შტრიხკოდებისა და ელექტრონული ვაჭრობის ტექნოლოგიის გამოყენება სატრანსპორტო ბიზნესში
თეიმურაზ კვერნაძე, “ეან საქართველოს” გენერალური მენეჯერი
კომპანიის პროფილი “დაქსერი” არის საოჯახო მფლობელობის ლოგისტიკური მომსახურების კომპანია, რომლის წლიურმა ბრუნვამ 1998 წელს შეადგინა 2.6 მილიარდი გერმანული მარკა, ხოლო წლიური ტვირთბრუნვა შეადგენს 9 მილიონ ტონას. კომპანია ცნობილია მთელ ევროპაში მომსახურების მაღალი ხარისხით და საიმედოობით. ტვირთის მიწოდების მართვის თვალსაზრისით “დაქსერმა” შეიმუშავა და დანერგა სპეციალური ლოგისტიკური გადაწყვეტები კვების მრეწველობის, თვითნაკეთობათა (do-it-yourself) და ჯანმრთელობის დაცვის დარგებში, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებში, და აგრეთვე საამანათო გზავნილებათა სფეროში. ერმანული კომპანია “დაქსერი” სატრანსპორტო გადაზიდვებში მონაცემთა ელექტრონული გაცვლის გამოყენების ერთ-ერთი პიონერია. გერმანიის ლოგისტიკური მომსახურების სფეროში მან პირველმა დანერგა შტრიხკოდის შემცველი ეტიკეტები.
კერძოდ, “დაქსერმა” 1995 წელს შემოიღო EAN/UCC სისტემა თავისი ლოგისტიკური და საინფორმაციო პროცესების ავტომატიზაციისა და სტანდარტიზაციის მიზნით. ეს არჩევანი განაპირობა ორმა ძირითადმა მიზეზმა: 1.EAN/UCC სტანდარტები სპეციალურად არის გათვლილი ლოგისტიკური პროცესებისათვის; ამდენად მათი გამოყენება შესაძლებელია ტვირთის გადაადგილების ყველა ეტაპზე. 2. EAN/UCC სტანდარტები იმ დროისათვის საყოველთაოდ გამოიყენებოდა პროდუქციის იდენტიფიკაციისათვის.
დაქსერის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ პირდაპირი კავშირი დაამყარონ მონაცემთა დამუშავების სისტემასთან. მონაცემთა გაცვლის ძირითადი პარამეტრია საერთაშორისო სტანდარტის UCC/EAN-128 შტრიხკოდის სიმბოლო და სატრანსპორტო კონტეინერის სერიული კოდი (SSCC – Serial Shipping Container Code). ტვირთის ანუ ლოგისტიკური ერთეულის ნებისმიერი გადაადგილება ერთი პუნქტიდან მეორეში ფიქსირდება SSCC-ის სკანირებით. ყოველი სკანირებული კოდი გადაიცემა მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში. ამდენად, მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მის მიერ გაგზავნილი ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ.
სათანადო სატრანსპორტო მონაცემების გადაცემა მომხმარებლისათვის ხდება მონაცემთა ელექტრონული გაცვლის (EDI) სისტემის ანუ ე.წ. EANCOM?-ის მეშვეობით. აღნიშნული მონაცემები შეიცავს SSCC-ს და გადატვირთვის შეტყობინებას (Despatch Advice).
მხოლოდ ტვირთის მიღების პუნქტებში ტვირთის გადამუშავების ავტომატიზაციამ 50%-ით შეამცირა მომსახურების თვითღირებულება.
ტვირთის გადამუშავების ყველა ეტაპზე UCC/EAN-128 სიმბოლოსა და სატრანსპორტო კონტეინერის სერიული კოდის სწრაფი და წარმატებული დანერგვისათვის “დაქსერმა” დანერგა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, რათა მის მომხმარებლებს შეძლებოდათ თავისი ძალებით დაეტანათ სატრანსპორტო გზავნილებზე სათანადო სატრანსპორტო ეტიკეტები. მომხმარებლებს, რომლებსაც არ გააჩნიათ EAN/UCC გლობალური ადგილმდებარეობის კოდი, მიეწოდებათ დაქსერის ადგილმდებარეობის კოდის საფუძველზე დამზადებული სატრანსპორტო ეტიკეტი.
სპეციალურად შექმნილი დისტრიბუციის პროგრამული უზრუნველყოფა “D-shuttle” საშუალებას აძლევს მომხმარებელს გამოიმუშაოს საკუთარი სატრანსპორტო ეტიკეტი და დაუკავშირდეს გადაზიდვის ტრასირების ელექტრონულ სისტემას DACHSER SAS.
ამ ქმედებებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა დაქსერის მომხმარებლებს შორის SSCC-ს დანერგვა და დღეისათვის მათი 95% იყენებს EAN/UCC სისტემას.
EAN/UCC სისტემაზე გადასვლის შემდეგ შესაძლებელი გახდა NV-Oნლინე ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომელიც წარმოადგენს მობილურ კომპიუტერს მასში ინტეგრირებული შტრიხკოდის სკანერით და კონტაქტური ეკრანით, რომლის მეშვეობით კლიენტს შეუძლია გააკეთოს ხელმოწერა ტვირთის მიღების შესახებ. კომპიუტერი მიერთებულია GSM-ის სისტემის მობილურ ტელეფონთან და მასში შეტანილი ნებისმიერი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა “დაქსერის” ტრასირების სისტემას. ამდენად, ხდება ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში მუდმივი განახლება.
ამჟამად დაახლოებით 2000 მობილური კომპიუტერის დანერგვის შემდეგ დაქსერის ყველა მომხმარებელი გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ბენელუქსში იყენებს EAEAN/UCC შტრიხკოდების ტექნოლოგიას. უახლოეს მომავალში დაგეგმილია აღნიშნული სისტემის დანერგვა უნგრეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
დღეისათვის არც ერთ სატრანსპორტო კომპანიას არ შეუძლია წარმატებით განავითაროს თავისი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიურ საშუალებათა დანერგვის გარეშე. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებით კრიტიკული ხდება “მიწოდების ქსელში” (supply chain) ტვირთის ან საქონლის გადაადგილების კონტროლისას ანუ მისი ტრასირებისას (ტრაცკინგ, ტრაცინგ). ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი და უტყუარი ინფორმაციის მიღება. სწორად გათვლილ და გამჭვირვალე “ლოგისტიკაზე” (ანუ ტვირთის-საქონლის გადაზიდვა, მიწოდება ან შენახვა) დაფუძნებული სტრატეგია მომხმარებელს უზრუნველყოფს უწყვეტი და საიმედო მომსახურებით, ხოლო ტვირთის გადამზიდავ და ლოგისტიკური მომსახურების კომპანიებს – კონკურენტუნარიანობის უპირატესობას.
ტვირთის ტრასირების ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დროს, რომელიც საჭიროა სატრანსპორტო ქსელში ტვირთის გადაადგილების მონიტორინგისათვის. “ე.ა.ნ.-იუ.სი.სი. სისტემა” (EAN/UCC System), კერძოდ კი შტრიხკოდის “სალიცენზიო ფირფიტა” საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ ყოველ ინდივიდუალურ სატვირთო ერთეულს და ავტომატურად დავაფიქსიროთ ინფორმაცია გადატვირთვის წერტილებში, შეფუთვის ხაზებზე, საწყობებში და მიწოდების წერტილებში მათი მოძრაობის შესახებ. მონაცემთა ელექტრონული გაცვლის სისტემებთან ერთად (EDI – Electronic Data Interchange, Internet-based Tracking) ეს საშუალებას აძლევს სატრანსპორტო კომპანიას ზუსტად იცოდეს თუ როდის გაიგზავნა ტვირთი, სატრანსპორტო მაგისტრალის რომელ წერტილში იმყოფება იგი და რომელ პუნქტში მივიდა იგი საბოლოოდ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა საჭირო ინფორმაცია შეკვეთიდან მიწოდებამდე და გადახდამდე.
აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ მსოფლიოს მოწინავე ლოგისტიკური კომპანიების გამოცდილებას ამ დარგში.