მედიჩების ეფექტი და ლარის მომავალი კურსი

ემზარ ჯგერენაია

“ახლა, როგორც არასდროს ისე ქრება ტრადიციული საზღვრები პოლიტიკას, კულტურას, ტექნოლოგიებს, ფინანსებს, ნაციონალურ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას შორის”
ტომ ფრიდმანი,
The Lexus and the olive Tree

გაზაფხულის ამ ფუნჩულა ხავერდოვან ღამეს ვიჯექი ჩემთვის რედაქციაში და ფიქრებს ვერეკებოდი წინ და უკან. ძალიან შემაწუხა იმან, რომ ის, რაც ხდება მსოფლიოში გინდა ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით უჩვეულოა და არ ჯდება არც კეინს-ფიშერ-ფრიდმან-ლუისის სქემებში და არც ბჟეზინსკის პოლიტიკურ წინასწარემეტყველებებში. რაღაც კვეთას ვღებულობთ ახალს და განსახვავებულს, რაღაც აშკარად ახალი იბადება. დადგა მეტამორფოზის ხანა, სადაც ამორფული ქანები ჩვეულებრივი კვარციტიდან და ბაზალტიდან იქმნება და ტრანსფორმირდება სითბური გარეგანი, თუ შინაგანი ძალების ზეგავლენით, თვისობრივად ახალ კევეთებად, მოვლენებად და რეალობებად გვევლინება. მსოფლიოში იცვლება ყველაფერი და ეს მიზეზ-შედეგობრივად ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ყველაფერი მიჯნაზე, კვეთაზე ხდება. არაა რაიმე იზოლირებულად და განცალკევებულად.
იმსხვრევა სტერეოტიპები, მიდგომები და წესები, საზღვარი იშლება და ყველაფერი თუ მიჯნაზე და კვეთაზე არ განვიხილეთ, მოვლენის არსს ვერ ჩავწვდებით.
ჰოო, ძალიან დავახვიეეე! დნმ-ის სტრუქტურა და ჩემი შვილიშვილის კულულები არ იქნება ასეთი დახვეული. მაგრამ იმ ღამეს ტვინს რომ ვიჭყლიტავდი და ფიქრებს ალაზნის ველის ნიავივით უმოწყალოდ ვერეკებოდი შემეცნების ზვრებისაკენ, ხელში ჩამივარდა Hარვარდ Bუსინესს შცჰოოლ Pრესს-ის მიერ გამოცემული უცნაური წიგნი – ფრანს იოჰანსონის (Frans Johansson) “მედიჩების ეფექტი”. ფრანსიც თურმე ჩემსავით ფიქრობს – იმსხვრევა ტრადიციული მიდგომები და მხოლოდ კვეთების არეალში იქმნება ღირებულებები. სწორედ სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს კვეთის არსებობას. ესენია: 1. მიგრაცია, 2. მეცნიერებების დაახლოება და 3. კომპიუტერულ-გამოთვლითი ტექნიკის უსწრაფესად განვითარება.
როგორც ფრანსი წერს, საოცრება ხდება მაშინ, როცა მეცნიერები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ დაიყვნენ და დაიწყო ვიწრო სპეციალიზაცია, ახლა ერთიანდებიან. ასე მაგალითად, აშშ-ის ცნობილ სამეცნიერო ჟურნალSmithsonian-ში გამოქვეყნდა სტატია ფირმა Nეხია-ის ბიოტექნოლოგების საქმიანობაზე. ამ ტექნოლოგიებმა აბრეშუმის პეპლის ობობის გენი, რომელიც პასუხს აგებდა ამ ბოჭკოს გამომუშავებაზე, გადაუნერგეს თხას, რათა თხას მოეცა ისეთი რძე, რომლისგანაც დართვით დიდი ოდენობით მივიღებდით აბრეშუმის ძაფს, რადგან ეს ძაფი ფოლადზე უფრო მაგარი და თმის ღერზე უფრო ელასტიურია და ასობით სფეროში გამოიყენება. ფანტასტიკააა? კი ბატონო, მაგრამ ფაქტია, რადგან ამ პროექტის გამომზეურების შემდეგ ამ ფირმის აქციების კურსი რამდენიმეჯერ გაიზარდა. ანალოგიურია შაკირას შემთხვევა, შაკირა კი არის კოლუმბიელი, მაგრამ მისი მამა ლიბანელია და საკმაოდ კარგი მუსიკოსიც. მან არაბული ჰანგები გადააჯვარა ლათინურ-ამერიკულს, შაკირას დაუმატა ლამაზი ტაკო და მივიღეთ სუპერ-გოგონა, რომელმაც 14 თვეში მთელი მსოფლიო მოიარა და მილიონები იშოვა – თავისი არეული პოპ-როკით გადარია მსოფლიო, რომელსაც ეს შავთმიანი ლიბანელი გოგო კოლუმბიელი და საერთოდ ამერიკელიც კი ჰგონია. ამ ჰიბრიდმა, რომელიც მიგრაციის ნაყოფია (სადაურსაო სად წაიყვანო, ამაზე უთქვამს შოთას), მსოფლიოს ახალი სიმღერის სტილი და ჟღერადობა მისცა. იყო დრო და ალბათ ახლაც “ვინი-პუხი” მოგვწონდა. მერე ანიმაციური ფილმის ეს სერიალი ოკეანის გაღმა შეიძინეს და გახდა “ვინი”. ჩემს ბავშვობაში ის ძალიან საყვარელი მეჩვენებოდა, მაგრამ მობეზრდა ის ახლანდელ ბავშვებს, რომელთათვისაც ჩემს თვალში უმახინჯესი (ბოდიში, შრეკ, არ მიწყინო, საქმეს სჭირდება ასე და იმიტომ ვლაპარაკობ შენზე პოლიტიკოსივით, თორემ ხომ იცი ჩუმად მეც რომ მევასები) შრეკი გონიათ უსაყვარლესი და შაკირა – ქერათმიანი ქალღმერთი. ყველაფერი აირია და შეიცვალა, ასეა ზუსტად ეკონომიკაშიც. ის, რაც არ შეიძლებოდა გუშინ, ეს მისაღებია დღეს, უფრო მეტიც, აუცილებელიცაა და არ გვინდა ამ ხავსდადებული დოქტრინებით მანიპულირება.
ასე მაგალითად, ყოველი ძველი თეორიის მიხედვით ლარის გაცვლით კურსს განაპირობებს (ფუნდანეტალური და ტექნიკური ანალიზის მიხედვით და მათ შორის ფრახტალური გეომეტრიის გამოყენებით) ეკონომიკური, პოლიტიკური, ადამიანურ-ფსიქოლოგიური და სტიქიური გარემოებანი. ყველა სავალუტო კურსის დადგენას საერთო ფორმულა აქვს და ეს ჩემმა ყველაზე ზარმაცმა სტუდენტმა ნოზაძემაც კარგად იცის. ამ გათვლებით, უპირველესი ფაქტორებია ეკონომიკური, ხოლო ამ “ქეისში” წამყვანია და პრობლემატურია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, ექსპორტის მოცულობა პრობლემატურია, დასაქმება პრობლემატურია, ინფლაცია პრობლემატურია.
მაგრამ ლარი მყარია. რამდენიმე ხნის წინ რომ გეთქვათ ეკონომისტებისათვის, რომ ემიგრანტები ინახავენ საქართველოს საგადამხდელო ბალანსსო, დაგიჯერებდნენ? არა! დაიწყებდნენ ტვინის ბურღვას, ახლა აგერ დაფიქსირებული წლიური 866 მილიონი შემოაქვს (ოფიციალურად, არაოფიციალურად – კიდევ ერთი იმდენი) ვორკუტაში ხილ-ბოსტანზე მომუშავე ზეზვას და მზიას (ისე ვთქვი, თუ არა ვორკუტაში ბოსტანს რა უნდა). ან იას ათენში სახლს რომ ალაგებს დილით და საღამოს პლანტაციაში ვაშლს კრეფს. აი მაგათი ბრალია ყველაფერი. ისინი აგზავნიან დოლარებს იქიდან, რა ენაღვლებათ, აქ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმტვრიოს ბირჟასთან ერთად ტვინი მათ სტერილიზებაზე და გადახურდავებაზე. ჰოდა, არაა ბატონო მოთხოვნა დოლარზე და ლარი უნდა ყველას. მაგ ფულებით დაერევიან ზეზვას და იას ნათესავები და ხან ბინებს ყიდულობენ და ფასებს წევენ მაღლა და ხან გოჭს და ინდაურს ნიგოზთან ერთად. აი რატომ გაგვეპარა ინფლაცია. ეს ადრე არ იყო, ეკონომიკურ კანონებში ეს იხილებოდა ცალკე დემოგრაფიაში და საფინანსო მეცნიერება ამას არ ითვალისწინებდა. არადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მედიჩის ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო, როგორც დავინჩი და ყველაფერი უნდა იცოდე და მართო და აკონტროლო, საერთოდ ყველაფერი…
ჩანართი
არ დავმალავ, იყო ქართულ მეცნიერებაში და ბეჭდვით მედიაში იმის “სერიოზული” მცდელობები, რომ აეხსნათ ლარის სიმყარე და გაენეიტრალებინათ ცუდი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზეგავლენა ლარის გაცვლით კურსზე. მაგალითად, გაზეთ “24 საათის” მიმდინარე წლის #93-ში ბიზნესის განყოფილებაში გამოქვეყნებულ სტატიაში ყველაფერი ძალიან მარტივად ახსნეს და ყველაფერი ისევ საწყალ შრომით მიგრანტებს დააბრალეს. მათ ფულის შიდა მიმოქცევის ფორმულა გამოიყენეს სავალუტო ბრუნვაში და ამ დროს, რატომღაც, უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს (რას იზამ, ღრმა ეკონომიკური ანალიზის დროს ეს ხდება, არადა, გაზეთ “24 საათში” ღრმა ეკონომიკური ანალიზი ხშირადააააა!?) და მხედველობიდან გამორჩათ საგადამხდელო ბალანსის შედგენისა თუ გათვლისას (რეალურად ამას აკეთებდით საყვარელო, თუმცა ეს ტერმინი არ გამოგიყენებიათ) 1,65 მლრდ დოლარის ინვესტიცია, 0,5 მლრდ დოლარის აღურიცხავი ექსპორტი, 0,25 მლრდ დოლარით გაზრდილი ავტო-ექსპორტის მაჩვენებელი, 0,5 მლრდ დოლარის გრანტები, დახმარებები და ფარული ინვესტიციები ქონებების შესყიდვის დროს, როცა გარიგების ფორმულა გადასახადიდან თავის არიდების გამო ქონების მიწების ყიდვა-გაყიდვისას არის ერთი მლნ დოლარი გადარიცხვით, 2 მლნ კი – ხელზე. ხედავთ რამხელა შეცდომაა დაშვებული? არადა, ამ ახალმა მკვლევარმა ვიღაც გენიოსის რჩევით გამოიყენა მარტივი და კლასიკური ფორმულა:
MV=PT
M-ფულის მასა; V-ფულის ერთეულის ბრუნვის სიჩქარე; P-საქონლის და მომსახურეობის ფასები;T-გარიგების მოცულობა.
ასევე გამოთვალა შაქრის მაგალითზე (თუმცა, ჩემო საყვარელო, ერთი კილოგრამი შაქარი 1,3 ლარი ღირს და მისი წლიური მოხმარება 180 000 ტონაა), რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დაძლევა ფულის ბრუნვითაა შესაძლებელი. ისე ეს ფული იმპორტის დროსაც ბრუნავს და გამოდის, რომ დეფიციტი საერთოდ არ გვქონია. შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. განსაკუთრებით ახლა, როცა ყოველგვარი ზღვარი წაშლილია, ყველაფერი შეიძლება! მომწონს სითამამე კვლევაში. ნახეთ, რა ლამაზად გამოიყვანა ფორმულა – V=PT/m, ანუ, რეალური და ვირტუალური ქათამი. გახსოვთ, მეტად მეცნიერული ანეგდოტი? წყალტუბოში ჩვენ მეგობარ თედო ჟორჟოლიანს აღდგომის სუფრაზე მისმა შვილმა ნიკამ უთხრა: მამა, გინდა დაგიმტკიცო, რომ მაგიდაზე ორი გაზიზინებული, მრგვალად მოხარშული დედალი დევსო? თედო არ შეეწინააღმდეგა, შეიძლება შვილოო, უთხრა, მაგრამ ამ ერთს, რომელიც დევს და რეალურია, იმას მე შევჭამ და იმას, რასაც შენ დაამტკიცებ, შენთვის დაიტოვეო… დატოვა ნიკა მშიერი.
მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, ყველაფერი შრომით მიგრანტებს და მათ გამოგზავნილ 866 მლნ დოლარს კი არა, არამედ მედიჩის ეფექტს და მეცნიერების კვეთებზე აღმოჩენილ სინთეზებს უნდა დავაბრალოთ. აი თქვენ, ჩემო ახალგაზრდა მკვლევარო, რომ განგეხილათ ეს კლასიკური ფორმულა მეცნიერებათა მიჯნაზე და კვეთაზე, ყველაფერი კარგად იქნებოდა და შეიძლება აღმოგეჩინათ კიდევაც ჩვენი საგადამხდელო ბალანსის და ლარის გაცვლითი კურსის (ხაზს უსვამ ლარის გაცვლითი კურსის) თავისებურებანი. აბა ისე, უბრალოდ ლარის გაცვლითი კურსის გასაგებად საბურთალოს ბაზრის ნარჩენებზე ნონას მიაკითხეთ 13-ლარიანი სულუგუნისა და 20-ლარიანი სოფლის ქათმის საყიდლად და გაიგებთ!
ისევ არ გჯერათ ჩემი?! ისევ იოჰანსონს დავესესხები. თურმე ჯორჯ კოუენმა დიდი ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც დააარსა მექსიკაში სან-ტაფეში კერძო ინსტიტუტი და სადაც ყველაფერს მათემატიკურ ფონზე იკვლევენ � აქ აწარმოეს კვლევა ბიოლოგებმა ეკონომისტებთან და საფონდო ბაზრების ანალიტიკოსებთან ერთად, რათა გაეგოთ საბირჟო ბროკერების ქცევა სპეკულაციური გარიგების დროს მათემატიკური მეთოდებით. დაადგინეს, რომ მათი ქცევა და საფინანსო სტრატეგიების ევოლუცია მათემატიკური თვალსაზრისით ძალიან გავდა იმ ფორმულებს, რომლითაც ბიოლოგები აღწერდნენ “მტაცებელი-მსხვერპლის” სისტემის პოპულაციას. არა გადაირევი!! რომელ თეორიულ პოსტულატებზეა ლაპარაკი. ჰოდა, ძველი პოსტულატების მიხედვით ლარის გაცვლითი კურსი იგივე ავადსახსენებელ, დაუძლურებულ და დიეტით გათანგულ დოლართან 1-2.2 უნდა იყოს, არაფერი ვთქვათ ევროს ამაზრზენ სიმაღლეებზე – 1-3.1. მაგრამ არა, სწორედ ამ ახალი კვეთებისა და ახალი მეცნიერული მიდგომების მიხედვით ლარი განუხრელად მყარდება და მსოფლიო სენსაციად იქცა იმ ასპექტში, რომ დოლარი რომ ბეჭებზე დადო, ეს ეკონომიკურ თეორიაში ახალი არაა, მაგრამ ამ ევროს რომ ბრდღვნა ადინა და მეორე კოკა მოიპოვა, ეს უკვე ნამეტანია. თქვენ იკითხავთ, რა შუაშა შაკირა და მედიჩის ეფექტიო. ეს ჯერ ჩვენც არ ვიცით! უბრალოდ ვეჭვობთ, რომ რახან მეცნიერებამ მათ შორის ეკონომიკურმა, ამოწურა ასე ცალკე აღებულმა ტრადიციულმა თავი და ყველაფერი მეცნიერებათა მიჯნაზე, სინთეზით კეთდება, არ ვიცით რა ხდება ლარის თავს და ვერც ვხსნით ტრადიციული სავალუტიო კურსის მეთოდით. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ შეგვაწუხა არა მარტო ჩვენ, ეროვნული ბანკიც და სააღრიცხვო პროცენტი არნახულად გაზარდეს 10-მდე, მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკები დაბლა წევენ საპროცენტო განაკვეთს, რომ ეკონომიკა რეცესიისგან გადაარჩინონ და წარმოების გაზრდას შეუწყონ ხელი. ჩვენს ეროვნულ ბანკს წარმოების ზრდა არ აწუხებს, ის ვაჟკაცურად ზრდის პროცენტს და ბაზარზე მატადორივით შედის და კვირაში 200000 ლარს ყიდის, არადა, ბაზრის მოცულობა 4.5 მილიარდია, მაგრამ ხომ ყიდის – ესაა მთავარი და კიდევ პროცენტი.
მეტად ძნელია ამის გაგება. ამიტომ სპეციალური ინსტიტუტი უნდა შევქმნათ მეცნიერებათა გასაყარზე და ჩავრთოთ ასტრონომია, ურიგო არ იქნება ჩავრთოთ მიკრობიოლოგები და ასევე მხარეთმცოდნეები, რათა გავიგოთ ლარის ასე უცნაური ქცევის თავისებურებები. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს, თუ არა შეიძლება ივნის-აგვისტოში ლარი ჩვეულ კლინიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეს და 2.2 კურსი სანატრელი გახდეს, თუ, რა თქმა უნდა, ევრო-ობლიგაციებმა არ შეიტანეს ფრახტალური გეომეტრიის მიხედვით თავისი ასიმეტრიული ცვლილებები და ლარი ისევ დროებით არ დატოვეს მისთვის უჩვეულოდ მაღალ პედესტალზე.
არა, შეიცვალა მსოფლიო და მეცნიერება განსაკუთრებით, ფინანსებისა და ბიოლოგიის მათემატიკასთან შეჯვარების შემდგომ ზღვარი წაიშალა. ვეთანხმები ტომ ფრიდმანს. თქვენ?