რა კვლევას აფინანსებს Apple 17 მილიარდად საქართველოში
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი
როგორც იქნა მზე ვიხილეთ. დამთავრდა ზამთარი და პირდაპირ ზაფხულში ვისკუპეთ. რა გაგიკვირდათ? დაჩქარებული ტემპით ვითვისებთ წელიწადს – ერთი დრო გამოვტოვეთ. ჰოდა, სწორიც ვქენით. ნეტავ, რა იყო მაგ გაზაფხულში კარგი, გაგანია მზე და თაკარა სხივები არ ჯობს? აივსო კუს ტბის მიდამოები, გადაიჭედა. მთელმა თბილისმა მოიყარა თავი – ზოგი გაწიწმატებული იხსენიებს ძველ ხელისუფლებას ახალი ტყემალივით მკვახედ, ზოგიც – ახალს.
დუღს იქაურობა, ათას რამეს გაიგებ, ათას რამეზე წუხს ხალხი და წუწუნებს. სულ ცხელ-ცხელი ჭორების ბუღია და ახალი სერიალების პერსონაჟებს ზოგი რბილ ხასიათს უწუნებს, ზოგს ”რეალის” თამაშის მანერა არ მოსწონს, ზოგს უმრავლესობა და ზოგს – უმცირესობა. მზე კი ჯიუტად ხარხარებს, მაინც მოვედი და დავამარცხე ზამთარიო. ამაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება – სამშობიაროში ბავში დაიბადება და უცებ ხარხარს ატეხს. ბებიაქალი გაგიჟდება, ექიმი იტყვის – წესით, უნდა ტიროდეს და ეს გულამოვარდნილი ხარხარებს, ნეტავ რა სჭირსო. თან ხედავენ, ერთი მუშტი სასტიკად აქვს შეკრული და ხარხარს არ წყვეტს. მივარდება ცოფმორეული ექიმი, ძალით გაუხსნის მუშტს და… რა ედო მუშტში ახალდაბადებულ ჩვილს? ვერაფრით გამოიცნობთ – ჩასახვის საწინააღმდეგო აბი და ნიშნის მოგებით ხარხარებდა, მაინც მოვევლინე ქვეყანასო! ასეა, მზეც ხარხარებს – მაინც მოვიყვანე ზაფხულიო!
მეც ყოველ დილით გულაფრთხიალებული მივუყვები აღმართს მზესთან და ახალ ამბებთან შესახვედრად. ერთხელაც, მანქანის წინა ნაწილიდან ძალიან ნაცნობი, მაგრამ ძალიან დავიწყებული რიტმული ხმა მომესმა. თან თითქოს ნაცნობია, თან ვერ ვიხსენებ… მოკლედ, ავირიე. უფრო, არ დავიჯერე – ეს რიტმული კაკუნი კოდალის ბასრი ნისკარტის და ხის ფლირტის იყო თუ მართლა ჩემი მანქანის 8-ვე ცილინდრის კაკანი. ჩემი ბავშვობა გამახსენდა: ჟიგულში ძლივს ნაშოვნ და ათასგზის გაუპატიურებულ ”93-ს” რომ ჩავასხამდი, მანქანას ტაქტში აწყობილი ისეთი ”კკკკკ’ გაჰქონდა, რომ არემარეს აყრუებდა. აყრუებდა და ჩვენც არ გვენაღვლებოდა, მანქანაში 5000 მანეთი გვქონდა გადახდილი და ბენზინში – 20 კაპიკი. არა, არ მჯერა, მაგრამ ფაქტია – მართლა კაკუნებდა ეს დალოცვილი და მართლა მესმოდა ბავშვობაში მესხიერებაში ჩარჩენილი ხმა. გაოცებულმა მძღოლს ვკითხე, რა ბენზინი ჩაასხი და სად-მეთქი. მან მომიგო – ”გალფში” ჩავასხი, კოსტავაზე, ”პრემიუმიო”. არადა, ვიცით, რომ ”სუპერი” საერთოდ არ შემოდის საქართველოში და ეგ ”პრემიუმი” ყველზე კარგი უნდა იყოს. შემდეგ ვაკე-საბურთალოს გზაზე ჩავასხით იგივე. მერე ელბაქიძის აღმართთან. ისევ იგივე განმეორდა. ეს 2.25-ლარიანი ბენზინიც გაუუპატიურებიათ და სრულიად უხარისხოა. არადა, ეს, თურმე, ვიღაცეებმა საქართველოში ნორმად აქციეს – არ მოწმდება ხარისხი და არც საწვავის რაოდენობა. ჰოდა, საწყალ ქართველ მომხმარებელს ვატყავებთ. ეს, თურმე, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ლიბერალიზმია კონტროლის დარგში. მსოფლიოში ნავთობის ფასმა რეცესიასთან დაკავშირებით თითქმის 30 დოლარით მოიკლო, ჩვენთან ჯიუტად ფეხს არ იცვლის და კიდევ ერთი ოქტანობით დაბალს ასხამენ. ზუსტად ისე, როგორც იანვარ-თებერვალში, ”ყაზტრანსგაზმა” ისეთი ”გაზ-ნაგავ-ფულაღგავი” მოგვაწოდა აზეირბაიჯანიდან, რომ სამმაგი დაწერეს გადარეულმა მრიცხველებმა, რომელსაც ”ყაზტრანსგაზი” რატომღაც ცელოფნებით ფუთავს, ალბათ, ფიქრობს, ემანდ, მრიცხველებს არ შესცივდეთო. ფაქტიურად, გამოდის, რომ ბენზინის რეალიზატორმა კომპანიებმა და ”ყაზტრანსგაზმა” ფასი ლამის გააორმაგეს და ამაზე არავინ ხმას არ სცემს მათ. დღისით, მზისით, ხალხს ატყუებენ, ახალ მთავრობას სახელს უტეხენ და არავინ არ სჯის, სიჩუმეა.
დავსვი ეს საკითხი კუს ტბის საერთაშორისო საფიხვნოზე და მივიღე ასეთი პასუხი: ეს ახალი საბაზრო ეკონომიკის პარადიგმააო, რომელსაც ჰქვია – ყველა კმაყოფილია. დაახლოებით სექსივითაა. მომხმარებელს ჰგონია, რომ საწვავზე და გაზზე ფასები იკლებს, ხოლო ბენზინის და გაზის გამყიდველისთვის რეალურად ფასი იზრდება. მოთხოვნა-მიწოდების ასეთი დარეგულირება არაელასტიურ მოთხოვინის სივრცეში, ეს ყოფილა ახალი პარადიგმის არსი! ხედავ, რა უკვლევია, კაცო?! ეს იმაზე უარესია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბს რომ იღებ და ბავში მაინც ისახება.
გაოცებულია ჩიკაგოს სკოლა და სასწრაფოდ ექსპერტები მოუვლენია საქართველოში ამ კვლევის უფრო კარგად გასაცნობად. კუს ტბაზე არ იყო ადგილი და ვერ ამოვიდნენ, თორემ მალე აქაც ამოვლენ და სიღრმისეულად შეისწავლიან ამ მოვლენას, რომ თავიანთ პრეზიდენტს და ეკონომიკის მკვლევარებს რჩევა მისცენ. უფრო მეტიც, ეს მოინათლა, როგორც აბრეშუმის გზის ქვეყნების ნოუ-ჰაუ, მთელი უოლსტრიტი ატორტმანებულია და მსგავსი კვლევების უკეთ დასაფინანსებლად კომპანია Apple 17-მილიარდიან ობლიგაციას უშვებს, რომ დააფინასოს მოზიდული სახსრებით საბაზრო ეკონომიკის ეს საოცრება და შემდგომ მისი საზაფხულო ნამყენი ნერგი გამოიყენოს კომპანიის სტრატეგიული განვითარებისთვის. აგაშენა ღმერთმა! ეს, კუს ტბის პარკი კი არა, ნამდვილად სახალხო ტექნო-ფინ-კულტ-ფიზ-ჭორ ინსტიტიუტია. თან ცდებს ატარებ მანქანაზე, საწვავზე, გაზზე, მზეზე, წყალზე, ხალხზე, თან იკვლევ და თან ანათლებ ხალხს. კიდევ ერთხელ გავაოცეთ მსოფლიო, რომ საქართველო საოცრებათა ქვეყანაა – მხოლოდ აქ შეიძლება ”პორშე” ნავთით დადიოდეს და ბუნებრივ აირს წვისას დიზელის ბოლი გასდიოდეს. აქ შეიძლება ახალდაბადებულს ხელში კონტრაცეპტივი ეჭიროს და გაზაფხული შვებულებაში გადიოდეს.
ღმერთო, დაიფარე ეს უნიკალური ქვეყანა, ქრისტე აღსდგა!