რით შეგვიძლია მოვხიბლოთ მსოფლიო ანუ ორმხრივი ინტერესის თეორია

რედაქციისაგან

მარტის ბოლოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ბიზნეს-ფორუმი და ქართული კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაიმართა. გამოფენაში 30-მდე ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ღვინის მწარმოებელი, მინისა და მინერალური წყლების, ფარმაცევტული, გადამზიდავი კომპანიები, ასევე “კანარგო” და “ყაზბეგი”, ბიზნეს-ფორუმში კი ქართულ კომპანიებთან ერთად 100-მდე ყაზახურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ბიზნეს-ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა და ყაზახეთის პრემიერ-მინსტრმა გახსნეს, სიტყვით გამოვიდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი, ლევან ვარშალომიძემ საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ კოვზირიძემ კი – საქართველოში შექმნილ საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით.

საქართველოსა და ყაზახეთის შესაბამისმა უწყებებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტერორიზმთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ. ასევე გაფორმდა თბილისსა და ასტანას შორის თანამშრომლობის მემურანდუმი და სხვა დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი არ შედის საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2004 წლის შედეგებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 29.08 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2003 წლის მაჩვენებელს. ყაზახეთიდან იმპორტი შეადგენს 21,52 მლნ-ს, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ქართულ ექსპორტს 7,56 მლნ-ს. იმპორტის მოცულობის ნახევარი (14,98 აშშ დოლარი) ხორბალზე მოდის, მაშინ, როცა ექსპორტის მსხვილ მუხლებს წარმოადგენს ღვინო, სპირტი და ციანიდი.

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის თქმით, საქართველოს ყაზახეთის მიმართ ენერგეტიკული ინტერესები აქვს, თავის მხრივ ყაზახეთს, საქართველოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობები აინტერესებს. შესაძლოა, ყაზახეთში უკვე დიდი ხნის ნაცნობ და საყვარელ ქართულ ღვინოსა და ჩაის ქართული ცისტრუსის ექსპორტიც დაემატოს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით საქართველო საპრივატიზაციო პროცესში ყაზახეთის მონაწილეობით არის დაინტერესებული.