როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად შანსი ყველასათვის
ლაშა ბერიძე
თბილისელი ქალბატონი, ადა ქაისხეველი, როცა ამბობს, რომ მისთვის ფორექსზე თამაში ბევრად მეტია, ვიდრე მოგება და აზარტი, ადვილი დასაჯერებელია, რადგან ისიც ადვილი წარმოსადგენია, რა განცდა იქნება, როცა საქართველოში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ცხოვრების შფოთი ვერ აღწევს, კომპიუტერთან ზის თბილისელი დიასახლისი და მსოფლიოს გულის ცემას არის მიყურადებული: – დილის 10 საათზე ფორექსზე ევროპის რეგიონი შემოდის, 4-დან 5-მდე ამერიკა, ღამის 1 საათიდან ავსტრალია, სიდნეი და მელბურნი, დილის 4 საათზე კი – აზია.
ყველაზე საინტერესო ევროპის და ამერიკის ბაზარია, აზიის ბაზარი ძალიან ფაქიზია, ძალიან მგრძნობიარეა ყველა ცვლილების მიმართ, ამიტომ შედარებით წყნარი და არადინამიურია. ამერიკელებს მუშაობაში უფრო მეტი აგრესიულობა ახასიათებთ, უფრო სწრაფი ტემპი აქვთ და ამდენად უფრო საინტერესოა, – ამბობს ქალბატონი ადა, რომელიც დღემდე მუშაობს ბუღალტრად, აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და უკვე დაავადებულია ფორექსით.
ადა ქაისხეველი – უმაღლესი ეკონომიკური განათლება მაქვს მიღებული და მრავალი წლის მანძილზე ბუღალტრად ვმუშაობდი. ინტერნეტში შემთხვევით ვნახე, რომ ფირმა “ტელეტრეიდი” აცხადებდა მიღებას ვაკანსიაზე, სჭირდებოდათ ეკონომიკური ანალიზის უნარის მქონე ადამიანი, დამაინტერესა რა სახის ეკონომიკურ ანალიზზე იყო საუბარი. “ტელეტრეიდი” რუსეთის მსხვილი სადილინგო კომპანიაა, რომელიც შედის ფორექსში და გათვლილია კერძო პირებზე, რომლებთაც შეუძლიათ გააფორმონ ხელშეკრულებები, შევდინენ ფორექსში და იმუშაონ. “ტელეტრეიდის” აქაურ წარმომადგენლობაში მისვლისას სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ალბათ, პირველად ჩემს ცხოვრებაში რაღაცა უფასოდ მასწავლეს. თავიდან ზოგადი ნაწილი შევისწავლეთ: რა არის ფორექსი, მხსვილი ქვეყნების ეკონომიკის მიმოხილვა გავიარეთ, ტექნიკური ანალიზი, შემდეგ გადავედით, კონკრეტულად პროგრამის შესწავლაზე, რომელსაც “მეტატრეიდერი” ჰქვია, მნიშვნელობა არ აქვს თბილისში იქნები, ავსტრალიაში, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მსხვილი ლოტით შედიხარ, თუ წვრილით, ფორექსზე “მეტატრეიდერით” მუშაობ. ამ პროგრამის საშუალებით იწყებ და ასრულებ ოპერაციას, ტექნიკური ანალიზისთვის “მეტატრეიდერს” გააჩნია სხვადასხვა ინდიკატორების გამოყენების საშუალება. ყოველივე ამან ძალიან დამაინტერესა. როგორც ვხედავ, საქართველოში ბიზნესი სულ რამდენიმე სახის არსებობს, არის უცხოური ინვესტიციით გაკეთებული მსხვილი ბიზნესი, გავლენიანი პერსონის ბიზნესი, ან რესტორნების, კაფეების და სახაჭაპურების ბიზნესი. “ტელეტრეიდში” მისვლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ თუ ადამიანს ცოტა საშუალება მაინც აქვს, სახაჭაპურის გახსნას და ბაზარში ყველის საყიდლად სიარულს, ფორექსზე მუშაობა სჯობს, ეს არის სუფთა ინტელექტუალური ბიზნესი, გული მწყდება, რომ ადამიანებს ურჩევნიათ ისეთ ბიზნესს მოჰკიდონ ხელი, რომელიც ინტელექტუალურად არაფერს აძლევს, ფორექსი ადამიანების დასაქმების შესანიშნავი საშუალებაა.
როდესაც ინტერნეტში მუშაობის პროცესში ხარ, სულ კითხულობ, განუწყვეტლივ მოდის ზღვა ინფორმაცია, ხედავ, რითი ცხოვრობს, როგორ დუღს და ფეთქავს მთელი მსოფლიო და ვირტუალურად შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხდები. ამით ერთხელ თუ დაავადდი, ჩათვალეთ, რომ განკურნება შეუძლებელია.
ეს არა არის თამაში, როგორც ეკონომისტი, მიმაჩნია, რომ ყველზე რთული სამუშაოა. ავიღოთ ბუღალტერია, ბუღალტერს აქვს ლავირების უამრავი საშუალება, ათი წელი ბუღალტრად ვარ ნამუშევარი, მაგრამ საბოლოო ჯამში მიდიხარ ორად ორ ამოსავალამდე, ეს არის საგადასახადო კოდექსი და საერთაშორისო სტანდარტები. ეს იცით როგორი სამუშაოა? ითვლი, გაანალიზებ, მიდიხარ ბოლო წერტილამდე და უეცრად შეიძლება ყველაფერი უკუღმა ამოგიტრიალდეს. აქ არ არსებობს ამოსავალი წერტილი, ჩათვალე, რომ თუ ამ საქმით ხარ დაკავებული, მთელი ცხოვრება რაღაცას ეძებ, დროთა განმავლობაში ხვდები, რომ წუთი არ არის, ტვინი რომ არ გიმუშავებდეს. ამის ახსნა შეუძლებელია, ეს თვითონ უნდა ნახოთ და იგრძნოთ.
რამდენ ხანში აითვისეთ ზოგადი ნაწილი და მეტადრეიდერში მუშაობა?
მთლიანად სტაჟირებას თვენახევარი მოვუნდი, მოსკოველი ინვესტორისაგან დაფინანსებაზეც იყო საუბარი, მაგრამ ისეთი პირობები წამოგვიყენა, რომ მუშაობა თითქმის შეუძლებელი იყო, ასეთი პრინციპებით მუშაობა მხოლოდ ორი ან წელიწადნახევარის შემდეგ არის შესაძლებელი, როცა ბაზრის ყველა ნიუანსი კარგად გაქვს შესწავლილი. თავიდან ეს ძალიან რთულია.
მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, კონკრეტულად რაში და როგორ კეთდება ფული?
წარმოიდგინეთ, შედიხართ ფორექსში, პროგრამაში გამოდის ინფორმაცია, გრაფიკულად გამოსახული ვალუტის მოძრაობა. ყოველივე ამას თვალყურს ადავნებ, აკეთებ ტექნიკურ ანალიზს, რომელშიც გამოყენებულია ფიზიკის, მათემატიკის, თქვენ წარმოიდგინეთ, გამოყენებითი მეცნიერების ძალიან ბევრი დებულებები და ალბათობის თეორია, გამოყენებულია სტატისტიკური მაჩვენებლები. ამას ჰქვია ტექნიკური ანალიზი, ანუ ანალიზის ერთი მხარე, რომლის საფუძველზე შემუშავებულია ძალიან ბევრი ინდიკატორი, მიახლოვებითი ალბათობა იმისა, ვალუტა ზევით წავა თუ ქვევით. გარდა ამისა, კეთდება ფუნდამენტალური ანალიზი, რომელშიც შედის ეკონომიკური, პოლიტიკური სიახლეების მიმოხილვა. არის მომენტები, როდესაც ფუნდამენტალურ ანალიზს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ხდება პირიქითაც, როცა ტექნიკური ანალიზიც საკმარისია. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბაზარზე სიტუაციას აანალიზებ და გათვლი, რომ ვთქვათ, დოლარი ფრანკთან მიმართებაში გაიაფდება. ასეთ სიტუაციაში იღებ გადაწყვეტილებას, რომ დოლარი გაყიდო, თუ გაგიმართლა და დოლარი მართლაც გაიაფდა, ამაში უკვე ფულს იგებ. ყველანაირი ანალიზის გარდა არსებობს ინტუიცია, რომელსაც ბირჟაზე მუშაობისას 20% უჭირავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიასაც.
რა გაქვთ მხედველობაში?
როდესაც ძალიან კარგად მუშაობ და გიმართლებს, ბაზარს არ უნდა გაუთამამდე. უნდა იცოდე როდის უნდა გამოხვიდე ბაზრიდან, ეს ერთ-ერთი ხელოვნებაა და ასევე ისიც, როდის უნდა შეხვიდე. თუ დავუშვათ, ტრეიდერმა ნახა, რომ მან წააგო, სჯობს ფსიქოლოგიურად ეს მომენტი გადალახოს, თავი მოთოკოს და გააფთრებით არ ეკვეთოს იმავე წუთში ბაზარს, იმიტომ, რომ ეს შეიძლება უფრო სავალალოდ დასრულდეს. ძალიან კარგია, როცა ტრეიდერს არ აქვს ბაზრის შიში, რაც დამღუპველია და საუკეთესო ვარიანტია, როცა ტრეიდერი ცივი გონებით მოქმედებს.
რამხელა თანხაზე შეიძლება თამაში?
ეს, რასაკვირველია, შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, რამდენი აქვს ადამიანს თანხა. “ტელეტრეიდს” მინიმალური თანხა ანგარიშის გასახსნელად დაწესებული აქვს 2000 დოლარი. მე 3 ათასით დავიწყე, რადგან მეტის საშუალება არ იყო. ბაზარზე თავისუფლად რომ იმუშავო და იმოძრავო, 5 ათასი მაინც უნდა გქონდეს ანგარიშზე. თუმცა რისკი დიდ ფულთან უდრო მეტია, ამ საქმეში რისკი 20%-ია.
სად და როგორ ხდება ანგარიშის გახსნა?
ანგარიში იხსნება ციურიხში, სადილინგო კომპანიის წარმომადგენლობას უფლებამოსილება აქვს გააფორმოს კონტრაქტი, შემდეგ თანხა გადაირიცხება შვეიცარიაში ფორექსის ანგარიშზე, შვეიცარიიდან თანხის ანგარიშზე დადების შესახებ დასტურის მოსვლის შემდეგ ხდება პაროლის და ლოგინის დამტკიცება და როდესაც უკვე გაქვს ყოველივე ეს, ანუ თანხა ანგარიშზე, პაროლი და ლოგინი შეგიძლია ფორექსში იმუშავო. მოგებას იღებთ თბილისში, ნებისმიერი ბანკში, სადაც ანგარიში გაქვთ გახსნილი. მისი გამოტანა უპრობლემოდ ხდება.
ბუნებრივია, ფორექსზე მხოლოდ მოგებაზე ვერ ითამაშებ და წააგებთ კიდეც, მაგრამ რომ ანგარიშობთ, მთლიანობაში მოგებული ხართ თუ არა და რამდენი მოგიგიათ ყველაზე ბევრი?
მოგება რასაკვირველია მეტია, ყოფილა დღე, მომიგია 1750 დოლარი, ამ ფულით ადამიანს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს და კარგად, უზრუნველად იცხოვროს. თუმცა, კიდევ გეტყვით, რომ ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ფულის მოგება, ან აზარტი, საოცარია როცა საკუთარი თვალით უყურებ, როგორ უცემს გული მსოფლიოს.
რას აკეთებთ ფორსმაჟორული შემთხვევების დროს, ვთქვათ, შუქი ჩაქრა, ინტერნეტში გაითიშა, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ?
თვითონ პროგრამას გააჩნია ფუნქცია, რომლის მეშვეობით შეგიძლია ავტომატურ რეჟიმში მართო შენი თამაში. ჩვენ პირობებში ეს აუცილებელია. ასეთი შემთხვევა არა ერთხელ გვქონდა, მაგრამ, როცა ეს ფუნქცია დაყენებული გაქვს, გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან დაცული ხარ. ვთქვათ, ეკონომიკური ინტერვენციის დროს, როცა რომელიმე დიდი ბანკი დიდი რაოდენობით ვალუტას გამოყრის, ან შეისყიდის, ვითარება ბაზარზე ელვის უსწრაფესად იცვლება, თუ რეჟიმი არ გვაქვს ჩართული, პოზიციის დახურვას ვერ ასწრებ და სერიოზულად ზარალდები.
ანუ შეგიძლია ბაზარზე შეხვიდე, რეჟიმი ჩართო, ვალუტის სასურველი კურსი მიანიშნო და მერე მშვიდად დაიძინო, ან სადმე წახვიდე?
რასაკვირველია.
რა მოგებას ნახულობს ის სადილინგო კომპანია, რომელმაც მოგამზადათ, ფულის შოვნის გზა გასწავლათ და დაგანახათ, რატომ აკეთებს იგი ამას?
როდესაც ბირჟაზე ოპერაციას ხსნი, ავტომატურად გეწერება მინუს ხუთი. ჩემს შემთხვევაში მინუს ხუთი 50 დოლარია. ეს თანხა როგორ ნაწილდება ფორექსსა და სადილინგო კომპანიას შორის, მათი შიდა სამზარეულოა, რომელიც არ მაინტერესებს, ჩემთვის მთავარია სოლიდური ფინანსური კომპანია ხარისხიანად მომემსახუროს.
საქართველოში ფორექსზე მოთამაშე რამდენ ადამიანს იცნობთ?
ვინც ამ სადილინგო კომპანიით ვმუშაობთ, სულ ხუთნი ვართ. ისე ვიცნობ ათამდე ადამიანს, მაგრამ საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი თამაშობს.
ამ საქმეში სასურველია გქონდეს ეკონომიკური განათლება, სურვილი და დრო, რომ სულ იკითხო, ადრე, როცა რომელიმე პოლიტიკოსის გამოსვლას ვუსმენდი, მნიშვნელობა არ აქვს ქართველის თუ უცხოელის, მის სიტყვებს ვიღებდი ისე, როგორც ამბობდა, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ პროფესიონალი ვარ, ჯერჯერობით, ბაზრის ანბანს ვსწავლობ, მაგრამ ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ახლა ვცდილობ ამ სიტყვებს მიღმა ქვეტექსტი ვიპოვნო. ხშირად ყოფილა, რომ მეგობრებთან ერთად რამე მოვლენა ან პოლიტიკოსის გამოსვლა გაგვიანალიზებია, ეს ჩვენთვის სახუმარო თემა ყოფილა იმ თვალსაზრისით, რომ ეს საუბარი ქალების ჭორაობისთვის მიგვიმსგავსებია, მაგრამ ამაშიც რაციონალური მარცვალი უნდა დაიჭირო, ეს არ არის მხოლოდ ჭორაობა, ეს არის ანალიზი, რომელიც ხშირად საქმეში სასიკეთოდ წაგვდგომია.