რედაქტორისაგან

აქა ამბავი მედეას ტრაგედიისა და ჯონჯოლის ინდექსისა
ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

“სუსტია ქალი, ბასრი მახვილის დანახვაც კი აძრწუნებს
და თავზარს სცემს, მაგრამ თუ შეუგინეს ღირსება და
შეუბღალეს სარეცელი, მისებრ მწარედ ვერავინ იძიებს შურს”.
ევრიპიდე, “მედეა”

“ლარის კურსი მყარდება დოლარის მიმართ და ეცემა ჯონჯოლთან მიმართებაში”

პროფესორი მიშა ჯიბუტი მართლა საოცარია, თუ არსებობს “ბიგ მაკის” ინდექსი, რატომ არ შეიძლება ჯონჯოლის ინდექსი არსებობდეს. ვითომ იმიტომ, რომ ჯონჯოლი პატარა ქვეყნის გულზვიადი ხალხის სათაყვანებელი საკვებია და “ბიგ მაკივით” არ ასუქებს მთელ მსოფლიოს? მერე რა, მოვა დრო და სიმსუქნესთან მებრძოლი მსოფლიო ჯონჯოლზე გადავა, რომელიც ძალზე დიეტური და არაკალორიულია. ჯონჯოლის ინდექსი ჯერ სულ ნორჩია, მას მიშა ჯიბუტმა რამდენიმე წელია სული შთაბერა და ჯერ ფეხზე ისე ამაყად ვერ დგას, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას მათრახივით ხვდება.

ინფლაცია 5,5%-იაო. იცოცხლე, ხუთიანი კაია, მაგრამ რას ნიშნავს? რასთან მიმართებაში? აი, აქ იწყება ყველაფერი, ანუ გააჩნია რა შემთხვევაში!

ამას წინათ, არაგვისპირეთში ვიყავი სანადიროდ, სიმართლე გითხრათ, მე და ჩემმა მეგობრებმა თოვლი ბევრი ვტკეპნეთ, გაყინული ჰაერი ვყლაპეთ, მაგრამ ცაზე მოძრავი “ტუ 154”-ის გარდა ვერაფერი ვნახეთ (მას ხომ არ ვესროდით და ჩამოვაგდებდით, უცხო ქვეყნის დროშა ჰქონდა, საერთაშორისო სკანდალში ხომ არ გავეხვეოდით, ისე, ის ქვეყანა ღირსი კია).

უკან მობრუნებულებს “ხიჟინაში” ვალერი დაგვხვდა, ადგილობრივი მაცხოვრებელი, ჩვენი მეგობარი, რომელიც სახელდახელოდ წვავდა თბილისიდან ჭოპორტში იმპორტირებულ ღორის ხორცს და თან აქედან ჩატანილ არაყს “ურტყამდა”. ვუსაყვედურე, სად წავიდა ნადირი, არაფერი დაბობღავს და დაფრინავს-მეთქი. მან მწარედ გაიღიმა, მათი კი არა, ჩვენი საჭმელი არაფერი დარჩა, ზოგი შიმშილით მოკვდა და ზოგიც უცხოეთში გადაიხვეწაო. მე ვუთხარი, ტყეში ხომ არის კენკრა, ან რამე მსგავსი-მეთქი. კენკრას ცოლ-შვილს ვაჭმევთ, ზოგჯერ მწვანე ფოთოლს რომ ვნახავთ, ნერწყვი გვადგება, გარეულისთვის კი არა, შინაურისთვის გაწყდა ყველაფერიო.

როგორ, რაღაცას ხომ მუშაობთ, თვითდასაქმებით ხომ ხართ დაკავებულები-თქო, ჩავეძიე (საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით, თვითდასაქმებით მილიონ ორასიათასი კაცია დაკავებული). როგორ არა, თვითდასაქმებით ვართ დაკავებული, დილით ავდგებით, ცივა, შუქი არ არის, არც საჭმელი. თუმცა, დედაკაცი ბავშვებს კრუხივით გამოუჩხრეკს რამეს და მე შორიდან ნერწყვმომდგარი ვუყურებ. აგაშენათ ღმერთმა, კიდევ კარგი სანადიროდ ჩამოხვედით, თორემ ერთი კვირაა არ დავნაყრებულვარო. 1 ყუთ ვაშლს გაყიდი – 10 ლიტრ ბენზინს ან ნავთს იყიდი, არადა, დენის ფულსაც ვიხდი. გოჭი რომ თბილისში წავიყვანო, ერთ ტომარა ქატოდ გავყიდი, არადა ეს ღორი სანამ გაიზრდება, მართლა ხუთ ტომარას ჭამს, პურის ფქვილზე ხომ აღარ არის ლაპარაკი, ძალიან გაძვირდაო.

ვუსმენდი და ჯონჯოლის ინდექსი გამახსენდა. ეს გლეხი კაი ეკონომისტივით, ალალად, სასტიკ ეკონომიკაზე ყვებოდა და მართალი იყო. ავუხსენი, რომ ბიზნესის ლეგალიზაცია მოხდა, მოისპო კონტრაბანდა, ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდა, პენსიები გაიცა და ახლა რეფორმები დაიწყება. ეკონომიკა ფეხზე დადგება, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ჰოდა, მაგი რომ იქნება, ნადირიც მაშინ მოვაო, – მიპასუხა გლეხმა.

ვალერი რომ მეწუწუნებოდა, უცებ გავიხედე და თვალში უზარმაზარი მილი მომხვდა. რა არის-თქო ვიკითხე, ეს ტრანსკავკასიური გაზსადენია, გაყიდვას რომ უპირებნდნენ, მაგრამ არ გავაყიდინებთო. ძალიან დამაინტერესა, რატომ შე კაცო, ეგ მილი დიდი ხანია აქ გადის და მოძველებულია, არა მგონია შენთვის სიკეთეს წარმოადგენდეს-მეთქი. გაიყიდება, მოვა ინვესტორი, აღადგენს, შენ სამუშაოს მოგცემს, ქვეყანაში გაზსა და ფულს მოიტანს და ბევრი პრობლემა გადაწყდება-მეთქი. კი, მაგრამ, მაინც არ მივყიდით რუსებსო, ჩვენ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიანო, ეს სტრატეგიული ობიექტია და ჩვენი განძიაო. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, შენი შვილები რომ იყინებიან უგაზობით, შენ რომ მშიერი ხარ უმუშევრობით, თუ ის, ვინ იქნება ამ მილის პატრონი, თანაც, ამ მილს ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს, ისევ საქართველოს და ქართველებს მოემსახურება-მეთქი.

მირჩევნია, შვილები სიცივეში და შიმშილში მომიკვდეს, ვიდრე ეს მილი გაიყიდოსო, მიპასუხა. ისევ მედეა გამახსენდა, არ ვიცი ევრიპიდემ მოიგონა თუ მართლა ვიღაცაზე გაბრაზდა მედეა და ამოჟუჟა შვილები და ქმარი. ვუყურებდი ამ გლეხკაცს და ვფიქრობდი, რა საერთო ჰქონდა მედეასთან – მარტო წარმომავლობა?

მე და ჩემი მეგობარი სოფელში რომ ვბრუნდებოდით, წინ ჩვენი მასპინძელი მიგვიძღოდა. საოცარი მინდორ-ველი გადაიშალა. სადღაც მიგდებული ფერმა იყო, სადღაც – გაბახებული ზვრები და მიტოვებული ხეხილის ბაღები. ვიფიქრე და ხმამაღლა აღმომხდა – იდიდოს შენმა გამჩენმა, რა მდიდარი ყოფილა აქაურობა-მეთქი. რად გინდა, დამუშავება და მოვლა უნდა ყველაფერსო. მერე, თქვენ რას აკეთებთ, აგერ გქონიათ ასპარეზი და მარტო სახელმწიფოს იმედით ხომ არ უნდა იყოთ-თქო. აბა, ამის თავი ვის აქვს, გამოჩნდება რამე, გვიშველის სახელმწიფო და მშიერ-მწყურვალ ცოლ-შვილსაც ეშველებათო.

ჩემმა მოსაფერებელმა ხალხმა ზედმიწევნით იცის, რამდენი კილოვატი ელექტროენერგია შემოდის საქართველოში; რომელი აგრეგატი მუშაობს და რამდენი გადამცემი ხაზია; რა ხდება “ალავერდზე”, ან “კავკასიონზე”. ზეპირად იცის, რამდენი გვაქვს გაზის ვალი და როგორ მიმდინარეობს “გაზპრომთან” მოლაპარაკება. მაგრამ ისიც იცის, რომ შუქი არა აქვს, გაზს წნევა არ ჰყოფნის, პურის ფქვილი გაძვირდა, სიგარეტიც, სასმელიც და ბენზინიც.

ბიგ მაკი კი, ცხოვრებაში არ უჭამია და ინფლაცია “თვალით არ უნახავს”, მაგრამ იცის, რომ ჯონჯოლი გაძვირდა, სახლში მიბრუნება არ უნდა, არც ომი; დანის დანახვაზე გული მისდის, მაგრამ მის შვილს ჩასაცმელი და საჭმელი სჭირდება, სახლს – სითბო, თვითონ – შუქი და სამსახური, რომ ამ ყველაფრისთვის ფული გადაიხადოს.

მართალია, ჯონჯოლის ინდექსის თეორია ჯერ არ დაწერილა, მაგრამ თუ გინდათ ნახოთ, არაგვისპირეთში სანადიროდ წადით, იქ ყველაფერს აგიხსნიან თეორიების გარეშე, განადირებენ და ნანადირევის გარეშე, ხელცარიელს და დამძიმებულს გამოგიშვებენ.

მედეა? მედეასა და ევრიპიდეზე დასკვნა თვითონ გააკეთეთ ჯონჯოლის ინდექსის მიხედვით.