ყაზახური ბანკი ქართული ბანკის საკონტროლო პაკეტს ყიდულობს
რედაქციისაგან
2005 წლის 22 მარტს “სილქ როუდ ბანკსა” და ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილეს “ბანკ ტურან ალემს” შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად “ბანკი ტურან ალემი”ქართული ბანკის 49%-ს ყიდულობს. ამ აქციის მთავარი მიზანია საქართველოში სატრანსპორტო, სავაჭრო, უძრავი ქონების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. გამსხვილებული ქართული ბანკის მეშვეობით ყაზახური კაპიტალი აქტიურად ჩაებმება ქართული ეკონომიკის განვითარებაში.
“ბანკ ტურან ალემს” გააჩნია მდიდარი საბანკო ტრადიციები, რომლებიც 1925 წლიდან იღებს სათავეს. დღესდღეობით ბანკი წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის წამყვან საბანკო ისტებლიშმენტს, რომელსაც 3.5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალი გააჩნია. ყაზახური კაპიტალის გარდა “ბანკ ტურან ალემის”აქციონერთა შემადგენლობაში შედიან: ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD), რაიფაიზერ ცენტრალ ბანკი (RZB), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), გერმანიის მთავრობის საინვესტიციო კომპანია (DEG), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO).
სააქციო საზოგადოება “სილქ როუდ ბანკი”1993-94 წლებში დაარსდა “დისკონტ-ბანკის” ბაზაზე და დღესდღეობით “სილქ როუდ?? ჯგუფის მიერ კონტროლდება. ბანკი წარმოადგენს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის 7,7%-ის, საფონდო ბირჟის 3,7%-ის და ფასიანი ქაღალდების ბანკთაშორისი ცენტრალური დეპოზიტარის 12,5%-ის დამფუძნებელს. დღევანდლამდე ბანკი ძირითადად მცირე ზომის სავაჭრო და უძრავი ქონების ოპერაციებს აფინანსებდა.