როგორ ვიშოვით ფულს ტურიზმში
სოფო გოგოლაძე
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი ყუფარაძე: – თუ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, ისინი შემდეგია: 2002 წელს საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა იყო 298500. 2003 წელს გაიზარდა 15%-ით და ამ რიცხვმა მიაღწია 313000 ვიზიტორს. 2004 წელს ზრდამ შეადგინა სადღაც 17,5-18% და ვიზიტების რაოდენობა იყო 368,000.
თუ 2001-2002 წლებიდან მოვყვებით, ამ წლებში იყო კლება, ეს ბოლო წლები კი (2003-2004) აღინიშნება ზრდის დინამიკით. ეს დინამიკა პრინციპში მუდმივი რჩება 15-17%-ის ფარგლებში.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2000 წელს – 387000. შემდგომ კლებას კი განაპირობებდა ძალიან ბევრი ფაქტორი. ეს იყო იგივე 11 სექტემბრის მოვლენები, ერაყის ომი, გრიპის ვირუსი. რა თქმა უნდა, 2001 წლის კოლაპსი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩვენს რეგიონზე ძალიან იმოქმედა ერაყის ომმა და საომარმა კამპანიამ. ეს რაც შეეხებოდა გარე ფაქტორებს.
შიდა ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია უცხოელთა გატაცების ფაქტები კოდორში, პანკისში, რასაც იმ პერიოდში საკმაოდ ხშირად ჰქონდა ადგილი, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება, გილაევის რაზმის ქმედებები, კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება; შემდეგ ამას მოჰყვა პოლიტიკური, ეკონომიკური, საბიუჯეტო კრიზისი. ანუ ქვეყანაში ზოგადი მდგომარეობის გაუარესებამ პირველ რიგში ტურიზმს მიაყენა დარტყმა.
2002-2003 წლებში პანკისში ჩატარდა ანტიკრიმინალური ოპერაცია და პანკისის პრობლემა შედარებით მოიხსნა. ასევე შემცირდა და ფაქტობრივად აღარ იყო უცხოელთა გატაცების ფაქტები.
მეორე, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია არ არის ტურიზმის კარგი სტიმულატორი, ვარდების რევოლუციის პროცესის მსოფლიოში ასე ფართოდ გაშუქებამ და თან დადებითი კუთხით, კარგი შედეგი გამოიღო, ინტერესი გამოიწვია ჩვენი ქვეყნისადმი, ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია არ არის კარგი სარეკლამო მოვლენა ქვეყნის ტურიზმისათვის.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო მედიამ საქართველო დადებითი კუთხით წარმოაჩინა. მანამდე სულ ხდებოდა ყაჩაღობის ფაქტების გაშუქება, ფორმიანი და იარაღიანი ადამიანები ჩანდნენ კადრში და ა.შ.
უცხოელმა ტურისტმა ჩვენი ქვეყნით დაინტერესება დაიწყო სადღაც 1996 წლიდან. 1996-97-98 წლებში საქართველოში მშპ-ს ზრდამ მიაღწია 10,5-11,2%-ს. ასეთი ზრდა იმ დროს არ ჰქონია დსთ-ს არც ერთ რესპუბლიკას. დამთავრებული იყო მხედრიონის და სამოქალაქო ომის პერიოდი და რეალურად რაღაც დადებითი ძვრები ხდებოდა, რამაც ობიექტური დაინტერესება გამოწვია უცხოელთა მხრიდან.
შემდეგ დაიწყო ყველანაირად არასასიკეთო პერიოდი, 2001 წელი, პრობლემები რუსეთთან, საერთაშორისო ასპარეზზე, შიდა პრობლემები. ამან ქვეყანაში ჩამომსვლელთა რაოდენობა 387,000-დან 302,000-მდე შეამცირა.
ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ და ჩვენი ტურიზმის ექსპერტების აზრსაც, თუ რა შეიძლება იწვევდეს ამჟამინდელ დაინტერესებას. ეს იყო ინტერესის ზრდა და ქვეყნის უკეთესი კუთხით წარმოჩენა მსოფლიო საზოგადოების წინაშე.
ვამბობთ, რომ ეს მაჩვენებელი 298000-დან 313000-მდე გაიზარდა და ეს იყო 15%-იანი ზრდა, მაგრამ აბსოლუტურ ციფრში ეს იყო 15,000 კაცი. იქიდან თუ დავთვლით 17,5%-ს, გამოდის 55,000კაცი. ანუ აბსოლუტურ ციფრში 2002 წელთან შედარებით 15000 უცხოელით მეტი შემოვიდა 2003-ში.
2004 წელს ტურიზმისათვის საკმაოდ კარგ, სპეციფიკურ ინექციებს ჰქონდა ადგილი. ქართული ტურიზმისათვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ქვეყნის იმიჯი. მის გამოსწორებას ხელი შეუწყო რევოლუციამ, შემდეგ არჩევნებმა, საერთო სტაბილიზაციის ფონმა და ა.შ. მერე ზაფხულში, აგვისტოში პარლამენტმა მიიღო დადგენილება (9 სექტემბრიდან იგი ძალაში შევიდა) ვიზების ფასის შემცირების შესახებ. საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ჯდებოდა 80 დოლარი და გახდა 10 დოლარი. მარტო ფასის შემცირება არ იყო საკმარისი. ადრე, თუ ადამიანი უვიზოდ იყო ჩამოსული, ვიზის აღება შეეძლო მარტო აეროპორტში. ახლა ნებისმიერ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში შეუძლია 10 დოლარად იყიდოს ვიზა ყოველგვარი წინასწარი მოწვევის გარეშე. ანუ, შემცირდა ფასი და გამარტივდა სავიზო და სასაზღვრო ფორმალობები. კიდევ ერთი პლუსი ის იყო, რომ მოიხსნა ვიზა საკრუიზო მგზავრებზე. 72 საათის განმავლობაში კრუიზით შემოსულ მგზავრს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა. ადრე ეს სერიოზული პრობლემა იყო. აჭარაში ეს იყო აბაშიძეზე დამოკიდებული. ჩვენ კი ვიყავით კონვენციაზე მიერთებული, რომელიც ითვალისწინებს ამ უვიზო შემოსვლას, მაგრამ თუ გადაწყვეტდა აბაშიძე, ტარას შევჩენკოს მგზავრებისათვის გამოერთმია 80 დოლარი, გამოართმევდნენ, თუ არა და – არა. 6-საათიანი ექსკურსიისათვის მწვანე კონცხზე საკრუიზო მგზავრი 80 დოლარს არ გადაიხდის. ახლა უკვე კანონითაა დადგენილი, რომ საკრუიზო მგზავრი ვიზის საფასურს არ იხდის.
შარშან მოვახერხეთ პირველად, რომ საქართველო წარდგენილი ყოფილიყო სახელმწიფო-კერძო სექტორის ერთიანი სტენდით ლონდონის მსოფლიო ტურისტულ ბირჟაზე. ადრე იქ მონაწილეობდნენ ცალკეული ქართული კომპანიები, მაგრამ არა ქვეყნის სახელით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და უკეთესს უნდა ველოდეთ.
ძალზე მნიშვნელოვანი იყო ბუშის ვიზიტი. ტურიზმის დეპარტამენტს ათობით მილიონი დოლარი უნდა დაეხარჯა, რომ ასეთი საიმიჯო პროპაგანდა და პრომოუშენი გაეწია საქართველოს კულტურისათვის, ისტორიისათვის. მაგრამ ბუშის ვიზიტამდეც იყო მნიშვნელოვანი ძვრები. 2005 წლიდან ახალი საგადასახადო კოდექსით ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა იბეგრება დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით. ანუ ქართული ტურისტული პროდუქტი იდეაში გაიაფდა 20%-ით. ეს დიდი სტიმულია ტუროპერატორების მიერ ორგანიზებული ჩამოყვანისათვის. არის ახალი ინიციატივა და ალბათ პარლამენტი შემოიღებს ამ კანონს. ეს არის სავიზო რეჟიმის გაუქმება (ცალმხრივი) ევროკავშირის ქვეყნებისათვის, აშშ-სათვის, იაპონიისათვის, ისრაელისათვის, კანადისათვის.
ვიზა, საერთოდ, ტურექსპერტების მიერ განიხილება, როგორც ტურიზმისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, 80 დოლარი კატასტროფა იყო, მაგრამ თუნდაც 10 დოლარი ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში სიამოვნებით არ გელიან. ვიზა განიხილება, როგორც არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება და მისი გაუქმება (მიუხედავად იმისა, რომ 10 დოლარი ევროპელისათვის არაფერი არაა) იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ტურიზმის, და, კერძოდ, ინდივიდუალური ტურიზმის განვითარებისათვის. ვიზის შემთხვევაში ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, სპონტანური გადაწყვეტილება მიიღოს მოგზაურობისას.
ძალზე მნიშვნელოვანი იყო შარშან ჩატარებული ტურიზმის 4 ბაზრობა: მიუნხენის, სტამბულის, მილანის, ბერლინის ბაზრობები. ქართულმა 2-3 სართულიანმა პავილიონებმა სვანური კოშკით და ა. შ. ბერლინში დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე იყო გამოფენა ბაქოსა და იაპონიაში, Expo 2005 , რომელიც 25 მარტს გაიხსნა და 25 სექტემბრამდე გაგრძელდება; კურატორების თქმით, ამ თვეების განმავლობაში მას 2-4 მლნ ადამიანი მოინახულებს.
რაც შეეხება კლიმატს ინვესტიციებისათვის, ალბათ იგი უკვე არსებობს. ავიღოთ ივერია, აჭარა; დიღმის ტრასაზე ჰოლანდიელები აშენებენ სასტუმროს. მარიოტი ორივე ერთად სულ დაჯდა 57 მლნ დოლარი და, როგორც ვიცი, ივერიისა და რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიისათვის 100 მლნ ინვესტიციაა გამოყოფილი. ბაკურიანში შენდება 4 სასტუმრო მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, გოლფის მოედნებით, აუზებით, და ა.შ. წინასწარი ინფორმაციით, 65 მლნ ევრო ჯდება. ეს არის ივანიშვილის და თოფაძის პროექტი (ბაკურიანში დიდი ველის ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია ზოგადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა – გზები და ა.შ.). გზების მშენებლობაზე ზოგადად კი წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, და არა მარტო თბილისში. მაგალითად, სექტემბერში მილიონიანი ჩელენჯით იწყება ნინოწმინდის მხარეს გზის მშენებლობა.
თუმცა, ჩვენი პოზიცია ისეთია, რომ ტურიზმის ბიზნესის ოპერირებაში სახელმწიფო არ უნდა მონაწილეობდეს. სახელმწიფოს საქმეა ზოგადი ინფრასტრუქტურის შექმნა (იგივე გზების მშენებლობა). მაგალითად, ილია მოსიაშვილი აშენებს ბაზალეთზე ტურისტულ კომპლექსს, რომელშიც საბოლოო ჯამში იქნება 25 მლნ დოლარი ინვესტიცია ჩადებული და 15 მლნ უკვე ინვესტირებულია. ბაზალეთამდე არის 6 კმ სამხედრო გზით, და ეს გზა უკვე სახელმწიფოს გასაკეთებელია. ეს არ არის ინვესტორის საქმე, მთელს მსოფლიოში ასე ხდება. თურქეთის კურორტებზე, მაგალითად, სახელმწიფომ მხოლოდ ის გააკეთა, რომ მიიყვანა კომუნიკაციები. დანარჩენი ტურისტული ინფრასტრუქტურა უკვე კერძო ინვესტორების მიერ გაკეთდა. ჩვენთანაც ამას უნდა მივაღწიოთ. სხვა შემთხვევაში ინვესტორისათვის ეს არის ზედმეტი დანახარჯები, რაც აძვირებს ობიექტის ღირებულებას, ახანგრძლივებს ხარჯების ამოღების პერიოდს და ა.შ. ამასთან ერთად, სახელმწიფოსთან კონკურენცია კერძო ბიზნესისათვის ძალიან ძნელია.
რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა წილი აქვს ტურიზმს მშპ-ში, რადგან არ გვაქვს მონაცემები ვიზიტორების ჩამოსვლის მიზნების შესახებ. შეგვიძლია მხოლოდ მიახლოებით ვთქვათ ტურისტული ფირმებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. საქმე ისაა, რომ სუფთა ტურისტული, რეკრეაციული მიზნით, ორგანიზებულად ჩამოსული ვიზიტორების რიცხვი არის სადღაც 15-18 ათასი ადამიანი. ამდენად, არ არის ზუსტი სტატისტიკა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ჩამოდის აქ ახლობლების მოსანახულებლად, ბიზნესისათვის, შოპ-ტურისათვის. ამათ რიცხვში არის სომხების, აზერბაიჯანელების და თურქების დიდი რაოდენობა. ეს ხალხი აქ არ ჩამოდის ტურისტული ვიზიტით, უფრო საქმიანი მიზნებით მოდიან. ამიტომ ტურიზმის სტატისტიკაზე ძნელია ლაპარაკი. ერთადერთი გამოსავალია კომპიუტერული სისტემის შექმნა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ასეთ პროექტზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მიზნები გავთვალოთ. აქ არ იგულისხმება საემბარკაციო ანკეტის შევსება. ეს იქნება ცენტრალიზებული კომპიუტერული სისტემა, რომელსაც ამერიკელები აყენებენ საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის. ჩვენ გვინდა, რომ იქ იყოს განმარტებითი ველი და ვერ მოხდეს პასპორტის გატარება, თუ არ გასცემს ადამიანი კითხვაზე პასუხს, თუ რა მიზნით ჩამოვიდა. იქ იქნება სულ ხუთი დასახელება: 1. დასვენება-რეკრეაცია, 2. ნათესავების მონახულება, 3. ბიზნესი და პროფესიული მიზნები, 4. ტრანზიტი, 5. სხვა-აქ იგულისხმება ნებისმიერი სხვა მიზანი. ეს შეიძლება იყოს მომლოცველობა, მკურნალობა და ა.შ.
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა სვეტიცხოველის მომნახულებელთა შორის. ჩვენ ვთვლით, რომ საქმიანი ვიზიტით, ფესტივალზე, დასასვვენებლად ჩამოსული ადამიანების უმრავლესობა სვეტიცხოველს და მცხეთას მოინახულებს. მცხეთაში ვიზიტორების 16% უცხოელია, 84% კი ადგილობრივი. ამ 16%-იდან 10% იყო ინდივიდუალური ვიზიტით, 12% – პატარა ჯგუფი, 20% – საშუალო ჯგუფი, 58% – დიდი ჯგუფი. ორგანიზებული (უცხოელი) ტურისტების რაოდენობა იყო 44%, ინდივიდუალური – 56%. ეს ნიშნავს, რომ 44% იყო ტურისტული კომპანიების მიერ ჩამოყვანილი. დანარჩენი 56% კი ინდივიდუალურად. ამ ინდივიდუალური, ანუ არაორგანიზებულიდან 20%-ს ახლდა მასპინძელი, 80% კი თვითონ მოგზაურობდა.
მცხეთაში გამოკვლეული უცხოელი ვიზიტორებიდან 8% საქმიანი მიზნებით იყო ჩამოსული, ნათესავ-მეგობრების მონახულების მიზნით – 11%, დასვენების და ტურიზმის მიზნით – 45%, კონფერენცია-სემინარზე – 10%, სხვა მიზნებით – 18%, და 8%-ის მიზანი ვერ დავადგინეთ. ასეთი კვლევები უნდა ხდებოდეს აეროპორტში, ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, წელიწადში ორჯერ მაინც. უნდა იყოს აწყობილი კომპიუტერული სისტემა, მაშინ იქნება შესაძლებელი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და იმის დადგენა, თუ მაგალითად, მშპ-ში რამხელა წილი აქვს ტურიზმს.
ინტურისტ საქართველოს დირექტორი ელენე კირთაძე
ბოლო დროს აქტიური დაინტერესება შეინიშნება ტურიზმით, რაც ძალიან გვახარებს, დაინტერესება აქამდეც იყო, მაგრამ პრაქტიკულად ეს არაფერში გამოიხატებოდა. ახლა უფრო მეტი იმედი გვაქვს და მეტი პერსპექტივაა იმისა, რომ ახლო მომავალში რაღაც პოზიტიური ძვრები დაიწყოს ამ სფეროში.
ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს და სახელმწიფოს ნებაც არის სხვათა შორის ამ საკითხში, და ეს საგრძნობია. ამას წინათ ჩვენთან უკრაინიდან იყვნენ ჩამოსულები. უკრაინის მხრიდან ამ ბოლო დროს სერიოზული დაინტერესებაა ჩვენი ტურიზმის ბაზრის მიმართ, და ეს სახელმწიფო დონეზე ხდება. ანუ იწყება ის, რაც უნდა დაიწყოს. შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმი არის ის, რაც გადაგვარჩენს.
რა გვიშლის ხელს. ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია, ფაქტობრივად არ არსებობს.
ინფრასტრუქტურაში იგულისხმება არა მარტო ის, რომ უნდა აშენდეს ცალკეული სასტუმროები, ინფრასტრუქტურა უფრო ფართო გაგებაა, ის ისეთი კლასის უნდა იყოს, რომ ჩვენთან მოინდომონ ჩამოსვლა, ჩვენ თავი უნდა მოვაწონოთ. ეს ჩვეულებრივი ბაზარია, და ტურიზმი ისეთივე პროდუქტია, როგორც ნებისმიერი სხვა.
ინფრასტრუქტურაში იგულისხმება, მაგალითად, გზები, ასევე უსაფრთხოება. ჩვენთან არ არის ის სტაბილურობა და სიმშვიდე, რასაც შეჩვეულია უცხოელი (დასავლელი) ტურისტი. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, ამ საქმეშიც საიმედო ძვრები შეინიშნება.
ამჟამად ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი სახსრების მისაღებად გარე ინვესტიციების მოზიდვაა აუცილებელი. ამისათვისაც სიმშვიდე და სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ერთი შეხედვით სიმშვიდეა, მაგრამ გარანტირებული სიმშვიდე არის სულ სხვა. ჩვენთან ის რასაც ჰქვია ტურისტული ინფრასტრუქტურა, ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ნება ხალხის, ხელისუფლების არსებობს საიმისოდ, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს.
ჩვენ გვჭირდება ტურიზმის აღორძინების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დამოუკიდებლად იმუშავებს და საშუალებას მოგვცემს, დღევანდელი მდგომარეობითაც რაღაც შედეგებს მივაღწიოთ. მაგალითისთვის ავიღოთ ისრაელი. ეს არის ქვეყანა, რომელიც მუდმივ საომარ მდგომარეობაშია, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ტურიზმის ინდუსტრია და ინფრასტრუქტურა კარგად მუშაობს და ქვეყნისათვის კარგი შემოსავალი მოაქვს. ანუ ეს სფერო ცალკე უნდა იყოს აგებული და ცალკე მუშაობდეს.
ისრაელის მაგალითზე ჩანს, რომ ეს არაა მთავარი, რომ ჩვენთან ასეთი არასტაბილური მდგომარეობაა.
პირველ რიგში, ის უნდა აღინიშნოს, რომ როდესღაც საქართველო იყო ტურიზმის ქვეყანა, და ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს ეს დრო, ამდენად, საკმაოდ დიდი დაინტერესება და სიყვარულია ჩვენდამი.
მეორე, საქართველო არის ისტორიულ-კულტურული ცენტრი, რაც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვავითაროთ ჩვენი პოტენციური ტურისტული შესაძლებლობები. აქ არა მარტო დასვენება შეიძლება, არამედ ძალიან ბევრი სანახაობაა. ტურიზმი არ არის მარტო ზღვა და კურორტი; ჩვენ გვაქვს არა მარტო ზღვა, არამედ მთაც, და პრინციპში, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი ქვეყანა ეგზოტიკურია, თანახმანი ვართ, ვიყოთ ეგზოტიკურები, ოღონდ ტურისტების მოზიდვა შევძლოთ, რათა ჩამოვიდნენ და გვნახონ, რაც ვართ, მით უმეტეს, რომ ბუნებაც ხელს გვიწყობს ყველანაირად. ახლა სწორედ ის დრო მოვიდა, რომ რეალურად მივხედოთ ჩვენს ტურიზმს და შევეცადოთ, ყველანაირად განვავითაროთ.
– რამდენად აქტიურია უცხოელი ტურისტი საქართველოში?
– რა თქმა უნდა, ჩამოდიან, ჩამოდიან ცალკეულად, მაგრამ ეს არ ატარებს მასობრივ ხასიათს, რომ ჩვენ შეგვეძლოს იმის თქმა, ტურიზმი აღორძინდა და მუშაობს. ჩამოდიან ძირითადად დსთ-ს ქვეყნებიდან, გერმანიიდან, აშშ-დან. მაგრამ ჩამომსვლელთა უმეტესობა საქმიანი ვიზიტით არის, და არა სუფთა ტურისტულით.
გუდაურში, მაგალითად, ჩამოდიან დასვენების მიზნით აშშ-დანაც, გერმანიიდანაც, ავსტრიიდანაც. იქ უკვე მუდმივი დამსვენებელიც ჩადის და სასტუმროებს თავისი კლიენტურა ჰყავთ. ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება რაიმე სტატისტიკური დასკვნების გამოტანა.
რაც შეეხება საზღვაო კურორტებს, ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ კონკურენტუნარიანები, არ გაგვაჩნია არც სერვისის დონე, რომელსაც უცხოელი ტურისტი არის შეჩვეული და არც შესაბამისი არჩევანი. ასევე ძალიან გვიშლის ხელს ისევ და ისევ არასტაბილური სიტუაცია. არც გზები გვაქვს ნორმალურ მდგომარეობაში. ანუ, ჩვენ არ გვაქვს შექმნილი ჯერ ის პროდუქტი, რომელიც შეიძლება პოტენციურ მყიდველს შევთავაზოთ და რომელიც გაიყიდება.
– შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჩვენი ზამთრის კურორტები უფრო მაღალი კლასისაა, ვიდრე ზაფხულის კურორტები და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ დამსვენებლებს შორის?
– ალბათ შეიძლება. გუდაურიც და ბაკურიანიც შედარებით მაღალი კლასის კურორტებია. გუდაურის კლასი უტოლდება ევროპულ ხარისხს.
აუცილებელია ტურისტისათვის ელემენტარული პირობების შექმნა – როდესაც ადამიანი მიდის დასასვენებლად, მას უნდა ჰქონდეს შუქიც, წყალიც და ა.შ. და არ უნდა იფიქროს ასეთ რამეებზე. ეს არის ის ელემენტარული სერვისი, რომლის ნაკლებობასაც ჩვენ განვიცდით და რომლის ამაღლებაზეც უნდა ვიფიქროთ.
ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურა. სტრუქტურა ასეთი რამეა – შეიძლება სხვაგან გზა არ იყოს გაკეთებული, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ტურისტული სქემა, სადაც გზები გაყვანილი იქნება და ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს – შუქიც, წყალიც და ა.შ. ანუ პროდუქტი უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი. ასეთი პროდუქტი ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია და ამიტომ მასობრივი ხასიათი არა აქვს ტურიზმს. ჩამოდიან ცალკეული ჯგუფები, მათი ნაწილი კი ახლობლების მოსანახულებლად ჩამოდის.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ შარშან არ იყო ასეთი დაინტერესება საქართველოს მიმართ, რაც გარკვეულად ისევ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ახლა, უკრაინა არის ძალიან დაინტერესებული ჩვენით, ჩვენი საზღვაო თუ სხვა კურირტებით, სასტუმროების ფასებით, რადგან ოდესღაც ეს ყველაფერი ფუნქციონირებდა და ისევ ის დაინტერესებაა დსთ-ს ქვეყნების მხრიდან (და კერძოდ უკრაინის მხრიდან).
რაც შეეხება ჩვენგან გამსვლელ ტურისტებს, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ გადიან, მაგრამ არც ეს ატარებს მასობრივ ხასიათს, რადგან ძვირი სიამოვნებაა. აქტიურად მუშაობენ ზაფხულის პერიოდში თურქეთი, ბულგარეთი, რასაც განაპირობებს შედარებით დაბალი ფასები. ევროპითაც არის დაინტერესება, კერძოდ, იტალიით. აქაც არ არის ისეთი ფასები, რომ ჩვენი ტურისტი ვერ გასწვდეს.
ინტურისტს აქვს ნოვაცია. ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ საქართველოს ბანკთან და მომხმარებელს ვთავაზობთ ტურებს განვადებით. თქვენ შეგიძლიათ, ტური იყიდოთ განვადებით, როგორც მაცივარი ან სხვა ნივთი. თავიდან იხდით მთელი თანხის 30%-ს და შემდეგ 6 თვის განმავლობაში ფარავთ დანარჩენ თანხას. მათ, ვისაც ხელფასი აქვს 400 ლარზე არანაკლები, შეუძლიათ ისარგებლონ ამ განვადებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით დავეხმარებით მათ ვისაც მოგზაურობა სურს, რადგან ყველას არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთბაშად გადაიხადოს, ვთქვათ, 2000.
– რომელი მარშრუტებია ყველაზე პოპულარული საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტებს შორის?
– ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ტური, რომელიც კარგად ჯდება ჩვენს ეროვნულ მენტალიტეტში. ეს არის ღვინის ტური. 2-3 დღიანი, შეიძლება 1 კვირაც გაგრძელდეს. მასში შედის ღვინის ქარხნების დათვალიერება კახეთში, თავისი დასვენებით, სუფრით, რათა ქართული სუფრის თავისებურებები და ღვინის ტექნოლოგია გავაცნოთ სტუმრებს. ქარხნებში ვიზიტისას, რა თქმა უნდა, ხდება დეგუსტაცია. ეს ტური 6 თვეა, რაც გვაქვს, სპეციალურად ზაფხულის სეზონისათვის მოვამზადეთ.
გვაქვს ტურები სვანეთში. დამუშავებულია მარშრუტები, დაინტერესება არის, მაგრამ სიტუაცია არაა სტაბილური და ეშინიათ, რადგან აქ მთაა, ხოლო გზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ძალიან გვიშლის ხელს. თუმცა ესეც მოგვარებადია.
თუ სახელმწიფო პროგრამა იქნება, ის გზები მაინც გაკეთდება დასაწყისისათვის, სადაც ტურისტმა უნდა გაიაროს.
– რამდენად პოპულარულია ჩვენი სამკურნალო კურორტები?- გარკვეული პოპულარობით სარგებლობენ, მსგავს უცხოურ კურორტებთან შედარებით ფასებიც გაცილებით დაბალია, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიო ტურიზმში მეტი ყურადღება ექცევა უკვე ხარისხს და არა ფასს. ჩვენ კი ჯერჯერობით ვერ ვთავაზობთ მომსახურების მსოფლიო სტანდარტებს. ამ სახის ტურისტული მომსახურებით სარგებლობენ ცალკეული ტურისტები, ძირითადად ისევ და ისევ დსთ-ს ქვეყნებიდან, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს და ნოსტალგია აქვს წარსულზე.
ჩვენი ტურიზმისათვის ახლა მთავარია ინვესტიციების მოზიდვა, რადგან ტურინდუსტრიის განვითარებისათვის საკმარისი შიდა რესურსები არ გვაქვს. ინვესტიციები მაშინ წამოვა, როგორც კი სტაბილურობის საკითხი მოგვარდება. ჩვენთვის ტურიზმი პრიორიტეტი უნდა გახდეს. რა თქმა უნდა, ღვინის, მინერალური წყლების ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქცენტი უნდა გაკეთდეს ტურინდუსტრიის განვითარებაზე.
ტურიზმი რუსეთში
ტურიზმის მსოფლიო საბჭომ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის ტურბიზნესს.
ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭომ (WTTC) რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირში გაგზავნა ტურიზმის სექტორის გამოკვლევის ეკონომიკური ანგარიში. პროექტის მიზანი, რომელსაც WTTC-ს აღმასრულებელი კომიტეტი2004-2005 წლებში ახორციელებდა, არის რუსეთის ტურიზმის პოტენციალის, ზრდის ტემპების და დინამიკის შესწავლა. ექსპერტების მუშაობაში შედიოდა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის, მენეჯმენტის, მარკეტინგული სტრატეგიის, საგადასახადო სისტემის, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, საკანონმდებლო ბაზის, ასვე გარემოზე ტურინდუსტრიის ზემოქმედების შესწავლა.
ამგვარი კვლევა WTTC-მ ჩაატარა 147 ქვეყანაში, ბოლოს ის ჩატარდა ჰონკონგსა და ჩინეთში (2003 წელს). უნივერსალური მეთოდიკის შემუშავებაში ინვესტირებული იყო 5 მლნ დოლარი. ფინანსური ხარჯები კომპენსირებული იქნა მსხვილი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების მიერ.
2005 წელს ეკონომიკაში ტურიზმის საერთო წილი შემდეგი სიდიდეებით განისაზღვრება: ტურიზმში დასაქმებულია 979381 ადამიანი, რაც საერთო დასაქმების 1,4%-ია. ტურიზმი ქვეყნის მშპ-ს 1,6%-ს შეადგენს. ტურიზმის წილი საქონლისა და მომსახურების ექსპორტში ერთიანი ექსპორტის 9,7% – 569,7 მლრდ რუბლი (21 მლრდ დოლარი), კაპიტალდაბანდებების მოცულობაში – 15,8% – 547 მლრდ რუბლი (20,2 მლრდ დოლარი), სახელმწიფო შესყიდვების მოცულობაში 2,7% – 83,1 მლრდ რუბლი (3,1 მლრდ დოლარი).
ეს შედეგები უფრო დამაიმედებელია, ვიდრე ტუროპერატორები მოელოდნენ. ამ პროექტის შემკვეთები და ინფორმაციის საბოლოო მომხმარებლები არიან მსოფლიო ტურიზმის აღიარებული პროფესიონალები. გაანგარიშებები ზუსტია, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის ტურისტული ბაზრით უცხოელი ტუროპერატორებისა და ინვესტორების დაინტერესებას.
თურქეთის კურორტები
თვითმფრინავით მგზავრობა – 450 დოლარი;
ავტობუსით – 100 დოლარი;
სასტუმრო: 1 კაცზე – 25-50 ევრო.
საბერძნეთის კურორტები
თვითმფრინავით მგზავრობა – 320 დოლარი;
სასტუმრო: 1 კაცზე – 30 ევროდან.
ეგვიპტის კურორტები
თვითმფრინავით მგზავრობა – 600 დოლარიდან;
სასტუმრო: 1 კაცზე – 25 ევროდან.
ესპანეთის კურორტები
თვითმფრინავით მგზავრობა – 450 დოლარი;
სასტუმრო: 1 კაცზე – 40 ევროდან.