ჩაის ბიზნესის პრობლემები საქართველოში
სოფო გოგოლაძე
ჯემალ ინაიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი: – ჩაის მრეწველობა ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო. საქართველოს ეჭირა მონოპოლიური მდგომარეობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზრებზე. დღეს კი აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს იმ გაგებით, რომ შემცირდა წარმოება, ჩვენ დავკარგეთ ძველი ბაზრები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განპირობებული იყო ჩვენი მონოპოლისტური მდგომარეობით, საბჭოთა კავშირის ბაზარი ჩაკეტილი იყო.
მაგრამ მაშინდელი საგეგმო ეკონომიკის ვითარებაში სახელმწიფო იცავდა ბაზარს და ხელს უწყობდა მეჩაიეობის განვითარებას. დღეს კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ვითარდება საბაზრო ეკონომიკის პირობებში, და ჩვენ გვიწევს კონკურენტულ გარემოში მუშაობა რუსეთის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბაზრებზე, ანუ ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე. ამ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებულმა უამრავმა პრობლემამ კი თავისთავად დაღი დაასვა პრაქტიკულად მთელს მეჩაიეობას.
ახლა საკითხი ისე დგას, რომ ჩვენ ვაპირებთ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე გვქონდა შეხვედრა ასოციაციის წარმომადგენლებთანაც და გვინდა, მათ გარკვეულწილად მხარი დავუჭიროთ, ამ დარგის აღდგენაში, არა იმ მოცულობით, რა თქმა უნდა, როგორც ადრე იყო, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი, მეჩაიეობა იმ მოცულობით ვეღარ აღდგება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, და ასევე ამ დარგში ამჟამად მომუშავე პიროვნებებს, რომ რაღაც შედეგები აუცილებლად იქნება.
სახელმწიფოს მხრიდან მეჩაიეობისათვის გარკვეული დახმარებები გათვალისწინებული (მაგალითად, შარშან ამ დარგის აღორძინებისათვის 3 მლნ დოლარი იყო გამოყოფილი). ასევე მთავრობის დახმარებით და მეჩაიეობა ახლა ფაქტობრივად გათავისუფლებულია გადასახადებისაგან, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დამატებითი ხელშეწყობაც არის საჭირო, რადგან ვიცით, რომ ამ დარგში უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული და მეჩაიეობის ამუშავება ნაწილობრივ გადაწყვეტდა დასაქმების პრობლემას. ეს ერთი საკითხია. ამასთან ერთად, ძალიან დიდი რაოდენობით მიწების, რომლებიც დაკავებულია პლანტაციებით, გამოყენება უნდა მოხდეს. ამას განსაკუთრებით ხელს შეუწყობს მიწების პრივატიზაცია და გაყიდვა, რადგან მიწას უკვე კონკრეტული პატრონი გამოუჩნდება. ბევრი პლანტაცია ამ მოუვლელობის პერიოდში გადაგვარდა და მათი აღდგენა დიდ დანახარჯებს მოითხოვს. გარდა ამისა, აუცილებელია, მოხდეს ტექნოლოგიების გადაიარაღება, რადგან ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჩაის გადამამუშავებელ მრეწველობაში გამოიყენება, ძალიან მოძველებულია და საკმაოდ ენერგოტევადი, ამიტომ მათი გამოყენება ძვირი ჯდება. მაგალითად, მაზუთი, რაც გამოიყენება ჩაის გადამუშავები პროცესში, არაეკონომიურია.
ანუ, მეჩაიეობის აღსადგენად პირველ რიგში აუცილებელია მიწების პრივატიზაცია, რათა მათ პატრონი გამოუჩნდეთ, ტექნიკური გადაიარაღება და მხარდაჭერა, არსებული ბაზრები რომ დავიბრუნოთ და ახალი შევიძინოთ; იმიტომ, რომ ჩაი არის თავისთავად საბირჟო საქონელი, ის საკმაოდ ძვირადღირებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ინდურ ჩაის კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ გარკვეული ნიშა რომ დავიკავოთ, ამის შესაძლებლობა არსებობს. ინვესტიციების გამოჩენის შანსიც უფრო მეტი იქნება, როდესაც მიწას მესაკუთრე ეყოლება.
ბესო ჯუღელი, პარლამენტარი, ფრაქცია ”მაჟორიტარები” – ჩაის ბიზნესი და ინდუსტრია საქართველოში ახლა სრულიად მოშლილია. Mმუშაობს ერთი კომპანია ზესტაფონში, რომელიც აწარმოებს იოდიზირებულ ჩაის. ეს საერთოდ ახალი სიტყვაა კვების და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ეს ჩაი გამოიყენება ჩიყვის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. მის წარმოებაში ახალი ტექნოლოგიებია დანერგილი. იოდიზებული ჩაი მზადდება ადგილობრივი ნედლეულით, სპეციალური ტექნოლოგიით, რომლის ლიცენზიაც ამ კომპანიას აქვს. ფირმის ხელმძღვანელია დათო ლოლაძე, ქიმიკოსი, რომელსაც დაპატენტებული აქვს ეს გამოგონება.
ჩვენ უკვე გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩავატარეთ აქცია: ჩავიტანეთ ეს ჩაი აჭარაში და უფასოდ დავურიგეთ მოსახლეობას, ანუ სკოლისა და ბაღის ასაკის ბავშვებს. ცნობილი ფაქტია, რომ მთიანი რეგიონების წყალში არის იოდის დეფიციტი, და ეს მთელს მსოფლიოში ასეა. მთიანი რეგიონების მქონე ქვეყნებში ჩიყვის პრობლემა ძალიან გავრცელებულია. ამიტომაც ეს აქცია ჩატარდა როგორც ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვებს გაესინჯათ სისხლში იოდის შემცველობა პროფილაქტიკის დაწყებამდე და მის შემდეგ, და შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.
ახლა მოლაპარაკება გვაქვს თურქმენეთთან, როგორც ჩაის ერთ-ერთ სერიოზულ მომხმარებელ ქვეყანასთან და უკრაინელებთან, რომ მოხდეს მათ ბაზარზე ამ იოდიზებული ქართული ჩაის შეტანა. ყველასათვის ცნობილია, რომ თურქმენეთთან გვაქვს საგარეო ვალი, ამ ჩაის შეტანით კი მოხდება ამ ვალის ნაწილობრივ შემცირება.
ზოგადად ჩაის კულტურა, ისევე, როგორც გადამამუშავებელი მრეწველობის ბევრი დარგი, დღეს არის აბსოლუტურად უპატრონოდ დარჩენილი.
შარშან სახელმწიფომ გამოყო 3 მლნ დოლარი ჩაის მრეწველობის ასაღორძინებლად და დაურიგა ჩაის მწარმოებელ-გადამამუშავებლებს. მაგრამ მოხდა კატასტროფა – ენერგეტიკის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო იმ საწარმოების ელექტროენერგიით მომარაგება, რომლებსაც ეს ფული უკვე აღებული ჰქონდათ, და ეს 3 მლნ დოლარი პრაქტიკულად გადაიყარა წყალში. აღმოჩნდა, რომ ენერგეტიკას ჩაის წარმოებაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დარგში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჯერჯერობით, ამ სფეროში სხვა არაფერი კეთდება, საწარმოები გაჩერებულია. ენერგეტიკაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. წელს, იმედია, რომ ის ცოტა უფრო გამართულად იმუშავებს.
რაც შეეხება ინვესტიციების პერსპექტივებს, ვინაიდან საქართველოში საინვესტიციო სივრცე გაიხსნა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ინვესტორმა დაინახა, რომ ენერგეტიკა წესრიგშია, ჩაის კულტურის ქვეყანაა საქართველო, გამორიცხული არაა, რაიმე დაინტერესება გაჩნდეს ამ კუთხით. თუმცა, ჯერჯერობით რეალურად არავინ გამოხატავს ამ სფეროში ინვესტირების სურვილს.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროისათვის სოფლის მეურნეობა დაკნინებული იყო. ჩაის პლანტაციების ნაწილი აღარ არსებობდა, დანარჩენები ცუდ მდგომარეობაში იყო. დარგის აღორძინება სცადა სააქციო საზოგადოება �ჩაი-საქართველომ�, რომელიც 1926 წელს ჩამოყალიბდა. 1931 წელს იგი გადაკეთდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად. 30-იანი წლები იყო საქართველოში მეჩაიეობისა და ჩაის ინდუსტრიის განვითარების ძირითადი პერიოდი. ამ დროისათვის ჩაის პლანტაციების ფართობმა 40000ჰა-ს მიაღწია, აშენდა იქნა 32 ფაბრიკა.
ჩვენში გავრცელებულია ჩაის სხვადასხვა ჯიშები, რომელთა შორისაც ჩინური ჯიშები შეადგენს 65%-ს, ინდოჩინური – 15%-ს, იაპონური – 10%-ს, ქართული სელექციურო ჯიშები – 10%. კრეფა იწყება მაისში და გრძელდება ოქტომბრამდე. სეზონის განმავლობაში მწვანე ფოთოლი იკრიფება 4-5-ჯერ. გამოიყოფა რამდენიმე მიკროზონა, სადაც მოდის უმაღლესი ხარისხის ჩაი. ასეთებია პლანრაციები ტყიბულის, ჭიათურისწყალტუბოს, ლანჩხუთის, ოზურგეთის და სხვა რაიონებში.
ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე კერძო კომპანია. მაგალითად, სს ”ქართული ჩაი” ფლობს ჩაის სამი ფაბრიკის საკონტროლო პაკეტს. ჩაის წარმოებაში ცნობილი უცხოური კომპანიების მიერ ინვესტირებული იყო გარკვეული კაპიტალები. მათ რიცხვს მიეკუთვნება ”მარტინ ბაუერი”, რომელიც 7000 ჰა-ს უწევს ექსპლუატაციას, რაც ქვეყნის ჩაის პლანტაციების ფართობის 14%-ს შეადგენს. 1995-97 წლებში ჩაის ფოთლის საშუალო წარმოებამ 40000 ტონა შეადგინა (10000 ტონა მზა პროდუქცია). დღეისათვის 50000ჰა ჩაის პლანტაციებიდან 20000ჰა ექსპლუატაციაშია.