საშობაო ბრავო ვარშავაში

რედაქციისაგან

განვლილმა ათწლეულმა გვაჩვენა, რომ ერვოინტეგრაცია ჩვენი ბიზნესისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. დღესაც ჩვენი ექსპორტისა და იმპორტის 60-65% რუსეთზე, ანუ ძველ ბაზარზე მოდის. არადა, ევროპაში ბიზნესის ბასტილიის აღება ურთულესია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ქართულ ბიზნესს ახალი გზა შესთავაზა – დავიპყროთ ევროპის ბაზარი და ეს პროცესი მისი ახალი წევრი ქვეყნებიდან დავიწყოთ, ჯერ ჩრდილოეთის ქვეყნები პოლონეთი, ფინეთი, შვეცია, ხოლო შემდეგ ევროპის ცენტრი.

ამაში დიდი ლოგიკაა. ჩვენი ექსპორტის სტრუქტურას თუ გადავახედავთ, მართალია, ჯართი ძირითადია, მაგრამ ღვინო და ალკოჰოლური სასმელებიც შედის.

შუა დეკემბერში სავაჭრო პალატის მიერ ვარშავაში ბიზნეს-დესანტის გადასხმა მოხდა. შედეგად, სასტუმრო “მარიოტის” საგამოფენო დარბაზში თითქმის მთელი ქართული ბიზნესი იყო წარმოდგენილი. გამოფენა გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილმა და სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ჯემალ ინაიშვილმა. მათ პირველ რიგში საქართველო, მისი ისტორია, კულტურა, ფოლკლორი წარმოადგინეს. ეს იყო ჭეშმარიტად ქვეყნის რეკლამა, შემდეგ კი ბიზნეს-რეკლამა.

ჩვენდა გასაკვირად პოლონეთი “სევ”-ის ქვეყანა ყოფილა, რომელიც არც თუ კარგად იცნობს საქართველოს (როგორც ჩანს, ბალცეროვიჩს ჩვენზე ამბები არ ჩააქვს) და მათთვის ბევრი რამ აღმოჩენა იყო.

აშკარად გამოიკვეთა დიდი დაინტერესება ადგილობრივი მეწარმეების მხრიდან, დაიდო რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტი ფირმა “ყაზბეგთან”. გოგი თოფაძე კმაყოფილებას ვერ მალავდა პოლონელთა აქტიურობის გამო. “თელავის ღვინის ქარხანამ” იქვე გადაწყვიტა და განახორციელა კიდეც – ვარშავაში საკუთარი ფირმა გახსნა.

ყველა საქმიანი მემორანდუმის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მთავარი ერთია, გზა, რომელიც შეიმუშავა საქართველოს სავაჭრო-სამრეწვლო პალატამ, სწორი აღმოჩნდა – ჩვენ იქ ვჭირდებით.

ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი, ჩვენი მეწარმეები ძნელად, მაგრამ სწავლობენ ევროპის ექსპორტ-ოპერაციების თავისებურებებს, ახლა ვგრძნობთ, რას გვაძლევს ჭთO და როგორ გვიწყობს ხელს ვეროკანონმდებლობა.

მკაფიოდ შეიძლება ითქვას, ეს არის რეალიზებული პოტენციალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ქვეყნის რეკლამა. პალატა ასწავლის მეწარმეებს ბაზრის ოკეანეში ცურვას და მეწარმეობა ნამდვილად გასცდება დსთ-ს მასშტაბებს. ეს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისია.