საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციის ობიექტური მიზეზები და მათი გამოთანაბრების პრიორიტეტები
ევგენი ბარათაშვილი ეკ. მეც. დოქტორი, ზურაბ ალავიძე
საქართველოს ეკონომიკის მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე გადასვლა, ანუ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არსებული ჩამორჩენილობის მიზეზების დაძლევა, საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, მყარად მზარდი ეროვნული ეკონომიკის შექმნა, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და პოლიტიკურად სტაბილური საზოგადოების ფორმირება შეუძლებელია საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არსებული დისპროპორციების დაძლევისა და გამოთანაბრების გარეშე.
რეგიონული დისპროპორციების გაღრმავების შედეგს წარმოადგენს ე.წ. პრობლემური რეგიონებისა და რაიონების წარმოქმნა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები მკვეთრად ჩამორჩება საერთო-ეროვნული მაჩვენებლების დონეს. ასეთი ვითარება ხელს უშლის ერთიანი, დაბალანსებული ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის დეზინტეგრაციული პროცესების განვითარებისათვის. ამასთან, ადგილი აქვს სოციალურ-ეკონომიკური, რესურსული და ინტელექტუალური პოტენციალის დეგრადაციას და ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გაფართოებულ კვლავწარმოებას მულტიპლიკაციური ეფექტის შესაბამისად. თავისთავად ცხადია, რომ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დიფერენციაცია საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასა და ქვეყნის ერთიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს მკვეთრი ტერიტორიული დისპროპორციების არდაშვებასა და შერბილებას. პრობლემური რეგიონების მხარდაჭერის ეფექტიანობა, მათ შორის დისპროპორციების გამოთანაბრების ეფექტიანობა დამოკიდებულია ამ მოვლენის შესახებ ზუსტი წარმოდგენის არსებობაზე. ამიტომ, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციის ობიექტური მიზეზებისა და მათი გამოთანაბრების პრიორიტეტების დადგენას (1,გვ.413).
საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციის მიზეზებია:
1. საბჭოური პერიოდიდან მემკვიდრეობით მიღებული წარმოების მეტისმეტი კონცენტრაცია მსხვილ სამრეწველო ცენტრებში, განსაკუთრებით კი, თბილისში. ეს უკანასკნელი იქცა ეგრეთწოდებულ “თავკომბალად”, სადაც კონცენტრირებულია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის (საწარმოო ფონდების, შრომითი რესურსების, მ.შ. მისი ყველაზე აქტიური და უნარიანი ნაწილის, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და ფინანსური რესურსების) მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც განაპირობებს ეკონომიკური აქტიურობის შედარებით მაღალ დონეს და რეგიონებიდან რესურსების შემდგომ მოზიდვას. ეს კი იწვევს რეგიონებიდან და რაიონებიდან, მათი განვითარებისათვის აუცილებელი რესურსების გადინებას, რითაც კიდევ უფრო ამწვავებს მათში არსებულ კრიზისულ ვითარებას.
2. ეგრეთწოდებული “მონოქალაქების” არსებობა, რომელთა ეკონომიკაც ცალმხრივად დამოკიდებულია ერთ-ორ დარგზე (მეტალურგიულ და ქიმიურ მრეწველობაზე რუსთავში და ქვანახშირის მრეწველობაზე ტყიბულში). ასეთმა ეკონომიკურმა სისტემამ, წარმოების მცირე დივერსიფიკაციისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების განვითარებაში არსებული დისბალანსის შედეგად, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის განვლილ პერიოდში გარე გარემოს ცვლილებების მიმართ გამოავლინა სუსტი ადაპტაციის უნარი. ამის შედეგად, აღნიშნულ ქალაქებში წარმოების დაცემა და უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
3. საყოველთაო ხასიათის ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც გააჩნია რეგიონული სპეციფიკური თავისებურებანი. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სპეციფიკა გარკვეულწილად განპირობებულია გარე ძალების მიერ ინსპირირებული ეთნოკონფლიქტის შედეგად აფხაზეთის არ-სთან გამყოფი საზღვრის ძალდატანებითი დადგენით, რის შედეგადაც, ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი სატრანსპორტო-ეკონომიკური და კულტურული კავშირი გაწყდა, როგორც აფხაზეთის რეგიონთან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ოლქებთან.
4. ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით. სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა, ერთბაშად აღმოჩნდა მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ქვეყანაში, მ.შ. რეგიონებში არსებული ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. ყოველივე ამან ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ხელი შეუწყო დეზინტეგრაციისკენ მისწრაფებას პოლიტიკასა და ეკონომიკის სფეროში.
5. რეგიონული ეკონომიკური სისტემის დესტაბილიზაციით რუსეთის ფედერაციაში გამოვლინდა რეგიონული განვითარების დესტაბილიზაციის შიდა და გარე ფაქტორები (1, გვ.378-379), რომლებიც აგრეთვე დამახასიათებელია საქართველოს რეგიონებისათვის.
რეგიონული ეკონომიკური სისტემის დესტაბილიზაციის შიდა ენდოგენური ფაქტორებია:
– რეგიონული ეკონომიკური სისტემების მოცულობის გაზრდა არა მხოლოდ ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და მრავალრიცხოვანი ახალი ეკონომიკური სუბიექტების წარმოშობის შედეგად, არამედ აგრეთვე საკუთრების ახალი ფორმებისა და საქმიანობის ახალი სფეროების წარმოქმნის შედეგად;
– სისტემის ელემენტებს შორის კავშირების ხასიათის ცვლილება, რეგიონული ეკონომიკური სისტემის სუბიექტების ინტერესებს შორის დისბალანსის გაძლიერება;
– მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის, მისი ხასიათისა და ეკონომიკური სისტემის სხვა კომპონენტებთან დამოკიდებულების ცვლილება;
– გარე ეგზოგენურ ფაქტორებს, რომლებიც არღვევენ რეგიონული ეკონომიკური სისტემის ერთიანობასა და სტაბილურობას მიეკუთვნება კანონმდებლობის ხშირი ცვლილება (არასტაბილურობა), სოციალური დაძაბულობის გაძლიერება საზოგადოების სოციალური დანაწევრების გაძლიერებისა და ღირებულებითი ფასეულობების შეცვლის შედეგად და ა.შ.
6. საბაზრო ინფრასტრუქტურით ეკონომიკური სისტემის არაადეკვატური შევსება. საკანონმდებლო ბაზის დაუხვეწავობა და წინააღმდეგობრივი ხასიათი;
7. რეგიონული ეკონომიკური პრობლემებით დასაქმებულ სახელისუფლო სტუქტურებს შორის უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ზუსტი განაწილების არ არსებობა, მათ შორის კომპეტენციის აღრევა, რაც ხელს უშლის ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებასა და ქვეყნისა და რეგიონების ჰარმონიულ, დაბალანსებულ განვითარებას;
8. ქვეყნის ტერიტორიაზე გამწვავებული ეთნოკონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებობა, რომლებიც განსაკუთრებით მრავლად არიან განსახლებულნი სამეგრელოს ტერიტორიაზე, რაც იწვევს იქ არსებული ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და კრიმინოგენული ვითარების კიდევ უფო დაძაბვას;
9. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგიონული ეკონომიკური პრობლემებისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება, რაც, ძირითადად, განპირობებულია ყურადღების ძირითადი გამახვილებით მაკროეკონომიკური და ფინანსური პრობლემების მიმართ (მონეტარიზმის თეორიულ პოსტულატებზე დაყრდნობით), რის შედეგადაც, სტრუქტურულ ცვლილებებსა და რეგიონულ პოლიტიკას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება;
10. ეკონომიკის სტრუქტურის დაუბალანსებლობა, როგორც ქვეყნის, აგრეთვე რეგიონების მასშტაბით, რომლის ძირითად მიზეზზე წინა პუნქტში გვქონდა საუბარი; პოსტსოციალისტურმა ტრანსფორმაციამ გამოიწვია უარყოფითი სტრუქტურული ძვრები, რის შედეგადაც, საქართველოს ეკონომიკის არსებული სტრუქტურა წარმოადგენს არაეფექტიანსა და დისპროპორციულს;
11. ეკონომიკური პოლიტიკის დაშორება ეკონომიკური კანონებისაგან და სამეურნეო სუბიექტების რეალური ინტერესებისაგან. აღნიშნული პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეწარმეთა, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესის, აგრეთვე ცალკეული რეგიონების ეკონომიკურ ინტერესებს. მისი მთავარი მიზანია სტაბილური ვითარების შენარჩუნება დედაქალაქში და ძირითადი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო არტერიების მოსაზღვრე ლოკალურ ტერიტორიებზე.
12. ეკოლოგიური პრობლემების გამწვავება, რაც კიდევ უფრო ძაბავს სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას;
13. ეკონომიკის სექტორებისა და დარგების განვითარების დაუბალანსებლობა და არაკომპლექსურობა, როგორც საერთო-ეროვნულ, აგრეთვე რეგიონულ ჭრილში;
14. მძიმე მრეწველობის იმ დარგებში სპეციალიზაცია, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან შიდა ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან;
15. სტრუქტურული და ტექნოლოგიურ-ინოვაციური ინერციულობა.
16. სასოფლო სამეურნეო რაიონებში სოციალურ-კულტურული ინფრასტრუქტურის სრული მოშლა და ა.შ.
საქართველოს რეგიონებს, ფინანსური რესურსების უკმარისობის, სათანადო ინსტიტუციური გარემოს არარსებობისა და ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის შედეგად არ შეუძლიათ ევოლუციური განვითარების გზით, მხოლოდ საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობით, არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისისაგან თავის დაღწევა და მათ შორის არსებული დისპროპორციების უმოკლეს ვადებში დაძლევა.
ამრიგად, საქართველოს რეგიონებში არსებული ეკონომიკური პოტენციალის, უპირველეს ყოვლისა კი, ბუნებრივი და შრომითი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და მათი საქმიანობის რაციონალური ორგანიზება რეგიონული პრობლემების რეგულირებაში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას მოითხოვს, უპირატესად ეკონომიკური სტიმულებისა და ბერკეტების, აგრეთვე საკანონმდებლო ბერკეტის გამოყენებით.
საქართველოს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში არსებული დისპროპორციების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს საერთო-ეროვნული მიდგომები და პრიორიტეტები, აგრეთვე რეგიონების განვითარების სპეციფიკური სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დასავლეთის ინდუსტრიული ქვეყნების გამოცდილებაც, რომლის თანახმადაც, რეგიონული პრობლემები, რომლებსაც გააჩნიათ სტრატეგიული ხასიათი, ხვდებიან საერთო ეროვნული პრიორიტეტების რიცხვში და მათ გადასაწყვეტად საწარმოების ყველა რეგიონის რესურსების მობილიზაცია, ხოლო პრობლემები, რომლებსაც გააჩნიათ ლოკალური ხასიათი, გადაწყდება ძირითადად რეგიონული რესურსების ბაზაზე – ცენტრალური ხელისუფლების გარკვეული მხარდაჭერის პირობებში (2,გვ.46-47).
რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრისას და დასაბუთებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორც კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და მოვლენების შესაძლო განვითარება, აგრეთვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მიმდინარე გლობალური ტენდენციები, ვინაიდან საქართველოს თავისი უნიკალური გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობით შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის სამეურნეო კავშირების უზრუნველყოფაში. შესაბამისად, რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც მსოფლიო სამეურნეო კავშირების განვითარების გრძელვადიანი პროგნოზები, აგრეთვე მოსაზღვრე ქვეყნების მომიჯნავე რეგიონებთან ეკონომიკური ურთიერთობების, უპირველეს ყოვლისა კი, ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობები.
აუცილებელია ისიც, რომ რეგიონულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ძირითად მიზნად დაისახოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არსებული დისპროპორციის გამოთანაბრება პრობლემური რეგიონების შიდა პოტენციალის აქტივიზაციის საფუძველზე. ე.ი. “რეგიონული პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი უნდა გახდეს პერსპექტივაში თვითგანვითარებადი რეგიონული ეკონომიკური სისტემის ფორმირება. თვითგანვითარების მექანიზმი გულისხმობს სისტემაში პროგრესული ცვლილებების აკუმულირების უწყვეტ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს მის ფორსირებულ გადასვლას ზრდის ახალ სტადიაზე” (1,გვ.502).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არსებული დისპროპორციის გამოთანაბრების პრიორიტეტებია:
1. ინსტიტუციური გარდაქმნების დაჩქარება, ბაზრის ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების დასრულება, მისი სტაბილურობისა და გარკვეულობის უზრუნველყოფა;
საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის ახალი პირობების შესაბამისი საბაზრო ინფრასტრუქტურა, რაც განპირობებულია ინსტიტუციური ცვლილებებისადმი არასათანადო ყურადღებით, ეს კი ხელს უშლის ეკონომიკის სტაბილურ ფუნქციონირებას.
საქართველოში მეწარმეობის სამართლებრივი ბაზის სრულყოფასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებში ფინანსური ინსტიტუტების, სატრანსპორტო ქსელის, კავშირგაბმულობის სისტემის განვითარებასა და სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადების ქსელის შექმნას.
2. ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფა, რაც მოითხოვს რეგიონებში სტრუქტურული გარდაქმნების დაჩქარებას, საწარმოთა პროფილის შეცვლას და იმპორტშემცვლელი და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას, აუცილებლობის შემთხვევაში გაკოტრებისა და სანაციის პროცედურების განხორციელებას, წამგებიანი და არაპერსპექტიულ საწარმოთა ლიკვიდაციასა და პერსპექტიულ საწარმოთა მოდერნიზაციას, ინვესტიციების სტრუქტურის სრულყოფას, პროგრესული ტექნოლოგიების, წარმოების მართვისა და შრომის ორგანიზაციის თანამედროვე მეთოდების დანერგვას, წარმოების ეფექტიანობის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და ა.შ.
3. უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ადექვატური, ზუსტი განაწილება ეკონომიკური პრობლემებით დაკავებულ ხელისუფლების ცენტრალურ და რეგიონულ ორგანოებს შორის და ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნა.
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ფუნქციების განაწილება შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს. საბჭოთა ეკონომიკისათვის დამახასიათებელი იყო საქმიანობის როგორც ეკონომიკური, აგრეთვე ფინანსური სფეროს მეტისმეტად მაღალი ცენტრალიზაცია მართვის საკავშირო ორგანოების ხელში. ჰოლანდიაში ადგილი აქვს ფინანსური რესურსების ძლიერ ცენტრალიზაციას ცენტრალური მთავრობის ხელში (რაც აიხსნება მსხვილი რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის რეალიზაციის აუცილებლობით). ხოლო გერმანიაში მნიშვნელოვან როლს საქმიანობის ყველა სფეროში ასრულებს მიწები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციით ფლობენ დამოუკიდებლობას სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის თითქმის ყველა საკითხის გადაწყვეტისას. ამგვარად, ამ შემთხვევაში საუბარი მიმდინარეობს არა იმაზე, თუ რომელი სისტემაა უფრო ეფექტიანი. მთავარია ტერიტორიული განვითარების რეგულირებაში საქმიანობის სისტემური ორგანიზაცია. მართვის დაბალანსებული, კარგად ფუნქციონირებადი მექანიზმი წარმოადგენს რეგიონული განვითარების სახელმწიფოებრივი რეგულირების სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბაზო ელემენტს (2,გვ.47).
4. ჩამორჩენილი რეგიონების სანაცია და მათი დეპრესიულობის დაძლევა.
რეგიონული ეკონომიკის სანაცია გულისხმობს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ღონისძიებების კომპლექსური გამოყენებით კრიზისული მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის საჭირო პირობების ფორმირებას.
მსოფლიოში ცნობილია რეგიონის ეკონომიკის სანაციის სტანდარტული წესები (1,გვ.383):
-სამეურნეო საქმიანობის აქტივიზაციის უზრუნველმყოფი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წანამძღვრების შექმნა;
-შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილის ახალი პროფესიული ორიენტაცია და კვალიფიკაციის ამაღლება, ამით სამუშაო ძალის ხარისხის გაუმჯობესება;
-რესტრუქტურიზაცია, ანუ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ტრანსფორმაცია, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
5. მეწარმეობის წახალისება პრობლემურ რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ მცირე და საშუალო საწარმოების წახალისებას, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ინოვაციური კონკურენციის საფუძველზე, რითაც ხელს უწყობენ ახალი ტექნოლოგიების გავრცელებასა და რეგიონების ეკონომიკის რესტრუქტურიზაციას, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
6. სუსტად განვითარებულ, დეპრესიულ რეგიონებში და რაიონებში საწარმოთა გადაადგილების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბუნებრივი და შრომითი რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და რეგიონებიდან მოსახლეობის გაუმართლებელი მიგრაციის აღმოფხვრას.
7. რეგიონების სპეციალიზაციის შეცვლა ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. რეგიონებში ეკონომიკის სანაციამ, მისმა რესტრუქტურიზაციამ და სამუშაო ძალის გადამზადებამ მიზნად უნდა დაისახოს წარმოების იმ სფეროებში სპეციალიზაცია, რომლებშიც რეგიონებს ქვეყნის შიდა და მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით შედარებითი უპირატესობა გააჩნიათ.
8. რეგიონებს შორის ინტეგრაციული პროცესების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებას. მიზანშეწონილია რეგიონებში საწარმოო-ტექნოლოგიური ციკლით ურთიერთდაკავშირებული წარმოების განვითარების წახალისება.
9. თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის, უახლესი ტექნოლოგიებისა და მართვის პროგრესული მეთოდების გავრცელებას.
10. მეწარმეობის წახალისების მიზნით საგადასახადო შეღავათების, ინვესტიციური გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყენება და ა.შ.