ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე
რედაქციისაგან
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად ერთვება ქვეყნის ხელისუფლების ინიციატივაში, ხელი შეუწყოს საქართველოში ღვინის წარმოებასა და ექსპორტს. ამ სექტორში დღეს არსებულ პრობლემებზე მეღვინეებთან სავაჭრო პალატა კონსულტაციებს აწარმოებს, რასაც მოჰყვება სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება და მეღვინეთა წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით დოკუმენტის მომზადება, რომელსაც სავაჭრო პალატა მთავრობას წარუდგენს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, ბ-ნ ჯემალ ინაიშვილთან.
როგორც ცნობილია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს ღვინის წარმოების, ფალსიფიკაციის აღკვეთის და მისი ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. რა იგეგმება კონკრეტულად?
ჩვენმა მჭიდრო კავშირებმა მეღვინეებთან და იმ ღონისძიებებმა, რომელიც ბოლო პერიოდში პალატამ ჩაატარა, დაგვანახა ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ღვინის წარმოებასა და ექსპორტს უკავშირდება.
მიგვაჩნია, რომ ქართული მეღვინეობის წინაშე დღეს ორი მთავარი პრობლემა არსებობს: ძალიან სამწუხაროა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ისტორიულად ღვინის ქვეყნად მიიჩნევა, ჩვენი ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, პირველი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშეა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება და კატეგორიებად დაყოფაა, რათა მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პოზიციები დავიკავოთ და ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. საუბარი არ არის მხოლოდ დსთ-ზე, არამედ ევროპის და მთლიანად მსოფლიოს ბაზრებზე. ადამიანს თუ სურვილი აქვს, უხარისხო ღვინის გამოშვებას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომელია მაღალი, საშუალო და დაბალი კატეგორიის ღვინო.
მეორე პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ტრადიციულ ბაზრებზე საქართველოდან დიდი რაოდენობით უხარისხო ღვინო გაედინება: რუსეთში, უკრაინასა თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში.
ამ საკითხებთან დაკავშირებით მეღვინეებთან არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ. უახლოეს მომავალში პალატასთან შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც დეტალურად ჩამოაყალიბებს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ღვინის წარმოებას, ფალსიფიკაციას, ხარისხის პრობლემას უკავშირდება. ეს ჯგუფი მეღვინეებთან ერთად მოამზადებს წინადადებებს, რომლითაც წარვდგებით მთავრობაში.
თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია ეს დარგი და რამდენად აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიო ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს?
დღესდღეობით ყველაზე პოპულარული საექსპორტო პროდუქტი, ვფიქრობ, ბორჯომთან ერთად ქართული ღვინოა, მაგრამ ბევრი პრობლემაა, რომელსაც მხოლოდ მეღვინეები და სავაჭრო პალატა ვერ გადაწყვეტენ, თუ ხელისუფლება მხარში არ ამოუდგა. ყველა ქვეყანამ, რომლებიც მეღვინეობის თვალსაზრისით ახალია და გვიან გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე: არგენტინა, ჩილე, ავსტრალია, ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკა თუ სხვა, ფაქტიურად ერთნაირი გზა განვლეს. ყველა მათაგანის მთავრობა მხარს უჭერდა და აქტიურად ეხმარებოდა ღვინის პოპულარიზაციასა და ახალი ბაზრების ათვისებას. წარმატების მისაღწევად, ჩვენც იგივე გზა უნდა გავიაროთ. ამ დარგში უძველესი ტრადიციები გვაქვს, ქართული ღვინო მართლაც არის ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ მისი ცნობადობა, როგორც მოგახსენეთ, დაბალია და ამ მხრივ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. თავისთავად ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ, ქართული ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება, მაგრამ საკმარისი არ არის. საუბარი მაქვს ვარშავაში, კიევში, ასტანაში ჩატარებულ ღონისძიებებზე სახელწოდებით “საქართველო ღვინის აკვანი”; შემდეგში იგეგმება მოსკოვი, ჰელსინკი, როტერდამი, სკანდინავიის ქვეყნები. ვემზადებით ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე ღონისძიების ჩასატარებლად, კერძოდ, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში და სან-ფრანცისკოში.
ვფიქრობთ ღვინის მუზეუმის შექმნაზე, რაც საინტერესო იდეაა. წინასწარი მოლაპარაკება გვაქვს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და მის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან. ღვინის მუზეუმის შექმნით, გვინდა საქართველოში ჩამოვაყალიბოთ ახალი კერა – დასვენების, გართობის და თავისთავად შემეცნებისაც. იქნება სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც თითოეულ წარმოდგენილ კომპანიას თავისი კუთხე, ხოლო დამთვალიერებელს მათი ღვინის გასინჯვის შესაძლებლობა ექნება.
საგულოსხმოა ის გარემოებაც, რომ ქართული ღვინის პოპულარობის ზრდა კარგად აისახება არა მხოლოდ ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიაზე და ფერმერებზე, არამედ ყოველივე ეს პირდაპირ დაუკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, საიდანაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი იქნება.
რამდენად არიან მეღვინეები მზად კეთილსინდისიერად იმუშაონ და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ?
დღეს, ქართველ მეღვინეებს კარგად ესმით, რომ მიუხედავად მათ შორის არსებული კონკურენციისა, მათი ერთმანეთთან თანამშრომლობა გარდაუვალია. არ ვამბობ, რომ ეს თანამშრომლობა მაინცდამაინც იურიდიულად გაფორმდეს, ეს შესაძლებელია მოხერხდეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფარგლებშიც. პრინციპში, მსგავსი გაერთიანების ჩანასახი უკვე არსებობს ჩვენთან. ამ კოორდინაციით და ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – უნდა მოხდეს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება. რის შემდეგაც, თითოეული კომპანიისთვის უფრო ადვილი იქნება თავისი პროდუქციით შესვლა ბაზარზე და არსებულ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცების შემდეგ, უკვე შესაძლებელია ახალი ბაზრების ათვისებაზე ფიქრი, სწორედ ამის ფარგლებში იქნება გაკეთებული პალატის ყველა ღონისძიება.
უცხოეთში ჩატარებულ ჩვენს ყველა გამოფენას ერქვა “საქართველო ღვინის აკვანი”. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღვინის გარდა არც ერთი ქართული ნაწარმი არ გაგვაქვს და მათ პოპულარიზაციას არ ვეწევით. უბრალოდ, ჩვენ დასახელებითაც იმის ხაზგასმას ვაკეთებთ, რომ პრიორიტეტი ყოველთვის ღვინოს მიენიჭება.
ასევე ვაპირებთ გამოვცეთ ჟურნალი, რომელიც უფრო კონკრეტულად ასახავს ამ პრობლემებს, წარმატებებს, ამ დარგში ახალ მიმართულებებს. გვინდა ვითანამშრომლოთ ცნობილ უცხოურ გამოცემებთან, ჟურნალებთან, რომლებიც კონკრეტულად ამ თემატიკაზე მუშაობენ და მათი მეშვეობით უცხოელებს მოვუთხროთ საქართველოში მეღვინეობის შესახებ.
როგორ ფიქრობთ, მეღვინეობის გარდა, რომელი სექტორია საქართველოში მსგავსი პოტენციალის მქონე, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება და ხომ არ აპირებს პალატა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში?
ასეთია სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ამ დარგებში მცირე და საშუალო საწარმოების ჩამოყალიბება. მართალია, საქართველოში მეჩაიეობამ, მეციტრუსეობამ დაკარგა თავისი პოზიციები, ვფიქრობ, არა ძველი მასშტაბებით, მაგრამ ამის აღდგენა შესაძლებელია და უნდა აღორძინდეს კიდეც. გადამამუშავებელი მრეწველობა ჩვენთან ძლიერი იყო, უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს ეს დარგი, მით უფრო, რომ დასავლეთში სერიოზული მოთხოვნილებაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. იგივე უნდა ითქვას მეთხილეობაზე, მსოფლიოში ამ პროდუქტზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ფასებიც სტაბილურად მაღალია. ყურადსაღებია მეფუტკრეობაც, თაფლს თითქმის ყველა ქვეყანა აწარმოებს, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა თაფლი იწარმოება. ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის ბევრ დარგს სერიოზული პოტენციალი გააჩნია და ხელისუფლების მხრიდან ხელის შეწყობის შემთხვევაში, მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწევს. ამ სექტორში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება საშუალებას მისცემს ქვეყანას დასაქმების საკითხი გადაწყვიტოს. ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის 85%, ზოგჯერ 95%-იც კი მცირე და საშუალო ბიზნესს შეადგენს.