ახალი წელი, ახალი ეკონომიკა, იმედი თუ შიში

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ახალი წელი ის “შემოდგომაა”, როცა თითქმის ყველა წიწილებს ითვლის. კეთდება შეჯამება, შეცდომების ანალიზი, შენდება მომავლის იმედები. მდგომარეობა სამხედრო-პოლიტიკურ ფონზე 2004 წლის დასასრულს კვლავ შეუცვლელი რჩება. გრძელდება ამერიკელების მკვლელობების სერია ერაყში, ხოლო მოუხელთებელი ბინ ლადენი კვლავ გამოდის სპარსეთის ყურეში ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშის მიტანის მოწოდებით.

ერაყში ბრიტანელი პრემიერის ბლერის და პენტაგონის შეფის, რამსფელდის უეცარი ვიზიტები (ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში) ამ შემაშფოთებელ სურათს ნაკლებად ცვლის. ყოველ შემთხვევაში, ხმები რამსფელდის გადადგომის შესახებ სულ უფრო აქტიურად ვრცელდება.

1

მიუხედავად მრავალი ცნობებისა დაბომბვების და სისხლისღვრის შესახებ, ჟურნალ “ეკონომისტის” პროგნოზით, 2005 წელს საომარი მოქმედებების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება. . ამის გარდა, მსოფლიოსთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს აგრეთვე მაღალი ფასები ნავთობზე, გაკოტრებების ტალღა, დოლარის კრიზისი, დიდი ტერორისტული აქტების შესაძლებლობა და დავა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის თაობაზე, რაც მომავალ წლისთვის ნაკლებად საიმედო და ოპტიმისტურ სურათს ქმნის. მიუხედავად ამისა, ბევრი ანალიტიკოსი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ოპტიმისტებს შორის გამოირჩევა არნოლდ შვარცნერგიც, რომელიც კალიფორნიის ეკონომიკის აღდგენას წინასწარმეტყველებს.

2
2005 წელს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება ორი ქვეყანა – არჩევნების შემდგომი ამერიკა და ჯერ კიდევ მზარდი ჩინეთი, რომლებიც დიდ ზეგავლენას მოახდენენ გლობალურ ეკონომიკაზე. საყურადღებო გახდება ჩინეთის რთული ურთიერთობები ტაივანთან, თუმცა კრიზისამდე არ მივა. აგრეთვე ყურადღების ცენტრში მოხდება ერაყში და შუა აზიაში პოლიტიკური სურათის შეცვლასთან დაკავშირებული აშშ-ის მცდელობები.

2004 წელს აღინიშნებოდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდა (2003 წელს ზრდა 3,9%-ეს შეადგენდა, ხოლო 2004 წელს – 5%-ს): გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები და ნავთობის ფასები, დაეცა ფასები საცხოვრებელ სახლებზე ბრიტანეთში და გაძვირდა ევროს კურსი. 2004 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო.

3

ჩვენს მიერ ნახსენები ამ წლის ცალკეული ფაქტები არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მოვლენებს, არამედ არის ერთი საერთო ისტორიის ცალკეული ნაწილი. ეს ისტორია დოტ.ცომ ერას შემდეგ დაიწყო, როცა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდისა და სამომხმარებლო ხარჯების სტიმულირების მიზნით საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს. დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა გამოიღო შედეგი და 2004 წელს მათმა ზეგავლენამ პიკს მიაღწია. მსოფლიო ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა, იაფი კრედიტები საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნის შენარჩუნებას უწყობდნენ ხელს, შენარჩუნდა მოთხოვნა ნავთობზეც, რომლის ფასმა ერთ ბარელზე 50 დოლარს მიაღწია.

2005 წელს ნავთობზე მაღალი ფასები, ალბათ, ყველაზე ნეგატიური ფაქტორი გახდება და მსოფლიო ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს. მსოფლიო ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 27 დოლარიდან 46,7 დოლარამდე გაიზარდა, რამაც გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება 0,5%-ით. მსოფლიო ბანკის ექსპერტები აგრეთვე ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ნედლი ნავთობის ფასი საშუალოდ 39 დოლარიდან 36 დოლარამდე შემცირდება. ასეთი ვარაუდი დაფუძნებულია იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკის შენელებული ზრდა შეარბილებს დაძაბულ მოთხოვნას “შავ ოქროზე”, ხოლო ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ნავთობზე მაღალი ფასებიდან უზარმაზარი მოგების მიღების თვალსაზრისით ნავთობპროდუქციის წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდიან. მიუხედავად ამისა, რადგან გლობალური მასშტაბით თანაფარდობა ნავთობის მოთხოვნისა და მიწოდების შორის კვლავ სუსტი რჩება, უახლოეს დროს ნავთობის ფასების მკვეთრ შემცირებაზე ჯერჯერობით საუბარი ადრეა. ამის გარდა, არ უნდა გამოვრიცხოთ საერთაშორისო ბაზარზე სერიოზული მერყეობების შესაძლებლობა.

4

ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებენ, რომ 2004 წელს სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, რომელიც მიღწეული იყო გადასახადების შემცირებით და დაბალი საპროცენტო განაკვეთებით, 2005 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება, მაგრამ მათი აზრით, ეს არც თუ ისე უიმედო პერსპექტივაა, რადგან 2005 წელს იწყება ეკონომიკური ზრდის მეოთხე ეტაპი, რომელიც განვითარდება ზომიერი, მაგრამ სტაბილური ტემპით.

აშშ-ის პრეზიდენტის გადასახადების შემცირების პოლიტიკის და ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელშეწყობით ამერიკელები შესყიდვებს კვლავ აგრძელებდნენ, ხოლო გაყიდვის სურვილით შეპყრობილი დანარჩენი მსოფლიო მათ ფულს ასესხებდა, მაგრამ მისი ასეთი გაურკვეველი ზრდა დიდი ხნით ვერ გაგრძელდებოდა. ასე რომ, 2004 წელს ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ დროა შეჩერდეს და საპროცენტო განაკვეთები ნორმალურ დონემდე დააბრუნოს.

კამათი ევროკავშირის კონსტიტუციაზე, საცხოვრებელი სახლების ბაზრის დეფლაცია, ევროს ზრდა – მომავალი წლის პროგნოზი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.

მომავალი წელი ევროპისთვის სავსე იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით. რა თქმა უნდა, ყოველთვის რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდება შემდეგ წელს, მაგრამ ევროპის კონტინენტზე მოსალოდნელ მნიშვნელოვან ფაქტორთა შორის უნდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის რატიფიცირება, რომელიც ძველ ჭრილობებს კვლავ გამოაჩენს. ევროპული კონსტიტუცია ხელმოწერილი იყო ოქტომბერს რომში, მაგრამ ამ დოკუმენტზე ნამდვილი დებატი 2005 წელს დაიწყება. სავარაუდოა, რომ ორი წლის განმავლობაში 25 წევრი ქვეყნიდან 10 ქვეყანა კონსტიტუციის დამტკიცებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმს ჩაატარებს, ხოლო დანარჩენები ამ ამოცანის შესრულებას თავიანთ პარლამენტებს მიანდობენ. ბევრ ქვეყანაში ახალ კონსტიტუციას, რომელიც შეცვლის ყველა წინა ხელშეკრულებას და შეთანხმებას და ევრო კავშირის ახალ წესებს დაამყარებს, სკეპტიკურად უყურებენ.

ბრიტანეთში რეფერენდუმი 2006 წლამდე არ შედგება, მაგრამ დებატები ამ საკითხზე 2005 წელს გამწვავდება. ასეთმა ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთი, რომელიც პრო-ევროპულ მომხრედ ითვლება, შეიძლება შეეწინააღმდეგონ კონსტიტუციის მიღებას. ბევრ ფრანგ ამომრჩეველს არ მოსწონს ევროკავშირში თურქეთის შესვლის შესაძლებლობა. ანალიტიკოსთა აზრით, ბრიტანეთის იზოლირება დიდ რეზონანს გამოიწვევს, მაგრამ, თუ საფრანგეთი კონსტიტუციაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა მოხდეს მისი ხელახალი გადახედვა.

აღსანიშნავია აგრეთვე ევროპაში საბინაო მშენებლობის ბუმის სწრაფი დამთავრება. ბრიტანეთში ხუთი წლის მანძილზე ორჯერ გაიზარდა საცხოვრებელი სახლების ფასი, მაგრამ ფასების ზრდა მომავალ წელს შესაძლოა შეჩერდეს. ამის ნიშნები უკვე არის. ბრიტანეთის უდიდესი იპოთეკური კრედიტების სააგენტოს “ჰალიფაქსის” ცნობით, ფასები საცხოვრებელ სახლებზე ოდნავ დაეცა ოქტომბრის და ნოემბრის თვეში. სააგენტოს წარმომადგენლები თვლიან, რომ მომავალ წელს საცხოვრებელი სახლების ფასი 2%-ით შემცირდება.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც მსოფლიო ეკონომიკისათვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს, სავალუტო კრიზისია. აშშ-ის ორმაგი (საბიუჯეტო და მიმდინარე სტატიების მიხედვით) დეფიციტის უზარმაზარმა და მუდმივმა ზრდამ შეიძლება დოლარის კურსის შემდგომი ვარდნა გამოიწვიოს, რაც მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მიმდინარე ანგარიშებზე დიდი პასიური სალდოს გამო, თუნდაც, თუ აშშ შეგნებულად შეამცირებს არსებულ დეფიციტს, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპები შენელდება სხვა რეგიონებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ტენდენციის არარსებობის გამო. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკის საშიშროების არიდების მიზნით, ევროზონის და იაპონიის ქვეყნებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები, რათა უზრუნველყონ ეკონომიკური პროგრესი ახალი იმპულსით. მხოლოდ სექტემბრიდან ევრო 10%-ით გაძვირდა დოლართან მიმართებაში. ანალიტიკოსთა აზრით, ევროს ზრდა გაგრძელდება და 2005 წლის დასაწყისში მისი კურსი დოლართან მიმართებაში 1,40-ს მიაღწევს. ევროპელი ექსპორტიორებისთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს საქონლის აშშ-ში გაყიდვა. იზრდება კონკურენცია იაფ იმპორტულ საქონელთან ევროპის ქვეყნების შიგნით. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ანალიტიკოსთა ვარაუდით, ევროპის ფრთხილი ცენტრალური ბანკი ევროს კურსის შესანარჩუნებლად არავითარ ზომებს არ მიიღებს. ამან შეიძლება წარმოების დროებითი შეჩერება გამოიწვიოს, რაც ეკონომიკაზე უარყოფით შედეგს იქონიებს.

რა გველის 2005 წელს? როგორი იქნება დაშვება 2004 წლის პიკიდან – რბილი თუ პირიქით, მწარე და მტკივნეული? მოხდება თუ არა დოლარის კრახი საერთაშორისო არენაზე? მოხდება თუ არა მკვეთრი ვარდნა საცხოვრებელი სახლების ბაზარზე დიდ ბრიტანეთში? რა იქნება ამის შედეგი?

ბევრი ეკონომისტის თვალსაზრისით, დაშვება რბილი იქნება – ზრდა სათანადო დონემდე შენელდება.

მსოფლიო ამ წლების განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად იზრდებოდა, ასე რომ, მომავალი წლისთვის სტაბილურობის პროგნოზირება უსაფუძვლო არ იქნება. წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასების ზრდამ 40 დოლარამდე და არა 50 დოლარამდე (როგორც ადრე ვარაუდობდნენ) ეკონომიკისთვის ერთ-ერთი სერიოზული საშიშროება ოდნავ შეამსუბუქა. ამის გარდა, შედარებით რბილი დაშვება ელოდება ჩინეთს (რომელმაც უკანასკნელ წლებში დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში), თუ იგი შეცვლის იუანის კურსს, გასწორდება დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

ვიმედოვნებთ, რომ 2005 წელი წყნარი და სტაბილური იქნება და რომ მსოფლიოში არ განხორციელდება ნეგატიური ხასიათის სცენარი: დოლარის კურსის მნიშვნელოვანი გაიაფების შემდეგ აშშ-ის იმპორტის მოცულობის შემცირება, საპროცენტო განაკვეთების ზრდა აშშ-ში ინფლაციის ტემპების სწრაფი ზრდის გამო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფასიანი ქაღალდების და ვალუტის კურსის მერყეობა.

ტერაქტების საშიშროებამ, განვითარებული ქვეყნების ვალუტის კურსების ზრდამ და სავაჭრო პროტექციონიზმის აღდგენამ შეიძლება შეზღუდოს მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტიული განვითარება. ეკონომიკური გლობალიზაციის ტენდენციის გაძლიერების ფონზე მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება მოწინავე ეკონომიკურ სუბიექტთა შორის პოლიტიკური შეთანხმების და თანამშრომლობის გარეშე.