მეცხვარეობა – სტრატეგიულ-პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გამაერთიანებელი
მაკა ღანიაშვილი
ქვეყანაში პირუტყვის საკვების დეფიციტია. სპეციალისტთა ნაწილი ამის მიზეზად საძოვრებისა და სათიბების გასხვისებას მიიჩნევს. ერთი შეკვრა თივის ფასმა 2-3 ლარით მოიმატა. საკვების გაძვირება დაეტყო რძის პროდუქტებსაც. ბოლო წლების განმავლობაში, საძოვრებისთვის ხდებოდა სტატუსის შეცვლა და ისინი, როგორც სახნავ-სათესი მიწები ისე იყიდებოდა. შესაბამისად, ათეულობით ათასი ჰექტარი საძოვარი, რომელიც, ძირითადად, უცხოელებმა შეიძინეს, მოიხნა. ახლა კი, გლეხები, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთსა და ქართლში, პირუტყვის საკვების დეფიციტზე საუბრობენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სამინისტროს წარმომადგენელთა შეფასებით, იგეგმება საჯიშე მეურნეობების გაძლიერება, ხელოვნური განაყოფიერების სადგურების ქსელის გაფართოება, საკვები კულტურების წარმოება და ხარისხის თვალსაზრისით, იმპორტირებული პროდუქტის მკაცრი კონტროლი. მესაქონლეობის დარგის გადასარჩენად პირველი პრობლემა საძოვრების დეფიციტია. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და საძოვრების დეფიციტი ისედაც არსებობდა. ამიტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს. ქვემოთ მოცემულ პუბლიკაციაში მეცხოველეობის ერთი დარგის, კერძოდ კი, მეცხვარეობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ვისაუბრებთ.
მეცხვარეობა საქართველოში
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის პირველ კონფერენციაზე განაცხადა: ”ქვეყანაში მეცხვარეობის განვითარების ძირითადი პრობლემებია თანამედროვე ტექნოლოგიების არ არსებობა (ეს სფერო მთლიანად იმ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, რომელიც არსებობდა XVIII-XIX საუკუნეებში); არ ხდება ჯიშის სელექცია (თუშური ჯიში, რომელიც ასე საამაყოა ჩვენთვის პრაქტიკულად გადაშენების წინაშეა); რეგიონებში არ არსებობენ კვალიფიციური კადრები, ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები; ქვეყანაში არ არის თანამედროვე ტიპის საცდელ-სადემონსტრაციო მეცხვარეობის ფერმა, არ ხდება სხვადასხვა უცხოური ჯიშების შემოყვანა და მათი გამოცდა. დასასრულებელია ცხვრის გადასარეკი ტრასების, ტრასებზე გასაბანებლების, დეზობარიერების, კარანტინების და სხვ. რეგისტრაცია, დემარკაცია და მოწყობა; ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული საიდენტიფიკაციო პროგრამა, რის გამოც გართულებულია ეპიზოტიური მდგომარეობა. გვიჭირს მატყლის რეალიზება, ინფრასტრუქტურა (ფერმები, მეცხვარეთა საცხოვრებელი სახლები, სადაც ისინი ოჯახებით ცხოვრობენ) აგებულია 1930-1950 წლებში და ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია პრაქტიკულას ყველა ფერმა”.
ქართული ცხვრის ბაზარი
ქართული ცხვრის ძირითად ბაზარს წარმოადგენს მუსულმანური ქვეყნები, ასევე, 2011 წლიდან ისრაელი. პირველი დაინტერესება 2009 წელს გამოიწვია იმან, რომ საქართველოში ცხვარი საკმაოდ იაფი ღირდა, დაახლოებით 50-60 ლარის ფარგლებში. ამის მიზეზი ის იყო, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი ბაზარი, აზერბაიჯანი და მხოლოდ ერთი ექსპორტიორი, რომელიც ქმნიდა ფასს ბაზარზე.
2010 წლიდან საქართველოს ცხვრით დაინტერესდა ირანი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ ბაზარს საუდის არაბეთის შემდეგ. 2011 წელს კვლავ დაფიქსირდა ცხვარზე ფასების ზრდა, მუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 12-13 ნოემბრიდან დაიკეტა ირანის ბაზარი. ფასების ზრდა განაპირობა: ბრუცელოზზე ცხვრის შემოწმების საფასურის გაზრდამ (2-იდან 5 ლარამდე), საწვავის ღირებულების გაზრდამ, საძოვრებზე მიწის გადასახადის მატებამ (იყო საჰექტარო გადასახადი 3 ლარი, ამჟამად მინიმუმ 15 ლარი + 15 ლარი მთის საძოვრები), ასევე დოლარის კურსმა (2010 წლის ნოემბერში კურსი ფიქსირდებოდა 1.80, ხოლო 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კურსი იყო 1.62).
საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლისას ფიქსირდებოდა 2 000000 ცხვარი. თუმცა, იმ პერიოდისთვის საქართველო სარგებლობდა ყიზლარის ზამთრის საძოვრებით, რომელიც ახლა ქართველი მეცხვარეებისთვის მიუწვდომელია.
ამჟამად გვყავს დაახლოებით 700 ათასი სული ცხვარი. როგორც ცხრილ #1-დან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში ცხვრის რაოდენობა საქართველოში სტაბილურად მცირდება. ცხვრის შემცირების მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ გადასახადის ზრდა, რის გამოც ფერმერებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ დიდი ტერიტორიები იქირაონ ან შეიძინონ და გაზარდონ რაოდენობა. უფრო მეტიც, ფერმერთა ნაწილმა დედა ცხვარიც კი გაყიდა რაოდენობის შესამცირებლად.
საქართველო ზამთრის საძოვრების სიმწირეს განიცდის: დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო ძირითადად ის რაიონებია, სადაც საქონლის გამოზამთრება ხდება. დადგენილია, რომ დაახლოებითY1 ჰა ზამთრის საძოვარზე უნდა მოდიოდეს 1 სული ცხვარი. დღეს საქართველოში გვყავს დაახლოებით 700 ათასი ცხვარი, ხოლო ზამთრის საძოვრებია 250 ათასი ჰა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ჰა ზამთრის საძოვარზე გვყავს 3 ცხვარი. ამის გამო, ამ საძოვრებზე ძალიან მაღალია მიწის ეროზიები და რამდენიმე წლის შემდეგ გაუდაბნოების საშიშროების წინაშე დავდგებით.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით გალეგაშვილის განცხადებით: ”მეცხვარეობის ტრადიციული დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დღევანდელ (საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის პირველ კონფერენცია, ავტ.). ღონისძიებაზე ამ პრობლემების განხილვა მოხდა. მართალია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ ამის მერე ის უფრო მეტად ამოქმედდება იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შედეგად, დარგში არსებული პრობლემები მოგვარდეს. აუცილებელია პრობლემების სასწრაფოდ გადაჭრა. ჩვენ ველოდებით ასოციაციისგან ინიციატივებს. პირველი პრობლემა გადასარეკი ტრასების მდგომარეობაა, მეორე _ გადასახადები და ა.შ. მთავრობა ამ საკითხებზე უკვე მუშაობს, მაგრამ მეცხვარეებისა და დარგის სპეციალისტების გარეშე არაფერი გამოგვივა, რადგან უმნიშვნელოვანესია ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ.
ს.ე. – მთავრობის მუშაობაში რა იგულსხმება, რა კეთდება ამ ეტაპზე?
დ.გ. – ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს გადასარეკ ტრასებთან დაკავშირებით. კანონით ამ მიწების გაყიდვა, გასხვისება არ შეიძლებოდა, მაგრამ მიწების კადასტრის მოუწესრიგებლობისა და ზუსტი აღრიცხვის არ არსებობის გამო, მოხდა მათი ნაწილის გასხვისება. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს ამ გადაფარვების აღმოფხვრა. სამუშაო კომისიის წევრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან, მაგრამ ეს მაინც, ძირითადად, ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.
გადასაწყვეტია სხვა საკითხებიც. პერსპექტივა დარგის განვითარებას დიდი აქვს. მეცხვარეობის განვითარების შედეგად, ერთი მხრივ, ჩვენი მთის მოსახლეობა, ფშავში, ხევსურეთში და ა.შ. ”დამაგრდება ადგილზე”, მოსახლეობის გადინება აღარ იქნება, ეს, ფაქტობრივად, ჩვენი საზღვარია, ის არ უნდა დაცარიელდეს, იქ თუ მოსახლეობა აღარ იქნება, დაუცველი დარჩება მთაც და ბარიც. ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-პოლიტიკური პრობლემაა. პრობლემაა სოციალური თვალსაზრისითაც. ამასთანავე, განვითარებულ ქვეყნებში ამ დარგის შემოსავლები საკმაოდ მაღალია, საქართველოსაც შეუძლია ამის მიღწევა სწორი სტრატეგიის არსებობისა და მისი განხორციელების შემთხვევაში. და ჩვენ მეცხვარეთა ასოციაციასთან თანამშრომლობის შედეგად ამას აუცილებლად მივაღწევთ”.
საგადასახადო კოდექსში არსებული ხარვეზების შესახებ საუბრობს მეცხვარეთა ასოციაციის დამფუძნებელი ვასილ ბარნოვი: ”როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა შეიცვალა და გაჩნდა იმედი, რომ ახალი მთავრობა მეტ ყურადღებას მიაქცევს, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად ჩვენ დარგს. ამჟამად დარგში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ფაქტობრივად, არ არის არანაირი შესაძლებლობები და საშუალებები. გადასარეკი ტრასის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია, ის, ფაქტობრივად, არ გვაქვს. გადასახადები მაღალია. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. მაგალითად, როცა ცხვარი იხოცება, მისი ჩამოწერა არ ხდება. მთაში ცხვარი რომ კვდება, მას ვერ წარადგენ, აქ ვერ ჩამოიტან იმისთვის, რომ მისი ჩამოწერა მოხდეს. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება. ბოლო დროს ამ მხრივ ძალიან გამოცოცხლდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სერიოზული დაპირებებია და კარგ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრი სასიკეთო ძვრა იქნება”.
2009 წლიდან მოყოლებული ცვალებადია საქართველოდან განხორციელებული ცხვრების ექსპორტის მოცულობა. 2009 წელს საქართველოდან 17 054 მილიონი აშშ დოლარის ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, 2010 წელს – 13, 427 მილიონის, 2011 წელს 14,944, 2012 წელს კი – 18, 162 მილიონი აშშ დოლარის.
ექსპერტთა შეფასებით, საგადასახადო კუთხით პრობლემაა ისიც, რომ მიწის გადასახადები სხვადასხვა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია.
საქართველოში არის 2 აბორიგენული ჯიში: თუშური (98%) და იმერული (2%). სასელექციო საქმიანობაში რამდენიმე წლიანი ჩავარდნის გამო თუშური ცხვრის ჯიში პრაქტიკულად გადაგვარების პირასაა. იგივე პრობლემა ემუქრება იმერულ ცხვარსაც. საჭიროა ჩვენი ჯიშების რეგისტრაცია და გაუმჯობესება. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მსოფლიოში არსებულ მაღალ-პროდუქტიულ ჯიშებს.
ისევე როგორც სოფლის მეურნეობის ყველა დარგში, პრობლემა მეცხვარეობის შემთხვევაშიც მწვავედ დგას სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებით.
მეცხვარეობის მიმართულებით დაზღვევა ფაქტობრივად არ არსებობს. ძვირია კრედიტებიც (36 – 46 %). ”ფინანსური ინსტიტუტების დაინტერესება არ ხდება, ვინაიდან ესეთი სახის მეურნეობები არ არის რეგისტრირებული და არ ხდება ბუღალტერიის წარმოება. შესაბამისად ძნელია რისკების შეფასება. ხოლო რეგისტრირებულ მეურნეობებს თავისმხრივ დიდი პრობლემები აქვს საგადასახადო კუთხით” – დასძენს ბექა გონაშვილი. საქართველოში არ არსებობს მატყლის სტანდარტი. პრობლემაა მატყლის კლასიფიკაციის არცოდნა, მისი დაბალი ხარისხი და შესაბამისად აბალი ფასი. ასევე მცირეა მატყლის გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობა და დაბალია ტექნოლოგიების დონე. როგოც მეცხვარეთა ასოციაციაში აცხადებენ, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია უკვე მეორე წელია საკუთარი ხარჯებით ეწევა ქართული ცხვრის მატყლის პოპულარიზაციას.
დარგში პრობლემები მართლაც ბევრია. მაშინ როცა, ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში არის შესაძლებლობა, ზამთარში შევინახოთ 1,5 მლნ სული ცხვარი, ხოლო ზაფხულში შეგვიძლია გვყავდეს 2,5 მლნ, მაქსიმუმ 3 მლნ სული. მეცხვარეობის დარგში, აუცილებელია სელექციური საჯიშე მეცხვარეობის განვითარება. ამასთან, უნდა დაიხვეწოს და მივიღოთ რაციონალური ვეტერინარუსლი სამსახური. აქტიური მუშაობაა გასაწევი ფერმერებთან, რათა ისინი დაინტერესდნენ დარგის მიღწევებით და იმ სარგებელით, რომელიც მეცხვარეობამ მათ შეიძლება მოუტანოს.