აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის მოგონება
ემზარ ჯგერენაია
80-იანი წლების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ორი კერპი ჰყავდათ – ვასილ ჩანტლაძე და პაატა გუგუშვილი, ადამიანები, რომლებიც ხშირად უსწრებდნენ ეპოქას, იწვოდნენ ეროვნული პათოსით, უანგაროდ, სიყვარულით ემსახურებოდნენ მეცნიერებასა და სტუდენტების აღრზდა-განათლების საქმეს. ისინი იყვნენ ჩვენი სათაყვანებელი კორიფეები.
1981 წელია. თვალებანთებული და ოცნებაახდენილი ახალგაზრდები მთელი საქართველოდან ეს-ესაა, მერხებს მიუსხდნენ უნივერსიტეტში და გულის ფანცქალით ელიან ახალს, მნიშვნელოვანს, რომელიც აგრძნობინებს მათ, რომ ეს ჯავახიშვილის და გოგიჩაიშვილის უნივერსიტეტია და აი, იღება კარი და შემოდის ჩია ტანის მოხუცი, მრავლისმთქმელი და კეთილი ღიმილით ასხივოსნებს სასწაულებრივ სითბოს.
ფინანსებზე ლაპარაკს რუსთაველით იწყებს, ჩვენს ფესვებში ეძებს დიდებას. საოცარი გზნებით ლაპარაკობს დავით აღმაშენებლის ეკონომიკურ-ფინანსურ რეფორმებზე და იმ სისტემაზე, რომელიც მან ჭყონდიდელთან ერთად შექმნა. მიდის უფრო ღრმად და შორეულ კოლხეთში ფულად – საკრედიტო სისტემის საფუძვლებს და მათი რეგულირების მექანიზმებს გადასწვდება. ყოველი ლექცია ახალი ინტრიგაა საბჭოთა ფინანსების ფონზე. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი დეტალები, ჩვენი დიადი ისტორია, ფესვები, პათოსი, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა და თანაც წარმატებული, რომლის საფუძველი ფინანსებია, დიდხანს გვქონია და გვიმართავს და აუცილებლად შევქმნით და ვმართავათ მომავალშიც.
ხშირად რუტინა-დისკუსია იმაზე, ფინანსებს რამდენი ფუნქცია აქვს, მაგრამ ამის უკან სერიოზული, ხშირად აკრძალული მეცნიერების ლაბირინთები, საკითხები, პასუხგაუცემელი კითხვები……წიგნები და წყაროები, ახლა რომ ყველგან მიმოფანტულა, მაშინ იკრძალებოდა და მათზე ზიარება სტუდენტებისათვის შოკი იყო. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ჩვენში აღვიძებდა და გვინერგავდა იმ აზრს, რომ ჩვენი სამშობლო სრულიადაც არაა საბჭოთა კავშირი, რომ საქართველო უძველესი კულტურის და მეცნიერების ქვეყანაა და რომ “ვეფხისტყაოსანი” მარტო ფაბულა კი არ არის, რომელიც სკოლაში გვასწაველს, არამედ იმდროინდელი ეკონომიკურ- პოლიტიკური ისტორიის ეტრატია. უპარტიო აკადემიკოსი, რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო, ჩვენში ფაქიზად ნერგავდა ეროვნულობას, ქართული მეცნიერების და ფინანსების, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის დედაბოძის, საწყისებს.
რუდუნებით არჩევდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, ყველასგან რაღაცას ელოდა და არა მარტო კვლევას და მეცნიერების თუ სპეციალობის საფუძვლებს, ძალზე ხშირად ცხოვრებასაც გვასწავლიდა. ახალი თაობის ადამიანები უნდოდა გაეზარდა, თავისუფალი და ეროვნული.
განსაკუთრებით მოწიწებით რაიონიდან ჩამოსულებს ეპყრობოდა. მე აფხაზეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი უპატრონო სტუდენტი ვიყავი. ხშირად სახლში მპატიჟებდა სადილზე, ქალბატონ ძაბულისთან და მის უამრავ სტუმართან ერთად. მასწავლიდნენ ქცევის ნორმებსაც. ძალზე დელიკატური იყო. პირდაპირ შენიშვნას არავის მისცემდა, ტაქტიანად მიგანიშნებდა ხოლმე. მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველა კარგი სტუდენტი შვილივით იყო. ნანობდა, მისი ვაჟი ეკონომისტი რომ არ გამოვიდა, – ნეტა ვის დაემსგავსაო თენგიზი. ჩვენ ყველანი გულში ვპასუხობდით – მამასო, რადგან უზადო იუმორის პატრონი იყო თვითონაც. როცა იგრძნობდა, აუდიტორია დაიღალა ფინანსების რთული თემების მოსმენით, უცებ თავისი დახვეწილი იუმორით გამოაფხიზლებდა. ასე იყო მაშინაც, როცა სახლში მისA უზარმაზარ, გასაოცარ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდით. რომ არ მოვდუნებულიყავით, იუმორს შემოგვაფენდა ახალგაზრდებს. ყოველთვის ასწრებდა უფროსი მეცნიერების თემების, წიგნების განხილვას, დისკუსია ჩაღდებოდა ტერმინოლოგიაზე და საერთოდ ქართული ეკონომიკური სკოლის საფუძვლებზე. ყველგან ვესწრებოდით, რათა გვესწავლა, როგორ უნდა იკამათო, რა არის რიტორიკა და როგორ უნდა გაიმარჯვო დისკუსიაში.
დიდ ყურადღებას აქცევდა მასალებზე მუშაობას და წერის კულტურას. რუდუნებით და ტიტანური მოთმინებით გვასწავლიდა, როგორ მოკლედ და ზუსტად უნდა თქვა სათქმელი, როგორ უნდა დააყენო საკითხი, იკვლიო ზოგადიდან კონკრეტულისაკენ, მარტივიდან რთულამდე და ნათლად და გასაგებად მიაწოდო მსმენელს, აუდიტორიას.
“ნიჭი რომ გქონდეს, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება და შენი ნააზრევის, შემოქმედების მიტანა აუდიტორიამდე, სამეცნიერო წრეებამდე”, – გვიმეორებდა ხშირად.
სტუდენტში ფინანსისტს, მკვლევარს, თავისუფალ პიროვნებას, დახვეწილი მანერების მქონე ადამიანს ერთდროულად ზრდიდა, რადგან ამბობდა, კარგი ფინანსისტიც რომ იყო, ცუდი ადამიანი თუ ხარ, სიყვარული და ეროვნულობა არა გაქვს გულში, ვერაფერს სასიკეთოს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაზეო. უზადოდ კეთილშობილი და მშვიდი იყო, ქრისტიანულად მიმტევებელი და რაინდული სულისა. ღიმილით ხევდა მასზე დაწერილ ანონიმკებს, რაც იმ დროს მოდაში იყო, განსაკუთრებით უპარტიოებზე. აწინაურებდა, ლოცავდა თავის მტრებს და მაწყევრებს და მაგალითს გვაძლევდა, როგორ უნდა იცხოვრო ბიბლიურად.
დახვეწილი და რაფინირებული ინტელიგენტი ჩაცმულობითაც გამოირჩეოდა და ქცევითაც. მუდამ დინჯს, მშვიდსა და გაწონასწორებულს პრინციპად ჰქონდა: იუპიტერ, შენ ბრაზობ? ე.ი. არა ხარ მართალი!
ინდივიდუალურად და განსაკუთრებით სკრუპულოზურად მუშაობდა ასპირანტებთან. მიუხედავად იმისა, რომ მე გედევან ხელაის ასპირანტი ვიყავი, ერთი წუთითაც არ მაკლებდა ყურადღებას. ყველა თავს, ყველა საკითხს საღამოობით მის ბიბლიოთეკაში ვიხილავდით. სხვა ასპირანტებსაც მოიხმობდა და იყო სერიოზული სჯა-ბაასი და კრიტიკა.
უზარმაზარი ნიჭისა და ენერგიეი პატრონს, შესანიშნავ პედაგოგს ღრმა მოხუცებულობაშიც არ დაუკარგავს კვლევისადმი ინტერესი და შრომისუნარიანობა. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ჩვეული იუმორი და თავადური დახვეწილობა.
მახსოვს ჩემი დისერტაციის დაცვა 1989 წელს (მაშინ სადისერტაციო ნაშრომები მნიშვნელოვანი, იშვიათი და რთული იყო, განსაკუთრებით ე.წ. დსპ ანუ დახურული თემები). საბჭოს თვითონ თავმჯდომარეობდა. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, 26 წლისა და ახალგაზრდული სიფიცხით მეწყინა, როცა დარბაზს თვალი გადავავლე და იქ ვერ აღმოვაჩინე ბევრი ჩემი “მეგობარი და კოლეგა”. გამოუცდელობის გამო, მიუხედავად სავსე დარბაზისა, ეს სახეზე შემეტყო. განხილვის დაწყების წინ მიხმო თავისთან და მითხრა სიტყვები, რომელსაც მთელი ცხოვრება ვატარებ: – ნაწყენი ხარ და გული გეტკინა ხომ? -Dდიახ – მეთქი, – მივუგე. – იცოდე, მეცნიერება ნიჭია, რომელსაც შური თან სდევს. ამიტომ ბევრი ღვარძლია, განსაკუთრებით ეკონომისტებში. ყველაფერს გეტყვიან კოლეგები – რომ კაი ბიჭი ხარ, კაი მსმელი, დამრტყმელი, ოჯახისშვილი, მაგრამ მოკვდებიან და არ იტყვიან, ეს კაცი ნიჭიერია და კარგი მეცნიერიო. ამიტომ იუმორით შეხედე ხშირად ცხოვრებას, თორემ გადაგთელავსო.
დღემდე ვცდილობთ ჩემი თაობა, ყველა მისი შეგონება ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ და შევინარჩუნოთ სიმყარე მაშინაც კი, როცა გვთელავს ცხოვრება და მომთმენნი ვიყოთ ჩვენი მტრების მიმართ, რათა ვაკეთოთ მთავარი – ჩვენი საქმე!
ბატონი ვასილ ჩანტლაძე ტიტანი და მოვლენა იყო ქართულ ეკონომიკურ თუ სახელმწიფო ცხოვრებაში და ბედნიერია ყველა, ვისაც ასეთი ლეგენდა მოძღვრავდა.