პროდუქციის ხარისხისა და მისი დაცვის შესახებ
ომარ კაჭარავა, იური ნიკოლაიშვილი, მიხეილ ჩხენკელი
რა არის პროდუქციის ხარისხი, როგორც ტერმინი? რამდენიმე განმარტების თანახმად, “ხარისხი არის იმ თვისებათა ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოცემული ობიექტის მიერ დანიშნული ფუნქციის შესრულებას”, ხოლო “პროდუქციის ხარისხი – არის პროდუქციის თვისებათა ერთობლიობა მისი ვარგისიანობის შესახებ, რათა დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები მისი დანიშნულების შესაბამისად”.
პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით საინტერესოა ხარისხის კონტროლის ევროპის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ 1957 წელს და რომელსაც ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს პროდუქციის ხარისხის ფორმირების საქმეში, კერძოდ, პროდუქციის ხარისხის კონტროლის სტატისტიკური მეთოდების გამოყენებაში.
პროდუქცის ხარისხის ორგანიზაციულ-ტექნიკურ საფუძველს წარმოადგენს სტანდარტიზაცია, ხოლო სტანდარტიზაცია პროდუქციის წარმოების სფეროში იგივეა, რაც კონსტიტუცია ქვეყნის ცხოვრების წესებისათვის. სწორედ სტანდარტიზაციის ამოქმედებამ წაიყვანა წინ ერთ დროს მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-100 ადგილზე მყოფი თურქეთის ეკონომიკა. მრეწველობისა და ეკონომიკის განვითარების თანამედროვე პერიოდისათვის შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ეს არის განზომილებათა ეპოქა. მხოლოდ გაზომვათა ტექნოლოგია აძლევს ადამიანს სრულ ინფორმაციას გარე სამყაროსა და მოვლენებზე, ტექნოლოგიურ პროცესებზე, პროდუქციის ხარისხზე და ა.შ. გაზომვითი ინფორმაციის მთავარი თვისებებია: სიზუსტე, ერთგვაროვნება, უტყუარობა და საიმედოობა. ყოველივე ამას ერთად ეწოდება მეტროლოგიური უზრუნველყოფა ანუ გაზომვათა ხარისხის მართვის სისტემა. სწორედ გაზომვათა ხარისხის მართვის სისტემა არის თვით პროდუქციის ხარისხის მართვის ერთიანი სისტემის საფუძველი, რომლის პრინციპები მოცემულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) 9000 სტანდარტების სისტემებში. პროდუქციის ხარისხის ობიექტური შეფასება დამოკიდებულია პროდუქციის სახელმწიფო გამოცდების, აგრეთვე სერტიფიკაციის სწორად და გამართულად ჩატარებაზე. სერტიფიკაციის ქვეშ იგულისხმება იმ გაზომვებისა და მოქმედებების სისტემა, რომელიც ადასტურებს პროდუქციის მახასიათებლების სტანდარტებთან ან სხვა დოკუმენტებთან შესაბამისობას. სერტიფიკაციის ძირითადი პირობა არის პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლების დადასტურება დამოუკიდებელი საგამოცდო ცენტრების (სერტიფიკაციის ცენტრების) მიერ. ამის გამო სერტიფიკაცია არის პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლების სტაბილურობის გარანტი, რასაც ადასტურებს ბევრი საზღვარგარეთული სერტიფიკაციის ცნობილი ორგანოს (ინგლისური “ლოიდის რეგისტრის”, ფრანგული “ვერიტასის”, გერმანული “ვარენტესტის” და სხვათა) მთელი მსოფლიოსათვის მისაღები დასკვნები.
პროდუქციის ხარისხის განმარტებასთან ურთიერთკავშირშია ტერმინები – საიმედოობა და ფალსიფიკაცია. საიმედოობა შეიძლება იყოს პროდუქციის თვისებათა როგორც ერთ-ერთი, ისე, მისი დამოუკიდებელი მახასიათებელი (როცა საიმედოობა ითვლება პროდუქციის ხარისხის მთავარ კრიტერიუმად). საიმედოობის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქციამ გარკვეული დროით შეინარჩუნოს ის მაჩვენებლები, რომლებიც მან შექმნისას მიიღო. ხშირად ასეთი გამოთქმაც კი იხმარება – “პროდუქციის ხარისხი და საიმედოობა”. პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით საინტერესოა ე.წ. “უხარისხო პროდუქციის” ცნება. საქართველოს “სამოქალაქო კოდექსის” 1010-ე მუხლი ასეთ განმარტებას იძლევა:
“1. პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.
2. პროდუქტი არ მიიჩნევა უხარისხოდ მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვიანებით უფრო უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში შემოტანილი”.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობა გვავალდებულებს, რომ საქართველოში პროდუქციის ხარისხი იყოს არა მხოლოდ მაღალი, არამედ სტაბილურად მაღალი, ე.ი. იყოს კონკურენტუნარიანი. რაც შეეხება ფალსიფიკაციას, საქართველოს “სისხლის სამართლის კოდექსის” 197-ე მუხლი მას ასე განმარტავს: “ფალსიფიკაცია – მოტყუებით ნივთის (პროდუქციის) თვისობრივი შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით”. მაგრამ ყველა ეს ქმედება ანგარების გარეშე რომ მოხდეს, ფალსიფიკაცია არ იქნება? ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს ასეთი განმარტება: “ფალსიფიკაცია – მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, პროდუქციის სახის, შემადგენლობის ან ხარისხის დადგენილი მაჩვენებლების გაუქმება”.
სამომხმარებლო ბაზრის დაცვა უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან კვლავ რჩება ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად. ეს მაშინ, როცა პროდუქციის, განსაკუთრებით, პროდუქტების, ანალიზი ხდება ფიზიკო-ქიმიურ, ორგანოლეპტიკურ, მიკრობიოლოგიურ, რადიონუკლიდურ, ტოქსიკოლოგიურ და სხვა მაჩვენებლებზე. თვით პროდუქცია კი ისევ დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს: მეთანოლს, ხელოვნურ (სინთეტიკურ) ნაერთებს – დამატკბობლებს, ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებს და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს. ისევ ხდება ადამიანების არამარტო დაავადების, არამედ უხარისხო, ფალსიფიცირებული და მავნე მიკროორგანიზმებით მოწამვლისა და დაღუპვის შემთხვევები. ამ მხრივ, ძალზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” მცირე წიგნი – “რას ნიშნავს E ნომრები”.
დღეისათვის პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებას ბევრი უწყება და სამსახური ახორციელებს, თითქოს პასუხისმგებლებიც არიან, მაგრამ საბოლოო შედეგზე არცერთი მათგანი პასუხს არ აგებს. ეს ეხება როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტულ პროდუქციას. ხდება გაურკვეველი წარმოშობის, უხარისხო, ფალსიფიცირებული და ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის შემოსვლა. ამ დროს ბოლომდე გაურკვეველია, თუ სად, როდის და როგორ უნდა მოხდეს მისი ხარისხის შემოწმება (ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს კვების პროდუქტებით მოწამლულთა რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი). სრულყოფას მოითხოვს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაც და აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების პასუხისმგებლობაც, აგრეთვე თვით აკრედიტაციის ჩამტარებელი სამსახურის პასუხისმგებლობა. ეს საკითხი ხომ მთლიანად მომხმარებელს და მისი ჯანმრთელობის დაცვის გარანტიებს ეხება.
პროდუქციის ხარისხის დაცვა და მისი მართვა ისე უნდა ხდებოდეს, რომ მან არ დაასუსტოს ეკონომიკა. ეს კი მიიღწევა სამი გზით:
– ხარისხის უზრუნველყოფით საწარმოში ანუ წარმოების პროცესში (იმიტომ, რომ შემდეგ მას აღარაფერი ეშველება);
– ინფორმაციით კანონებზე, წესებზე და კონსულტაციებით (გაეროს რეზოლუციაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, ნათქვამია, რომ საინფორმაციო სამსახურები განსაკუთრებით საჭიროა სოფლად. დღეს კი ჩვენს სოფლებში და დაბებში ცხოვრობს მოსახლეობის 50%-ზე მეტი, ხოლო მათი კვალიფიკაცია უფლებების დაცვის შესახებ ძალიან დაბალია და ხალხს ფინანსურადაც უჭირს);
– სახელმწიფო მეთვალყურეობით.
ე.ი. გვაქვს ეკონომიკის, მომხმარებლის და სახელმწიფოს ამოცანები. აქედან, ყველაზე მთავარია სახელმწიფო მეთვალყურეობა ანუ კონტროლი, რომელიც მოიცავს: 1. მომხმარებლის დაცვას რისკისაგან; 2. მის დაცვას შეცდომაში შეყვანისაგან; 3. მის ზუსტ ინფორმირებას; 4. ეკონომიკის და მეურნეობის თამაშის წესების დაცვას იმათგან, ვინც ასეთ წესებს არ იცავს. მე-4 პუნქტი მოიცავს: ა) კონტროლის ადგილზე განხორციელებას; ბ) მწარმოებლების, ვაჭრობის მუშაკთა და ა.შ. ჯანმრთელობის შემოწმებას; გ) საწარმოს დოკუმენტაციაზე ზედამხედველობას; დ) საწარმოს (მეურნეობის) შიგნით არსებული სტანდარტების და წესების შემოწმებას. ყველა ამ ნაბიჯის ერთდროულად შესრულება, ალბათ, არ არის აუცილებელი, მაგრამ, თუ არ არის დაცული ხარისხის ნორმები, მაშინ ასეთი საქონელი არ უნდა გაიყიდოს, მოხდეს მისი შეჩერება ან უკან დაბრუნება. ამავე დროს, თუ ნორმის და წესის დამრღვევი არ დაისაჯა, მაშინ მათი მოთხოვნები ვერ იმუშავებენ; ე) სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების სტრუქტურის სრულყოფა (ამისათვის საბაჟო გადასახადებიდან შემოსული თანხების ნაწილის საგამოცდო ლაბორატორიების შესაქმნელად გამოყენება); ვ) ხარისხის სისტემის სერტიფიკაციის დანერგვა და სხვა ქვეყნების სერტიფიკაციის ორგანოებთან თანამშრომლობის გაფართოება.
პროდუქციის ხარისხის და მასზე მოთხოვნების შესრულების სურათს იძლევა საქართველოს რამდენიმე კანონი. მაგალითად, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლი, “მომხმარებლის უფლება პროდუქციის ხარისხზე”, პუნქტ 7-ის მიხედვით ამბობს:
“პროდუქცია, რომელზეც საკანონმდებლო აქტებითა და სტანდარტებით განსაზღვრულია მოთხოვნები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს უსაფრთხოება, აგრეთვე მომხმარებლის ქონებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების აუცილებელი პირობები, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას.
იკრძალება საქონლის (მათ შორის, იმპორტულის) რეალიზება, სამუშაოთა შესრულება და მომსახურების გაწევა, ამ პუნქტის პირველ აბზაცში მითითებული მოთხოვნების შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსატანად ნებართვის საფუძველია საბაჟო ორგანოებში წარდგენილი სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს ან ცნობს საქართველოს სათანადო რწმუნების მქონე ორგანო.
პასუხისმგებლობა პროდუქციის უსაფრთხოების ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის, აგრეთვე სერტიფიკატის დასაბუთებული გაცემისათვის განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით”.
თვით კანონის დარღვევათა შორის, ყველაზე დიდი, უფლებების მოპარვა-მითვისებაა. უფლების მითვისება სტიმულს აძლევს მატერიალური ფასეულობების მითვისებას (ამის მაგალითები კი საკმაოზე მეტი გვაქვს). ამავე დროს, თუ თვით პროდუქტი არ არის საკმარისი, ხარისხის დაცვა შეუძლებელია. როგორც დიდი გერმანელი პოეტი ვ. გოეთე ამბობდა – “კანონი ძლიერია, მაგრამ გაჭირვება უფრო უძლეველია”. ამიტომ, თვით პროდუქტი უნდა იყოს საჭიროზე მეტი. მაშინ შეიქმნება ხარისხის მართვის სისტემა და სტრუქტურები, რომლებიც ამ სისტემას ცხოვრებაში გაატარებენ. ექსპორტზე წარმატებისათვის უნდა დავიცვათ საერთაშორისო წესები, მაგრამ, ამავე დროს, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი შინაგანი ძალები, ჩვენი პროდუქციის ეროვნული სახე და სიძლიერე, ხოლო ყველაფერი ეს უნდა ხდებოდეს ჩვენი პროდუქციის რეკლამის პარალელურად.
რაც შეეხება იმპორტულ საქონელს, ასეთი პროდუქციის სინჯების აღება და მისი სრული შემოწმება წარმოების პროცესში ჩვენგან შეუძლებელია. მისი შემოტანის მოწესრიგება კი ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (“საქსტანდარტის”) თავმჯდომარის 2003 წლის #585/343 ბრძანებით: “სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესი”. ამ წესის მე-3 მუხლში ნათქვამია:
“1. წინამდებარე წესების რეგულირების საგანს წარმოადგენს იმ პროდუქციის საქართველოში იმპორტის პროცედურების მოწესრიგება, რომლებიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას;
2. ამ ბრძანებაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ასეთი ცვლილებების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება საბაჟო ორგანოებს”, ჯერჯერობით, ასეთია პროდუქციის ხარისხის დაცვისა და მისი მართვის შესახებ ჩვენი მოკლე მიმოხილვა. მაგრამ აქვე შეიძლება კიდევ ჩამოვთვალოთ საქართველოში დღეს მოქმედი რამდენიმე სტანდარტი, რომლებიც ჩვენი მსჯელობის სფეროს განეკუთვნებიან:
სსტ 30-99 – ხარისხის მართვა და ხარისხის უზრუნველყოფა;
სტ ისო 9001-2000 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემები და მოთხოვნები;
სტ ისო 90