საქართველოს დასაქმებული მოსახლეობა და მისი კვალიფიკაციის ამაღლება 1939-1959 წლებში

თამარ ანთაძე

დიდი სამამულო ომის უმძიმესი დემოგრაფიული შედეგების გამო საქართველოს მოსახლეობა 1939 წლიდან 1959 წლამდე გაიზარდა მხოლოდ 14,2 პროცენტით – 3.540.023-დან 4.044.045-მდე. ომმა შეცვალა მოსახლეობის სტრუქტურაც.

მოსახლეობის საზოგადოებრივ ჯგუფებად განაწილების დროს კმაყოფაზე მყოფნი მიკუთვნებულნი არიან იმ პირების საზოგადოებრივი ჯგუფისადმი, ვის კმაყოფაზეც იმყოფებოდნენ; პენსიონერები და სტიპენდიანტები – იმ საზოგადოებრივ ჯგუფებისადმი, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ პენსიისა და სტიპენდიის მიღებამდე, ხოლო სამხედროები – სამხედრო სამსახურის დაწყებამდე.

1
ყველაზე მეტად გაიზარდა მუშათა საზოგადოებრივი ჯგუფი – 85,7%-ით; თუ 1939 წელს ამ ჯგუფის ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში 19,5%-ს შეადგენდა, 1959 წელს მან 31,7%-ს მიაღწია, რაც იყო განპირობებული მრეწველობის განვითარებით. ეს განვითარება მნიშვნელოვანწილად მიმდინარეობდა არა იმდენად ხარისხობრივი, რამდენადაც რაოდენობრივი მიმართულებით. 59,4%-ით გაიზარდა მოსამსახურეების საზოგადოებრივი ჯგუფი და შესაბამისად, მისი ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში 1939 წლიდან 1959 წლამდე 17,2%-იდან 24%-მდე გაიზარდა. ეს ჯგუფი უაღრესად რთულ კონგლომერატს წარმოადგენდა, რომლის ცალკეული კომპონენტები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც ფუნქციონალური დატვირთვით, ისე თავისი კვალიფიკაციით.

1939 წლისათვის კოლექტივიზაცია, ძირითადად, დამთავრებული იყო და მომდევნო 20 წლის განმავლობაში მოხდა იმ 10,6%-ის ერთპიროვნული მეურნე გლეხების კოლმეურნეობებში ძალდატანებით შეყვანა და მარტოხელა კუსტარების (შინამრეწველების) კოოპერირება. მიუხედავად ამ შენამატისა კოლმეურნეების საზოგადოებრივი ჯგუფი 1939-1959 წლებში არა თუ არ გაიზარდა, არამედ 4,6%-ით შემცირდა კიდეც. დაიკლო ამ ჯგუფის ხვედრითმა წონამაც. თუ 1939 წელს იგი 52,7%-ს აღწევდა, 1959 წელს 44%-მდე დავიდა. ეს გარემოება კოლმეურნეთა ახალგაზრდა თაობის ერთი ნაწილის მუშათა და მოსამსახურეთა საზოგადოებრივ ჯგუფებში გადასვლამ განაპირობა.

2

კოლექტივიზაციის სავალალო შედეგები საყოველთაოდ ცნობილია. ტოტალიტარული სოციალისტური სახელმწიფოს ამ ძალდატანებითმა აქციამ მნიშვნელოვნად დააქვეითა საქართველოს, ისევე როგორც სხვა მოკავშირე რესპუბლიკების სოფლის მეურნეობა და ქვეყანა აგრარული კრიზისის წინაშე დააყენა.

1939 და 1959 წლებში შეიცვალა თანაფარდობა მატერიალური წარმოების და არამწარმოებლურ დარგებში დასაქმებულთა შორისაც, 1939 წელს მატერიალურ წარმოების დარგებში დასაქმებულნი არამწარმოებლურ დარგებში დასაქმებულებს 7,8-ჯერ აღემატებოდნენ, ხოლო 1959 წელს მხოლოდ – 4,9-ჯერ.

საბჭოთა დემოგრაფია მატერიალური წარმოების დარგებს მიაკუთვნებდა მრეწველობას, მშენებლობას, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობას, საზოგადოებრივ კვებას, დამზადებებს, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და გასაღებას, ხოლო არამწარმოებელ დარგებს – განათლებას, მეცნიერებას, ხელოვნებას, ჯანდაცვას, კომუნალურ და სამეურნეო მომსახურეობას, ყოფაცხოვრებით მომსახურეობას, მმართველობის ორგანოებს და საფინანსო-საკრედიტო სისტემას. როგორც ყოველი კლასიფიკაცია ეს კლასიფიკაციაც პირობით ხასიათს ატარებს. მაგალითად, განა მეცნიერება არ მონაწილეობს მატერიალური წარმოების განვითარებაში, ან განა განათლება არ აძლევს მატერიალურ დარგებში დასაქმებულებს ცოდნას, რომლის გარეშეც ისინი ვერ იმუშავებდნენ? უამისოდ კაცობრიობა საერთოდ ვერ გასცილდებოდა წინარე ისტორიულ ხანას.

3

დასაქმებულ მოსახლეობაზე და პირად დამხმარე სასოფლო მეურნეობაში მომუშავე მათ ოჯახის წევრებზე მოდიოდა 1939 წელს მთელი მოსახლეობის 47,6%, ხოლო 1959 წელს – 52,1%. ეს ცვლილება განაპირობა საქართველოში ძალდატანებითი სოციალისტური გარდაქმნების დამთავრებამ. ამავე მიზნებით ამ პერიოდში 50,1%-დან 43,3%-მდე შემცირდა ბავშვებისა და მათი აღზრდითა და საოჯახო მეურნეობით დაკავებულთა ხვედრითი წონა. დიდი სამამულო ომის შემდეგ საპენსიო საქმის გაუმჯობესებამ 1939 წლიდან 1959 წლამდე გაზარდა პენსიონერთა და სტიპენდიანტთა ხვედრითი წონა 2,1%-დან 4,5%-მდე. მათი რიცხვი ვისაც გააჩნდა სხვა წყაროები ან არ მიუთითებენ არსებობის საშუალების წყაროებზე მინიმალური იყო – 1939 წელს 0,2%, 1959 წელს – 01,%.

1939 და 1959 წლების მოსახლეობის საყოველთაო აღწერები გამოყოფენ საქმიანობის სახეობებს, მათგან უმთავრესად ფიზიკური შრომით დასაქმებულებზე მოდიოდა საქმიანობის 24 სახეობა, ხოლო უმთავრესად გონებრივი შრომით დასაქმებულებზე – 16 სახეობა.

1959 წელს 1939 წელთან შედარებით დასაქმებულთა შემცირება მოხდა საქმიანობის 6 სახეობაში. ამათგან მეთევზეობასა და მონადირეობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა ორივე თარიღისათვის 1000 არ აღემატებოდა, რაც შეეხება ორ საქმიანობას – ხე-ტყის დამზადებასა და წყალზე დაცურებაზე დასაქმებულებსა და აგენტებსა და ექსპედიტორებს, ყოველი მათგანის რიცხოვნობა რამდენიმე ათასით შემოიფარგლებოდა და შემცირება უმნიშვნელო იყო.

1939 წელს 1959 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა (8.271-დან 6.049-მდე) საქმიანობის ჯგუფი, რომელიც მოიცავდა სახელმწიფო მმართველობის, პარტიული, კომკავშირული, პროფკავშირული, კოოპერატიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი სტრუქტურული ქვეგანყოფილებების ხელმძღვანელობას. 14,2 ათასით შემცირდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა 898.802 ათასიდან 884.646 ათასამდე. ყველა დანარჩენ საქმიანობაში შემავალ დასაქმებულთა რიცხვი 1939 წლიდან 1959 წლამდე მეტ-ნაკლებად გაიზარდა.

1959 წლის ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე მეტი რიცხოვნობა სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა (884,6 ათასი), მეტალურგიაზე (88,3 ათასი), კომუნალურ და სამეურნეო მომსახურეობაზე (65,1 ათასი), მშენებლობაზე (61,8 ათასი), ავტოტრანსპორტზე (54,8 ათასი) ვაჭრობასა, საზოგადოებრივ კვებასა, დამზადებასა, მომსახურებასა და გასაღებაზე (52,4 ათასი), განათლებასა და მეცნიერებაზე (77,9 ათასი), საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალზე (21,1 ათასი), დაგეგმარებასა და აღრიცხვაზე (40,3 ათასი), ჯანდაცვაზე (44,8 ათასი).

1939 წლიდან 1959 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 3.540.023-დან 4.044.045-მდე გაიზარდა, დასაქმებულთა რიცხვი კი – 1.519.518-დან 1.859.080-მდე, მათ შორის უპირატესად ფიზიკური შრომით დასაქმებულთა რიცხვი – 1.255.349-დან 1.433.401-მდე, ხოლო უპირატესად გონებრივი შრომით დასაქმებულთა რიცხვი – 264.169-დან 425.679-მდე. შესაბამისად, თუ 1939 წელს ამ უკანასკნელთა ხვედრითი წონა მთელ დასაქმებულ მოსახლეობაში შეადგენდა 17,4%-ს, 1959 წელს მან შეადგინა 22,9%.

დასაქმებული მოსახლეობის შესაძლებლობების გამოყენების ხარისხი დამოკიდებული იყო მათ განათლების დონეზე. საბჭოთა ხელისუფლების მიერ განათლების სფეროში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწიეს განათლების დაბალ საფეხურებზე.

1939 წელს როგორც მოსალოდნელი იყო, წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხოვნობა მეტი იყო ქალაქის მოსახლეობაში და მამაკაცებში.

ზემოთ მოყვანილი ცხრილი ნათელყოფს, რომ 1959 წლისათვის, ფაქტობრივად, 9-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში წერა-კითხვის უცოდინარობა ლიკვიდირებული იქნა. განათლების ამ ელემენტარული საფეხურის დაძლევის კეთილისმყოფელი შედეგები საქართველოში მცხოვრებ ამ ასაკის ყველა დასაქმებულ თუ კმაყოფაზე მყოფ მოსახლეობაზე გავრცელდა. რაც მთავარია მომდევნო აღწერებში წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი თანდათან უნდა გაზრდილიყო და მართლაც ისე გაიზარდა, რომ XX საუკუნის მიწურულში 10 წელს გადაცილებული მთელი მოსახლეობა მოიცვა.

ყველაზე უფრო დაბალი თანრიგის სასწავლებლები იყვნენ ორწლიანი სახელოსნო სასწავლებლები, ორწლიანი რკინიგზის სასწავლებლები და ექვსთვიანი საფაბრიკო-საქარხნო სწავლების სკოლები – ს.ს.ს. ისინი ამზადებდნენ მასობრივი პროფესიის მუშებს სხვადასხვა დარგებისათვის. 1940-1959 წლებში ეს სასწავლებლები შედიოდნენ შრომითი რეზერვების სისტემაში.6

1940 წლისათვის საქართველოში 192 საშუალო სპეციალური სასწავლებელი იყო 26 ათასზე მეტი მოსწავლისათვის. ეს სასწავლებლები წარმოადგენდნენ ტექნიკუმებს, რომლებშიც უმთავრესად იღებდნენ განათლებას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სხვადასხვა დარგებში. 1950-იანი წლებისათვის მოხდა მათი გამსხვილება. საშუალო სპეციალურ სასწავლებელთა რიცხვი 192-დან დავიდა 81-ზე, მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა არ შეცვლილა.7

ვ.ი.ლენინის ინიციატივით 1921 წლიდან დაიწყო წითელი პროფესურის ინსტიტუტების შექმნა. წითელი პროფესურის ინსტიტუტები ამზადებდნენ საზოგადოებრივ მეცნიერებათა პედაგოგებს უმაღლესი სასწავლებლებისათვის, მუშაკებს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებებისა და ცენტრალურ პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებისათვის. ამ ინსტიტუტების მიერ სახელდახელოდ მომზადებულ წითელ პროფესორთა უდიდესმა უმრავლესობამ ვერც საქართველოში და ვერც სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში თავი ვერ გაიმართლა, ვერ პასუხობდა მეცნიერისადმი წაყენებულ ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი. ამიტომ, XX საუკუნის 30-იან წლებში ლენინის ამ ქმნილებებმა – წითელი პროფესურის ინსტიტუტებმა შეწყვიტეს არსებობა.

საქმიანობის ყველა დარგისათვის უმაღლესი განათლების სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობდა ჩვეულებრივ უმაღლეს სასწავლებლებში.

საბჭოთა სახელმწიფო და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა დასაქმებული მოსახლეობის და სტუდენტობის იდეოლოგიურ დამუშავებას. ამ მიზნით გამოიყენებოდა კომუნისტური პარტიის ისტორიის სწავლება.

1938 წელს გამოვიდა “საკავშირო კომუნისტური პარტიის ისტორია. მოკლე კურსი.” საკ.კ.პ (ბ) ც.კ. კომისიის რედაქციით.9 წიგნი გახდა კომუნისტური პარტიის ისტორიის სწავლების საფუძველთა საფუძველი, რომელიც ყველა დარგის სპეციალისტს უნდა სცოდნოდა. ის იქნა შეტანილი ყველა ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო პროგრამაში. არ დარჩენილა არც ერთი ორგანიზაცია თუ საწარმო, კოლმეურნეობა თუ საბჭოთა მეურნეობა, სადაც არ შექმნილა ამ წიგნის შემსწავლელი წრეები, რომელთა წევრებიც ვალდებული იყვნენ ჩაებარებინათ გამოცდები ზემდგომი პარტიული ინსტანციის წარმომადგენლებისათვის. ამ წიგნის მიხედვით იწერებოდა სსრ კავშირის უახლესი ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო.

1939 წლიდან “საკ.კ.პ. (ბ) ისტორია. მოკლე კურსი” გახდა საბჭოთა კავშირის და მათ შორის საქართველოს მოსახლეობის “განათლების” აუცილებელი კომპონენტი.

1946 წელს მოსკოვში რუსულ ენაზე გამოვიდა ი. სტალინის თხზულებათა პირველი ტომი; თხზულებები გამოიცა მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც. პირველი ტომის შესავალში ეწერა, რომ ი. სტალინის თხზულებათა “მეთხუთმეტე ტომის შინაარსს შეადგენს ი. სტალინის ნაშრომი “საკ.კ.პ. (ბ) ისტორია. მოკლე კურსი”, რომელიც 1938 წელს ცალკე წიგნად გამოიცა.

ამგვარად, ოფიციალურად დასახელდა, თუ ვინ იყო ბოლშევიკური რეჟიმის “საღვთო წიგნის” ავტორი. რადგან გამოქვეყნდა ი. სტალინის თხზულებათა მხოლოდ 13 ტომი, ეს წიგნი გადამუშავებული სახით აღარ გამოცემულა.

1956 წლიდან, ხრუშჩოვის მიერ “პიროვნების (სტალინის) კულტის” მხილების შემდეგ, უნაკლო სახელმძღვანელოს აღმოაჩნდა მრავალრიცხოვანი, ფაქტობრივი და იდეური ხარვეზი და ის ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან (ხმარებიდან), XX საუკუნის 50-იანი წლების მიწურულიდან დაიწყო ხრუშჩოვისეული საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორიის სახელმძღვანელოს ნაწილ-ნაწილ გამოცემა, რასაც უნდა მოჰყოლოდა საბჭოთა ხალხის ხელახალი იდეოლოგიური გადამზადება.

სამწუხაროდ, 1939 და 1959 წლების აღწერების შედეგებში მონაცემები საქართველოს საზოგადოებრივი ჯგუფებისა და დასაქმებული მოსახლეობის განათლების11 დონის შესახებ არ არის დიფერენცირებული. ერთობლივადაა მოცემული მოსახლეობის აღნიშნულ კატეგორიებზე ინფორმაცია უმაღლესი, საშუალო და არასრული საშუალო განათლების შესახებ. ეს გარემოება არ იძლევა საშუალებას ცალ-ცალკე განვიხილოთ უმაღლესი, საშუალო და არასრული საშუალო განათლების მქონენი, რაც აუცილებელია ამ სფეროში არსებული ობიექტური სურათის წარმოსაჩენად.

ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკური მასალის მიხედვით, ყოველ 1000 დასაქმებულზე უმაღლესი, საშუალო და არასრული საშუალო განათლების მქონენი 1939 წელს შეადგენდნენ 163, ხოლო 1959 წელს 492, შესაბამისად მუშებში – 124-სა და 488-ს, კოლმეურნეებში 36-სა და 294-ს, მოსამსახურეებში 703-სა და 935-ს, უმთავრესად ფიზიკური შრომით დასაქმებულებში 54-ს და 361-ს და უმთავრესად გონებრივი შრომით დასაქმებულებში 677 და 930. ბუნებრივია, რომ 1959 წლისათვის ყოველ ათას მოსამსახურეთა და გონებრივი შრომით დასაქმებულებს შორის ყველაზე მაღალი იყო უმაღლესი, საშუალო და არასრული საშუალო განათლების მქონეთა ხვედრითი წონა.

რაოდენობრივი მაჩვენებლები შთამბეჭდავ წარმატებებს წარმოგვისახავდნენ. მაგალითად, 1939 წლიდან 1959 წლამდე საქართველოში საშუალო განათლების მქონეთა რიცხვი გაიზარდა 401.420-დან 610.014-მდე ანუ 52%-ით, ხოლო უმაღლეს განათლების მქონეთა – 39.714-დან 153.414-მდე ანუ 286%-ით.12 სამწუხაროდ, რაოდენობრივ მაჩვენებლებთან შედარებით, გაცილებით უფრო მოკრძალებული იყო ხარისხობრივი მიღწევები.

1939 წლიდან 1959 წლამდე მთელ დასაქმებულ მოსახლეობაში ქალთა რიცხვი გაიზარდა 584.922-დან 845.559-მდე (44,6%-ით), მათ შორის უმთავრესად ფიზიკური შრომით დასაქმებულებში 505.081 ათასიდან 646.613-მდე (28%-ით), ხოლო უმთავრესად გონებრივი შრომით დასაქმებულებში 79.841-დან 198.946-მდე (149,2%). შესაბამისად, შეიცვალა ქალთა ხვედრითი წონა მთელ დასაქმებულ მოსახლეობაში 38,5%-დან 45,5%-მდე, უმთავრესად ფიზიკური შრომით დასაქმებულებში 40,2%-დან 45,1%-მდე, უმთავრესად გონებრივი შრომით დასაქმებულებში 30,2%-დან 46,7%-მდე.

არც 1939 და არც 1959 წელს ქალები არ იყვნენ მემაღაროელები, მეკუჭნავეები და ხე-ტყის წყალზე დამცურებლები, წყალ-ტრანსპორტელები, არ იყვნენ დასაქმებულები მეტყევეობაში, მეთევზეობაში, მონადირეობაში, დანარჩენ საქმიანობებში დროის ამ მონაკვეთში მათი რიცხოვნობა გაიზარდა.

1959 წელს ქალები უმრავლესობას შეადგენდნენ საფეიქრო მრეწველობაში (16,7 ათასი), სოფლის მეურნეობაში (482,9 ათასი), საზოგადოებრივ კვებაში (8 ათასი), კომუნალურ და სამეურნეო მომსახურეობაში (40,8 ათასი), სანიტარებში, მომვლელებში (10,4 ათასი), სამედიცინო მუშაკებში (37,2 ათასი), პედაგოგებში (39,7 ათასი), კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაკებში (7,5 ათასი), კავშირგაბმულობის მუშაკებში (5,4 ათასი), დაგეგმარებისა და აღრიცხვის მუშაკებში (40,3 ათასი), საქმისმწარმოებელ პერსონალში (11 ათასი).13

XX საუკუნისათვის ქალთა ხვედრითი წონის ზრდა დასაქმებულ მოსახლეობაში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ კონკრეტულად საქართველოში მისი ზრდა დააჩქარა დიდმა სამამულო ომმა. გენერალ ივანე ბაბალაშვილის მიხედვით, დიდი სამამულო ომის წინ მობილიზაციისა და ომის წლებში ტოტალური მობილიზაციის შედეგად, საქართველოდან ფრონტზე გაიგზავნა 700 ათასამდე ადამიანი, მათ შორის 16 ათასი ქალი, დანარჩენი მამაკაცი, ანუ მაშინდელი მოსახლეობის 18%-ზე მეტი. ამას მოჰყვა თითქმის ყველა საქმიანობაში მამაკაცების ქალებით მასობრივი ჩანაცვლება. უშუალოდ ბრძოლებში დაღუპულთა რიცხვმა შეადგინა 300 ათასი, ანუ მთელი მოსახლეობის 9%-მდე. ამიტომ, დემობილიზაციის შემდეგაც ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულთა რიგებში დარჩა.