აიმაღლეთ კვალიფიკაცია ტრეინინგ ცენტრში

რედაქციისაგან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მრავალ ამოცანათა შორის, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქართული კომპანიების განვითარებისა და მათი საექსპორტო პოტენციალის ზრდის აქტიურ ხელშეწყობას.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტრეინინგ ცენტრს მარტის თვეში სამი წელი უსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში ცენტრში რამდენიმე ასეული მსმენელი მომზადდა. მიუხედავად ამისა, ცენტრის საქმიანობა უდავოდ რეკლამირებას მოითხოვს. ცენტრს ბევრი ადამიანი უკავშირდება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, მათი ინტერესი ცხრება, როგორც კი იგებენ იმის შესახებ, რომ სწავლება ფასიანია. ამიტომ, დღეისათვის მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორზე (საწარმოები და კომპანიები) ორიენტირებული სარეკლამო კამპანია. დღევანდელ ამოცანათა შორის, ცენტრის როლის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვნია, განსაკუთრებით კომპანიებში, ვინაიდან, ერთი მხრივ, მათი გადახდისუნარიანობა გაცილებით დიდია, ვიდრე ინდივიდუალებში და მეორე მხრივ, კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მეტად აქტუალურია საქართველოს ბიზნეს-სექტორის საბაზრო ეკონომიკის პირობებში განვითარებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. მით უფრო, რომ ტრეინინგ ცენტრის დებულებით, ეკონომიკური სუბიექტებისათვის კადრების მომზადება ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ტრეინინგ ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ლექტორებით, რომლებიც აქტიურად იყენებენ აპრობირებულ თანამედროვე სალექციო პროგრამებს და სწავლების ინტენსიურ მეთოდებს. ტრეინინგ ცენტრი აწარმოებს მსმენელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას 6-8 კაციან ჯგუფებში, შემდეგი სპეციალობებით:
– მარკეტინგის მენეჯმენტი;
– სასტუმროსა და ტურიზმის მენეჯმენტი;
– ადმინისტრაციული მენეჯმენტი;
– საწარმოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.

ტრეინინგ ცენტრის სწავლების თავისებურებაა ის, რომ თითოეული სპეციალობის სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც პროფილური ბიზნეს-საგნების შესწავლას, ასევე, პარალელურად საქმიანი ინგლისური ენისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების დაუფლებას, რაც მიმზიდველი და ხელსაყრელი გარემოებაა ცენტრის მსმენელებისათვის. სწავლის ხანგრძლოვობა დამოკიდებულია სპეციალობაზე და შეადგენს 3-4 თვეს, საშუალო დატვირთვით – კვირაში 18 აკადემიური საათი (მათ შორის, არის შესაძლებლობა სალექციოდ გამოყენებულ იქნას შაბათი დღეც).

ტრეინინგ ცენტრში სხვადასხვა სპეციალობებს შორის წარმოებს მსმენელთა მომზადება ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის ექსკლუზიური კურსით, რომლის შემდგენელი და რეალიზატორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ამ დარგის ექსპერტი და მოწინავე მარკეტოლოგი, კოტე აბულაძეა. საქართველოს ტურისტული ინფრასტქრუქტურის განვითრების პრიორიტეტულობის გათვალსიწინებით, ეს მეტად აქტუალური სპეციალობაა.

ტრეინინგ ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სწრაფი გაძლიერების მიზნით, გადაიდგა ნაბიჯები, მომზადებულია და პირველ ეტაპზე ურთიერთშეთანხმებულია ტრეინინგ ცენტრის განვითარების პროექტი, რომლის სპონსორი სავარაუდოდ JICA – იაპონიის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტო იქნება.