რეგიონული ეკონომიკა
რედაქციისაგან
საქართველოში ქვემო ქართლის მხარე დღესაც წარმოდგენილია ისეთი ტრადიციული ეკონომიკური სფეროებით, როგორიცაა ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, ქიმიური მრეწველობა, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების და კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალების მოპოვება და წარმოება. უნდა ითქვას იმ გაზრდილი ექსპორტის მოცულობაზე, რაც ამ სფეროებში შეინიშნება.
აღსანიშნავია მძიმე და მსუბუქი მრეწველობის არასახარბიელო მდგომარეობა, აგრეთვე, მიუხედავად ჩადებული და განხორციელებული ინვესტიციებისა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რომელიც საბოლოო ჯამში აისხება მთლიანი მხარის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
დღესდღეობით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქვემო ქართლის რეგიონული ბიურო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ 61 ორგანიზაციას ემსახურება, რომელთაგან დომინირებს ქიმიური მრეწველობის, სამშენებლო მასალების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სფეროები.
რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებმა თანდათან გაითავისეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დიდი მნიშვნელობა მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის საქმეში, რომლებთანაც მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა.
ქვემო ქართლის რეგიონულ ბიუროს მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსთავის მრეწველთა კავშირთან, რომლის მეშვეობითაც ბიურო შიდა ბაზარზე მომუშავე ფირმებს უკავშირდება. პალატის წევრი ფირმების საქმიანობა ძირითადად ექსპორტით შემოიფარგლება, ხოლო შიდა ბაზარზე მომუშავეთა პალატით დაინტერესება საკმაოდ დაბალია. რუსთავში გაიხსნა შუშის ქარხანა, რომელიც თანამედროვე ჩინურ-ამერიკული დანადგარებით არის აღჭურვილი და დღეს უმაღლესი ხარისხის მინის ტარას უშვებს, სწორედ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს დახმარებით ქარხანამ იპოვა პარტნიორი რუსეთში და უკვე მზად არის ხელშეკრულება მინის ტარის ამ ქვეყანაში მიწოდების თაობაზე.
ქვემო ქართლის რეგიონული ბიურო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და შეუძლია ბიზნესს ყველა სახის მომსახურება გაუწიოს.
ბიურომ შესაძლებლობა მისცა მხარეში მოღვაწე ორგანიზაციებს აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით გამართულ მრავალრიცხოვან სემინარებზე, გამოფენებზე, კონკურსებზე, უცხოეთის ბიზნეს-წრეების შეხვედრებზე, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ კუთხით აღსანიშნავია შპს “პროგრესის”, “რუსთავის მეტალურგიული კომბინატის”, “აზოტის” და სხვა საწარმოების მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც მათ ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაში ეხმარება.
რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 2005 წელს ქვემო ქართლის რეგიონულ ბიუროში მიმდინარეობს მუშაობა მხარის მეწარმეთა საინფორმაციო ბაზის შექმნის თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ ბიზნესს. დაგეგმილია რეგიონში არსებული ორგანიზაციების პროდუქციის გამოფენების და სემინარების ჩატარება.