ირანული დესანტი თბილისში

რედაქციისაგან

გასულ წელს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთგაცვლამ 50 მლნ დოლარს მიაღწია. ეს ციფრი, რაც არ უნდა შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, დღევანდელ პირობებში და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რეალურად არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, მაინც ძალზე დაბალია და როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტი დოქტორი არეფი მიიჩნევს, ორივე ქვეყანაში უნდა ზრუნავდნენ იმისთვის, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დონემ პოლიტიკურ ურთერთობათა შესაფერის დონეს მიაღწიოს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თეირანში ვიზიტისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან სიედ მოჰამად ხათამისთან მისი შედეგიანი მოლაპარაკებების შემდეგ, აპრილის ბოლოს, ვიცე-პრეზიდენტის მეთაურობით ირანის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლამ და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერამ, შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკური საქმიანობისათვის საჭირო სამართლებრივ ფუნდამენტთა გამყარებას.

ირანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ირანელ ბიზნესმენთა კავშირის ინიციატივით, ირან-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე მსხვილი ირანელი მეწარმეები იყვნენ წარმოდგენილები, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ შეისწავლონ საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები. ბიზნესმენთა დიდ დაინტერესებას იწვევს ფარმაცევტიკა, მშენებლობა, ტურიზმი, მანქანათმშენებლობა და საბანკო სფერო.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ირანელ ბიზნესმენთა სურვილი განახორციელონ მსხვილი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, დააბანდონ რამდენიმე ათეული მილიონი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში.

ირანის ისლამური რესპუბლიკა
მოსახლეობა – 67.47 მლნ
ქალაქის მოსახლეობა – 44.77 მლნ
სოფლის მოსახლეობა – 22.70 მლნ
ექსპორტი – 33788 მლნ აშშ დოლარი
ექსპორტი ნავთობის გარეშე – 5.5 მლრდ აშშ დოლარი
ექსპორტის ძირითადი სახეობები – ნავთობი, გაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხალიჩები, ხიზილალა, ფსტა, მეტალი, ფოლადი, საინჟინრო და ტექნიკური მანქანები და აგრეთვე დანადგარები, რომლებიც გამოიყენება მომსახურების სექტორში.
შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე – 12335000 რიალი (დაახლოებით 1600 აშშ დოლარი). ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა.
საერთაშორისო დავალიანება – 12100 მილიარდი აშშ დოლარი
სავალუტო რეზერვი – 9.527 მლრდ აშშ დოლარი
ინფლაცია – 14%
მრეწველობის ძირითადი სახეობები – გაზი და ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ფოლადი, ტექსტილი და ავტომობილების წარმოება
გაზის და ნავთობის რეზერვები – 130. 80 მლნ ბარელი
ნედლი ნავთობის ექსპერტი – წელიწადში 748 მლნ ბარელი
ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის რაოდენობა – 9
ირანის გაზის რეზერვი – 26.75 ტრილიონი კუბური მეტრი
თხევადი გაზის წარმოება – დღეში 139.6 მლნ კუბური მეტრი
გაზის და ნავთობის ექსპორტი – წელიწადში 26.573 მლრდ აშშ დოლარი
ნავთობპროდუქტების წარმოება – წელიწადში 13.1 ტონა
ელექტროენერგიის გამომუშავება – 149.5 მლნ კჯ/საათი
იმპორტი – 26.151 მლრდ აშშ დოლარი
თავისუფალი ვაჭრობის და ინდუსტრიული ზონების რაოდენობა – 3
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების რაოდენობა – 15
ინვესტიციების საშუალო ზრდა – 31%
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 2004 წელს 19.66 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 88%-ით აღემატება 2003 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, იმპორტი შეადგენს 15.16 მლნ დოლარს (გაიზარდა 117%-ით) და ექსპორტი – 4.5 მილიონს (გაიზარდა – 31%-ით).

ირანისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტებმა, ბატონებმა ჯემალ ინაიშვილმა და სეიედ ალინაღი ხამუშმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზე შეიქმნა ქართულ-ირანული ბიზნეს საბჭო.

“ვფიქრობ, საბჭო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ბიზნეს-ურთიერთობების დამყარებას, განვითარებას, გაფართოებასა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ დაინტერესებული ვართ ქართული პროდუქციის ირანში ექსპორტით და ვიმედოვნებთ, რომ იქაურ ბაზარზე გარკვეული პოზიციების დაკავებას შევძლებთ”, – განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

ფორუმმა მუშაობა ქ. ბათუმში გააგრძელა, სადაც გაიმართა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიზნეს-წრეებთან, ირანელმა ბიზნესმენებმა მოინახულეს ბათუმის პორტი, მის ინფრასტრუქტურასა და სიმძლავრეებს გაეცნენ. აქცენტი მაინც ტურიზმზე გაკეთდა.

ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე უფრო მომგებიან და მნიშვნელოვან სექტორად ირანელები ტრანსპორტის სფეროს მიიჩნევენ. ირანის ისლამურ რესპუბლიკას თავისი განვითარების რიგით მეოთხე გეგმაში გათვალისწინებული აქვს ქვეყნის შიგნით ძირითადი სატრანსპორტო ხაზების კეთილმოწყობის წამოწყება, რათა ორ ქვეყანასა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ფიქრობენ, რომ ეს საქმე სასიკეთოდ წაადგება ორი ქვეყნის ინვესტორებსა და კაპიტალდაბანდებებს.

ვიცე-პრეზიდენტ არეფის აზრით, ერთი მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ადგილმდებარეობა ჩრდილო-სამხრეთ დერეფანში და მეორე მხრივ, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს სურვილი და მისწრაფება სპარსეთის ყურისაკენ სავაჭრო მიზნებისა და სასაქონლო ურთერთგაცვლისთვის საუკეთესო, უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზის საპოვნელად, რეგიონის სახელმწიფოთა შორის ფართო თანამშრომლობისა და განსაკუთრებით, სატრანსპორტო სფეროს ურთიერთობათა გაღრმავებას განაპირობებს.

ირანმა “ტრასეკას” სატრანსპორტო დერეფნის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობითა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სფეროში ქმედითი ნაბიჯები გადადგა და მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის სატრანსპორტო სფეროში ურთიერთობები ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გადახალისდება და გაღრმავდება. მიიჩნევენ, რომ ამ ვითარების სასიკეთო შედეგებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნები მოიმკიან, არამედ ამით რეგიონის ყველა სახელმწიფო ისარგებლებს.

ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომელმაც შესაძლოა ურთიერთობათა გაღრმავებას მართლაც სერიოზულად შეუწყოს ხელი, ამ ურთიერთობებში კერძო სექტორის უფრო აქტიური მონაწილეობის საფუძველი შექმნას და როგორც ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა, რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს – ენერგეტიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაა. ირანის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის გაზსადენის მშენებლობა კი აღნიშნული თანამშრომლობის მხოლოდ ერთი და არა ერთადერთი მხარე იქნება. ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება და აღნიშნულ სფეროში წარმატების მოპოვება კი ორი ქვეყნისა და რეგიონის სხვა სახელმწიფოთა სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს.

მუჰამედ რეზა არეფი – “საბედნიეროდ, მე და ბატონი ზურაბ ნოღაიდელი ორმხრივი თანამშრომლობის შესაბამის რესურსთა არსებობის გათვალისწინებით, შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებისა და თანამშრომლობისთვის ჯერ კიდევ მრავალი სფერო არსებობს და ამ სხდომათა გაგრძელება შეიძლება მეორე მხრის შესაძლებლობათა უკეთ გასაცნობად ძალზე შედეგიანი და ეფექტური აღმოჩნდეს”.

ქართული ბაზარი ირანულ პროდუქციას საკმაოდ კარგად იცნობს, საქართველოში რამდენიმე ასეული ირანული კომპანია მუშაობს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ქართულ კომპანიებზე, ისინი პრაქტიკულად არ არიან ირანის ბაზარზე წარმოდგენილნი. არადა, ირანელი სტუმრების თქმით, ეს საკმაოდ დიდი ბაზარია, რომლის გამოუყენებლობა არ შეიძლება, თანაც: ექსპორტზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, მათი ბაზარი აბსოლუტურად ღიაა. ირანში შესული და გატანილი ნებისმიერი ტვირთი დაზღვეულია სახელმწიფოს მხრიდან, ყველაზე მთავარი – ელექტრონერგია – რომელიც ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულების მნიშვნელოვან წილს შეადგენს, ირანში ძალიან იაფია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მეტალის ფასმა იმატა, ირანში კი ფასები იგივე რჩება, ირანი რეგიონში მეტალის მნიშვნელოვან მარაგს ფლობს.

საქართველოში ირანის ვიცე-პრეზიდენტის მუჰამედ რეზა არეფის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მთელ რიგ დოკუმენტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, გაფორმდა აგრეთვე მემორანდუმი საბაჟო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები (ირანი დაინტერესებულია გაზის მოწოდებით), მათ შორის გაზსადენის, ჰესისა და ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის საკითხები.

ხელმოწერილია აგრეთვე ხელშეკრულება პარიზის კრედიტორთა კლუბის პირობებით საქართველოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომელიც 12.83 მლნ დოლარს შეადგენს, კერძოდ, 2006 წლის 1 დეკემბრამდე საქართველომ უნდა დაფაროს 1.67 მლნ (2004 წლის 1 ივნისამდე დაგროვილი თანხა და საჯარიმო სანქციები), 11.84 მლნ – 2005 წლის 1 სექტემბრამდე. ამასთან, 2016 წლიდან დაიწყება ძირითადი თანხის დაფარვა.

ირანის საერთაშორისო განვითარების ბანკი მზად არის საქართველოს კრედიტის სახით 20 მლნ აშშ დოლარი გამოუყოს. თუ კრედიტი მიმართული იქნება ენერგოსისტემის რეაბილიტაციისთვის, ამ პროექტში სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობა გამორიცხული არ არის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ ირანის საერთაშორისო განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომერციული ბანკების სისტემა მყარია და ამ ბაზარზე სტუმრებს არ გაუჭირდებათ პარტნიორი ბანკების მოძიება, რომლებიც ამ საკრედიტო ხაზის მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შეძლებენ.