ეკონომისტი, რომელმაც ეპოქა შექმნა
რედაქციისაგან
“ბერლინის კედლის მოშლამ და საბჭოთა კავშირის დარღვევამ საქართველოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა თვით განსაზღვროს საკუთარი მომავალი, იმოძრაოს კოლექტივიზმიდან თავისუფლებისაკენ, გადავიდეს ცენტრალურად გაკონტროლებული ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე. მწამს, რომ წინამდებარე წიგნში გადმოცემული მსოფლმხედველობა დაეხმარება საქართველოს ამ გარდაქმნაში… მე ვგულშემატკივრობ ქართველ ხალხს მისთვის ურთულესი გარდაქმნის ჟამს”
სან-ფრანცისკოში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი. 1976 წელს იგი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატი გახდა. მას, აგრეთვე, მიღებული აქვს აშშ-ის, იაპონიის, ისრაელისა და გვატემალას უნივერსიტეტების საპატიო ჯილდოები. 1980-იან წლებში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა მილტონ ფრიდმანის სავალუტო იდეები, რამაც შესამჩნევი გავლენა მოახდინა აშშ-ის პრეზიდენტ როლანდ რეიგანისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკაზე.
ფრიდმანი სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის სფეროში გადაჭარბებული რეგულირების წინააღმდეგ გამოდიოდა, პრივატიზაციისა და თავისუფალი ბაზრის აპოლიგეტი იყო. მას მიაჩნდა, რომ ხელისუფლება ეკონომიკას მხოლოდ ზიანს აყენებდა, როდესაც სახელმწიფო ხარჯებს უმუშევრობის მაჩვენებლის შესამცირებლად ზრდიდა.
მილტონ ფრიდმანის აზრით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ ინფლაციის ზრდას იწვევდა. იგი, როგორც ეკონომისტი, ამტკიცებდა, რომ უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით სამუშაო ადგილების მატება, მხოლოდ ფასების ზრდას იწვევდა, ხოლო უმუშევართა რიცხვი კი უცვლელი რჩებოდა.
აღნიშნულ იდეას შემდგომში “ჩიკაგოს სკოლა” უწოდეს, რადგან მისი ავტორი 30 წლის განმავლობაში ჩიკაგოს უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორი იყო.
ბაზარზე ფულადი მასის მკაცრი კონტროლი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოიყენა, 80-იან წლებში კი ეს მიდგომა ბევრ განვითარებად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ლათინური ამერიკის ქვეყნებში, დაინერგა, რის გამოც “ჩიკაგოს სკოლა” მწვავედ გააკრიტიკეს, განსაკუთრებით უარყოფითად კი სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პრინციპი მიიღეს.
უნდა ითქვას, რომ ფრიდმანის მოღვაწეობა მხოლოდ ეკონომიკით არ შემოიფარგლებოდა, ის აქტიურად გამოდიოდა ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ, ასევე ეწინააღმდეგებოდა სკოლის ნაცვლად ბავშვების სახლში სწავლებას. იგი ამაყობდა საკუთარი გამოსვლებით.
“არ არსებობს უფასო ლანჩი”
მილტონ ფრიდმანი ნიუ – იორკში, ბრუკლინში კარპატიდან ემიგრირებული ებრაელის ოჯახში დაიბადა, 15 წლის ასაკში მას მამა გარდაეცვალა. უნივერსიტეტში სწავლის ქირის გადასახდელად მას მუშაობა ოფიციანტად და მაღაზიის გამყიდველად უხდებოდა.
1948-1981 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტში პედაგოგობის პარალელურად ფრიდმანი აშშ-ის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკის კვლევით ცენტრში მუშაობდა, ხოლო 1960-იან წლებში ის პრეზიდენტ ნიქსონის მრჩეველი იყო ეკონომიკის დარგში.
ფრიდმანის იდეებს იზიარებდა და იყენებდა როლანდ რეიგანის ადმინისტრაცია, რომელიც დარწმუნებული იყო გადასახადების შემცირების აუცილებლობაში.
პროფესორი ფრიდმანი შესანიშნავი ორატორი იყო და უბადლოდ ახერხებდა პოპულარული გაეხადა რთული ეკონომიკური თეორიები. 20 წიგნის გარდა, რომელიც მან სხვა ეკონომისტთა თანაავტორობით დაწერა, იგი ცნობილი ფრაზის – “უფასო ლანჩი არ არსებობს” ავტორია. მისი მეუღლე როუზიც (მათ 1938 წელს იქორწინეს) ეკონომისტი იყო. ეკონომისტი გახდა მათი ვაჟიც, ხოლო ქალიშვილმა იურისტობა არჩია.
მეთოდოლოგიის დარგში ფრიდმენი ითვლებოდა კემბრიჯის სკოლის დამფუძვნებლის ა. მარშალის ტრადიციების გამგრძელებლად. მილტონის მთავარი პრინციპი იყო ნებისმიერი თეორიული პოსტულატის ემპირიული შემოწმება.
1957 წელს გამოქვეყნდა ფრიდმანის ნაშრომი “მოხმარების ფუნქციის თეორია”, სადაც იგი ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით ასაბუთებს, რომ შემოსავლის წილი, რომელიც იხარჯება მოხმარებისთვის, დამოკიდებულია არა მიმდინარე, არამედ მოსალოდნელ ან მუდმივ შემოსავალზე. მუდმივი მოხმარება არ იცვლება შემოსავლის დროებითი გაზრდით ან შემცირებით. მან გამოიკვლია აშშ-ის მოსახლეობის შემოსავლის და მოხმარების თანაფარდობა დაახლოებით 100 წლის განმავლობაში და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დანაზოგის წილი ეროვნულ ვალუტაში, მიუხედავად რეალური შემოსავლების ზრდისა, თითქმის უცვლელი რჩებოდა.
სტატისტიკურმა მეთოდებმა, რომელსაც ფრიდმანი იყენებდა მუდმივი შემოსავლის შესაფასებლად, დიდი გავლენა იქონია ეკონომეტრიკის განვითარებაზე, ხოლო მილტონისა და მისი თანაშემწეების 25-წლიანი გამოკვლევები დაგვირგვინდა იმით, რომ შეიქმნა ფულის მიმოქცევის ისტორიისა და თეორიისადმი მიძღვნილ ფუნდამენტურ შრომათა სერია.
1962 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი “კაპიტალიზმი და თავისუფლება” ფრიდმანმა თავის მეუღლესთან ერთად დაწერა. მასში გაკრიტიკებულია სახელმწიფოს მიერ ბაზრის რეგულირების სხვადასხვა ფორმები და ნაჩვენებია კერძო ბიზნესის უპირატესობა. თავდაპირველად ნაშრომისთვის არ მიუქცევიათ ყურადღება, 25 წლის შემდეგ კი იგი გაიყიდა ნახევარმილიონიანი ტირაჟით, ხოლო 70-80-იან წლებში ითარგმნა სხვადასხვა ენებზე, 2002 წელს წიგნი გამოიცა ქართულად.
ფრიდმანმა თავის მომდევნო გახმაურებული წიგნი “თავისუფალი არჩევანიც” მეუღლესთან ერთად შექმნა, რომელშიც სოციალ-ეკონომიკურ პოლიტიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის იდეა კიდევ უფრო განავრცო. ამავე სათაურით მიჰყვა მას სატელევიზიო ციკლი – საუბრები სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. ფრიდმანის იდეების პოპულარობას ხელი შეუწყო აგრეთვე ჟურნალმა “ნიუზუიკმა”, რომელშიც რეგულარულად ქვეყნდებოდა მისი პუბლიკაციები საგანგებოდ გამოყოფილ “ეკონომისტის სვეტში”.
60-იანი წლებიდან მილტონ ფრიდმანი უფრო მეტად ჩნდება საზოგადოებრივ არენაზე. ის არის ეკონომიკური მრჩეველი გუბერნატორ ბ. გოლდუოტერისა, რომელიც კენჭს იყრიდა პრეზიდენტის პოსტზე 1964 წელს; 1968 წელს რ. ნიქსონის წინა საარჩევნო კომპანიისა, და ბოლოს, 1980 წელს რ. რეიგანის მრჩეველია. არის სხვადასხვა საპრეზიდენტო კომისიების წევრი.
1967-70-იან წლებში ფრიდმანი გვევლინება ამერიკული ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტად. ამ პოსტზე არჩევისას მილტონის მიერ წაკითხული მოხსენება გახდა მის ნაშრომთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული.
ფრიდმანის მიერ შეთავაზებული ბევრი რჩევა – ისეთები, როგორიცაა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შეკვეცა; საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შემოღება, რომელიც უფრო ეკონომიური იქნებოდა სახელმწიფო ხაზინისთვის; ე.წ. “ნეგატიური საშემოსავლო გადასახადის” გამოყენება (ე.ი არასაკმარისი შემოსავლების მქონე პირებისთვის ბიუჯეტიდან გადახდა) და სხვა – გაიზიარა ამერიკის ადმინისტრაციამ 80-იან წლებში, თუმცა ზოგი მათგანი შემდეგში უარყოფილ იქნა არაეფექტურობის გამო.
საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში ფრიდმანი გამოდიოდა აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნების დახმარების წინააღმდეგ, რადგან თვლიდა, რომ ასეთი დახმარება აძლიერებდა სახელმწიფოს პოზიციებს კერძო ბიზნესთან შედარებით და ხელს უწყობდა მთავრობის მიერ ეკონომიკაზე ცენტრალიზებული კონტროლის განხორციელებას, რაც აფერხებდა ეკონომიკის განვითარებას.
21-ე საუკუნეში ბევრი ცნობილი ეკონომიკური პოსტულატი გადაფასდა. ახალმა ტექნოლოგიებმა და გლობალიზაციის არსებულმა დონემ კლასიკურის მიმართ ახალი მიდგომები განაპირობა. ფრიდმანის ბევრი მიდგომაც გადაფასდა, მაგრამ ის მაინც დარჩება ეპოქის შემქმნელ უდიდეს ეკონომისტად კეინსის შემდგომ.