საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში

ლამარა ქოქიაური

თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ციკლური ხასიათი. თანამედროვე ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კანონზომიერებაა მისი ციკლური ხასიათი. მსოფლიო ეკონომიკის ყოველი სტრუქტურული კრიზისის დროს ყალიბდება ახალი შესაძლებლობები. ქვეყნები, რომლებიც ლიდერობდნენ განვლილ ციკლში, განიცდიან კაპიტალის გაუფასურებასა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დაცემას მოძველებული ტექნოლოგიების მქონე დარგებში, მაშინ, როცა ის ქვეყნები, რომელთაც მოასწრეს ინოვაციური პოტენციალის შექმნა, აღმოჩნდებიან კაპიტალის მოზიდვის ცენტრში, რომელიც გამოთავისუფლდება მოძველებული წარმოებისაგან.

შესაბამისად სახელმწიფოები, რომლებმაც განახორციელეს სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო კაპიტალის ინვესტირების პოლიტიკა პერსპექტიულ მიმართულებებში, შეიძენენ პრინციპულ კონკურენტულ უპირატესობას. ასეთი პოლიტიკის რეალიზაცია სტრუქტურული კრიზისის ფაზაში მათ ავტორებს შესაძლებლობას აძლევს მიაღწიონ ეკონომიკურ ზრდას კონკურენტული უპირატესობების გაფართოების საფუძველზე.
კარგად არის ცნობილი საბაზისო და რადიკალური მეცნიერული სიახლეები, ისინი სტრუქტურული კრიზისების დაძლევის მნიშვნელოვანი საშუალებებია, რომლებიც ამას ახერხებენ პრინციპულად ახალი მიღწევების ათვისებით და ეკონომიკური ზრდის ტრადიციული მიმართულებების ეფექტიანობის კარდინალურად ამაღლების გზით.
ეკონომიკის მდგრადი განვითარების ტრაექტორიაზე გასვლისათვის აუცილებელია ინოვაციურ-ინვესტიციური აქტივობის მრავალჯერადი და სწრაფი გადიდება და ახალი ტექნოლოგიური მიმართულებებისა და საბაზისო ტექნოლოგიების ათვისება. სწორედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებში ინვესტიციების წახალისებაზე, უზრუნველყოფს ეკონომიკის მოდერნიზაციას, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევას.
განვითარების ინოვაციური გზა ინვესტიციურ პოლიტიკაში. ასე რომ, წარმმართველი როლი ეკისრება განვითარების ინოვაციურ ტიპს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს როლის ზრდას ინვესტიციური პოლიტიკის გატარებაში. მაღალგანვითარებული ქვეყნები თავის თავზე იღებენ ისეთი დარგების დაფინანსებას, როგორციაა ფუნდამენტური მეცნიერება და მაღალრისკიანი გამოყენებითი კვლევები, სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ცოდნის გავრცელება, მოსახლეობის განათლება. ამ ფუნქციების განხორციელება მთლიანობაში მიმდინარეობს მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების ფონზე, რომელიც ინვესტორისათვის თვალშისაცემ კომერციულ უკუგებას არ იძლევა, მაგრამ ქმნის პირობებს წარმოების სწრაფი ზრდისათვის, მეცნიერულ სიახლეთა საფუძველზე.
სახელმწიფო თანამედროვე პირობებში მოწოდებულია შექმნას განვითარების ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ ინვესტიციებს ახალ ტექნოლოგიებში. ასტიმულირებენ ინოვაციურ აქტივობას, ხელს უწყობენ პროგრესულ ტექნოლოგიურ ძვრებს, რომლებიც აერთიანებენ ფინანსურ, შრომით და ინფორმაციულ რესურსებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტიულ მიმართულებებზე. სახელმწიფომ შეიძლება უარი თქვას იმ წარმოების განვითარების ორგანიზაციის პასუხისმგებლობაზე, სადაც ფორმირებულია შესაბამისი ბაზრები და ჩამოყალიბებულია კონკურენტული ურთიერთობები. ამავე დროს მან მხარი უნდა დაუჭიროს ინვესტიციური აქტივობის ახალ მაღალრისკიან მიმართულებებს, რომლებიც გზას უხსნიან პერსპექტიული წარმოების შექმნას მეცნიერულ-ტექნიკურ მიღწევათა დანერგვის საფუძველზე. ასე მაგალითად: ეკონომიკის დერეგულირების ტალღამ, რომელიც განვითარებული ქვეყნებიდან წამოვიდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, მნიშვნელოვანწილად ტრადიციული დარგები მოიცვა და პრაქტიკულად არ შეხებია მაღალტექნოლოგიურ სექტორს, მათში, პირიქით, გაძლიერდა პირდაპირი სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტიტუტების მნიშვნელობა ინოვაციური და ინვესტიციური აქტივობისათვის და შედარებით კაპიტალტევადი წარმოების ორგანიზაციისათვის. ამასთან დაკავშირებით, იზრდება სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მნიშვნელობა. სახელმწიფო მიზანმიმართულია კონკურენტუნარიანი საწარმოების შექმნაზე, რომელთაც უნარი აქვს მკაცრი კონკურენციის პირობებში იმუშაონ ეროვნულ და საგარეო ბაზრებზე, ასევე უნდა მოახდინონ რესურსების კონცენტრაცია წარმოების განახლების პერსპექტიულ მიმართულებებზე.
სახელმწიფო ზემოქმედების პირდაპირი ინსტრუმენტები ორიენტირებულნი არიან კერძო ინიციატივების ფართო მხარდაჭერაზე, ინოვაციური საწარმოების ათვისებაზე, რომლებიც ასტიმულირებენ ინვესტიციურ აქტივობას შესაბამის მიმართულებებში და სამეწარმეო ინიციატივას.
მეცნიერების დაფინანსების აუცილებლობა და მისი დაფინანსების არსებული მდგომარეობა. სწორედ წარმოების აქტიური ინვესტირება, განსაკუთრებით სამეცნიერო-ტექნოლოგიური დანიშნულებისა, ინოვაციური და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა აყალიბებს მატერიალურ წინაპირობებს ეკონომიკური ზრდისათვის. დღეისათვის ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის შემცირება იმის შედეგია, რომ დარღვეულია ტექნიკური ერთიანობა სამეცნიერო კვლევებს და დამუშავებებს შორის, დაიშალა ადრე შექმნილი სამეცნიერო კოლექტივები, ქვეყნიდან გაედინება კვალიფიციური ინტელექტუალური პოტენციალი. შედეგად ძლიერდება ქვეყნის დამოკიდებულება უცხოელ მწარმოებლებზე.
ასე რომ ეკონომიკური ზრდისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, საჭიროა კაპიტალის ინოვაციური განახლება პრინციპულად ახალ, კონკურენტუნარიან საფუძველზე. ეს გაძნელებულია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო დაფინანსების მკვეთრი შემცირებისა და სახელმწიფო საწარმოო შეკვეთების პრაქტიკულად არარსებობის პირობებში მეცნიერება თითქმის განვითარების შიდა რესურსების გარეშეა დარჩენილი.
უკანასკნელ წლებში დანახარჯები მეცნიერულ კვლევებსა და დამუშავებაზე მკვეთრად შემცირდა. შედეგად მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯების წილი მშპ-ში 1999 წელს 0,97%-ის ტოლი იყო, რაც 2-ჯერ ნაკლებია 1990 წლის დონესთან შედარებით. (2,03%). იმასთან დაკავშირებით, რომ მკვეთრად შემცირდა საწარმოების მხრიდან ინოვაციებზე მოთხოვნა, მეცნიერების დაფინანსების სტრუქტურაში გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების წილი, სხვადასხვა შეფასებით, ეს მაჩვენებელი 90%-მდეა. ბიუჯეტის დანახარჯები სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე მცირდება აბსოლუტური მოცულობით და აქვს მშპ-ს მიმართ მკვეთრად გამოხატული კლების ტენდენცია, ასევე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართ. სამეცნიერო-საწარმოო პოტენციალის დეგრადაციის დასტურია სამეცნიერო კვლევით და საცდელ-საკოსნტრუქტორო სამუშაოებზე დანახარჯების მკვეთრი შემცირება და შედეგად ამ სფეროში მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით პროგრესირებადი ჩამორჩენა. ერთ სულ მოსახლეზე მეცნიერულ კვლევებზე დანახარჯები აშშ-ში შეადგენდა 794 დოლარს (1998წ.); იაპონიაში – 715 დოლარს; გერმანიაში – 511 დოლარს; რუსეთში – 61 დოლარს; საქართველოში – 2,8 დოლარს.
დაფინანსების მკვეთრი შემცირების გამო მნიშვნელოვნად გაუარესდა მეცნიერული მოწყობილობის განახლება, შემცირდა ხელფასი მეცნიერებაში. სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ძირითადი ფონდების განახლების კოეფიციენტი მკვეთრად შემცირდა (1998წ. – 1,7%. 1990წ. – 10,5% რსფსრ) გამწვავდა მეცნიერების ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების საცდელი ბაზის შენარჩუნება-მხარდაჭერისა და განვითარების პრობლემები. 1960 წლისათვის საბჭოთა მეცნიერების წილად მოდიოდა მსოფლიო მეცნიერული პროდუქციის 20%. ახლა რუსეთი მსოფლიო მეცნიერებატევადი პროდუქციის ბაზრის მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს.
ინოვაციების რეალიზაცია მოითხოვს საქმიანობის ფართო წრეს, დაწყებული კვლევებისა და დამუშავებების შესრულებიდან წარმოების ტექნოლოგიურ მომზადებამდე და დამთავრებული ახალი პროდუქციის წარმოებამდე. ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ინოვაციური საქმიანობის პრიორიტეტი იცვლება.
ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიღწევისათვის თანამედროვე პირობებში აუცილებელია მეცნიერულ სიახლეთა ისეთი საბაზისო მიმართულებით განვითარება, რომლებიც ქმნიან ახალ და არ აფასებენ ტექნიკის განვითარების არსებულ მიმართულებებს. როგორც ცნობილია, საბაზისო მეცნიერულ სიახლეთა ტალღა განაპირობებს, ე.წ. ინოვაციური მულტიპლიკატორის ამოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ინვსტიციებთან გაზრდილი ერთიანი მოთხოვნით. ინვესტიციები საბაზისო ინოვაციებში იწვევს წარმოების ზრდას, რომელიც განაპირობებს მეორადი გაუმჯობესებული მეცნიერული სიახლეების წარმოშობას, ისინი ცვლიან მოძველებულ ტექნოლოგიებს. მეორადი სიახლების დანერგვა ხორციელდება ახალი ინვესტიციებით, რომლებიც სტიმულს აძლევენ წარმოების შემდგომ ზრდას. შესაბამისად, ინოვაციური მულტიპლიკატორი დიდ გავლენას ახდენს წარმოების ზრდაზე, გამოჰყავს ეკონომიკა დეპრესიის მდგომარეობიდან გრძელვადიანი აღმავლობის სტადიაზე.
სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების დაფინანსებაზე ინვესტიციების გადანაწილება. განვითარებული ქვეყნებისათვის შედარებით ტიპურია სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების დაფინანსებაზე ინვესტიციების თანაბარი წილით გადანაწილება კერძო და სახელმწიფო კაპიტალებს შორის. ასე მაგალითად, აშშ-ში არასახელმწიფო ინვესტიციების წილი ინოვაციურ ბაზარზე შეადგენს 50%-ს. ასევე სახელმწიფო ექსპერტიზის მონაცემებით, ინოვაციების 10% ღებულობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სტატუსს და, შესაბამისად, ფინანსირდება სახელმწიფო სახსრების ხარჯზე. იაპონია აფინანსებს მთელი მეცნიერული ხარჯების 33%-ს. მრეწველობაში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების 73% აშშ-ში ხორციელდება თვითდაფინანსების ხარჯზე. გერმანიაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 70%-ს, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში – 62%-ს, საფრანგეთსა და იტალიაში – 57%-ს. ამასთან დაკავშირებით, ერთადერთი შესაძლო მექანიზმი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობისათვის არის მრეწველობის ტექნიკური გადაიარაღება და განვითარების ინოვაციურ ტიპზე გადასვლა.
თავის მხრივ, მრეწველობის საწარმოო აპარატის ტექნიკო-ტექნოლოგიური მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია მოითხოვს ინოვაციების სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას. აქ აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის აქტივიზაცია სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში და ეკონომიკის სამეცნიერო-სამრეწველო განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებების შემუშავება. ამასთან, სახელმწიფომ, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ეკონომიკის რეალური სექტორის ტექნოლოგიური გადაიარაღების საქმეში, თავის თავზე უნდა აიღოს მეცნიერების ფუნდამენტური სექტორის და მაღალრისკიანი გამოყენებითი ხასიათის კვლევების დაფინანსება. აღადგინოს ბიუჯეტიდან მეცნიერების ღირსეული დაფინანსების ტრადიცია, განავითაროს სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა. ამასთან, რომ განისაზღვროს პროპორციები ინვესტიციების განაწილებაში, აუცილებელია ორიენტაცია აღებული იქნას ეკონომიკის ციკლური განვითარების კანონზომიერებებზე, კვლავწარმოების ინტენსიურ ტიპზე, რაც გამოიხატება დანახარჯების დაყოფის სტატისტიკურ კანონში, სამეცნიერო-საწარმოო ციკლის სტრუქტურის მიხედვით. ასე მაგ.: დანახარჯები ფუნდამენტურ კვლევებზე, გამოყენებით სამუშაოებზე, დამუშავებებზე, კაპიტალური დაბანდებები სამეცნიერო-ტექნიკურ სიახლეთა ათვისებაზე შეადგენს 1 : 3 : 9 : 27.
ასეთი სახის რესურსების განაწილების სტატისტიკური კანონი სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალთან მიმართებაში დამახასიათებელია საზოგადოებრივი წარმოების განვითარების იმ სტადიისათვის, როცა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ხორციელდება პრაქტიკის კანონებით, რომელიც გამოიხატება წარმოების სტაბილიზაციისა და განვითარების პრობლემების აუცილებელ გადაჭრაში.
სამეცნიერო პოტენციალის ფაქტიური შემცირების მიზეზები. სამეცნიერო პოტენციალის ფაქტიური შემცირება პოსტკომუნისტურ სივრცეში დაკავშირებულია იმასთან, რომ არ განხორციელდა სამეცნიერო დაწესებულებების ქსელის რესტრუქტურიზაცია, რაც აუცილებელია საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად.
ყოფილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პრივატიზაციამ არ მოიტანა სასურველი შედეგები, ვინაიდან შეკვეთები სამრეწველო საწარმოებიდან თითქმის არ შემოდის, ამავდროულად მოხდა სამეცნიერო კადრების მკვეთრი დაბერება. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთელი სიმწვავით დგას, ე.წ. “ტვინების გადინების” აქტუალობის პრობლემა. ამისათვის მიზანშეწონილია რიგი სამეცნიერო ორგანიზაციების გაერთიანება დარგთაშორის ცენტრებად. რიგი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები უნდა გადაეცეთ სამრეწველო საწარმოებს და ამით გაძლიერდეს მათი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი.
მეცნიერების დაფინანსების წყაროები და გზები. სამეცნიერო- კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების ნაწილის რესტრუქტურიზაცია ინჟინრინგული ფირმებად განვითარებული საფინანსო-ეკონომიკური მარკეტინგული და კომერციული ინფრასტრუქტურებით გააფართოვებს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების პრაქტიკულ გამოყენებას. გამოყენებითი მეცნიერების გადასვლა ფედერალურ საკონტრაქტო საფუძველზე შესაძლებელს გახდის რეალიზებული იქნას სამეცნიერო-ტექნიკური პროექტები, რომლებიც შესრულდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ცენტრალიზებული არასაბიუჯეტო ფონდების ხარჯზე საკონკურსო საწყისებზე, ასევე მოზიდულ უნდა იქნას არასახელმწიფო სახსრები ვენჩერული, წილობრივი უკანდაბრუნებადი და სხვა ფინანსური მექანიზმების მეშვეობით. ამ წყაროების მობილიზაციის ამოცანები შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივი სამეცნიერო ტექნიკური პროგრამების საფუძველზე ფედერალურ, რეგიონულ და დარგის დონეზე მეცნიერებატევადი პროდუქციის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
მათი განხორციელება შეიძლება მოხდეს უპირატესად პორტფელური ინვესტიციების სახით საფონდო ბაზრის ინსტრუმენტების გამოყენებით. პრაქტიკულ გამოყენებას პოვებს სახელმწიფო გრანტული უზრუნველყოფა და ინსტიტუციური ფორმების სამართლებრივი დაცვა ინვესტიციური რესურსების სააგენტო და ნდობითი (ტრასტული) მართვის მეშვეობით. ინოვაციის დაფინანსების არასაბიუჯეტო რესურსების ფორმირებისას საჭიროა გამოყენებული იქნას საამორტიზაციო ანარიცხების სახსრები რენოვაციაზე იმ ნაწილში, სადაც გათვალისწინებულია: საწარმოო ხარჯები ძირითად საწარმოო ფონდების ღირებულებაში მეცნიერულ კვლევებსა და ინოვაციებზე დანახარჯების ჩათვლით; არამატერიალური აქტივების ცვეთის სახსრები, რომელიც შედის პროდუქციის თვითღირებულებაში და რომელიც ასახავს სამეცნიერო-კვლევებისა და სამეცნიერო-ტექნიკურ სიახლეთა ღირებულების გადატანას პროდუქციის ღირებულებაზე; შემოსავლები სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის გაყიდვიდან, ინტელექტუალურ და სამრეწველო ობიექტების საკუთრებაზე უფლება, ასევე, შემოსავლები მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების და მათი სარგებლობის უფლების გაყიდვიდან. შემოსავლები სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციებიდან, რომლებიც მიღებულია დივიდენდების და მოგებიდან გადარიცხვების (როიალტი) სახით: კომპენსაცია სამეცნიერო-ტექნიკური სიახლეების არასანქციური (ულიცენზიო) სარგებლობის, როგორც ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების ობიექტების, სარგებლობისათვის.
რა როლი დაეკისრება ინოვაციურ ფონდებს? ჩამოთვლილი წყაროების პრაქტიკული გამოყენება ხორციელდება სპეციალურად დადგენილი წესებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით, დასაბუთებული მეთოდების საფუძველზე მოცემული წყაროებით მიღებული სახსრები გადაირიცხება ცალკე საბანკო სუბანგარიშზე – “ინოვაციური ფონდები”. ინოვაციის სახელმწიფო ფონდის შექმნა, რომელიც გამიზნულია მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების რეალიზაციისათვის, შესაძლებელს გახდის შემუშავდეს თანამედროვე სახის მეცნიერებატევადი კონკურენტუნარიანი პროდუქცია და მოხდეს მისი გამოშვების ორგანიზაცია. ამ მიზნისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გარდა, გამოიყენება ინვესტიციების მოზიდვის საბაზრო მექანიზმები. დღეისათვის ინოვაციებში ინვესტირების მექანიზმი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ გათვალისწინებულია ამ პროცესში საბანკო სტრუქტურების მონაწილეობა, რაც ახდენს ფულადი რესურსების მობილიზაციას და არეგულირებს მათ მოძრაობას სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური პროგრამების გამოყენების მიხედვით. ინვესტიციური მიმართულების საბანკო სტრუქტურები ახდენენ უზარმაზარი სახსრების აკუმულირებას, მიზნობრივი დანიშნულებით საბანკო პულების, კონსორციუმების, სხვა ფინანსური და ინვესტიციური ინსტიტუტების შექმნის გზით, რათა მოზიდულ იქნას ინვესტიციურ-ინოვაციური პროგრამებისათვის საკუთარი სახსრები. საბიუჯეტო სახსრების დეფიციტის პირობებში ბანკები მაღალი საიმედობის პირობით აფინანსებენ ინოვაციური ციკლის ყველა ფაზას. უზრუნველყოფენ ასევე დაზღვევის შესაძლებლობას. ბანკების მონაწილეობა ამ სფეროში ქმნის დამატებით სტიმულებს სხვადასხვა ფირმებისათვის – შექმნან კომპლექსური ინფრასტრუქტურა ინოვაციური საქმიანობის მომსახურებისათვის. არც ერთი ფინანსური ინსტიტუტი ისე კარგად არ უზრუნველყოფს ინვესტიციური რესურსების მოძრაობის მართვასა და კონტროლს, როგორც ამას ბანკები ახორციელებენ.
ინოვაციურ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის დიდი შესაძლებლობებია საფონდო ბაზრის ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებაში. მისი ძირითადი ამოცანაა ინვესტიციური რესურსების დარგთაშორისი გადანაწილება, შიდა და უცხოური ინვესტიციური ნაკადების უზრუნველყოფა ეროვნული ეკონომიკის შედარებით პერსპექტიულ სექტორებში. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მოახდენდა მოსახლეობის დანაზოგების ტრანსფორმირებას ინოვაციურ ინვესტიციებში და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ფულადი პოტენციალი, რომელიც დაგროვილია ქვეყანაში, პრაქტიკულად გამოყენებული არ არის. მონაცემები ადასტურებს, რომ დაგროვების ნორმა გაცილებით მაღალია აშშ-სა და დასავლეთ ევროპასთან შედარებით. ქვეყანაში არსებული ფულადი სახსრების მოზიდვისათვის ინვესტიციურ რესურსებად ეკონომიკის რეალურ სექტორში საჭიროა სრულყოფილი იქნას კოლექტიური ინვესტირების ფორმები – წილობრივი ინვესტიციური ფონდები, საკრედიტო კავშირები, სააქციო და კომერციული ინვესტიციური ფონდები და ამის შემდეგ უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფოს გაძლიერებული კონტროლი მათ საქმიანობაზე. მისი ყურადღება მიქცეული უნდა იყოს სამეცნიერო-ინოვაციური და ინვესტიციური საქმიანობის ახალ ფორმებზე.
ინოვაციური განვითარების ძირითადდი სტადიები. ეკონომიკის ინოვაციური განვითარება, როგორც სხვა ნებისმიერი პროცესი, ბუნებრივია, ორიენტირებული უნდა იყოს სტადიებზე, ეტაპებსა და ფაზებზე. თავდაპირველად უნდა მოხდეს იმ დარგის ტექნოლოგიური ბაზის აღდგენა და შექმნა, რომელთა პროდუქცია ფორმირებულ ბაზრებზე სარგებლობს სტაბილური მოთხოვნით. ამასთან, საბაზრო ნიშა ფართოვდება აქტიური იმპორტშემცველებით, ინოვაციების დანერგვით, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია რესურსდამზოგი ტექნოლოგიების მოდერნიზაციაზე და პროდუქციის სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესებაზე. ასე, რომ ამ ეტაპზე ძირითადი ამოცანაა ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციონალური საფუძვლების შექმნა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განმტკიცებისათვის. ამის შემდეგ კი იმ საწარმოების ორგანიზაცია, რომლებიც აწარმოებენ და რეალიზაციას უკეთებენ ახალ ტექნოლოგიურ წყობას, რაც შესაძლებელს გახდის აღადგინოს და განავითაროს ქვეყნის პოზიციები სამეცნიერო პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე. ამავდროულად, უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოს როლი სამეწარმეო და ინვესტიციური საქმიანობის აქტივიზაციაში, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციების კომერციალიზაციაზე. იგი თანდათან გადაერთვება სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს მხარდაჭერის რაოდენობრივი ასპექტებიდან ხარისხობრივ ასპექტებზე – სამეცნიერო-ინოვაციური და საინჟინრო საქმიანობის ახალ ფორმებზე, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.
სახელმწიფო ინვესტიციურ-ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მომავალში. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფო ინვესტიციურ-ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მომავალში. ეს მიმართულებებია:
– ინოვაციური სფეროს განვითარების რაციონალური პრიორიტეტების შერჩევა ინოვაციური პროექტების რეალიზაციისას. ისეთი ტექნოლოგიების პროგრამების შერჩევა, რომელიც გავლენას მოახდენს წარმოების ეფექტიანობის ამაღლება და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე;
– საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ქმედებების კოორდინაცია, რათა შემუშავდეს კომპლქსური მიდგომა იმ ამოცანების გადაწყვეტისას, რომელიც ეხება ქვეყნის ინოვაციურ განვითარებას, ინოვაციური სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას და სახელმწიფოს ინვესტიციურ-ინოვაციური სტრატეგიის განხორციელებას;
– ფუნდამენტური მეცნიერების სამეცნიერო და საწარმოო-ტექნოლოგიური პოტენციალის შენარჩუნება და განვითარება, კადრების მომზადების სისტემის შექმნა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური დონის შენარჩუნება-განვითარებისათვის და მეცნიერების უფრო მაღალ საფეხურზე განვითარებისათვის;
– ხელსაყრელი ეკონომიკური და ფინანსური პირობების უზრუნველყოფა ინოვაციური საქმიანობის აქტივიზაციისათვის, ვენჩურული, ინჟინრინგული, ინვესტიციურ-სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის და ჯანსაღი კონკურენციისათვის.
ხელსაყრელი პირობების შექმნა ინოვაციების სფეროში ინვესტირებისათვის შესაძლებელს ხდის არა მარტო სამამულო საწარმოების სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციისათვის, არამედ ამაღლებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ხარისხობრივად ახალ დონეზე.
ინოვაციური საქმიანობის განვითარების ახალი მიმართულებები და ინოვაციური პოლიტიკის პრიორიტეტები, რაც განისაზღვრება სამრეწველო საწარმოთა მოთხოვნით ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინოვაციური რესურსების არსებობის თვალსაზრისით, ეს პროცესი სამ ეტაპს მოიცავს.
პირველ ეტაპზე მთავარი ამოცანებია: იმ დარგის ტექნიკური ბაზის კვლავწარმოება, რომლის პროდუქციაც უკვე ფორმირებულ ბაზრებზე სარგებლობს სტაბილური მოთხოვნით. ამის შემდეგ საბაზრო ნიში ფართოვდება აქტიური იმპორტშემცვლელების წარმოებით. ინოვაციები ორიენტირეუბლია ძირითადად იმ საწარმოების მოდერნიზაციაზე, რომლებიც იყენებენ რესურსდამზოგ ტექნოლოგიებს და აუმჯობესებენ პროდუქციის სამომხმარებლო თვისებებს. ე.ი. პირველ ეტაპზე საჭიროა შეიქმნას ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციონალური საფუძვლები ქვეყნის განვითარების ინვესტიციურ სტადიაზე გადასასვლელად.
მეორე ეტაპზე იქმნება საწარმოები რომლებიც ახდენენ უახლესი ტექნოლოგიური წყობის რეალიზაციას. ხდება ქვეყნის შიდა და საგარეო მეცნიერებატევად პროდუქციის ბაზრებზე გასვლა. შედეგად – ბაზრის პერსპექტიულ სექტორებზე კონკურენტული პოზიციების უზრუნველყოფა, სადაც ადრე სამამულო პროდუქცია არ იყო წარდგენილი, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მოთხოვნის ახალი სფეროების ფორმირება, რომელთა დაკმაყოფილებაში სამამულო მეცნიერებატევადი პროდუქცია დომინირებულ როლს ასრულებს. სახელმწიფოს საქმიანობა ამ ეტაპზე მიმართულია: ფართო მაშტაბიანი კერძო ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო მექანიზმების შექმნა და სრულყოფა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ინვესტიციური განვითარებისათვის საჭირო აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მხარდაჭერა. სამეურნეო საქმიანობაში სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობის შემცირების პარალელურად ხდება მისი როლის ზრდა ქვეყანაში სამეწარმეო და ინვესტიციური კლიმატის შექმნაში. მესამე ეტაპზე მნიშვნელოვანია შემდეგი საკვანძო საკითხების გადაწყვეტა: სახელმწიფო მხარდაჭერა ინოვაციური ინფრასტრუქტურისათვის, წინაპირობების შექმნა სამამულო ინოვაციებზე მოთხოვნის გადმორთვისათვის, სამრეწველო საწარმოებისათვის ინფორმაციული მხარდაჭერა, მეცნიერებასა და წარმოებას შორის კავშირების განმტკიცება.
სამეცნიერო-ინოვაციური და საინჟინრო საქმიანობის ახალი ფორმების განხორციელების გზები. სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია სამეცნიერო-ინოვაციური და საინჟინრო საქმიანობის ახალი ფორმები, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, თანდათან ხდება მათი გადართვა “რაოდენობრივიდან “ხარისხობრივ” ასპექტებზე, რაც ხორციელდება შემდეგი გზებით:
1. სამეცნიერო და საწარმოო ტექნოლოგიური პოტენციალის (ფუნდამენტური მეცნიერებისა და კადრების მომზადების სისტემის ჩათვლით). შენარჩუნება და განვითარება. მისი გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიური დონის მისაღწევად და უფრო მაღალ ტექნოლოგიებზე გადასვლა.
2. ინოვაციური სფეროს განვითარებისათვის რაციონალური სტრატეგიისა და პრიორიტეტების შერჩევა. იმ დარგებში კრიტიკული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელება, რომლებიც გავლენას ახდენენ წარმოების საერთო ეფექტიანობაზე და პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე.
3. ხელსაყრელი ეკონომიკური და ფინანსური პირობების შექმნა ინოვაციური საქმიანობის აქტივიზაციისათვის, ლეგალური მეწარმეობისა და ჯანსაღი კონკურენციის შექმნა.
იმისათვის რომ განხორციელდეს ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები, საჭიროა შემდეგ პრაქტიკული ქმედებების გატარება:
– რადიკალურად უნდა გაუმჯობესდეს ინფორმაციული უზრუნველყოფა. მათ შორის კომერციული სტრუქტურების ჩართვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ინოვაციური საქმიანობის განვითარებაში.
– დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების ნაწილის რეკონსტრუირება ინჟინრინგულ ფირმებად განვითარებული ფინანსურ-ეკონომიკური, მარკეტინგული და კომერციული სტრუქტურებით. სანაციის გატარება და არაეფექტიანად მომუშავე ობიექტების დახურვა.
– ვენჩერული ინვესტირების სისტემის შექმნა, (მაღალრისკიანი პროექტების არასაბიუჯეტო დაფინანსება). სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ვენჩურული ბიზნესის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მანამ, სანამ მისდამი ინტერესს არ გამოიჩენს მრეწველობა.
– ინოვაციური რისკების არასახელმწიფო და კერძო უზრუნველყოფის სისტემის განვითარება. ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების შექმნა. რომლებიც თავის თავზე აიღებენ მსხვილი რისკების დაზღვევას, რაც დაკავშირებულია ინოვაციური პროდუქციის შექმნასთან. სადაზღვეო კომპანიები ბანკებთან ერთად გადაინაწილებენ ინოვაციურ რისკს.
– ინჟინრინგის პროგნოზირების და მეცნიერებატევადი პროდუქციის მარკეტინგის თანამედროვე მეთოდების გამოყენება.
– მცირე ინოვაციური ბიზნესის განვითარება ხელსაყრელი პირობების და ინფრასტრუქტურის შექმნით მცირე საწარმოების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის.
– შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ურთიერთობებს, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება, რომლებიც მიმართულია, პირველ რიგში, სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისაკენ. იგი ითვალსიწინებს სამეურნეო ბრუნვაში იმ სამეცნიერო-ტეკქნიკური საქმიანობის შედეგების ჩართვასთან, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფო ბიჯეტის ხარჯებით.
– ტიპიური სახელმწიფო კონტრაქტების მომზადება, იმისათვის, რომ დაბალანსებული იქნას ამ პროცესის მონაწილეთა კანონიერი ინტერესები სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგების გამოყენების კუთხით.
ასე რომ ინვესტიციური პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს ეკონომიკის გადასვლა განვითარების ინოვაციურ გზაზე. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი განისაზღვრება იმგვარი მექანიზმების შექმნით, რომლებიც უზრუნველყოფს ნაციონალური ინოვაციური სისტემის ფორმირებას და ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას. ინოვაციების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა შესაძლებელს ხდის ეკონომიკის ტექნოლოგიური ბაზის მოდერნიზაციას და მკვეთრად აამაღლებს სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობას.