტეფანეს გამოჩენას. ფანების გაწევ-გამოწევა იყო “ქუჩის ბიჭების” გამოჩენისას. სპეციალურად ამ დღისთვის მოსკოვიდან დათო ხუჯაძეც კი ჩამოვიდა, რომელიც პროდიუსერ ნატო დუმბაძისა და და პარტნიორ თიკა ჯამბურიას საზოგადოებაში იმყოფებოდა.

ვარსკვლავ ბილიკზე სწრაფი გარბენის შემდეგ “მეგას” დამღლელი ოთხსაათიანი ცერემონიალი დაიწყო, რომელიც აჩი ფურცელაძემ საქართველოს ჰიმნით გახსნა და საზოგადოება ფეხზე ადგა. “მეგას” დაჯილდოება არაფრით ჰგავდა “ოსკარის”ცერემონიალს, მაგრამ მის პაროდიად ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს. ნომინანტების გამოცხადებისას ეკრანზე მათი გაყინული სახეები სურათებივით ჩანდა. “მეგას” ნომინანტები თინეიჯერების მიერ შევსებული ანკეტებით შეირჩნენ, გამარჯვებულები კი პოპულარულმა ადამიანებმა – კომპოზიტორებმა, დიზაინერებმა და ჟურნალისტებმა – გამოავლინეს.

სოლო მომღერლებიდან წლის აღმოჩენად კახა კუხიანიძე და თიკა ჯამბურია დასახელდნენ, ჯგუფებად კი “რონდო”, რომელიც ამავდროელად წლის საუკეთესო ქალთა ჯგუფადაც აღიარეს. მამაკაცთა საუკეთესო ჯგუფად “ქუჩის ბიჭები” დარჩნენ.წლის ყველაზე სიმპათიურ ქალად 11 წლის ნინი ქარსელაძე გამოვლინდა, მამაკაცად კი – ბაჩო, ყველაზე სიმპათიურ ჯგუფად “ფლეში”. შოუ ბიზნესში ყველაზე საყვარელ ქალად ქეთა თოფურია მიიჩნიეს, მამაკაცად კი – დათო ხუჯაძე.

საპატიო “მეგა” კი თბილისიდან ბაქოში გადახვეწილ მანანა ჯაფარიძეს გადაეცა, რომელსაც აზერბაიჯანში უდიდესი მიღწევები აქვს.

საუკეთესო სოლო კონცერტებისა და ყველა დროის საუკეთესო მომღერლების ნომინაციაში წარმატება ირმა სოხაძეს და მერაბ სეფაშვილს ხვდათ წილად. ასე გაეცა პასუხი კითხვას, ვინ ვინაა ქართულ შოუ-ბიზნესში. გასულ წლებთან შედარებით წლევანდელი “მეგა” ტრიუმფალური უცნობისათვის აღმოჩნდა – იგი ოთხი პრიზის მფლობელი გახდა.