ბაზრობები და ლეგალური ბიზნესი
გიორგი ბერინაშვილი
საქართველოში არალეგალური ბიზნესის მოცულობა დღითიდღე იზრდება. თუ ქვეყანამ ვერ შეძლო ამ ტენდენციის გამომწვევი მიზეზების მოსპობა, იგი კატასტროფამდე მივა, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ყველაზე მეტად ეს ვაჭრობაში იგრძნობა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია ჩვენი ეროვნული პროდუქტის და სადაც დასაქმებულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. კომუნისტური ფორმაციის რღვევისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1992 წელს ვაჭრობის ლიბერალიზაციის დაშვება. მან მცირე ბიზნესის განვითარებაში, ხალხის დასაქმებასა და სასაქონლო დეფიციტის მოსპობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მაგრამ იგივე “ლიბერალიზაცია” ამჟამად ეწევა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის საფუძვლების ნგრევას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
საქართველოს ხელისუფლება დიდი დილემის წინაშე დგას. თუ არალეგალურ, არაორგანიზებულ, აღურიცხავ ვაჭრობას არ მოეღება ბოლო, ქვეყანას დაღუპვა ელის. მეორე მხრივ, მას არ შეუძლია აქ დასაქმებულ ხალხს შესთავაზოს სხვა სამუშაო ადგილები და სოციალური აფეთქების ეშინია. რაში მდგომარეობს გამოსავალი?
გამოსავალი (ალბათ, ყველაზე სწორი) ლეშეკ ბალცეროვიჩის დავალებით ეკონომიკის მინისტრმა, ვანო ჩხარტიშვილმა იპოვნა.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ახალი ინიციატივით წარსდგა მთავრობის წინაშე, რომელიც ვაჭრობის განვითარებასა და მისი პროგრამის ღონისძიებებს ეხება. ინიციატივის მომხრეთა შორის გამოდის აღნიშნულ სექტორთან მჭიდროდ დაკავშირებული შემოსავლების სამინისტრო, ასევე რეგიონალური მმართველობის ორგანოები. მოწინააღმდეგედ კი – ეროვნული ბანკი და სახელმწიფო მინისტრი. ინიციატივის საკვანძო საკითხი არაორგანიზებული ვაჭრობის 5000 ლარის ზევით უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადაყვანა გახლავთ. იდეას ეთანხმება ბალცეროვიჩის გუნდი, სსფ კი ეწინააღმდეგება. ვაწყდებით დილემას. რაშია ხსნა?
საქართველოს ოფიციალური მონაცემებით, ვაჭრობის სფერო, მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით, სწრაფი ტემპებით ვითარდება. გასულ წელს შიდა ვაჭრობის საქონელბრუნვის ზრდის ტემპმა 108.5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით მიმდინარე წელს, ექსპორტის დონე 39,5%-ით გაიზარდა და უმაღლეს დონეს მიაღწია – 460 მილიონ აშშ დოლარს. საგარეო ვაჭრობის ბალანსი ყოველწლიურად უმჯობესდება, მშპ-ში იზრდება ვაჭრობის ხვედრითი წილი.
შთამბეჭდავია შიდა ვაჭრობის საქონელბრუნვის დინამიკა. მაგალითად, 1994-2000 წლებში საქონელბრუნვის მოცულობამ 88 მილიონი ლარიდან მილიარდ 825 მილიონს მიაღწია, ანუ 20-ჯერ გაიზარდა.
შიდა ბაზარი გაჯერებულია საქონლით. დეფიციტი, პრაქტიკულად, არ არსებობს. ვაჭრობის საბითუმო და საცალო ქსელი დღითიდღე ფართოვდება. თითქმის დამთავრებულია სავაჭრო ქსელში პრივატიზაციის პროცესი და ეკონომიკის ეს სექტორი გადასულია საბაზრო ეკონომიკის რელსებზე, – აცხადებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი.
საინტერესოა ერთი რამ – ბაზარი კი სავსეა საქონლით, მაგრამ ხალხს თუ აქვს იმის საშუალება, რომ ეს საქონელი შეიძინოს?! თუ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, მოსახლეობას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. თუმცა, მოგეხსენებათ საქართველო და, განსაკუთრებით, თბილისი საოცრებათა სამყაროა და, ამდენად, ხალხი მაინც ახერხებს ნებისმიერი საჭიროების საქონლის ყიდვას. საიდან? – რა თქმა უნდა, არალეგალური და ჩრდილოვანი ბიზნესიდან.
დღის წესრიგში ამ ბიზნესის გათეთრებაა. საკითხავი კი ის არის თუ როგორ მოხდება ეს. ნებისმიერი გაუაზრებლად გადადგმული ნაბიჯი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ბიზნესისთვის და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, დღეისათვის რეგისტრირებულია 33 ათასი სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, მათში დასაქმებულია მხოლოდ 58 ათასი ადამიანი. საინტერესოა, რომ 1990 წლიდან ობიექტთა რიცხვი თითქმის განახევრებულია. მათში დასაქმებულები კი 6 – 5-ჯერაა შემცირებული. ეს მაშინ, როცა არაორგანიზებული ვაჭრობის მასშტაბები და მასში დასაქმებულთა რიცხვი, იმავე პერიოდში, თითქმის ათჯერ გაიზარდა.
სამწუხაროდ, ამ პერიოდისთვის ვერც ცენტრალური და ვერც ადგილობრივი ორგანოები ვერ ფლობენ იმ მაჩვენებლებს, თუ ვინ, სად, რით და რა მოცულობით ვაჭრობს. ამისათვის, საჭიროა განმტკიცდეს საანგარიშო – სააღრიცხვო დისციპლინა.
საინტერესოა, რომ სავაჭრო ბუმს სტიმული მისცა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 4 მაისის 522-ე დადგენილებამ “ვაჭრობის თავისუფლების შესახებ”. ამ დოკუმენტით, ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს უფლება მიეცა, შეუზღუდავად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე დახლებიდან და უშუალოდ ავტოტრანსპორტიდან მათთვის მოსახერხებელ ადგილებზე ივაჭრონ და ასევე ახორციელონ სხვა კომერციული და საშუამავლო საქმიანობა.
სწორედ იმ მიზანს, რომ გაუქმდეს ზემოხსენებული ბრძანებულება და მის ნაცვლად მიღებულ იქნას ვაჭრობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის პრაქტიკული რეალიზაცია ახალ საფეხურზე აიყვანს ვაჭრობის დარგს, ემსახურება ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ პერიოდისთვის, როცა ზემოხსენებული 522-ე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სხვა გზა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, პრაქტიკულად, არ არსებობდა. საინტერესოა, თუკი მაშინ ამ გზით შეეწყო ხელი მოსახლეობასა და ადგილობრივ ბიზნესს, დღეს რა კონკრეტულ ძალისხმევას გვთავაზობს ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის, რომ დღევანდელი კატასტროფული ეკონომიკური თუ ფისკალური მდგომარეობა ოდნავ მაინც გააუმჯობესოს?
პროგრამის ძირითადი მიმაართულებები მოიცავს ვაჭრობაში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას; სამომხმარებლო ბაზრის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას; თანამედროვე ტიპის სავაჭრო მომსახურების ინფრასტრუქტურის შექმნას, საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციების ეფექტურობის შემდგომ ამაღლებას; თავისუფალი, კეთილსინდისიერი კონკურენციის დამკვიდრებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და რაც მთავარია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობიდან გამომდინარე, ქვეყნის შიდა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ამ პროექტიდან, საზოგადოების, ისევე, როგორც 23 მაისის სამთავრობო სხდომის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ინიციატივამ იმის შესახებ, რომ ვაჭრობა 5000 ლარს ზევით გადავიდეს უნაღდო ანგარიშსწორებაზე, ანუ, ნებისმიერი მოვაჭრე, იქნება ეს ხელზე, დახლზე, ბაზრობასა თუ სხვა სახით მოვაჭრე, ვალდებულია, 5000 ლარის ზევით ივაჭროს საბანკო გადარიცხვების მეშვეობით.
ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოვაჭრე იძულებული იქნება დარეგისტრირდეს, როგორც მეწარმე, მიუხედავად იმისა ის ცალკე ვაჭრობს, თუ ბაზრობაზე აქვს ადგილი დაქირავებული. დღესდღეობით, ვაჭრობის 51% (ოფიციალური მონაცემებით) აღურიცხავია. მას შემდეგ, რაც მოვაჭრეები 5000 ლარის ზევით ნავაჭრს საბანკო ანგარიშებით გაასწორებენ, ბრუნვა ლეგალური გახდება. ანუ ეს გამოიწვევს იმას, რომ რეკორდული არალეგალური ვაჭრობა ეკონომიკის ლეგალურ სექტორში მოხვდება.
სისტემა თავისთავად შთამბეჭდავია, თუმცა, საქართველოს არსებული პირობებისათვის საკმაოდ მიუწვდომელი. პრობლემა ისევ და ისევ კორუმპირებული ლობისტური პოლიტიკაა. ნებისმიერ მოვაჭრეს ურჩევნია არალეგალურად გადაიხადოს რაღაც ფიქსირებული თანხა და თავი ნებისმიერი სხვა სახის გადასახადებისაგან გათავისუფლებულად იგრძნოს. სინამდვილეში, სწორედ ასეთი მიდგომის გამო, ბიუჯეტი უამრავ თანხებს კარგავს. როგორც სახელმწიფო შემოსავლების მინისტრი, მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, მათი ინფორმაციით, რომელიც სპეციალური ოპერატიული ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად იქნა მიღებული, თბილისის მარტო ერთი ბაზრობის ტერიტორიაზე 3500 არაორგანიზებულად მოვაჭრე დაფიქსირდა, რომლებიც ერთიანად დღეში 4000 ლარს ვაჭრობენ. საერთო ჯამში, არალეგალური ვაჭრობით, არალეგალური ბრუნვა თვეში 18 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, საბიუჯეტო გადასახადები მართლაც სერიოზული თანხების მობილიზაციას შეძლებდა, თუმცა, მისი რეგულირება დილემად იქცა.
მიხეილ მაჭავარიანის აზრით, ბაზრობაზე მოვაჭრეებმა ფიქსირებული კომპლექსური გადასახადი უნდა გადაიხადონ, რომელიც ბაზრობის ადმინისტრაციის ტარიფსაც მოიცავს და ყველა შესაბამის საბიუჯეტო შენატანს. ადმინისტრირება კი, შესაბამისად, ბაზრობის ხელმძღვანელობას უნდა დაევალოს. მაგრამ, მისივე განმარტებით, მოვაჭრეებს არალეგალური გადასახადის გადახდა უფრო აწყობთ, ვიდრე სახელმწიფო გადასახადის. თუმცა, სახელმწიფო გაცილებით იოლ ფორმებსა და მსუბუქ ტვირთს სთავაზობს მოვაჭრეს, ვიდრე ბაზრობის ადმინისტრაცია. ასე მაგალითად, ლილოს ბაზრობაზე ერთი კონტეინერის დაქირავება 100 დოლარი ჯდება, სახელმწიფო კი სულ რაღაც 43 ლარს ითხოვს.
რაშია პრობლემა? პირველი აუცილებლად ისაა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სახელმწიფო სტრუქტურებისადმი და მით უმეტეს, მათდამი, ვინც ფინანსებს მართავს, ნდობა აბსოლუტურად დაკარგული აქვს. მეორე კი, ალბათ, ის, რომ შემოსავლების მინისტრი 43 ლარში გულისხმობდა რაღაც კომპლექსური გადასახადის ნაწილს. რეალურად კი გადასახდელი გაცილებით მეტი იქნება. ყოველ შემთხვევაში, მეწარმეებისთვის შეღავათი აქამდე არ ყოფილა.
ინიციატივას 5000 ლარს ზევით უნაღდო ანგარიშსწორების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ირაკლი მანაგაძე. მისი აზრით, აღნიშნულის რეალობაში მოყვანა აბსოლუტურად შეუძლებელია. არგუმენტად კი ისიც ყოფნის, რომ სიახლეს სავალუტო ფონდი არ ეთანხმება.
სწორედ აქ ვაწყდებით კიდევ ერთ საოცარ ურთიერთდაპირისპირებას. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ინიციატივა ბალცეროვიჩის რეკომენდაციებში შედიოდა, თანაც თურმე საკმაო მხარდაჭერით. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ სსფ საპირისპიროს ფიქრობს და ამდენად, ინიციატივა მიუღებელია.
სამაგიეროდ, ინიციატივას ემხრობა ლევან მამალაძე, რომელიც განსაკუთრებულად მის პრეზიდენტისეულ ვარიანტს უფრო გამოექომაგა და ექსპერიმენტისთვის მზადყოფნა გამოაცხადა. ექსპერიმენტი კი გულისხმობს იმას, რომ არაორგანიზებული ვაჭრობის ლეგალიზებისთვის ვაჭრობის პროცესი ახალი სქემით წარიმართოს. კერძოდ, მაჭავარიანი აყენებს წინადადებას, შემოვიდეს ე.წ. საკასო აპარატები. ეს ის საკასო აპარატებია, რომელთაც ერთხელ უკვე კრახი განიცადეს, დღეს კი, ოფიციალურად, იმ მიზეზით არ ფუნქციონირებენ, რომ ქალაქში ელექტროენერგიის პრობლემაა. შემოსავლების მინისტრი პრობლემად არც ამას მიიჩნევს და აცხადებს, რომ აღნიშნულ აპარატებს დენის გათიშვის შემდეგ 12 საათი შეუძლიათ მუშაობა. ამდენად, ელექტროფიკაციის პრობლემა მოხსნილია. გაცილებით მნიშვნელოვანი, მისი თქმით, არის აპარატის ფისკალური ეფექტი, რომელიც, ალბათ, უკეთესი იქნება, ვიდრე არსებული სიტუაცია.
ვერ ვიტყვით, რომ საკასო აპარატებით ვაჭრობა მთავრობის სხდომის მიერაა მიღებული, ვინაიდან მას არც სახელმწიფო მინისტრი ემხრობა და მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, არარენტაბელურად მიიჩნევს.
საბოლოო ჯამში, საკითხი მთავრობის სხდომამ მიღებულად ჩათვალა. თუმცა, პრეზიდენტის დავალებით მხარეები ვალდებულნი არიან, ურთიერთთანამშრომლობით შეიმუშაონ პროექტის ახალი ვარიანტი და ყველა კორექტივის დაცვით ძალაში შეიყვანონ.