დავოსის და საქართველოს პრობლემები
მოამზადა სოფიკო გოგოლაძემ
ტრადიციისამებრ, 30 იანვრამდე დავოსი მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის და დიპლომატიის ცენტრი ხდება. “ავიღოთ ჩვენს თავზე რთული გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობა” – ამგვარად ფორმულირდა წლევანდელი ფორუმის დევიზი.
ჩინეთის საკითხი, კლიმატის ცვლილება, გლობალური ეკონომიკა, გლობალური მმართველობა, ისლამი, ახლო აღმოსავლეთი, სიღარიბე, მსოფლიოში აშშ-ის ლიდერობა, მასობრივი განადგურების იარაღი და მსოფლიო ვაჭრობა, ეს ის საკითხებია, რომლებიც კონფერენციის მსვლელობისას ყველაზე რთულად იყო მიჩნეული.
დავოსის კვირეულზე 2200-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა 96 ქვეყნიდან, მათ შორის, 20-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 70 მინისტრი, მსოფლიო ბიზნესის, დაახლოებით, 1000 ლიდერი. დავოსში მიწვეულნი იყვნენ დიდი ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, ევროკომისიის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებების ხელმძღვანელები.
წყნარი, მთიანი კურორტი დავოსი საუკეთესო ადგილია, როგორც მნიშვნელოვანი პრობლემების გაერთანებული ანალიზისა და მათი გადაჭრის გზების ძიებისათვის, ასევე არაფორმალური კონტაქტების დასამყარებლად. აქ ყალიბდება ურთიერთობები სამომავლო თანამშრომლობისათვის და საფუძველი ეყრება ეკონომიკურ პროექტებსა და პოლიტიკურ მოქმედებას.
შეკრების დღის წესრიგში მრავალი საკითხი იყო. ყველაზე აქტუალური – პალესტინის ადმინისტრაციაში ახალი მეთაურის არჩევის განხილვა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები, არჩევნები ერაყში, აშშ-ის ადმინისტრაციის მთავარი მიმართულებები და პოზიციები ჯორჯ ბუშის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, სიტუაცია ევროკავშირში მისი გაფართოების შემდეგ და მდგომარეობა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ისევე, როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინა შეხვედრებისას, წლევანდელმაც შეასრულა პლატფორმის როლი, რათა ახალ ლიდერებს თავისი თავი წარედგინათ მსოფლიოსათვის. პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი და უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო სიტყვით წარსდგნენ ფორუმის წინაშე. დიდი ყურადღება დაეთმო ჩინეთსა და ინდოეთს და მათ მზარდ როლს მსოფლიო ეკონომიკაში.
კლიმატის ცვლილება – დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, ზოგადად, კაცობრიობას შეეხებოდა. განიხილეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კატასტროფის შედეგები.
ფორუმის შეკრების მიზანი, მსოფლიო პრობლემების ვრცელ ნუსხაში თანამედროვეობის ყველაზე რთული საკითხების ამორჩევა გახლდათ, რომლებიც საზოგადოებისა და ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა გადაიჭრას. ფოკუსირება ოთხ ჯგუფზე გაკეთდა: გლობალური საკითხები, ბიზნესი და ეკონომიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, ღირებულებები, ხელოვნება და ლიტერატურა.
წინა წლებთან შედარებით, აშშ-სა და აზიის მთავრობების ოფიციალური პირები თვალშისაცემად ცოტანი იყვნენ. ფორუმის ხელმძღვანელობამ აშშ-ის წარმომადგენელთა ასეთი დასწრება იმას მიაწერა, რომ ბუშის ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მთავრობის ზოგიერთი წევრის დანიშვნა სენატის მიერ ჯერ არ დამტკიცებულა.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უსაფრთხოების ზომები გასულ წლებთან შედარებით, ბევრად იყო გაძლიერებული. შვეიცარიულმა სამხედრო საჰაერო ძალებმა უფლება მიიღეს ცეცხლი გაეხსნათ ნებისმიერი ამოუცნობი ობიექტისთვის.
სიტყვა “დავოსი” ასოცირდება სიმდიდრესა და ძალაუფლებასთან, მსოფლოს ფარულ მმართველობასთან და ცნობართან, “ვინ ვინ არის”. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს დავოსი ევროპელი ანტიგლობალისტებისთვის ბოროტების სიმბოლოდ იქცა. სინამდვილეში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, უბრალოდ, შესაძლებლობაა იმ რამდენიმე ასეული ადამიანისათვის, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკისათვის საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებენ, გადალახონ თავიანთი მდივნების, პირველი ასისტენტებისა და მანძილის “ბარიერები” და ერთმანეთს, მეტ-ნაკლებად არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ. დავოსის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთი პატარა ქალაქია შვეიცარიის მთებში, ძალიან ვიწრო ქუჩებით. ამიტომ, იქ ყოფნისას ბილ გეიტსი აუცილებლად შეეჩეხება პერვეზ მუშარაფს, ხოლო გერმან გრეფი – კოფი ანანს.
დავოსის ფორუმის ორგანიზატორების ანგარიშზე მრავალი მიღწევაა, თუმცა, დღეს მსოფლიოს გამოსწორება არ სურს. ფორუმის მონაწილეებს, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მოუწევთ იმის აღიარება, რომ მოცემული მომენტისათვის მათი მისია შეუსრულებელი დარჩა. ფორუმის დაწყებამდე საორგანიზაციო კომიტეტი ტრადიციულად, კომპანია “გელაპს” გამოკითხვებს უკვეთავს, რომლის შედეგეგები ფორუმის დღის წესრიგს განსაზღვრავენ. წელს შედეგები არასაიმედო იყო: გამოკითხულ ადამიანთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მსოფლიო კატასტროფისკენ მიექანება. გერმანელთა 69%, ბრიტანელთა 61%, ამერიკელთა 51%, და სხვა სახელმწიფოთა მცხოვრებლების დიდი ნაწილი (“გელაპი” ამტკიცებს, რომ გამოკითხვა 1,1 მილიარდი ადამიანის აზრს ასახავს) დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების დონე მეტისმეტად დაბალია, ხოლო მათ შვილებს, მათზე გაცილებით უარეს პირობებში მოუწევთ ცხოვრება. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ხოლო პოლიტიკოსები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ხელს არ უწყობენ პოზიტიურ ცვლილებებს.
თანამედროვეობის მთავარი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების პესიმისტურ განწყობას თან ახლავს ეკონომიკური ზრდა. უკვე წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში აღინიშნება საბირჟო კოტირებების ზრდა, თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის ეკონომიკა გამოდის კრიზისიდან, ხოლო ანალიტიკოსები, მსოფლიო წამყვანი კომპანიების კოტირებების 11-12%-იან ზრდას ელიან.
ზრდის პროგნოზირებული ტემპები თითქმის აღწევს ეკონომიკური ბუმის მაჩვენებლებს – 6-8% ჩინეთსა და ინდოეთში. ევროპის ეკონომიკაც კი, რომელიც განიცდის პოლიტიკური ინსტიტუტების უმოქმედობას, ორი პროცენტით გაზრდის იმედს იძლევა. თუმცა, სხვაობა ბიზნესის აყვავებასა და ცხოვრების ყველა დანარჩენ სფეროში უიმედობასა და პესიმიზმს შორის, საქმიანი ადამიანების გასაგებ წუხილს იწვევს. დავოსის ფორუმის მონაწილე ბიზნესმენების ტრადიციული პოზიციის ფორმულირება ასე შეიძლება – ჩვენ ვიზრუნებთ ეკონომიკაზე და პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, იზრუნონ დანარჩენზე”. თუმცა, გლობალიზაციის ეპოქაში ამგვარი მიდგომა ორაზროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. ფორუმის მრავალი მონაწილე უშუალოდაა დაკავშირებული იმ პრობლემებთან, რომელსაც ამჟმად აწყდება მსოფლიო.
უკვე რამდენიმე წელია, იანვრის დასაწყისში “ანტი-დავოსი” – მსოფლიო სოციალური ფორუმი (WSF) ტარდება, სადაც ანტი-გლობალისტები იკრიბებიან, რათა განიხილონ, კიდევ რა უბედურება და უსამართლობა მოიტანა გასულ წელს გლობალიზაციამ. მსოფლიო სოციალური ფორუმის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ მათ დავოსელ ოპონენტებს არა მხოლოდ არ შეუძლიათ, არამედ არ სურთ მსოფლიო პრობლემების გადჭრა, რადგან თავად არიან მათში დამნაშავენი.