საარბიტრაჟო სასამართლო
რედაქციისაგან
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს ჩამოყალიბებით შეიქმნა კიდევ ერთი რგოლი, რომელიც სამართლებრივ სფეროში მეწარმეებს კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პალატის ძირითადი ფუნქციის შესრულებისთვის – დაიცვას მეწარმეთა ინტერესები. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში მეწარმეობის სფეროში განხილულ საქმეთა რიცხვი იზრდება.
ვფიქრობთ, ზოგიერთი მათგანის განზოგადებული ფორმით წარმოდგენა მეწარმეებს საშუალებას მისცემს გააცნობიერონ საარბიტრაჟო განხილვის სპეციფიური მხარეები, რომ საჭიროების შემთხვევაში, მომზადებულები შეხვდნენ საკუთარი საქმიანობისას წარმოქმნილ პრობლემებს.
მომავალში შევეცდებით არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს საქმეებით და კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოვადგინოთ სხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტებში განხილული საინტერესო მასალებიც.
მაგალითი პირველი. 200.. წლის 7 აპრილს შპს “ანი” (პირობითი დასახელება) წარმოადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია რუსული სახელმწიფო ორგანიზაციის (პირობითი სახელწოდება “ბანი”) წინააღმდეგ და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 190 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.
საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე, მხარეთა შორის გადასაწყვეტ საკითხს განეკუთვნებოდა ის, თუ მოცემული დავა რამდენად წარმოადგენდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს ქვემდებარეს.
მართალია, მოსარჩელე მხარე, თავის საარბიტრაჟო პრეტენზიაში პირდაპირ მიუთითებდა გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომ მხარეთა შორის წარმოქმნილ დავას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალტის საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავდა, მაგრამ საარბიტრაჟო დებულების მოთხოვნათა დაცვით საარბიტრაჟო პრეტენზია დართულ საბუთებთან ერთად მაინც გადაიგზავნა მოპასუხე მხარესთან, იმ მიზნით, რომ გარკვეულიყო ხომ არ არსებობს მხარეთა შორის დამატებითი ან დამოუკიდებელი საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის ძალით წინა დათქმა მხარეებს, შესაძლოა, ძალადაკარგულად გამოეცხადებინათ. პასუხის მომზდებისათვის მოპასუხეს განესაზღვრა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებით გათვალვისწინებული ერთკვირიანი ვადა.
ერთკვირიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლომ, დებულების თანახმად, მიიღო დადგენილება საქმის წარმოებაში მიღების შესახებ და დანიშნა საქმის განმხილველი საარბიტრაჟო ტრიბუნალი სამი წევრის შემადგენლობით.
უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟში შესული დავა, დებულების თანახმად, შესაძლებელია გადაეცეს, როგორც ერთ, ასევე სამ და ხუთ წევრიან ტრიბუნალს. ტრიბუნალის წევრთა რიცხვს განსაზღვრავენ მხარეები. თუ მხარეთა შორის მოცემულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს ტრიბუნალის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სააბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე დავის სირთულის გათვალისწინებით.
ვინაიდან, მოპასუხე მხარემ არ ისარგებლა მინიჭებული უფლებამოსილებით და საარბიტრაჟო სასამართლოს არ მიაწოდა თავისი კანდიდატურა, საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილემა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და დავა განსახილველად გადასცა საარბიტრაჟო ტრიბუნალს სამი არბიტრის შემადგენლობით.
აღნიშნულ სიტუაციაში უმნიშვნელოვანეს გარემოებას წარმოადგენს ის, რომ საარბიტრაჟო განხილვის ე.წ. “წინასწარ ეტაპზე” არ დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი და ერთ-ერთ მხარეს არ მიენიჭოს ისეთი პრივილეგირებული მდგომარეობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საბოლოო გადაწყვეტილების სამართლიანობაზე.
აღნიშნული მოთხოვნა შეურყევლად უნდა იქნეს დაცული იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად აქტიურობს ეს მხარე საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების პროცესში.
მოცემული საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: საარბიტრაჟო ტრიბუნალის ერთი წევრი დაინიშნა მოსარჩელე მხარის მიერ, მეორე – ვინაიდან მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა თავისი კანდიდატურა, დაინიშნა საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ არბიტრთა სიიდან, ხოლო მესამე – საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე დანიშნა საარბიტრაჟო სასამრთლოს თავმჯდომარის მიერ.
საარბიტრაჟო განხილვისას მოპასუხე მხარე არ გამოცხადებულა და ტრიბუნალისთვის არ უცნობებია იმ მიზეზების შესახებ, თუ რის გამო არ ესწრებოდა მისი წარმომადგენელი პროცესს.
მოსარჩელე მხარემ ტრიბუნალის წინაშე იშუამდგომლა, რომ მოპასუხე მხარის განმეორებით გამოუცხადებლობა არასაპატიოდ განხილულიყო და არბიტრაჟს გადაწყვეტილება მის დაუსწრებლად მიეღო.
მოპასუხე მხარე არც მომდევნო სხდომაზე გამოცხადდა, რის გამოც ტრიბუნალმა დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმე არსებითად განიხილა მოპასუხე მხარის დაუსწრებლად.
საქმის არსებითი განხილვისას ტრიბუნალი მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მისი სანოტარო წესით დამოწმების დღიდან.
გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეს დაეკისრა 190 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ამასთან საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურება.
გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა იგი ნებაყოფლობით არ იქნა აღსრულებული. სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ მოპასუხე რუსულმა ორგანიზაციამ “ბანი” განიცადა რეორგანიზაცია. ამჟამად მიმდინარეობს მისი უფლებამონაცვლის საკითხის განხილვა, რის გამოც მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით არ არის აღსრულებული.