მსოფლიო კუპიურების გარეშე
ალექსანდრა ლალიაშვილი
მსოფლიოში ქაღალდის კუპიურები ნელ-ნელა კარგავენ პოპულარობას. გასულ წელს მსოფლიოს რამდენიმე მსხვილმა სუპერმარკეტების ქსელმა გამოაცხადა, რომ 2014 წლიდან უკვე აღარ მიიღებენ ნაღდ ანგარიშწორებას და მთლიანად ელექტრონული გადახდების სისტემაზე გადავლენ. 2001-2007 წლებში მთლიან გადახდებში ელექტრონული სისტემით გადახდილი თანხების მოცულობა ყოველდღიურად 7,2%-მდე გაიზარდა. ეკონომიკურმა კრიზისმა ეს ზრდა მცირედით დაამუხრუჭა, მაგრამ 2010 წელს ისევ დაიწყო აღმავლობა და ამ მაჩვენებელმა მსოფლიოში 7.8% შეადგინა. პლასტიკური ბარათები სულ უფრო მეტად გამოიყენება მაღაზიებში, ასევე იზრდება ინტერნეტით შესყიდვების მოცულობაც.
ყველა ქვეყნის მთავრობა ცდილობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტად შემცირდეს ნაღდი კუპიურები და გაზიარდოს ელექტრონული ანგარიშსწორების მოცულობა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ფულის ქეშად ფლობა გაცილებით ძვირია, ვიდრე ელექტრონულად ფლობა – მილიარდები იხარჯება კუპიურების დაბეჭდვაზე, ტრანსპორტირებასა და შენახვა-უსაფრთხოებაზე. ნაღდი ფულის მასის შემცირებას წმინდა ეკონომიური მნიშვნელობის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელობაც აქვს – უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტია, კორუფციის, ნარკოტიკით, ხალხითა და იარაღით ვაჭრობის შემცირების მეტი შანსი.
2002 წლისათვის, როდესაც ბებერ კონტინენტზე ერთიანი ვალუტა შემოიღეს, ევროკავშირის მშპ-ის მოცულობაში ნაღდი ფულის მასა 25%-ით მეტი იყო, ვიდრე აშშ-ის იგივე მაჩვენებელი, დღეს კი უკვე 2,5-ჯერ მეტია აშშ-სთან შედარებით. მთლიანად ევროკავშირისათვის კუპიურების ფლობის ღირებულება 84 მილიარდი ევროა, ევროზონის ქვეყნებისათვის კი 40-45 მილიარდი. ეს მშპ-ის 0.4%-ია. თუ ევროკავშირი მოახერხებს და ნაღდი ფულის ფლობის მაჩვენებლით ამერიკულ სტანდარტებს გაუტოლდება, ის ყოველწლიურად 18-21 მილიარდ ევროს დაზოგავს. სხვა ქვეყნებში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია. მაგალითად, რუსეთში ნაღდი ფულის კუპიურები მშპ-ის 1.1%-ს შეადგენს.
ყველაზე კარგი მდგომარეობა, ამ მხრივ, აშშ-ს აქვს. აშშ-ზე მოდის მსოფლიოში განხორციელე-ბული უნაღდო ანგარიშსწორების 40%. მეორე ადგილზეა ევროზონა 21%-ით. უნაღდო ანგარიშსწორების აბსოლუტური უმრავლესობა პლასტიკურ ბარათებზე მოდის. ქვეყნების უმეტესობაში პლასტიკური ბარათებით გადახდების წილი საშუალოდ 40%-ია, ბევრ ქვეყანაში კი უფრო მაღალიც, მაგალითად, კანადაში ეს მაჩვენებელი 60%-ია.
ფულის ქეშად ფლობის ხარისხი ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად, რაც უფრო მაღალია ინფლაცია, ადამიანს ხელში მით მეტი ბანკნოტი სჭირდება, რაც დაბალია, პირიქით, ისინი უფრო მეტად ანდობენ ფულს ბანკს. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, ის თუ როგორ არის ინფრასტრუქტურა განვითარებული და რამდენად სწრაფად და დაბრკოლებების გარეშე შეუძლიათ ადამიანებს საჭირო დროს საჭირო ადგილზე გადაიხადონ ფული უნაღდო ანგარისწორებით, განაპირობებს იმას თუ რა ფორმით ურჩევნია მომხმარებელს ფულის შენახვა.
არის სპეციალური ღონისძიებები, რომელსაც ქვეყნების მთავრობები მიმართავენ იმისათვის, რომ შეამცირონ ნაღდი ფულის მასა მთლიან მოცულობაში. მაგალითად, სამხრეთ კორეის მთავრობა სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს. ამ ქვეყანაში არის ვალდებულება, რომ 18000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ოპერაციების საზღვარგარეთთან ანგარისწორება უნაღდო ანგარიშწორებით მოხდეს. მსგავსი ღონისძიებების შედეგად, სამხრეთ კორეაში მთლიან ფულის მასაში ნაღდი ფულის წილი 2%-მდე შემცირდა. მაშინ როცა რუსეთში ეს მაჩვენებელი 25.3%-ია. როგორც რუსი ექსპერტები აღნიშნა-ვენ, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსებზე მაღალი მაჩვენებელი, რუსი მიმომხილველების შეფასებით, არის იმ ქვეყნებში, რომელთაც გამოსცადეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, ამ ქვეყნებს შორის რუსი ექსპერტები, მოლდოვას, ალბანეთთან, ერაყთან და უკრაინასთან ერთად საქართველოსაც მოიაზრებენ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნარმანია: “გარკვეული ნაბიჯები იდგმება საქართველოშიც, რომელიც ნაღდი ფულის მასის შემცირებასა და მის საბანკო სისტემაში მოქცევას უწყობს ხელს. მაგალითად, როდესაც რამდენიმე წლის წინ გამოცხადდა ფინანსური ამნისტია, ამან ხელი შეუწყო მიმოქცევაში არსებული კუპიურების გადასვლას ელექტრონულ სისტემაში, ხალხმა ბანკებში შეიტანა ფული. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა საზღვარზე ნაღდი ფულის მასის გადატანა, რაც ასევე უწყოვბს ხელს “ელექტრონული ფულის” მოცულობის ზრდას. იგივე, მთავრობის რამდენიმე გადაწყვეტილება ხელს უწყობს ამ პროცესებს. მაგალითად ის, რომ გადასახადების გადახდა დღეს საქართველოში მთლიანად ელექტრონული სისტემით ხდება. მაგრამ ეს არის ცალკეული ნაბიჯები. მე ვერ ვიხსენებ, რომ ეროვნულ ბანკს რაიმე სპეციალური სტრატეგია ჰქონდეს შემუშავებული, რომელიც მიმართული იქნება, ნაღდი ფულის მასის შემცირებისკენ”.
მსოფლიოს “პლასტიკური” მომავალი
მსოფლიოში უნაღდო ანგარიშწოების ყველაზე გავრცელებული სისტემებია MasterCard PayPass da Visa PayWave. 2002 წლიდანMasterCard-მა ბარათის მფლობელებს PayPass-ით გადახდა შესთავაზა. კომპანიამ ეს სისტემა ამერიკაში და, მოგვიანებით, 2006 წელს ევროპაში დანერგა. თავ-დაპირველად, MMasterCard-ის PayPass ბარათებს მხოლოდ ბარათის ფორმა ჰქონდა, შემდეგ კი კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა საათების, სტიკერებისა და სხვა ფორმების გადახდის საშუალებები. როგორც MasterCard-ის ხელმძღვანელი, აჟეი ბანგი აცხადებს, ყველა ეს მოწყობილობა იმისთვის გამოიყენება, რომ მომხმარებელმა გადასახადების გადახდა სწრაფად და მოხერხებულად შეძლოს. 2017 წლისათვის მარტო ისეთი ბრენდებით გადახდილი თანხები, როგორიც არის Visa da MasterCard აშშ-ში 442 მიალიდ დოლარს შეადგენს.
ელექტრონული სისტემებით და მობილურით გადახდების რაოდენობამ 2010 წელს მსოფლიოში 22,5 მილიარდი ერთეული შეადგინა, საერთო მოცულობით – 886 მილიარდი ევრო. მობილური და ინტერნეტ გადახდები ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორებია. ელექტრონული გადახდები, ექსპერტთა ვარაუდით, 2010 წლის 17,9 მილიარდი ერთეულიდან, 2013 წელს 30,3 მილიარდამდე გაიზრდება. მობილური გადახდები კი 4,6 მილიარდიდან 15,3 მილიარდამდე. ფულადი გამოხატულებით ეს არის ელექტრონული გადახდებისათვის 1,4 ტრილიონი ევრო და მობილური გადახდებისათვის 223 მილიარდი ევრო. ჯერჯერობით კი საერთო გადახდების 80% კვალავ ნაღდ ანგარიშწორებაზე მოდის.
საქართველოში პოპულარი კვლავაც ბანკნოტებია
გასულ წელს PayPass-ით გადახდის სისტემა MasterCard-მა საქართველოშიც შემოიტანა. ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია MasterCard-ი მსოფლიოში 210 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია 23 მილიარდ ტრანზაქციას ანხორციელებს წელიწადში, რაც საათში 160 მილიონი ტრანზაქციაა. საქართველოში კომპანია “საქართველოს ბანკთან,” “თიბისი ბანკთან,” “ლიბერთი ბანკთან,” “ქართუ ბანკთან” “პროკრედიტ ბანკთან” და “ტაოპრივატბანკთან” თა-ნამშრომლობს. “გლობალური საგადამხდელო სისტემა MasterCard-ი ქართულ ბანკებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა ადგილობრივ ბაზარზე MasterCard-ით მობილურებიდან სწრაფი გადახდის სისტემა შემოიტანოს. ჩვენი მიზანი ქვეყანაში საკრედიტო, სადებეტო და წინასწარ გადახდის ბარათების მოხმარების გაზრდაა, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართულ ბანკებთან. რაც შეეხება ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოში ამჟამად ოფისი არ გვაქვს, მაგრამ თუ საჭირო იქნება შესაძლოა, მომავალში ვიფიქროთ ამ საკითხზე”, – ამბობს MasterCard-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ბიზნესის განვითარების დირექტორი ქემალ იუანმა.
2011 წლის ბოლოს, მიმოქცევაში არსებული საბანკო სადებეტო პლასტიკური ბარათების რაოდენობა 3 385 679 ერთეულს შეადგენდა (ცხრილი #1). შედარებისათვის, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 2690220, 2009 წელს – 3 067 594, ხოლო 2010 წელს 2 592 587 იყო. ბანკების მიერ ლიმიტირებული ბარათებიდან უპირობო ლიდერად VISA უნდა მივიჩნიოთ, რომელიც მიმოქცევაში არსებული სადებეტო პლასტიკური ბარათების დაახლოებით 90%-ს შეადგენს. სხვა პლასტიკური ბარათებიდან უნდა გამოიყოს “მასტერქარდის” და “ამერიქან ექსპრესის” ბარათები. რაც შეეხება საკრედიტო ბარათების რაოდენობას, გასული წლის ბოლოსათვის მათმა რაოდენობამ 588 132 ერთეული შეადგინა (ცხრილი #2), 2008 წელს იყო 356 068, 2009 წელს – 241 926 და 2010 წელს – 471 508.
2010 წელთან შედარებით ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 2011 წელს 172 ათასიდან 498 ათასამდე გაიზარდა. ინტერნეტ ტრანზაქციების საერთო ბრუნვა დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი, ხოლო ოპერაციების მოცულობა გაზრდილია 5 219 მლნ ლარიდან, 23 811 მლნ ლარამდე (ცხრილი #3).
პლასტიკური ბარათების ზრდის ტენდენცია მომავალშიც თვალსაჩინო იქნება, რასაც უპირველესად ხელს უწყობს თავად ბანკების მხრიდან კლიენტურისათვის მიმზიდველი საშეღავათო პირობების შეთავაზება. დღეს ბანკების მიერ ემიტირებული პლასტიკური ბარათებით კლიენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ ფასდაკლებებით ამავე ბარათით გადახდის შემთხვევაში. ბანკების პარტნიორ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. “ქეშ-ბექ” ბარათების შეთავაზებაც, რომლის დროსაც მომხმარებელს უკან უბრუნდება თანხის 5-15%.
თბილისში არსებული მაღაზიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ ბარათით გადახდების რაოდენობა თანდათან იზრდება. Adress-ის მაღაზიების (ჩელიო, Eტამ, Pრომოდ და სხვა) წარმომადგენელთა თქმით, ბარათით გადახდების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. Uნიტედ ჩოლოურს ოფ Benetton-ის მენეჯერის თქმით, ბარათით გადახდები თითქმის გაუტოლდა ნაღდი ფულით გადახდების რაოდენობას. საქართველოში საკრედიტო ბარათის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მფლობელს ბანკიდან კრედიტის გამოტანა უფრო ადვილად შეუძლია. ამასთან, ზოგიერთი ადგილობრივი ბანკი მფლობელს საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში ბონუსებს სთავაზობს.
მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ბარათებს კომპანიებიც სთავაზობენ. მაგალითად, “სოკარის” “ენერჯი ქარდი”. “ენერჯი ქარდი” არის დაგროვებითი ბარათი, რომელიც გაიცემა უფასოდ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე. “ენერჯი ქარდზე” ქულების დარიცხვა ხდება “სოკარის” სადგურებზე ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილ საწვავზე. ყოველ შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე მომხმარებელს ერიცხება 1 ქულა. დაგროვილი ქულებით კი შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა. “ენერჯი ქარდის” მისაღებად საჭიროა მხოლოდ მომხმარებლის პირადობის მოწმობა გაზის და ელექტროენერგიის ქვითრები ან აბონენტის ნომერი, რომლის გადახდაც სურს შემდგომში. ენერჯი ქარდზე დაგროვილი ქულებით შესაძლებელია მხოლოდ ბარათზე მიბმული აბონენტების გადასახადის (გაზი და ელექტროენერგია) გადახდა “სოკარის” მომსახურების სერვის ცენტრებში.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტისა და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიები სულ უფრო ვითა-რდება და იხვეწება, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა მაინც არარეალურია. ეს პროცესი დაკავშირებულია ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე და სესხების გაცემის თავისებურებაზე, რომელიც მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შესავსებად ხშირად საკმარისი არ არის. ბანკების ნაწილი გარკვეული კატეგორიის სესხებს, პირველ რიგში, სამომხმარებლო სესხებს და ოვერდრაფტებს გასცემენ ელექტრონული განაცხადის შევსების გზით, მაგრამ ამ სახის დაკრედიტება, როგორც წესი, ბანკების სახელფასო მომსახურების პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.
რაც შეეხება ელექტრონულ მაღაზიებს, ეს არის ლიცენზირებული ვებ. გვერდები შესაბამისი დაცვით და გარანტიებით, რაც მნიშვნელოვან დანახარჯებთანაც არის დაკავშირებული. ამის შედეგია, რომ ელექტრონულ მაღაზიათა ქსელი ევროპაშიც კი, ძირითადად, მხოლოდ ცნობილ ბრენდებს აქვთ შექმნილი. ამიტომაც, ექსპერტთა შეფასებით, სამომავლოდ ელექტრონული გაყიდვების გაზრდა “გუდვილის” ტიპის სავაჭრო და მომსახურების ქსელების გაფართოებასთან პირდაპირ კავშირში იქნება.
ჯერჯერობით კი, საქართველოს მოსახლეობა ნაღდ ფულს კიდევ უფრო აქტიურად იყენებს. საქართველოში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება ჯერ კიდევ პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ტრანზაქციების რაოდენობა 2007 წლიდან ხუთჯერ გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2011 წლის ივლისში მიმოქცევაში 1 536 99 ლარი იყო. 2007 წლის ივლისში კი – 1039 84 ლარი. საშუალო შესაძლებლობის თბილისელის საფულეში ყოველდღიურად დაახლოებით 20 ლარი დევს. მათი უმრავლესობა არასოდეს ამბობს უარს ხურდა ფულის ტარებაზე. რამდენიმე წელია, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი. რამდენიმე ერთი თვის წინ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდაც სპეციალური ბარათებით გახდა შესაძლებელი. გამოკითხულთა 60%-ის თქმით, ეს შეამცირებს ხურდა ფულის მოხმარების რაოდენობას, რადგან ხურდა ფულის ტარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრანსპორტია.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, არის ორი დიდი პრობლემა, რომელიც პლასტიკური ბარათებისა და უნაღდო ანგარიშწორების თემას უკავშირდება: ბარათების მომსახურებაზე ძალიან ძვირია საკომისიო გადასახადები. პრობლემაა ისიც, რომ ქართული ბანკები ერთმანეთის ბარათებს ბლოკავენ. მაგალითად “თიბისი ბანკი” და “საქართველოს ბანკი” ერთმანეთის ბარათებზე მომხმარებელს, მომსახურების 2,5%-ს ახდევინებენ. გარდა ამისა, ექსპერტთა შეფასებით, დღეს საქართველოში ბანკები ეშმაკურად აკაბალებენ მოსახლეობას, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ როგორ გამოიყენონ პლასტიკური ბარათები, კრედიტებში და ვალებში გადადიან და დიდ პრობლემებს აწყდებიან. ბანკები მოგებას ნახულობენ, მოსახლეობა კი დღითიდღე სულ უფრო დიდ სირთულეებს აწყდება ამ ბარა-თებთან დაკავშირებით. შესაბამისად, უკმაყოფილება ბარათებსა და ბანკების მომსახურებასთან დაკავშირებით დღითიდღე იზრდება. გარდა ამისა, ბანკებს კაბალური აქვთ გაცვლითი კურსები – ბიდის და ოფერის სხვაობა ძალიან დიდია და 10 ლარამდე ადის 100 ევროზე. ამის შესახებ კი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ზალიან დაბალია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყოველ 100 ევროზე 10 ლარის ზედმეტის გადახდა უწევს.