საქართველოს სადაზღვევო ბაზარი, კოლაფსი თუ განვითარება
ფატი მამიაშვილი
დინამიური, პროგრესული, კონკურენტული – ასე ახასიათებენ ექსპერტები ადგილობრივ სადაზღვევო ბაზარს. საქართველოში დღეისათვის რეგისტრირებულია 16 მოქმედი სადაზღვევო კომპანია, მათ შორის არსებული მძაფრი კონკურენცია ბაზრის სწრაფ განვითარებას განაპირობებს. დაზღვევა – მომავალზე ორიენტირებული პროდუქტია, ხოლო მრავალფეროვანი სერვისი, რასაც კერძო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ, მაგალითად, ჯანმრთელობისა და პენსიის დაზღვევა, ხელმისაწვდომია საშუალო ფენისთვისაც.
მაგრამ, უცნაური ის არის, რომ სწორედ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის დაზღვევის ამ სახეობების შესახებ. კერძო კომპანიები, რატომღაც, ამ მხრივ აქტიურობას არ იჩენენ. სამაგიეროდ, ისინი წარმატებით აპროტესტებენ მოსალოდნელ ცვლილებებს კანონში “დაზღვევის შესახებ” და ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქმედი სადაზღვევო კანონმდებლობა ისედაც ლიბერალურია და მისაღებია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.
16 დეკემბერს, სასტუმროში “თბილისი-მარიოტი” ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესმენთა ფედერაციის, სადაზღვევო ასოციაციისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა განიხილეს “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები და დამატებები.
კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი ცვლილებები კომპანიებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს, შეამცირებს კონკურენტუნარიანობას, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სადაზღვევო ინდუსტრიას. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილების თანახმად: უცხოური სადაზღვევო ორგანიზაციების ფილიალებს არ მოეთხოვებათ მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნის დაცვა; უცხოური სადაზღვევო ორგანიზაციების ფილიალები არ დაექვემდებარებიან საქართველოში მოქმედ სადაზღვევო რეგულირების ნორმებს; უცხოური სადაზღვევო ორგანიზაციების ფილიალები გადაიხდიან უფრო დაბალ გადასახადებს.
კანონში ცვლილებები უკვე მიიღეს და 2005 წლიდან ახალი თამაშის წესები დამკვიდრდება. იქნება თუ არა ის ყველასთვის თანასწორი.
ფადი ასლი, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი საქართველოში:
“ცვლილებები, რომლებიც კანონპროექტში იგეგმება, ცუდად შედგენილია და სადაზღვევო ბაზარზე თანაბარუფლებიანობასა და თანასწორობას გამორიცხავს, უპირატესობას ანიჭებს ზოგიერთ კომპანიას და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ ინვესტორებს. თუ კანონპროექტი ამ სახით იქნა მიღებული, უცხოური კომპანიების ფილიალები მოექცევიან “სადაზღვევო სამოთხეებში”, ანუ გადაიხდიან ნაკლებ გადასახადს, შემცირდება ინვესტიციები და ქვეყნის ბიუჯეტი დაკარგავს მნიშვნელოვან თანხებს. “მრგვალი მაგიდა” გაიმართა დიალოგისთვის კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ უკმაყოფილო ვარ, რომ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები არ მოვიდნენ.”
გიორგი ისაკაძე, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი: “არ ვიცი, ვინ დგას კანონპროექტის უკან და ვინ არიან მისი ავტორები. არც არავინ ამბობს, რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებებისა და დამატებების შემოღება. მივესალმები ნებისმიერი ცნობილი, ახალი სადაზღვევო კომპანიის შემოსვლას საქართველოში, მაგრამ არა ამ გზით, რომელიც არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ადგილობრივ კომპანიებს.”
ალექსანდრე ტუღუში, “იმედი ელ”-ის მარკეტინგის დირექტორი:
“რა საჭირო იყო კანონში ცვლილებების შეტანა? – საქმე ის არის, რომ ვერავინ ვერანაირი მიზეზი ვერ დაასახელა ამის დასამტკიცებლად. მთავრობის ერთადერთი არგუმენტი კახა ბენდუქიძიემ გაახმოვანა და თქვა, რომ როცა უცხოელი ბიზნესმენები გაიგებენ, საქართველოში ისეთი მსხვილი სადაზღვევო კომპანიები მოღვაწეობენ, როგორიც არის “ეი აი ჯი”, თავისუფლად შემოვლენ თავისი ინვესტიციებითო. ეს არასაკმარისი არგუმენტია. “სიმენსმა” ან “ნოკიამ” თავისი ქარხნები არ გახსნა საქართველოში არა იმიტომ, რომ სადაზღვევო ბაზარზე “ეი აი ჯი” არ არის, არამედ პოლიტიკური სიტუაცია დაულაგებულია და არსებობს ომის თეორიული საშიშროება. უცხოელებმა იციან, რომ საქართველოში პოლიტიკურ ფიგურას შეუძლია გადაწყვიტოს ბიზნესის ბედი. ეს ნიშნავს, რომ ჯერ შორს ვართ კანონის უზენაესობისგან. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყოველთვის იყვნენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებსაც არ ჰქონდათ გრძელვადიანი პერსპექტივები. უკვე ნელ-ნელა რჩებიან პროფესიონალური სადაზღვევო კომპანიები. ახალი უცხოური კომპანიების სრულიად სხვა რეჟიმში მუშაობა მათ ინტერესებს შელახავს, თორემ არაკეთილსინდისიერი მოთამაშისთვის სულერთია, ვინ შემოვა და რა პირობებში იმუშავებს.”
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, არჩილ ცერცვაძის ინფორმაციით, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ხელახალი კონსულტაციების შედეგად, შეთანხმება მიღწეულია – კანონპროექტი გაითვალისწინებს კერძო კომპანიების ინტერესებს.
ბატონო არჩილ, რამდენად სამართლიანი პრეტენზიები აქვთ კერძო სადაზღვევო კომპანიებს “დაზღვევის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით?
საქართველო მიდის ევროინტეგრაციისკენ, გვინდა, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქცია იყოს საერთაშორისო დონის. როდესაც ჩვენი სამსახური შედიოდა მსოფლიო საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში, დაფუძნების თვალსაზრისით, შეზღუდვები მოვხსენით. თავდაპირველად, უცხოურ დამფუძნებელს არ შეეძლო, ქართულ სადაზღვევო კომპანიაში 49%-ზე მეტი წილი ჰქონოდა, დღეს მას შეუძლია, შემოვიდეს 100%-იანი წილით, მაგრამ ხვალ-ზეგ, საქართველოს ბაზარი უნდა იქნას მოწყობილი ევროპისა და დასავლეთის სადაზღვევო რეჟიმების შესაბამისად. თუ რომელიმე ცნობილი ევროპული სადაზღვევო კომპანია ფილიალს გახსნის ევროპის სხვა ქვეყანაში, ის არ ექვემდებარება ამ ქვეყნის ლიცენზირებას. იყო საშიშროება, რომ აქ შეიძლებოდა შემოსულიყვნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდნენ ფულის გათეთრებასა და სხვა ნეგატიურ მოვლენებთან. ამიტომ დადგინდა, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ ძლიერი ქვეყნების კომპანიები, OშD ტიპის ქვეყნებს. მე გულწრფელად გეტყვით, რომ ასეთი კომპანიების ფილიალებისთვის აბსურდია ხელმეორედ ლიცენზიის გაცემა. ასევე აბსურდი იქნება საზედამხედველო სამსახურის მხრიდან ფილიალების რეგულირება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ანგარიშს არ ჩაგვაბარებენ. ამ შემთხვევაში, მზღვეველების პოზიცია გასაგებია. ისინი ამბობენ, რომ არაერთგვაროვან რეჟიმში მოექცევიან, მაგრამ ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა, ოღონდ, სხვადასხვა სახის კორექტივებით! მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეფასებით, ამ შემთხვევაში, უფრო გამართლებულია დერეგულაცია, სამუშაო შეხვედრებისა და მსჯელობის შედეგად, გათვალისწინებული იქნება კერძო სექტორის მოთხოვნა და უცხოური კომპანიები დაექვემდებარებიან ლიცენზირებას.
საერთოდ, როგორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარი?
1997 წლამდე სადაზღვევო სისტემის რეგულირება არ ხდებოდა. დღეს კი, ბაზარი დინამიურად ვითარდება. 2004 წლის 9 თვეში სადაზღვევო პრემია იყო 32 მილიონი ლარი, ანუ იმაზე ოდნავ ნაკლები, ვიდრე გასულ წელს – მთლიანად (34 მილიონი). წლის ბოლოსთვის, ეს მაჩვენებელი 40 მილიონ ლარს გადასცდება. სადაზღვევო კომპანიებს აქვთ საკმაოდ ნორმალური და ხელმისაწვდომი პროდუქტები საშუალო ფენისათვისაც, თუმცა, ამის შესახებ მოსახლეობა ხშირად ინფორმირებული არ არის. საერთო ეკონომიკურ ფონზე, დაზღვევა გამოირჩევა შემოსავლების ზრდის ტენდენციით. იყო პერიოდები, როცა სადაზღვევო პრემიების ხვედრითი წილი სავალდებულო დაზღვევიდან მოდიოდა. დღეს ეს ტენდენცია აღარ არსებობს, ვინაიდან დაზღვევის სფეროში თანხები, ძირითადად, ნებაყოფლობით შემოდის. ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელიც იზრდება. შედარებით პოპულარულია სამედიცინო (2004 წლის 9 თვეში გაცემულია 4 მილიონი ლარი) და ქონების დაზღვევა. დღეისთვის მუშაობს 16 სადაზღვევო კომპანია, ამას ემატება ეროვნული ბანკის კერძო საპენსიო სქემა. რაც შეეხება კერძო საპენსიო დაზღვევას, რამდენიმე კომპანიას (ჯი პი აი ჰოლდინგი, იმედი ელ, ალდაგი, ბრიტანეთი-კავკასია, ევროპეისი) უკვე აქვს შესაბამისი ლიცენზიები. საპენსიო ასაკში სოლიდურ თანხებს მიიღებენ საპენსიო სქემის მონაწილეები, რომლებიც, ამავე დროს, საპენსიო ფონდის საინვესტიციო მოგების მონაწილეებიც არიან. აქ კონტროლის მექანიზმებიც გამჭვირვალეა, მაგრამ სახელმწიფოსგან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. საპენსიო სქემაში საკმაოდ სერიოზული ფილტრებია. საპენსიო სქემის დამფუძნებელს ლიცენზიის აღებამდე მოეთხოვება სოლიდური საწესდებო კაპიტალი: სადაზღვევო კომპანიას – 1 მილიონი ლარი, არასადაზღვევო კომპანიას – 2 მილიონი ლარი, კომერციულ ბანკებს საწესდებო კაპიტალს ეროვნული ბანკი უწესებს.
სადაზღვევო კომპანიები საოჯახო დაზღვევასაც საკმაოდ შეღავათიან ფასებში ახორციელებენ. ამ მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით, ჩვენთან უფრო დაბალი ფასებია.
როგორ აფასებენ უცხოელები საქართველოს სადაზღვევო ბაზარს? უცხოელების შეფასებებით, ადგილობრივი ბაზარი მზარდია და პერსპექტიული. ამას საქართველოს საერთო გეოპოლიტიკური მდებარეობა განაპირობებს. მთელ რიგ კრიტერიუმებში, საკმაოდ მაღალ შეფასებას ვიმსახურებთ.
ჩვენი სამსახური 1999 წლიდან დაზღვევის მსოფლიო ზედამხედველთა ასოციაციის წევრია. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია მხოლოდ რუსეთი და ყაზახეთი. შვიდწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახური ე.წ. “სრულყოფის” პროცესშია, ანუ პირველადი ბაზა უკვე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაშია მოქცეული და გადავდივართ მეორე ეტაპზე, რაც ითვალისწინებს სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევისა და კერძო საპენსიო დაზღვევისათვის საჭირო ნორმატიული ბაზის შექმნას. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული მსოფლიო ბანკი.
რამდენად გამართლებულია ავტო-მოტოტრანსპორტზე სავალდებულო დაზღვევის 2007 წლამდე გაუქმება?
ავტომოტოტრანსპორტის დაზღვევის სახეობა 1997 წლიდან მოქმედებდა. იგი ხასიათდებოდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებითაც. დადებითი ის იყო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზარალებული ადამიანები წლების შემდეგ კომპენსაციების სახით სოლიდურ თანხას იღებდნენ, უარყოფითი მხარე დაკავშირებული იყო კონკურენციასთან, მონოპოლიურ მომენტებთან. დაზღვევის ეს სახეობა მიბმული იყო ტექნიკურ დათვალიერებასთან, აღსრულების პროცესში ხშირად იყო გაუგებარი მომენტები. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩაითვალა, მომხდარიყო ერთგვარი მორატორიუმი გარკვეულ სახეებზე. შესაბამის კანონში შენარჩუნებულია სავალდებულო დაზღვევა მომატებული რისკის ავტომოტოტრანსპორტზე (სამგზავრო მიკროავტობუსები, ავტობუსები, 3 ტონაზე მეტი ტვირთის გადამზიდი და სატრანზიტო ტრანსპორტი და ა.შ.). მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს სახეობები დაექვემდებაროს ტექნიკურ დათვალიერებას და სავალდებულო დაზღვევას.
გამოდის, რომ 2007 წლამდე, თუ ადამიანს სამგზავრო მიკროავტობუსი დაეჯახა, ზარალი აუნაზღაურდება, მაგრამ თუ მსუბუქი ავტომანქანა – მაშინ არა?
დიახ. 2007 წლამდე პერიოდი გამოყენებული უნდა იქნას იმისათვის, რომ კანონში აღმოიფხვრას ე. წ. “ხვრელები”, სავალდებულო დაზღვევა გახდეს ერთნაირად მისაღები ყველასთვის – დამზღვეველისა და მზღვეველისთვის.
მოსალოდნელია თუ არა ახალი წლიდან სიახლეები სადაზღვევო სივრცეში?
მიმდინარეობს მუშაობა ევროკანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. მომავალი წლიდან იგეგმება სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის გაზრდა, ნორმატივების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვება. თუმცა, ევროკავშირის სტანდარტებამდე ჩვენ კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება: სოცოცხლის დაზღვევისთვის – 3 მილიონი ევრო, არასიცოცხლის დაზღვევისთვის – 2 მილიონი ევრო, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი ციფრებია ჩვენთვის.
გიორგი კვირიკაძე, “ჯი პი აი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ავტომოტოტრანსპორტზე სავალდებულო დაზღვევა “მახინჯი პროდუქტი” იყო და კლიენტს ძალიან უმნიშვნელო სარგებელს სთავაზობდა, ანუ, არ იყო შექმნილი არც მომხმარებლისათვის და არც სახელმწიფოსთვის. “ჯი პი აი ჰოლდინგი” მომხმარებელს სთავაზობს ავტომანქანების დაზღვევის მრავალფეროვან სერვისს, მაგრამ ის პირველი ქართული სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც დანერგა კერძო საპენსიო სისტემა.
გიორგი კვირიკაძე: “ჩვენი გათვლებით, ერთწლიანი გამოცდილების მიუხედავად, სამედიცინო დაზღვევაში ყველაზე დიდი პორტფელი გვაქვს. სასიხარულოა, რომ კერძო საპენსიო დაზღვევაზე ლიცენზია ჩვენმა კონკურენტებმაც აიღეს, ეს ხელს შეუწყობს ამ ბიზნესის განვითარებას. ჩვენ უკვე გვყავს კორპორაციული და ინდივიდუალური კლიენტები, რომლებიც კმაყოფილნი არიან ჩვენი მომსახურებით. ბაზრის მოცულობები ბიზნესში ჯერ მცირეა, რაც განპირობებულია მძიმე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, გარდა ამისა, საფინანსო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და არც სახელმწიფო გვთავაზობს სტიმულს იმისათვის, რომ განვითარდეს კერძო საპენსიო სისტემა. თუმცა მე დარწმუნებული ვარ წელიწადნახევარში საქართველო გაუთანაბრდება თანამედროვე სადაზღვევო სტანდარტებს.”
სხვათა შორის, იმისათვის, რომ ფინანსურად უზრუნველვყოთ საკუთარი სიბერე, მაღალანაზღაურებადი სამსახური სულაც არ არის საჭირო. საკმარისია საპენსიო ფონდში ნებაყოფლობითი შენატანი, სულ მცირე, 10 ლარის ფარგლებში. ახალი პროდუქტების ხელმისაწვდომობის შესახებ სადაზღვევო კომპანიები, ძირითადად, ახდენენ კლიენტურის, და არა საზოგადოების ინფორმირებას.
დევი ხეჩინაშვილი, სადაზღვევო ასოციაციის ექსპერტი:
“ხალხმა ცოტა რამ იცის დაზღვევის შესახებ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სადაზღვევო ინდუსტრიის ბრალი. ვფიქრობ, ეს პრობლემა დაკავშირებულია ჩვენი საზოგადოების განწყობასთან, ვინაიდან არ ხდება მომავალზე რეალური ფიქრი. არადა, დაზღვევა – ეს მომავალზე ორიენტირებული პროდუქტია: დღეს უნდა წარმოიდგინო საფრთხეები, რომლებიც ხვალ გემუქრება და მათ წინააღმდეგ პრევენციული ზომები უნდა განახორციელო. ჩვენ ვგეგმავთ, გავააქტიუროთ საზოგადოების განათლება და ყველას გავაგებინოთ, რომ, მაგალითად, ჯანდაცვის დაზღვევა შეიძლება გადაწყდეს ხელმისაწვდომად, 40 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება
მთლიანად სადაზღვევო სივრცეს, ბაზარი წელიწადში 30%-ით იზრდება, კონკურენცია და სტრუქტურა გაუმჯობესებულია, აღარ დომინირებს სავალდებულო დაზღვევა, რომლის წილი უკვე 12%-მდე ჩამოვიდა. ბაზრის დინამიკა ძალიან პოზიტიურია, უბრალოდ, ბაზარი პატარაა – დაახლოებით, 40 მილიონი ლარი. მომავალი წლიდან სახელმწიფომ ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობით უნდა მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილებები სიბერის უზრუნველჰყოფისა და ჯანდაცვის ფინანსირებისათვის.”
“იმედი ელ”-ის მარკეტინგის დირექტორს, ალექსანდრე ტუღუშს მიაჩნია, რომ არანაკლები პრობლემებია ახალ საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში:
“წინა მოწვევის პარლამენტმა სადაზღვევო სისტემისთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა: დამქირავებელს ეძლეოდა უფლება, დაქირავებულთა სასარგებლოდ, დაბეგვრის გარეშე, გადაეხადა სამედიცინო და საპენსიო დაზღღვეის შენატანი – თვეში ხელფასის 30%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 100 ლარისა. ეს სერიოზული სტიმული იყო იმისათვის, რომ ამ სახის დაზღვევები განვითარებულიყო. სამწუხაროდ, ეს საკითხები ახალ საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული არ არის. არადა, ყოველწლიურად, საქართველოს მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებისთვის საკუთარი ჯიბიდან 600 მილიონ დოლარს ხარჯავს. ამ თანხის მხოლოდ 3-4% არის ოფიციალური შენატანი, დანარჩენი – ხელიდან ჯიბეში გადადის.”
ბატონო ალექსანდრე, დღეისათვის, ლიცენზია გაიცემა 15 სახის დაზღვევაზე. მე-16 სახის დაზღვევა – გადაზღვევაა. რამდენადაც ცნობილია, ამ სახის დაზღვევაზე ცალკე ლიცენზიის გაცემის პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს გადაზღვევა?
თავისი შინაარსით, სადაზღვევო სისტემა ინტერნაციონალურია, გლობალურია. მაგალითად, “მაგთიკომის” ქონება ჩვენს კომპანიაშია დაზღვეული. ჩვენი საწესდებო კაპიტალი 2 მილიონი დოლარია, “მაგთიკომის” ქონება კი – 60 მილიონ დოლარზე მეტია. ამიტომ, ეს რისკი გადაზღვეული გვაქვს სხვა კომპანიაში. “მიუნიხ რე” – მიუნხენის საგადაზღვევო საზოგადოება – ევროპის ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელსაც რამდენიმე მილიარდიანი ქონება აქვს, ყველა რისკს არც ის იღებს თავის თავზე და უნაწილებს სხვა კომპანიებს.”
არიან თუ არა დაზღვეულები სადაზღვევო კომპანიები თაღლითობისა და გაუგებრობებისგან?
გიორგი კვირიკაძე ამბობს, რომ საქართველოში გამოყენებულია ყველა ბერკეტი მსგავსი შემთხვევებისგან თავდასაცავად. ალექსანდრე ტუღუშის განმარტებით, მომხმარებელს არ უნდა შესთავაზო ისეთი სერვისი, რომლისთვისაც საზოგადოება მზად არ არის, მაგალითად, ძვირფასი ნივთებისა და სხეულის კონკრეტული ნაწილების, ვინაიდან საქართველოს სინამდვილეში ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი კლიენტები, რომლებიც ზარალის ანაზღაურების მიზნით, საკუთარ თვალსაც ამოითხრიან. როცა ხალხი მშიერია, ის ყველაფერზე წავა.
დღეს ძალიან მოდურია სპორტსმენების, ქონების, ნივთების და, რა თქმა უნდა, ძვირადღირებული ავტომანქანების დაზღვევა, როგორც გარე ზემოქმედებისაგან, ასევე ქურდობისგან. სამაგიეროდ, არ მოქმედებს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც უცხოეთში ფართოდ გავრცელებული სერვისია და ხშირად გამოიყენება ექიმებისა და პაციენტების ურთიერთობისას. ექსპერტების განმარტებით, ჩვენი კანონმდებლობა ისეა შედგენილი, რომ ძნელია, ექიმი დაადანაშაულო. მას ყოველთვის შეუძლია თავი იმართლოს.
როგორც ამბობენ, “კლიენტი ყოველთვის მართალია”. ჩვენს სადაზღვევო კომპანიებს, ჰყოლიათ პრეტენზიული მომხმარებლები და ყოფილა კურიოზული შემთხვევებიც, მაგრამ არ დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევა, რომ კლიენტს სხეულის რომელიმე, მისთვის ხაზგასმულად ძვირფასი ნაწილის, დაზღვევა მოეთხოვოს, მაგალითად, თმის, ფრჩხილების, თვალების და ა. შ. ჩვენებური სადაზღვევო კომპანიები ამისათვის ჯერ მზად არ არიან.