კაპიტალის ბაზარი და მისი გავლენა ბიუჯეტის შესრულებაზე
ნათელა ვაშაკიძე
ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გადიდების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კაპიტალის ბაზრის ფორმირება- სრულყოფა. საბაზრო ეკონომიკის წარმატებები და გლობალური ეკონომიკის თანამედროვე მასშტაბები სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარების შედეგია.
კაპიტალის ბაზარი, “როგორც ეკონომიკური კატეგორია, გამოხატავს სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობას, რომელიც განისაზღვრება საბაზრო ეკონომიკის კანონებით და რომელთა საფუძველზეც წარმოებს ამ ბაზრის ფორმირება, ე.ი. კავშირები და ურთიერთობები, როგორც უშუალოდ თვით ბაზარში, ისე სხვა ეკონომიკურ კატეგორიებთან ურთიერთობაში”.
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასესხო კაპიტალის ბაზრის ფორმირება-განვითარებას. “ჯერ-ერთი, მან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში წარმოების ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და ინფლაციის ტემპების შენელებას, კაპიტალის მოძრაობას, მოსახლეობის ფულადი დანაზოგების ინვესტიციებში განთავსებას, ძირითადი კაპიტალის განახლებას. საბაზრო ეკონომიკის ფორმირება-განვითარების პროცესში სასესხო კაპიტალის ბაზარმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას, რომელიც მომავალში წარმოგვიდგება დამატებითი ფულადი რესურსების წყაროდ”. მან უნდა მოახდინოს მცირე მოცულობის დაქსაქსული ფულადი რესურსების მობილიზაცია და მიმართოს იგი ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისაკენ, რაც მომავალში ბიუჯეტის შემოსავლების გადიდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება და, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის მატერიალური და სულიერი ცხოვრების ამაღლებას გამოიწვევს.
თანამედროვე სასესხო კაპიტალის ბაზარი მოიცავს ორ ძირითად ინსტიტუტეს – საკრედიტო სისტემასა და ფასიანი ქაღალდების ბაზარს. სამწუხაროდ, კაპიტალის ბაზრის ეს რგოლები საქართველოში ჩანასახოვან მდგომარეობაშია, თავისუფალი ფულადი რესურსების არამწარმოებლურად გამოყენებისა და კაპიტალის ქვეყნიდან გადინების გამო.
განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის ბაზრის ფუნქციები შეზღუდულია და, უპირატესად, ასრულებს ვაჭრობის დაკრედიტებას, საოჯახო მეურნეობის, ფირმების, კორპორაციების და სხვა სამეურნეო სუბიექტების ფულადი დანაზოგების მობილიზაციასა და, საჭიროების შემთხვევაში, მათზე სესხების გაცემას, ფულადი ფონდების ტრანსფორმაციას უშუალოდ სასესხო კაპიტალში და მათ გამოყენებას წარმოების პროცესში ინვესტიციების სახით და ა. შ.
დღეს, საქართველოში, კაპიტალის ბაზრის ფორმირება-განვითარებას ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი გააჩნია: ჯერ ერთი, ადგილობრივი საკრედიტო და საინვესტიციო რესურსების მწვავე დეფიციტია; მეორე – ბანკებსა და ბიზნესის სტრუქტურებს შორის ინტერესთა შეუთანხმებლობაა; მესამე – საინვესტიციო და საკრედიტო პოლიტიკაში ინვესტორთათვის არ არსებობს მტკიცე გარანტიების სისტემა; მეოთხე – მაღალია საპროცენტო განაკვეთები და რისკის ფაქტორი. ამასთან, წინა ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ეროვნული ეკონომიკის თვითდინებაზე მიშვებამ გაახანგრძლივა სისტემური კრიზისი, რამაც სახელმწიფო ვალის კოლოსალური ზრდა გამოიწვია.
საქართველოში სასესხო კაპიტალის ბაზრის ფორმირება დაიწყო მოუმზადებლად, თანაც გამოყენებული იქნა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ორსაფეხურიანი საბანკო სისტემის არსებობას და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას საფონდო ბირჟების სახით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო დანაზოგების ინვესტიციებად გადაქცევა, თუმცა, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობდა პოტენციური ინსტიტუციური ინვესტორი, სადაზღვევო ბაზარი და თვითდინებაზე იყო მიშვებული საპენსიო სისტემების უზრუნველყოფა.
“ასეთ პირობებში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს მიმართულებად ინვესტორების მოზიდვა უნდა იქცეს. ამ საკითხის გადაწყვეტა მარტო მაკროეკონომიკური ღონისძიებებით შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში რეფორმების ვექტორი უნდა გადაიხაროს საწარმოებისაკენ”3.
სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარებას ქვეყანაში თავისი მიზეზები გააჩნდა, რაც წინა ეკონომიკური სისტემის შედეგი იყო. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში დიდი სირთულეებით ხასიათდება. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მკვეთრად შემცირდა ეროვნული მეურნეობის ყველა დარგის პროდუქციის წარმოება, გაიზარდა არამწარმოებლური ხარჯები, დიდია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, აღზევდა კორუფცია და სხვა ნეგატიური პროცესები. ყოველივე ამის გამო აუცილებელია ქვეყანაში შემუშავდეს ეკონომიკური და ფინანსური უსაფრთხოების გრძელვადიანი კომპლექსური პროგრამა. შესწავლილი იქნეს ეკონომიკური სისტემის არსებული მდგომარეობა და დაისახოს ანტიკრიზისულ ღონისძიებათა კომპლექსი. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ქვეყნის საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემა შორსაა სრულყოფისაგან, მის საქმიანობას ბევრი პრობლემა ახლავს, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების უკმარისობა და, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტისაგან თავის დაღწევის პრობლემები.
იმისათვის, რომ ქვეყანა დაადგეს ეკონომიკური აღორძინების გზას, საჭიროა სათანადო წინაპირობების ჩამოყალიბება. სხვა ფაქტორთა შორის უპირატესად საჭიროა საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შექმნა. ეკონომიკის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება შეუძლებელია ინვესტიციური საქმიანობის გააქტიურების გარეშე. ამ მხრივ მყარ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”.
ინვესტიციების მოზიდვა და მისი ეფექტიანად გამოყენება ეროვნული ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. ამ შესაძლებლობის რეალიზაციის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია განვითარებული ნეგატიური მოვლენების, ეკონომიკური კავშირების რღვევის, საწარმოო პოტენციალის მკვეთრი დაცემის და არასამეწარმეო გარემოს შედეგებით დაშლილი ქვეყნის ეროვნული მეურნეობის დარგებისა და სამეურნეო სუბიექტების რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. მით უმეტეს, მათი დიდი ნაწილი საჭიროებს ძირეულ განახლებას. ქვეყანაში არსებული ძირითადი კაპიტალი როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად გაცვეთილია და მათი აღდგენისათვის აუცილებელია დიდი მოცულობის კაპიტალური დაბანდებები.
ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი არ იძლევა ინვესტიციების შინაგანი წყაროების მობილიზაციის საშუალებას. ამასთან, მიზერულია სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური შემოსავლების მოცულობა. ამას ისიც ემატება, რომ ეკონომიკური სუბიექტების მიერ შიდა სამეურნეო წყაროები არამიზნობრივად გამოიყენება. მაგალითად, ბევრ საწარმოს საბრუნავ საშუალებებში აქვს მოქცეული ისეთი საინვესტიციო წყაროები, როგორიცაა ამორტიზაცია და ჭარბი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული სახსრები. ამას ისიც ემატება, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებით იფარება მიმდინარე და არა კაპიტალური ხარჯები. დარჩა ერთადერთი გზა – უცხოური ინვესტიციების სტიმულირების გაძლიერების გზით სახსრების მობილიზაცია. ამ მიზნით ქვეყანაში უნდა შეიქმნას საამისო საინვესტიციო კლიმატი (გარემო), რომელიც დიდი შინაარსობრივი ტევადობისაა. მასში თავს იყრის ყველა ის ფაქტორი და მოვლენა, რომლებიც ხელს უწყობს ინვესტირების სტიმულირებასა და ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაში უცხოური სესხების მოზიდვას. ნებისმიერ ინვესტორს აინტერესებს ქვეყნის კულტურა, სტაბილური მდგომარეობა და ეკონომიკური განვითარების დონე. სიტუაციის ანალიზის დროს ინვესტორი იძულებულია შეისწავლოს ერთმანეთისაგან განსხვავებული ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენენ საინვესტიციო რისკზე.
საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდეგ უცხოური ინვესტიციების მოცულობა ყველაზე მაღალი იყო 1998 წელს – 401,0 მლნ ლარი, 1999 წელს – 168,7 მლნ ლარი, 2000 წელს – 118,9 მლნ ლარი, 2003 წელს – 535,1 მლნ ლარი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უცხოური ინვესტიციების მოცულობა უმნიშვნელო იყო და მისი შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა, რაც უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის გამოცოცხლებაზე.
ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, საფინანსო სისტემის რესტრუქტურიზაციის კომპლექსურ პროგრამასთან ერთობლიობაში, ქვეყანას საშუალებას მისცემს შექმნას ოპტიმალური პირობები კაპიტალის დაგროვებისა და ეკონომიკური სექტორების ფინანსურ უზრუნველსაყოფად. საქართველოს ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესის სრულფასოვანი საინვესტიციო უზრუნველყოფის ამოცანების მასშტაბურობა მოითხოვს შემუშავდეს, სამრეწველო და საინვესტიციო პოლიტიკა. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ასპექტია საქართველოს ეკონომიკის ინვესტიციების განთავსების კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემა.
ინვესტიციების განთავსების პოლიტიკა წარმოადგენს იმ ღონისძიებათა სისტემას, რომლებიც უზრუნველყოფენ: ეროვნული ეკონომიკის სტაბილიზაციის ეტაპზე სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის პრიორიტეტებს და მყარ ეკონომიკურ ზრდაზე თანდათანობით გადასვლას იმპორტშემცვლელი დარგების განვითარების, საექსპორტო მხარდაჭერის და კონკურენტუნარიანობის გზით; სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციას და სტრატეგიული ინვესტორების მიერ კაპიტალის დაბანდებისათვის პირობების შექმნას.
ინვესტიციების განთავსების ობიექტები უნდა გახდეს ეროვნული და უცხოური კაპიტალი, რომელთა დაბანდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემუშავებული რეალისტური ღონისძიებების რეალიზაციის პირობებში, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით. კერძოდ:
1. კაპიტალის ბაზრის მთავარი ფუნქციის – დროებით გამოთავისუფლებული და უმოქმედო ფულადი საშუალებების ტრანსფორმაცია, სასესხო კაპიტალში უზრუნველყოფა. ე.ი. კაპიტალის ბაზარი გამოდის კრედიტორებსა და მსესხებლებს შორის შუამავლის როლში;
2. სასესხო კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირება აგებული უნდა იქნეს სპეციალურ ინსტიტუციურ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო რეგულირებისა და საბაზრო თვითრეგულირების პრინციპების შეთანაწყობას;
3. მსხვილი ნაციონალური კორპორაციული სტრუქტურების მხარდაჭერა, რომლებიც შეასრულებენ ეკონომიკის რეალურ სექტორში საინვესტიციო პროცესების გენერატორის როლს.
ქვეყნის ფინანსური რესურსების მობილიზაცია პირდაპირ კავშირშია სამეურნეო სუბიექტების ეფექტიან რესტრუქტურიზაციასთან, რაც მოითხოვს შესაბამის საკანონმდებლო ბაზას, რითაც უნდა მოწესრიგდეს საწარმოთა ფინანსური მეურნეობა. სწორედ ამის შემდეგ, ან ამის პარალელურად წარიმართება საბანკო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი, სხვანაირად შეუძლებელია ეროვნულ მეურნეობაში საინვესტიციო პრობლემების გადაწყვეტა.
საყურადღებოა ისიც, რომ გარდამავალი ეკონომიკის პერიოდის საქართველოს ბიუჯეტი ჯერაც არ გამხდარა განვითარების ბიუჯეტი. მასში გათვალისწინებული არ არის სახელმწიფოს, როგორც ინვესტორის მიზანი და, შესაბამისად, მიზერული თანხები გამოიყოფა ინვესტიციებისათვის, რის გამოც, ფაქტობრივად ბიუჯეტი ყველა დონეზე კაპიტალურ დაბანდებათა ფუნქციისაგან გამოთავისუფლებულია. არადა, საინვესტიციო რესურსების მწვავე დეფიციტის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ დაბალანსებული სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკით, რომელიც დაფუძნებული იქნება მისი რეალიზაციისათვის საჭირო სამართლებრივ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მექანიზმებზე, რაც ასევე ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს შექმნას.
არსებული მდგომარეობის ძირითადი მიზეზები, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემებთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების და შესრულების პროცესის ნაკლოვანებებითაც აიხსნება, სახელდობრ:
– ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატურ გეგმაში მოხვედრილი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები ხშირად სუბიექტური ხასიათისაა და არ ხდება მათი დეტალური დამუშავება, რაც იწვევს სათანადო ეკონომიკური დასაბუთების გარეშე საინვესტიციო დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
– არ არსებობს ბიუჯეტის საინვესტიციო რესურსების ფორმირების სრულყოფილი მეთოდოლოგია, რის გამოც საეჭვოა ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკის ეფექტიანობაც.
ბოლო დრომდე ბიუჯეტის შესრულების საპროგნოზო მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ძირითადად, ხდებოდა მიმდინარე ხარჯების მაქსიმალური გაწერა, ხოლო მიზერული ნარჩენი თანხები წარიმართებოდა ინვესტიციების დასაფინანსებლად. ამასთან, წინა ხელისუფლების დროინდელი ბიუჯეტები იმდენად მწირი იყო, რომ მიმდინარე ხარჯებსაც ვერ აფინანსებდა. მიუღებელი იყო “დაცული მუხლების” ინსტიტუტის არსებობა. სახელმწიფო ბიუჯეტი ხომ ქვეყნის მთავარი საფინანსო გეგმაა, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს და ახალი ბიუჯეტის მიღებამდე ის მოქმედი უზენაესი კანონია. აქედან გამომდინარე, არასწორია ხარჯების დაყოფა დაცულ და დაუცველ მუხლებად. ყველა მუხლი დაცული უნდა იყოს დაფინანსების ხელყოფისაგან.
ამ და სხვა ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, მიზანშეწონილია ქვეყანაში განხორციელდეს სპეციალურ ღონისძიებათა კომპლექსი, კერძოდ:
– უნდა ჩატარდეს სამინისტროებსა და უწყებებში სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამების ექსპერტიზა, სადაც მოხდება შესაბამისი ცვლილებები გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, აუცილებელია რანჟირება, დასკვნების ჩამოყალიბება და შედეგად პერსპექტიული სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამების ფორმირება;
– ეკონომიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინვესტიციების წლიური მოცულობები მთლიანად უნდა აისახოს ბიუჯეტში, ამასთან, მიღებული შედეგების სისტემური ანალიზისა და კორექტორების საფუძველზე უნდა განისაზღვროს ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მოცულობა.
– ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება უნდა გახდეს ის, რომ დეფიციტის დასაფარავად მოზიდული თანხები მოხმარდეს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას. ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობა კი უნდა განისაზღვროს დამატებითი საინვესტიციო თანხების მოზიდვის მოთხოვნიდან გამომდინარე.
“ვარდების რევოლუციის” საერთაშორისო რეზონანსმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მოწესრიგებამ, მეგობარ განვითარებულ ქვეყნებთან ჩამოყალიბებულმა კონტაქტებმა გაზარდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და ნდობის ფაქტორი. ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციამ, ფისკალური პოლიტიკის წარმატებებმა გამოიწვია ბიუჯეტის შემოსავლების გაორმაგება, რამაც კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა და ხელი შეუწყო სახელმწიფოს კრედიტუნარიანობის ამაღლებას. აღმოიფხვრა სახაზინო ვალდებულებების ბაზარზე ჩამოყალიბებული რისკები. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდამ გამოიწვია სახაზინო ვალდებულებების ემისიით ბიუჯეტის დეფიციტით დაფარვის საჭიროების აუცილებლობა.