ვინ უპატრონებს ქართულ მეღვინეობას
სოფო სიჭინავა
დღეს მსოფლიოში გაყიდული ქართული დასახელების ღვინოების 6 ბოთლიდან საქართველოში წარმოებული მხოლოდ ერთია, ხოლო დანარჩენი 5 ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ანუ პრობლემა მდგომარეობს არა ქვეყნის შიგნით ფალსიფიკაციასთან ეფექტურ ბრძოლაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სანამ ამ სექტორში ძლიერი მოთამაშე არ გაჩნდება, რომლის ინტერესებშიც ფალსიფიკაციისგან საზღვარგარეთის ბაზრის დაცვა შევა და ამისთვის დიდ ფულსაც არ დახარჯავს, პრობლემა არ მოგვარდება. როგორც სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე აცხადებს, სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს, მას შეუძლია მხოლოდ მხარში ამოუდგეს ბიზნესს და დიპლომატიური არხებისა და მთავრობათშორისი ურთიერთობების საშუალებით დაეხმაროს, მაგრამ ვიღაცის კერძო ინტერესის გარეშე, მთავრობებს შორის მიწერ-მოწერით, საქმე არ მოგვარდება.
როგორ უნდა მოხდეს საქართველოში მეღვინეობის რეგულირება, რა დოზით უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული სახელმწიფო, როგორ უნდა ხდებოდეს სექტორში თვითრეგულირება, როგორ უნდა აღიკვეთოს მთავარი პრობლემა იმ ფალსიფიკატის სახით, როცა ღვინო ყურძნის გარეშე იწარმოება, როგორ უნდა მოხდეს საზღვარგარეთ ქართული ღვინის ხარისხის დაცვა, საჭიროა თუ არა ლიცენზირება და სერთიფიცირება – ამ საკითხებზე სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მეღვინეები და მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთთან დააკავშირა.მეღვინეობის დარგის პრობლემებზე სავაჭრო-სამრეწველო პალატაში არაერთი შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად მეწარმეები უშუალოდ ესაუბრნენ იმ ადამიანებს, რომელთა გადაწყვეტილებებზეც იქნება დამოკიდებული მომავალში სექტორის რეგულირების მექანიზმი.
ერთი შეხედვით, დარგში ცუდი ტენდენციები არ შეინიშნება, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიმჩნევა სავენახე ფართობების ზრდა, როცა 1985 წლიდან მხოლოდ კლებულობდა. დარგში იზრდება მცირე და საშუალო კომპანიების რიცხვი და შესაბამისად მატულობს დასაქმებულ მწარმოებელთა და პროფესიონალთა რიცხვი.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღვნიშნეთ, მთლიანობაში ქართული ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის, კერძო კომპანიების, ვთქვათ, “თბილღვინოს” მაგალითზე სურათი ბევრად უკეთესია. აქ რუსეთი უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს, თუმცა ეს კომპანიაც ერთ ბაზარზეა დამოკიდებული. “თბილღვინო” დღეს 15 საექსპორტო ბაზარზე მოქმედებს. როგორც მისი ხელმძღვანელი, გიორგი მარგველაშვილი ირწმუნება, ქართული ღვინისთვის დასავლეთ ევროპაში ნიშა არსებობს, რომელიც შეიძლება სხვისთვის იყოს პატარა, მაგრამ საქართველოსთვის საკმაოდ დიდია.
გიორგი მარგველაშვილი – “დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აინტერესებთ ერთი რამ, რამდენად ძლიერია შენს ქვეყანაში მეღვინეობის კანონმდებლობა და მისი ადმინისტრირება, რამდენად ძლიერია სერთიფიცირება, ამის გარეშე მეღვინეობის დარგში სერიოზულ ქვეყნად და რეგიონად არ აღგიქვამენ.
ლიცენზირება შესაძლოა გაუქმდეს და იყოს არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი, მაგრამ სერთიფიცირება სავალდებულო უნდა იყოს ყველა იმ წარმოშობის დასახელების ღვინოზე, რომელიც გააჩნია საქართველოს. სერთიფიცირების არასავალდებულობის შემთხვევაში ამ ღვინოებზე მომენტალურად დაეცემა ფასი, შემცირდება მათი ღირებულება და ჩვენ კიდევ უფრო წავახალისებთ ფალსიფიკაციას.
ჩვენს პორტფელში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს დიდი ადგილი უჭირავს. რაოდენობრივ რეალიზაციაში 37%-ს ვაწარმოებთ, მათ შორის 11 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა, ხოლო თანხობრივად საკმაოდ დიდი მაჩვენებელია – 74%.
თუკი ამ ღვინოებზე სავალდებულო სერთიფიცირება არ იქნება, ვფიქრობთ, ფასი დავარდება და ჩვენს შემთხვევაში, აღნიშნული 74% შემცირდება, ხოლო თუკი მოხდება გეოგრაფიული დასახელებების გასხვისება, ეს მაჩვენებელი ნულს გაუტოლდება”.
მეწარმეების ყველაზე დიდი აღშფოთება გეოგრაფიული ადგილდასახელებების გასხვისების იდეამ გამოიწვია. მათი განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფოს ერთიანი კონცეფცია გააჩნდეს, რომ მეწარმეებმა იცოდნენ სად და როგორ ხედავს სახელმწიფო მეღვინეობას, როგორც დარგს 10-15, თუნდაც სამი წლის შემდეგ, რომ ისინი დაზღვეულები იყვნენ ისეთი სახის სიურპრიზებისაგან, როგორიც არის სერთიფიცირების გაუქმება და გეოგრაფიული ადგილდასახელებების გასხვისება. მეღვინეების განცხადებით, საქართველო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის, პარიზის კონვენციის, ლისაბონის ხელშეკრულების წევრია და საჭიროა გადამოწმდეს რამდენად ჰარმონიზაციაში მოდის ეს იდეა ყოველივე ამასთან, ყველაფრის მიუხედავად, მეღვინეების აზრით, ეს იქნება მარკეტინგულად წამგებიანი გადაწყვეტილება.
გიორგი მარგველაშვილი – “დამერწმუნეთ, რომ არსებობდეს ბორდოს მხოლოდ ერთი მწარმოებელი, საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა. მეღვინეობის ნებისმიერი რეგიონი მაშინ არის საინტერესო, როდესაც იქ რამდენიმე მწარმოებელია წარმოდგენილი სხვადასხვა ფილოსოფიით. შესაძლოა ამან იმოქმედოს მთლიანად ექსპორტის შემცირებაზეც და არსებული სავენახე მასივების დღეს არსებული ზრდის ტენდენციაზეც. ღვინის ტურიზმის თემა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში, მისი საქართველოში დანერგვა განუხორციელებელ იდეად დარჩება, რადგან ტურისტი ამა თუ იმ რეგიონში იმიტომ ჩადის, რომ ნახოს ნაწარმის მრავალფეროვნება. ყველაფერ ამას თავი რომ დავანებოთ, დღეს საქართველოში არსებობენ კეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც აწარმოებენ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს და საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, რომელიც ვერ შესრულდება”.
საქართველოში დღეს არსებულ მეღვინეობის მარეგულირებელ ორგანოებს არ ძალუძთ ეფექტურად ებრძოლონ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დარგში არსებობს. მეწარმეები გამოვიდნენ წინადადებით, რომ შემოღებულ იქნას სიმბოლური გადასახადი ყოველ წარმოებულ ან ექსპორტირებულ ბოთლზე, რომელიც 1 ან 2 ცენტის ოდენობით განისაზღვრება. ეს თანხა მიზნობრივად მოხმარდება მეღვინეობის მარეგულირებელი ორგანოს დაფინანსებას.
მთავრობას ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული ის მექანიზმი, რომელითაც მეღვინეობა დარეგულირდება. ბენდუქიძის აზრით, სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმებია ჩასატარებელი, რადგან ღვინო უნდა გახდეს ძირითადი პროდუქტი, რომელიც სოფლის მეურნეობას გააქვს საზღვარგარეთ.
საქართველოს ღვინის ექსპორტის მაჩვენებელს თუ შევადარებთ ჩვენს ქვეყანაზე ორჯერ პატარა ქვეყნის, სლოვენიის მაჩვენებელს, ვნახავთ, რომ საექსპორტოდ ხუთჯერ მეტი ღვინო გააქვს. სლოვენიური ღვინო დიდად განთქმული არ არის, მაგრამ ახერხებს, რომ ექსპორტი დიდი ჰქონდეს. ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ჩილესა თუ არგენტინისაგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად იტალიურ და ფრანგული ჯიშის ყურძნებს აშენებენ, საქართველოში უნიკალური ჯიშები, ბრენდები გვაქვს, რომელთაც სხვანაირი მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
სახელმწიფო მინისტრის აზრით, მხოლოდ საქართველოში ფალსიფიცირების მოგვარება ვერ მოხსნის ღვინის ექსპორტის პრობლემებს. თუ ღვინის თითოეულ დასახელებას ძლიერი პატრონი არ გაუჩნდა, დარგი დაიღუპება.
კახა ბენდუქიძე – “პატრონის გაჩენა ჩვენთვის არის ორი რამის ინსტრუმენტი: ამ სექტორის ეკონომიკის ძლიერ სექტორად განვითარების და რეგიონული განვითარების ინსტრუმენტი. ანუ რეგიონები, სადაც ტრადიციულად გარკვეული დასახელების ღვინოები იწარმოებოდა, განვითარდნენ. თანაც არ უნდა დაირღვეს იმათი უფლებები, ვისაც დღეს ამ რეგიონებში უკვე აქვთ გამართული ღვინის წარმოება. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ ისეთი პატრონი, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენ პირობებს. იგი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რა ბედი ეწევა ამა თუ იმ დასახელებას, ჰქონდეს შესაბამისი შესაძლებლობები, ტექნოლოგიები, ფინანსები.
თუ ვთქვათ, ყველა ფერმერი და მეღვინე გაერთიანდება, რომლებიც მაგალითად, ხვანჭკარას აწარმოებენ, ფულს ჩადებენ და მას სწორად მოიხმარენ, მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი მოდელი.
ერთ-ერთი მოდელის მიხედვით, პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ ერთი კომპანია, მაგრამ მისი ბიუჯეტი 5 ათასი ლარით არ უნდა იყოს განსაზღვრული. ამ ფულით იგი ამა თუ იმ დასახელების ღვინის მოვლა-პატრონობას და საზღვარგარეთ მის ფალსიფიკაციისგან დაცვას ვერ შეძლებს.
ნებსიმიერ შემთხვევაში, პირი ან პირთა ჯგუფი პასუხისმგებლობას იღებს შემდეგი პირობებით, რომ ისინი ვთქვათ, კონკრეტული დასახელების ღვინოს აწარმოებენ და ამ ღვინოს არ აწარმოებენ სხვა ადგილას. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ყურძნის შესყიდვების მოცულობაზეც. ზოგიერთი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ სამუდამოდ, ხოლო ზოგი მრავალი წლით. გარდა ამისა, მათ უნდა ჰქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბიზნეს-გეგმის მსგავსი პროექტი”.
ზურაბ ნოღაიდელი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – “მთავარი პრობლემის გამოსავლენად – არის თუ არა ღვინო ყურძნისგან ნაწარმოები, საქართველოში უნდა იყოს მძლავრი ლაბორატორია. თუ ამის გაკეთება არსებულ ლაბორატორიას არ შეუძლია, მაშინ ასეთი ლაბორატორია უახლოს პერიოდში გვჭირდება. გრძელდება ფალსიფიკაციის პრობლემა საქართველოში და მის ფარგლბს გარეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ როგორც კი ფალსიფიკაციის შეზღუდვას დავიწყებთ ქვეყნის შიგნით, იმ წუთასვე დაიწყება ფალსიფიკაციის ზრდა ქვეყნის გარეთ. ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ, მეღვინეების აზრი ამ თვალსაზრისით უფრო მაინტერესებდა, რა უფრო ეფექტური იქნებოდა, დავრჩეთ ადგილწარმოშობის მოდელის ფარგლებში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება თუ არა შევქმნათ ერთობლივი – სახელმწიფოსა და მეწარმეების კოლექტიური მექანიზმი, რომელიც დაიცავდა ფალსიფიკაციისგან ქართულ ღვინოებს საზღვარგარეთ, ხოლო ქვეყნის ფარგლებში ჩვენ თვითონ მივხედავდით, თუ წავსულიყავით ბრენდის მოდელისკენ, როცა მკაფიოდ იქნებოდა ჩამოყალიბებული, თუ ვინ მიხედავდა ამ პრობლემებს.
უნდა იყოს მოქმედებების კომბინაცია, რადგან თუ ეს პროცსები უპატრონოდ დარჩა, რასაც ნამდვილად არ შევეგუები, იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ღვინის რეალიზების კრიზისში შევდივართ მთავარ ბაზრებზე”.
სახელმწიფოს ამოცანა ისიც არის, რომ სისტემა, რომელიც დაინერგება, განხორციელებადი, ეფექტური და არაკორუმპირებული იყოს. მთავრობა სერტიფიცირებას იმიტომაც უყურებს შიშით, რომ გასაკონტროლებელი იქნება ყველაფერი, ვაზის ნერგიდან დაწყებული, გლეხის ყოველი ნაბიჯით გაგრძელებული და შემდეგ წარმოებით დამთავრებული, რაც უდავოდ რთული მექანიზმია. მთავრობა კი ბოლომდე და წინასწარ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ პრობლემები ამ მხრივ არ შეიქნება. საუბარია იმაზეც, რომ სისტემას თუკი მეტი ხარჯი მოაქვს, ვიდრე შემოსავალი, მის დანერგვას აზრი არ აქვს. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს კერძო ინტერესზე დამყარებული, სახელმწიფოს მიერ გვერდგამაგრებული მექანიზმი, რომლის სტრუქტურის დეტალები მსჯელობის და შეთანხმების საგანი იქნება. თუმცა წინასწარვე უნდა ითქვას, რომ ვიღაცის ინტერესები ისე კარგად ვერ განხოციელდება, როგორც მათი სურვილია, მაგრამ ამოსავალი უნდა იყოს ამ სექტორში მონაწილე პირების ინტერესი.