იჯარა, იჯარის აღრიცხვა და გადასახდელები

ლალი ჩაგელიშვილი

იჯარის ცნებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებიდან გამომდინარე, ბასს-17 იჯარას შემდეგნაირად განმარტავს. იჯარა წარმოადგენს მხარეთა ურთიერთშეთანხმებას, რომლის თანახმადაც მეიჯარე (ქონების იჯარით გამცემი) შემოსავლის მიღების მიზნით, მოიჯარეს (იჯარით ქონების ამღები) გადასცემს აქტივის გამოყენების უფლებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.

საიჯარო შეთანხმებები მრავალი სახისაა. გამოყენების ვადის მიხედვით არსებობს მოკლე და ხანგრძლივვადიანი. საიჯარო შეთანხმებები შესაძლებელია ითვალისწინებდეს საკუთრების უფლების გადაცემას, იჯარით აღებული ქონების მესამე პირისათვის იჯარით გადაცემის უფლებამოსილებას ან მის შეზღუდვას და ა.შ. ბასს-17-ის მიხედვით არსებობს ორი ტიპის იჯარა. 1. ფინანსური იჯარა 2. ჩვეულებრივი იჯარა.

ფინანსურ იჯარის შემთხვევაში აქტივებთან დაკავშირებული ყველა სახის რისკი და ეკონომიკური სარგებელი გადაეცემა მოიჯარეს. საკუთრების უფლება შეიძლება გადაეცეს, ან არ გადაეცეს.

რისკი გულისხმობს ფიზიკური ან მორალური ცვეთის ან სიმძლავრეთა მოცდენის გამო ზარალის მიღების ალბათობას. რისკი არსებობს აგრეთვე ეკონომიკური პირობების არასტაბილურობის დროსაც.

ეკონომიკური სარგებელი არის აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადაში სავარაუდო მომგებიანი ოპერაციის, ასევე აქტივების გაძვირების ან სალიკვიდაციო ღირებულების რეალიზაციიდან შემოსავლების მიღების ალბათობა.

ყველა იჯარა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ფინანსურ იჯარად, წარმოადგენს ჩვეულებრივ იჯარას. იჯარის სახეობის დადგენა ხდება საიჯარო ურთიერთობის ბუნებით და ფინანსური არსით.
საიჯარო ურთიერთობა ითვლება ფინანსურ იჯარად, თუ:

ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს გადაეცემა აქტივის საკუთრების უფლება იჯარის ვადის დამთავრების შემდეგ;

ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს უფლება აქვს, შეიძინოს აქტივი იმ რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რომელიც აქტივს გააჩნია უფლების გამოყენების მომენტში, ხოლო იჯარის ვადის დასაწყისში არსებობს ამ უფლების გამოყენების დიდი ალბათობა;

იჯარის ვადა მოიცავს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადის ძირითად, მნიშვნელოვან ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება არ გადაეცემა;

იჯარის ვადის დასაწყისისათვის მინიმალური საიჯარო გადასახდელის დისკონტირებული ღირებულება უკიდურეს შემთხვევაში შეადგენს იჯარით აღებული აქტივის პრაქტიკულად მთლიან რეალურ ღირებულებას;

იჯარით აღებული აქტივი ხასიათდება სპეციფიკურობით ისე, რომ მხოლოდ მოიჯარეს შეუძლია მისი გამოყენება მოდიფიკაციის გარეშე.

ფინანსურ იჯარად პირობითად შეიძლება ჩაითვალოს ასევე შემდეგო სიტუაცია:

თუ მოიჯარეს შეუძლია გააუქმოს იჯარა, გაუქმებასთან დაკავშირებული მეიჯარის ზარალის ანაზღაურება ეკისრება მოიჯარეს;

რეალური ნარჩენი ღირებულების ცვალებადობით გამოწვეული მოგება ან ზარალი მიეკუთვნება მოიჯარეს (მაგალითად საიჯარო გადასახდელიდან ფასდაკლება, რომელიც ტოლია იჯარის ვადის ბოლოს გაყიდვიდან ამონაგების დიდი ნაწილის);

მოიჯარეს უფლება აქვს, გააგრძელოს იჯარა მეორე ვადით საბაზრო დონეზე მნიშველოვნად დაბალი საიჯარო გადასახდელით.

იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კლასიფიცირებაც განხილული პრინციპით ხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ მიწისთვის დამახასიათებელია განუსაზღვრელი სასარგებლო მომსახურების ვადა და თუკი მოიჯარეს იჯარის ვადის გასვლის შემდეგ არ გადეცემა მასზე საკუთრების უფლება, ეს ნიშნავს, რომ იგი მიწის დროებითი სარგებლობის პერიოდში სინამდვილეში არ ფლობს მასთან დაკავშირებულ ყველა რისკს და სარგებელს. ამიტომ, ასეთი იჯარა ჩვეულებრივი იჯარაა და არა ფინანსური. რაც შეეხება მიწის მფლობელისათვის გადახდილ თანხას, იგი არის წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა, რომელიც ჩამოიწერება თანდათან იჯარის მთელი ვადის განმავლობაში.

შენობა-ნაგებობების იჯარის დროს უმეტეს შემთხვევაში მათი სასარგებლო გამოყენების ვადა აღემატება იჯარის ვადას; შენობა-ნაგებობების იჯარის გრძელვადიანი ხელშეკრულება ხშირად ითვალისწინებს საიჯარო ქირის რეგულარულ აფასებას საბაზრო განაკვეთების შესაბამისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში მეიჯარე იტოვებს რისკისა და ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ ასეთი ტიპის იჯარაც ჩვეულებრივია (ბასს 17, პ.10)

ბასს 17-ის მიხედვით, ფინანსური იჯარის აღრიცხვა მოიჯარესა და მეიჯარესთან შემდეგნაირად ხორციელდება:
I. ფინანსური იჯარის აღრიცხვა მოიჯარესთან
საიჯარო ურთიერთობის დასაწყისში მოიჯარის მიერ უნდა მოხდეს იჯარის აქტივად და ვალდებულებად აღიარება. აქტივად აღიარების საფუძველია ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოიჯარეს მოპოვებული აქვს საიჯარო ვადის განმავლობაში აქტივის გამოყენების უფლება. მოიჯარის სამართლებრივ ვალდებულებას კი წარმოადგენს მის მიერ იჯარით აღებული ქონების გამოყენებისათვის გადასახდელი საიჯარო ქირა. აქტივისა და ვალდებულების შეფასება ხდება ხელშეკრულების მოქმედებაში შესვლის თარიღისათვის საიჯარო ქონების რეალური ღირებულებით; Yთუ აქტივი ფასდება რეალურ ღირებულებაზე დაბალი თანხით, მაშინ ამ აქტივისა და შესაბამისი ვალდებულების საბალანსო თანხა განისაზღვრება მინიმალური საიჯარო გადასახდელების მიმდინარე ღირებულებით. მინიმალური საიჯარო გადასახდელი არის ის თანხა, რომლის გადახდაც მოეთხოვება მოიჯარეს.

მინიმალური საიჯარო გადსახდელის მიმდინარე (დისკონტირებული) ღირებულების დასადგენად გამოიყენება საიჯარო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი. თუ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის საპროცენტო განაკვეთი, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნას სასესხო კაპიტალის მატების პროცენტული განაკვეთი (ზღვრული საპროცენტო განაკვეთი) ზსგ ის საპროცენტო განაკვეთია, რომლის გადახდაც მოუწევდა მოიჯარეს ანალოგიური იჯარის შემთხვევაში. თუ მისი განსაზღვრა შეუძლებელია, მაშინ ზსგ ნიშნავს იმ საპროცენტო განაკვეთს, რომლის მიხედვითაც მოიჯარეს იჯარის დასაწყისისათვის მოუწევდა აქტივის შესაძენად სესხის აღება და დაფარვა იჯარის შესაბამისი გადახდის პირობებში.

იჯარის დასწყისში მოიჯარის მიერ აღიარებული აქტივი და ვალდებულება ფინანსურ იჯარაზე ფასდება ერთიდაიმავე თანხით, მაგრამ შემდეგ ისინი შეიძლება განსხვავებული იყოს; ეს განპირობებულია იმით, რომ აქტივის ღირებულება დამოკიდებულია საწარმოს მიერ გამოყენებულ ცვეთის გაანგარიშების მეთოდზე, ხოლო ვალდებულება კი – ფინანსური იჯარის ვადაში საიჯარო გადასახდელის განაწილების მეთოდზე.

საიჯარო გადასახდელი, რომელსაც მოიჯარე იხდის, ორი ნაწილისაგან შედგება. 1. საიჯარო ვალდებულება 2. ფინანსური ხარჯი ანუ პროცენტი. საიჯარო ვალდებულება იჯარის დასაწყისში იანგარიშება წლიური საიჯარო გადსახადის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით იჯარის პერიოდის გათვალისწინებით დისკონტირების გზით. ფაქტობრივად, ეს არის საიჯარო გადასახადის (ანუიტეტის გადსახადის) მიმდინარე ღირებულება.
FORMULA
სადაც, PVA ჩვეულებრივი ანუიტეტის მიმდინარე ღირებულებაა;
ჯ – წლიური საპროცენტო განაკვეთია;
ნ – იჯარის ვადა წლებში.
იჯარის პირველი წლის ბოლოს ჯერ უნდა მოხდეს მთლიანი საიჯარო ვალდებულების მიხედვით ფინანსური ხარჯის (პროცენტის თანხის) გამოთვლა; ამისათვის საიჯარო ვალდებულების ნაშთი მრავლდება წლიურ საპროცენტო განაკვეთზე და მიიღება ფინანსური ხარჯი პირველი წლისათვის; შემდეგ წლიურ საიჯარო გადასახდელს აკლდება უკვე დადგენილი საპროცენტო ხარჯი და მიიღება პირველი წლის საიჯარო ვალდებულების თანხა, რომლითაც მცირდება საიჯარო ვალდებულების საწყისი ნაშთი. ამდენად, პირველი წლის ბოლოს საიჯარო ვალდებულება იქნება შემცირებული იმ თანხით, რამაც მოუწია წლიური საიჯარო გადასახდელიდან საიჯარო ვალდებულების შემცირებას. ასე უნდა გაგრძელდეს იჯარის მომდევნო წლებზე, ისე, რომ საპროცენტო ხარჯი ყოველ მომდევნო წელს თანმიმდევრულად შემცირდება, ხოლო სამაგიეროდ ყოველ წელს გაიზრდება საიჯარო ვალდებულების ხვედრითი წონა მთლიან წლიურ საიჯარო გადასახდელში და თანდათან შემცირდება საიჯარო ვალდებულების ნაშთი. იჯარის ბოლო წელს იჯარის მთელი პერიოდისათვის საპროცენტო ხარჯისა და საიჯარო ვალდებულების დაფარულმა თანხამ უნდა შეადგინოს მთლიანი საიჯარო გადასახდელის თანხა, რომელიც გაანგარიშებული იქნება წლიური საიჯარო გადასახდელის, იჯარის წელთა რაოდენობაზე გადამრავლების გზით.
მაგალითი
დავუშვათ, 2004 წლის 1 იანვარს ფინანსური იჯარით აღებული გვაქვს მოწყობილობა 5 წლის ვადით. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველწლიურად 1500 ლარის გადახდა. საპროცენტო განაკვეთი წლიურად 24 პროცენტია. მინიმალური საიჯარო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულება, რომელიც აქტივის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებია, შეადგენს 4�118 ლარს. აქტივს ცვეთა ერიცხება წრფივი მეთოდით. მოცემულ შემთხვევაში პირველი წლის საიჯარო გადასახდელში აქტივის ღიებულება შეადგენს 512 ლარს. აქტივის ცვეთა კი 824 ლარია. პირველი წლის ბოლოს საიჯარო ვალდებულება იქნება 3606 (4118-512) ლარი, აქტივის ღირებულება კი – 3294 (4118-824) ლარი. თუ საწარმო ცვეთის აღრიცხვას განახორციელებდა სხვა მეთოდით, ცხადია, მაშინ აქტივის ღირებულება სხვა თანხა იქნებოდა.
მოიჯარე იჯარის დაწყებისას ადგენს საიჯარო ვალდებულების განაწილების გრაფიკს. ჩვენს შემთხვევაში საიჯარო გადასახდელის განაწილების გრაფიკი ნაჩვენებია ცხრ.1-ზე.
ფინანსური ხარჯის გამოსათვლელად საიჯარო ვალდებულების ნაშთის მიმართ პერიოდულ საპროცენტო განაკვეთად მუდმივად გამოყენებულია 24%. პრაქტიკაში ზიგჯერ გამოიყენება ფინანსური ხარჯების მიახლოებითი განაწილება. იგი გამოთვლის გაადვილების მიზნით კეთდება და მიახლოების ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება ნებადართულია სტანდარტით (ბასს 17, პ. 18).
შესაფერისად მიიჩნევა “რიცხვთა ჯამის
მეთოდი. წარმოდგენილი მაგალითისათვის (ცხრ.1)
რიცხვთა ჯამი 15 (1+2+3+4+ 5) შეადგენს, ამიტომ საიჯარო გადასახდელის განაწილების გრაფიკი შემდეგია (ცხრ.2):
შემდეგ პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ აქტივი და აისახოს ბალანსში. ბასის მიხედვით, აქტივი, რეალურ და დისკონტირებულ ღირებულებას ვადარებთ და ვიღებთ უმცირესს, ვადის პერიოდის შემთხვევაშიც ვიღებთ მინიმალურს საიჯარო და სასარგებლო მომსახურების ვადებს შორის.
მოვახდინოთ 1500ლ-ის დისკონტირება. ე.ი. ავიღოთ 5 წლის ანუიტეტი (1500X2,74538) = 4118 ლ(რადგან თანხა ერთნაირია ხუთივე წელს) ფინანსური ხარჯი = 7500-4118=3382; პირველ წელს კი 988 (4118X0,24); საიჯარო ვალდებულების შემცირება იჯარის პირველ წელს ტოლია 512 (1500-988); ხოლო საიჯარო ვალდებულების ნაშთი 3606 (4118-512). იჯარის დაწყებისას აქტივისა და ვალდებულების აღიარება მოხდება ბუღალტრული გატარებით
(დებეტი) 2150 მანქანა-დანადგარები – 4118
(კრედიტი) 4130 ვალდებულებები ფინანსურ იჯარაზე – 3606
(კრედიტი) 3230 გრძელვად. სესხების მიმდინარე ნაწილი – 512
მოიჯარემ დაფარა პირველი წლის ვალდებულება
(დებეტი) 3230 – 512
(დებეტი) 8210 საპროცენტო ხარჯები – 988
(კრედიტი) 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში – 1500
დარიცხულია პირველი წლის ცვეთა იჯარით აღებულ აქტივზე
(დებეტი) 7170 ცვეთა და ამორტიზაცია – 824 (4118X0.2)
(კრედიტი) 2250 მანქ. დანადგ. ცვეთა – 824
მეორე წლის საიჯარო ვალდებულება გადატანილია მოკლევადიან ვალდებულებათა ჯგუფში
(დებეტი) 4130 ვალდებულებები ფინანსურ იჯარაზე – 635
(კრედიტი) 3230 გრძელვად. სესხების მიმდინარე ნაწილი – 635
მეორე წლის დამთავრებამდე მოიჯარემ ვერ დაფარა ვალდებულებები ფინანსურ იჯარაზე
(დებეტი) 8210 საპროცენტო ხარჯები – 865
(კრედიტი) 3410 გადასახდელი პროცენტები – 865
საიჯარო ვადის დამთავრებისას მოიჯარემ აქტივი დაუბრუნა მოიჯარეს
(დებეტი) 2250 მანქ. დანადგ. ცვეთა – 4118
(კრედიტი) 2150 მანქანა-დანადგარები – 4118
II. ფინანსური იჯარის აღრიცხვა მეიჯარესთან
მეიჯარემ ფინანსურ იჯარაში მყოფი აქტივები თავის ბალანსში უნდა აღიაროს, როგორც დებიტორული დავალიანება. დებიტორული დავალიანების აღიარება ხდება წმინდა საიჯარო ინვესტიციის ტოლი თანხით (ბასს 17, პ. 28)
წმინდა (ნეტო) საიჯარო ინვესტიცია არის მთლიან (ბრუტო) საიჯარო ინვესტიციას გამოკლებული მისაღები ფინანსური შემოსავალი.
მთლიანი (ბრუტო) საიჯარო ინვესტიცია არის მეიჯარის თვალსაზრისით ფინანსური იჯარის შესაბამისად მინიმალური საიჯარო გადასახდელების და მეიჯარისათვის მიკუთვნებული ნებისმიერი არაგარანტირებული სალიკვიდაციო ღირებულების ჯამი.

წმინდა (ნეტო) საიჯარო ინვესტიცია მეიჯარემ იჯარის მთელ პერიოდში ყოველწლიურად უნდა გაანაწილოს ორად, მისი პირველი ელემენტია ფინანსური შემოსავალი (პროცენტი), მეორე ნაწილი კი წმინდა საიჯარო ინვესტიციის ის ნაწილი, რომელიც მოცემულ წელს ეკუთვნის. გაანგარიშებათა თანმიმდევრობა შემდეგია: იჯარის პირველი წლის ბოლოს საჭიროა, წმინდა საიჯარო ინვესტიციის ნაშთი გამრავლდეს იჯარაში ნაგულისხმევ წლიურ საპროცენტო განაკვეთზე და მიიღება ამ წლის ფინანსური შემოსავალი. ამის შემდეგ მისაღებ წლიურ საიჯარო გადასახდელს აკლდება გამოთვლილი საპროცენტო შემოსავალი და მიიღება წმინდა საიჯარო ინვესტიციის ის თანხა, რომელიც მეიჯარემ პირველ წელს ამოიღო. რაც შეეხება წმინდა საიჯარო ინვესტიციის ნაშთს პირველი წლის ბოლოს, მის დასადგენად საჭიროა, თავდაპირველ თანხას გამოაკლდეს წმინდა საიჯარო ინვესტიციის მიღებული თანხა. ასეთი გაანგარიშებები კეთდება ყოველ წელს და იჯარის ბოლო წელს წმინდა საიჯარო ინვესტიციის სახით ნაშთად უნდა დარჩეს აქტივის არაგარანტირებული სალიკვიდაციო (ნარჩენი) ღირებულება. იჯარის მთელი პერიოდისთვის მთლიანი საიჯარო ინვესტიცია ნაწილდება ფინანსურ შემოსავლად, მიღებულ წმინდა საიჯარო ინვესტიციად და აქტივის არაგარანტირებულ სალიკვიდაციო ღირებულებად.
მაგალითი
დავუშვათ, ფინანსური იჯარით 5-წლიანი ვადით გაცემულია აქტივი. საიჯარო ხელშეკრულებით ყოველწლიური მისაღები საიჯარო გადასახდელი გათვალისწინებულია 2000 ლარი. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ მეიჯარე უბრუნებს აქტივს და მისი ნარჩენი ღირებულება იქნება 500 ლარი. იჯარაში ნაგულისხმევია 18% წლიური საპროცენტო განაკვეთი. მაგალითის მიხედვით, საიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხაა 10000 ლარი (2000X5). საიჯარო გადასახდელის დისკონტირებული ღირებულება (ანუიტეტის ახლანდელი) 6256 ლარი (პირველი ფორმულის მიხედვით); ნარჩენი ღირებულების დისკონტირებული ღირებულება არის 218 ლარი; წმინდა საიჯარო ინვესტიციის ნაშთი შეადგენს 6474 ლარს (6256+218). გაანგარიშებები ფინანსურ შემოსავალსა და ინვესტიციის ანაზღაურებაზე კეთდება შემდეგი გრაფიკის საფუძველზე (იხ. ცხ.4).
გრაფიკის მიხედვით, მთლიანი საიჯარო ინვესტიციის თანხა შეადგენს 10500 ლარს (10000+ 500).
მისაღები შემოსავალი 4026 ლარია; ეს თანხა წლების მიხედვით საპროცენტო შემოსავლების შეჯამებით მიიღება. იგი ასევე შეიძლება განვსაზღვროთ მთლიანი საიჯარო ინვესტიციისა და წმინდა საიჯარო ინვესტიციის სხვაობით (10500-6474).
წმინდა საიჯარო ინვესტიცია ტოლია მთლიანი საიჯარო ინვესტიციასა და საპროცენტო შემოსავალს შორის სხვაობისა (10500-4026) ანუ 6474 ლარი. ეს უკანასკნელი იქნება იჯარის დასაწყისში აღიარებული, როგორც ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომელიც შემდეგნაირად ჩაიწერება:
(დებეტი) ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული მოთხოვნა – 6474
(კრედიტი) ძირითადი საშუალებები – 6474
იმავდროულად უნდა მოხდეს მიმდინარე წლის კუთვნილი მოთხოვნის გადმოტანა გრძელვადიანი მოთხოვნის ანგარიშიდან:
(დებეტი) გრძელვადიანი მოთხოვნების მიმდინარე ნაწილი – 835
(კრედიტი) ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული მოთხოვნები – 835
პირველი წლის კუთვნილი საიჯარო გადასახდელის მიღება:
(დებეტი) ფულადი საშუალებები – 2000
(კრედიტი) გრძელვადიანი მოთხოვნის მიმდინარე ნაწილი – 835
(კრედიტი) საპროცენტო შემოსავალი – 1165
იჯარის მთელ პერიოდში ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს ოპერაციები აღნიშნული თანმიმდევრობით.
3. ჩვეულებრივი იჯარის აღრიცხვა
ჩვეულებრივ იჯარასთან გვაქვს საქმე, თუ მეიჯარე აქტივთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან რისკს მოიჯარეს არ გადასცემს. იჯარით გადაცემული აქტივი აღირიცხება მეიჯარესთან. იგი იღებს საიჯარო ქირას, ახდენს ცვეთის დარიცხვას. საიჯარო გადასახდელი მეიჯარის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში აისახება შემოსავლის სახით, ხოლო მოიჯარესთან ხარჯების სახით. როგორც ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციები, ასევე ჩვეულებრივი იჯარის ოპერაციები აისახება როგორც მოიჯარის, ისე მეიჯარის აღრიცხვაში.
მოიჯარის მიერ საიჯარო ვალდებულების დარიცხვა ხდება შემდეგი ბუღალტრული ჩანაწერით:
(დებეტი) საიჯარო ქირა
(კრედიტი) სხვა დარიცხული ვალდებულებანი
ხშირია შემთხვევები, როცა საიჯარო და საანგარიშგებო პერიოდები არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ საიჯარო ქირა ხარჯად აღიარდება თვეების მიხედვით განაწილებული სახით.
მაგალითი 1 აგვისტოს გაფორმდა ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულება ერთი წლით, წლიური თანხა 2000 ლარს შეადგენს. მაშინ 31 დეკემბრის ხარჯად აღიარდება 833 ლარი (2000X5:12); მომდევნო წლის 1 აგვისტოს მოიჯარე გადაიხდის 2000 ლარს, მაგრამ აქედან 833 ლარი ჩაიწერება სხვა დარიცხული ვალდებულებების ანგარიშის დებეტში, 1167 ლარი (200-833) აისახება როგორც საიჯარო ქირა, ამავე ანგარიშის დებეტში და დაკრედიტდება ფულადი საშუალებების ანგარიშში 2000 ლარის ოდენობით.
(დებეტი) სხვა დარიცხული ვალდებულება – 833
(დებეტი) საიჯარო ქირა – 1167
(კრედიტი) ფულადი საშუალებები – 2000
ჩვეულებრივი იჯარის დროს საიჯარო აქტივთან დაკავშირებული რისკები და შესაბამისი ეკონომიკური სარგებელი არ გადაეცემა მოიჯარეს და რჩება მეიჯარის განკარგულებაში, ამიტომ მეიჯარე ასეთ აქტივს განიხილავს როგორც ცვეთად აქტივს
(დებეტი) სხვა საოპერაციო ხარჯები
(კრედიტი) ძირითად საშუალებათა ცვეთა
იჯარით გაცემული აქტივისათვის დარიცხული ცვეთის ხარჯად აღიარება
(დებეტი) ცვეთა და ამორტიზაცია
(კრედიტი) შენობების ცვეთა
მეიჯარის მიერ გამომუშავებული საიჯარო შემოსავლების აღიარება ბალანსის შედგენის მომენტისათვის ხდება შემდეგი ბუღალტრული ჩანაწერით:
(დებეტი) სხვა დარიცხული მოთხოვნები
(კრედიტი) სხვა საოპერაციო შემოსავალი
ფულის მიღებისას:
(დებეტი) ფულადი საშუალებები
(კრედიტი) სხვა დარიცხული მოთხოვნები ან
(კრედიტი) სხვა საოპერაციო შემოსავალი
ბასს 17 იხილავს აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვით შემთხვევებსაც. უკუიჯარით აქტივის გაყიდვა ნიშნავს გამყიდველის მიერ იმავე აქტივის უკან დაბრუნებას იჯარის წესით. აქტივის გაყიდვისა და მისი იჯარით უკან დაბრუნების ოპერაციების აღრიცხვის წესი დამოკიდებულია იჯარის ტიპზე.
თუ აქტივის უკუიჯარით გაყიდვა ხდება ფინანსური იჯარის სახით, იგი განხილულ უნდა იქნეს როგორც მეიჯარის მიერ მოიჯარის დაფინანსების ოპერაცია, სადაც სესხის დაბრუნების გარანტია არის აქტივი. ამ დროს აქტივის სარეალიზაციო ღირებულებასა და საბალანსო ღირებულებას შორის დადებითი სხვაობა არ უნდა იქნეს აღიარებული როგორც შემოსავალი. თუკი მოხდება ამ სხვაობის აღიარება, იგი უნდა გატარდეს გადავადებული შემოსავლის სახით და უნდა ჩამოიწეროს იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში.
თუ აქტივის უკუიჯარით გაყიდვა ჩვეულებრივი იჯარაა, მაშინ მოგება-ზარალის ნებისმიერი თანხა აღიარებული უნდა იქნას მაშინვე.
აქტივის გაყიდვა, მისი საბალანსო ღირებულების ჩამოწერას ნიშნავს, რაც ფულის შემოსვლასთანაა დაკავშირებული. ამდენად, იჯარის ტიპზე დამოკიდებულებით უნდა მოხდეს მოგება-ზარალის ან გადავადებული ზარალის აღიარება.

1
2
3
4