რა ღირს სიტყვის თავისუფლება?
მოამზადა მარი წიკლაურმა
2004 წელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე რთული გამოდგა – პლანეტის სხვადასხვა რეგიონში 129 ჟურნალისტი დაიღუპა, ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელია 80-იანი წლებიდან მოყოლებული, იმ პერიოდიდან, როდესაც მთელ მსოფლიოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. Aამავე დროს, ჟურნალისტების მკვლელობათა გახსნის პროცენტული მაჩვენებელი ძალზედ დაბალია, საქმეთა დაახლოებით 94% გაუხსნელია.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით (International Federation of Journalists), რუსეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის სამუშაოდ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანა გახდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში 21 ჟურნალისტი მოკლეს, აქედან 15 – უკვე პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში. რუსეთში ჟურნალისტების ცხოვრება განსაკუთრებით რთულია, მით უმეტეს, თუ ისინი ოპოზიციური პრესის თანამშრომლები არიან.
ბოლო დროს რუსულ მასმედიას ხშირად უწევს მიკერძოებაში, ანგაჟირებაში, არაკომპეტენტურობაში და ეკონომიკური კრიზისებისა და ომების პროვოცირებაშიც კი ბრალდებებთან დაკავშირებით თავის მართლება. ყველაფერი, რაც რუსეთში ხდება, ჟურნალისტებს ბრალდება: საბანკო კრიზისი, თუ ჩეჩნეთის ომი. მაშინ კი, როდესაც ჟურნალისტებს კლავენ, ამ დანაშაულებებს არავინ იძიებს.
გასული წლის 9 ივლისს რუსეთში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, გაზეთ Forbes-ის რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორი, პ. ხლებნიკოვი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში ბიზნესმენების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მკვლელობები არ წყდება, მაგრამ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობამ, რომელიც ამ ქვეყანაში პირველად მოხდა, ნამდვილი შოკი გამოიწვია, როგორც რუსეთის საზოგადოებაში, ასევე უცხოეთში. მკვლელის ვინაობა დღემდე დაუდგენელია, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ მკვლელობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. პ. ხლებნიკოვი აქტიურად იყო დაკავებული რუსული ბიზნესის საკითხებით და მის საქმიანობას შეეძლო რუსეთის საქმიანი წრეების ნეგატიური დამოკიდებულება გამოეწვია.
20 იანვარს მოსკოვში იარაღის უკანონო შენახვისათვის, გაზეთ “სვობოდნოე სლოვო”-ს მთავარი რედაქტორი, პაველ ლუზაკოვი დააკავეს. დაკავებისას მას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, თუმცა მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მას არასდროს ჰქონია იარაღი და ბრალდება ფალსიფიცირებულია. ბოლო 10 წლის მანძილზე ჟურნალისტი ისეთ ოპოზიციურ გამომცემლობებში მუშაობდა, როგორიცაა ყოველკვირეული “ექსპრეს-ქრონიკა” და გაზეთი “სეპარატისტი”.
20 იანვარს კიდევ ერთი დაკავება მოხდა. ნიჟნი ნოვგოროდში უშიშროების ფედერალური სამსახურის ადგილობრივ სამმართველოში მიიყვანეს რუსულ-ჩეჩნური მეგობრობის საზოგადოების ინფორმაციული ცენტრის მთავარი რედაქტორი სტანისლავ დიმიტრიევსკი. ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დიმიტრიევსკი ნიჟნი ნოვგოროგის პროკურატურაში აღძრული სისხლისსამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოიძახეს. მას დაუსვეს კითხვები გაზეთ “პრავო-ზაშიტაში” გამოქვეყნებულ ასლან მასხადოვის და ახმედ ზაკაევის მიმართვებთან დაკავშირებით, რომლებშიც ისინი ფართო საზოგადოებრიობას რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებდნენ. თვითონ საინფორმაციო ცენტრის მთავარი რედაქტორის ვარაუდით, მას “ეროვნული, რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივების” მუხლით წაუყენებენ ბრალდებას.
აშკარაა, რომ სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა რუსეთში რთული და ბურუსით მოცული საქმეა, თუმცა ამ საკითხის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ქვეყანას სურს როდისმე მაინც შექმნას განვითარებული ეკონომიკური საზოგადოება.
შეტევა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ რუსული საქმიანი პრესის ლიდერზე, საგამომცემლო სახლ “კომერსანტზე” განხორციელდა, საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. გასული წლის ზაფხულში, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ განსახილველად მიიღო “ალფა-ბანკის” სარჩელი “კომერსანტის” წინააღმდეგ. მომჩივანის აზრით, გაზეთში გამოქვეყნებული სტატია მისი ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი გახდა და “კომერსანტისგან” 320,77 მლნ. რუბლის ოდენობის კომპენსაციას მოითხოვდა. სარჩელში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ გაზეთში 2004 წლის 7 ივლისს გამოქვეყნებული სტატია გახდა ბანკიდან 7-12 ივლისის პერიოდში ანაბრების გადინების მიზეზი.
აღნიშნული სტატია 6 ივლისის მოვლენებს ეძღვნებოდა. “კომერსანტის” აზრით, პრობლემები “ალფა-ბანკს” სტატიის გამოქვეყნებამდე უფრო ადრე დაეწყო. “იმ მომენტისათვის, როდესაც “კომერსანტის” კორესპონდენტები ინფორმაციის გადამოწმებას შეუდგნენ, “ალფა-ბანკის” განყოფილებებთან უკვე მეანაბრეთა გრძელი რიგები იდგა. სწორედ ეს რიგები იყო აღწერილი სტატიაში, რომელიც “ალფა-ბანკმა” რუსეთის ფედერაციის “მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ კანონის” 51-ე მუხლის დარღვევადD მიიჩნია, რომელიც “საზოგადოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფალსიფიცირებას და სანდო ინფორმაციის სახით ჭორების გავრცელებას” კრძალავს”, – ნათქვამია გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებში.
2004 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ბანკის სარჩელი დააკმაყოფილა და “კომერსანტს” “ალფა-ბანკისათვის” 10 მლნ. დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ გაზეთ “კომერსანტში” გამოქვეყნებული სტატა (“საბანკო კრიზისი გზაზე გამოვიდა”) შეიცავდა მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ბანკის რეპუტაცია შეარყია, რის გამოც მას გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა.
“კომერსანტის” მფლობელმა, ცნობილმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, – “იმისათვის, რომ “კომერსანტს” ამ თანხის გადახდა დაეკისროს, არანაირი საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს”, მისი თქმით, ასეთი სარჩელის შეტანა უნდა განიხილებოდეს, როგორც “ალფა-ბანკი” პირდაპირი თანამშრომლობა იმ ძალებთან, რომლებიც რუსეთში თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არსებობას ებრძვიან.
ამერიკის და ევროპის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აზრით, რუსეთის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული იმაში, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. სხვადასხვა პოლიტიკური და ფინანსური კლანები ცდილობენ მასმედია მათ ინტერესებს დაუქვემდებარონ, ანუ რუსეთი იმ დროს დაუბრუნდა, როდესაც პრესა ბრმად ასრულებდა ხელისუფალთა ნებას. რუსეთის ხელისუფალნი საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობენ – ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაკოტრება აკრძალა.
მასმედიის წახალისებას რუსეთის ხელისუფლება ყოველწლიური პრემიების დარიგებითაც ცდილობს. გასულ წელს ბეჭვდითი პრესის დარგში 10 ფულადი პრემია დაწესდა 1 მლნ რუბლის ოდენობით. პრემიები 2005 წლიდან დარიგდება. ფინანსური უზრუნველყოფა კი რუსეთის კულტურის სამინისტროს და მასობრივი კომუნიკაციების ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელდება. პრემიები რუსეთის ფედერაციის უწყებათშორისი საბჭოს მიერ წამოყენებული წინადადებების საფუძველზე მიენიჭებათ ჟურნალისტებს, რომლებმაც ბეჭვდითი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში მნიშვნელოვან შემოქმედებით და პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს.
პარალელურად, 2005 წლის 1 იანვრიდან რუსეთში შემოდის დამატებითი გადასახდი ჟურნალ-გაზეთებისათვის. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმოება-გავრცელებისათვის რუსეთში 10%-იანი დღგ არის დადგენილი. მომავალი წლიდან იგი თითქმის გაორმაგდება და 18% გახდება. ხელისუფლების ლოგიკას სახელმწიფო სათათბიროს ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის მრჩეველი, ნატალია შილოვა იმით ხსნის, რომ მასმედიისათვის არსებული დღგ-ის შეღავათების გამო ბიუჯეტი მილიონობით რუბლს კარგავს. მისი თქმით, შეღავათები 3 წლის წინ იყო შემოღებული და ამ დროსიათვის რედაქციებს თავისი საქმიანობის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადაყვანა უნდა მოეხერხებინათ, ახლა კი დრო ამოიწურა. ნათელია, რომ დღგ-ის გაზრდა აუცილებლად გამოიწვევს ტირაჟების შემცირებას. ან იქნებ რუსეთის ხელისუფლებას მართლაც არ სურს იცოდეს სიმართლე საკუთარი თავის შესახებ?
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში პრესა დღგ-ით საერთო არ იბეგრება. საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში ეს გადასახადი 2-3%-ს შეადგენს, სხვა სახელმწიფოებში დაწესებულია შეღავათები, რის მიხედვითაც, გადასახადი 10%-ს არ აღემატება.
მასმედიასთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი სიტუაცია რუსეთისაგან ცოტა განსხვავდება, ჩვენთან მასშტაბებიც, რასაკვირველია, გაცილებით მცირეა. მასმედია საქართველოში უკვე “შემჩნეულია” რეალობის “ვარდისფერებში” წარმოჩენის ტენდენციაში.
ადრე საქართველოში ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა, მიწოდება და რეალიზაცია დღგ-თი არ იბეგრებოდა, თუმცა, ვიდრე საგდასახადო კოდექსის პროექტი განხილვის სტადიაში იყო, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრესის შეღავათებს საფრთხე ემუქრებოდა. საფრთხის განეიტრალებაში გაზეთ “ალიას” ჟურნალისტების წვლილი უმნიშვნელო არ არის. მათ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღეს, რომელიც დაახლოებით 3 თვე გაგრძელდა და მიმდინარე პროცესებს თვითონვე აშუქებდნენ. “ალიამ” ფიქსირებული გადასახადის დაწესების მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. თითქმის ყველა ნომერში ქვეყნდებოდა ამ ინიციატივის მიმართ თითეული პარლამენტარის დამოკიდებულება და პოზიცია. ფიქსირებული გადასახადის შემოღებას მომხრეებიც ყჰავდა და მოწინააღმდეგეებიც.
არსებობდა მოსაზრება, რომ შეღავათი მხოლოდ სამეცნიერო-პუბლიცისტურ-პოლიტიკურ ჟურნალ-გაზეთებს უნდა მისცემოდა. სხვები ფიქრობდნენ, რომ შეღავათების მოხსნით იკარგებოდა გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ გაზეთის ბალანსზე სხვა საწარმოს ფული არ მოხვდებოდა, ანუ ამ შეღავათით სხვები არ ისარგებლებდნენ და ა. შ.
მიმდინარე პროცესი “ალიას” პუბლიკაციების და კონკრეტულად, გიორგი ბრეგვაძის წყალობით, იმდენად საჯარო გახდა, რომ შეუძლებელი იყო პრესისათვის შეღავათების შენარჩუნების მომხრე პარლამენტარების ინიციატივა არ გასულიყო. მით უმეტეს, რომ პრესისათვის შეღავათიანი საგადასახადო სისტემის შემოღების ინიციატივას, მხარი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც დაუჭირა. 2004 წლის 9 დეკემბრის ბრიფინგზე გამოსვლისას მან განაცხადა, “ჩვენი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესი, იმაში მდგომარეობს, რომ პრესა იყოს თავისუფალი და მკითხველს თავისუფალი ინფორმაცია მიაწოდოს”. სააკაშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ პრესისათვის ეკონომიკური თვისუფლების უზრუნველყოფით შეიძლება, რათა შემდგომში პოლიტიკურ თავისუფლებას მივაღწიოთ.
” – წინააღმდეგ შემთხვევაში პრესა იძულებული იქნება ვინმეს შეეკედლოს” – დასძინა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განკარგულება შესრულდა, ახალი კოდექსის თანახმად, ბეჭვდითი მედიის მფლობელები გადაიხდიან საშემოსავლოს და სოციალურ გადასახადს, ანუ ქონების, მოგების და დღგ-სგან გათავისუფლდებიან, თუმცა, კანონმდებლებმა დაპირება ბოლომდე მაინც ვერ შეასრულეს, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, ჟურნალ-გაზეთები გადასახადებისაგან მხოლოდ 2007 წლამდე გათავისუფლდნენ და არა უვადოდ, როგორც თავიდან იყო ნათქვამი. ამგვარად, სიტყვის თავისუფლების ღირებულების საკითხი 2007 წლიდან კვლავ აქტუალური იქნება.