ამნისტიის კანონის ცაიტნოტი
ლალი ჩაგელიშვილი
ფინანსურ ამნისტიას ვადა 2005 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურება. ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუსწრია უკანონოდ მიღებული ან კანონიერად მიღებული და არადეკლარირებული ქონების ლეგალიზება, შეუძლიათA ეს გააკეთონ მხოლოდ დარჩენილ 5 თვეში.
საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 24 დეკემბერს მიიღო კანონი ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ. კანონის მიღებისთანავე დაიწყო მისი გარჩევა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და მრავალი მოსაზრებისა, ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველამ ერთხმად აღიარა – ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობას და რომ იგი სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნებაა ბიზნესის მხარდასაჭერად. ფინანსური ამნისტიის კანონის მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან იმ პირთა განთავისუფლება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში. ეს არის გზა ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისაკენ.
კანონის I მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს კანონის მოქმედების გავრცელებას. კრძოდ, ა) ქვეპუნქტით, კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) დააგროვეს ისეთი დანაშაულებრივი გზით, როგორიცაა: ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაული. იმავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტით, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობების პირებზე, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (გარდა საქართველოს პრეზიდენტის სხვა სათათბირო ორგანოს წევრებისა და “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობების პირებთან გათანაბრებული პირებისა), აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებზე და მათ მოადგილეებზე, იმ პირებზე, რომლებსაც 1997 წლის 17 ოქტომბრიდან ჰქონდათ ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იმ საწარმოში, რომლის საწესდებო კაპიტალი აღემატება (აღემატებოდა) 1 მილიონ ლარს და რომელშიც სახელმწიფო პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს (ფლობდა) წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, და იმავე მუხლის 21-ე, 21-1 და 21-2 ნაწილებით განსაზღვრულ ახლო ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე და დაკავშირებულ პირებზე. აქვე მე-4 პუნქტი გვაუწყებს, რომ ამ კანონით განსაზღვრული ამნისტია აღნიშნული თანამდებობების პირებსა და მათი ოჯახის წერებზე, ახლო ნათესავებსა და დაკავშირებულ პირებზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ თანამდებობის პირის სტატუსის მიღებამდე ჩადენილ ქმედებებზე.
მუხლი 4. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ლეგალიზაციის წესი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.
ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე საგადასახადო აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ანდა გადახდა.
ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ა) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებულ, დარიცხულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე; ბ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგების შედეგად ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილად დაფიქსირებულ გადასახადის თანხაზე. აღნიშნული თანხა ექვემდებარება უპირობო გაუქმებას.
პირებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ თავიანთი ქონების ლეგალიზება, შევახსენებთ დაფარული ქონების დეკლარირება-ლეგალიზაციის წესს. პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაცია ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით – უნდა გადაიხადოთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთჯერადი გადასახდელი. კანონი იძლევა იმის საშუალებასაც, რომ ფინანსური სახსრების ლეგალიზება მოხდეს კანონით დადგენილ ვადაში მისი საქართველოს ბანკებში განთავსების გზით 1%-იანი გადასახდელის გადაუხდელად. 1%-იანი გადასახდელი ვრცელდება დეკლარირებულ ფულად სახსრებზე და არაეკონომიკური დანიშნულების უძრავ ქონებაზე აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან 2005 წლის ბოლომდე (ანუ 1 წლის პერიოდში კანონის ამოქმედებიდან – 2004. 24. 12).
კანონით განსაზღვრულია, რომ 2005 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ 3 თვის ვადაში უნდა მოხდეს ფულადი სახსრების ჩარიცხვა საქართველოს რეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიან ან შემნახველ ანაბრებზე ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში ნაღდი ფულის შეტანით, ან საზღვარგარეთიდან საკუთარი ფულის გადმორიცხვით.
დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მასზე ვრცელდება გადასახადის გადამხდელთა შესახებ მონაცემთა საიდუმლოების დაცვის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საგადასახადო ორგანო რეგისტრაციაში ატარებს დეკლარაციასა და 1%-იანი გადასახდელის გადახდის ქვითარს, რის შემდეგაც დეკლარანტს უბრუნდება მათი დამოწმებული ასლები და გაიცემა შესაბამისი ცნობა, რომელიც წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის დაფარული ქონების (შემოსავლის) ლეგალიზაციის საფუძველსა და დამადასტურებელ საბუთს.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონით, ერთჯერადი გადასახადის გადაუხდელად, ლეგალიზებულად ითვლება 1992 წლამდე რეგისტრირებული და 1992-2004 წლებში შეძენილი უძრავი ქონება , რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300,000 ლარს; ასევე, ამავე პერიოდისათვის საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანაბრებზე განთავსებული ფიზიკურ პირთა ფინანსური სახსრები.
ლეგალიზებულ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსრულებელი ვალდებულება (საქართველოს საგადასახადო, საბაჟო და საგზაო ფონდის შესახებ კანონმდებლობით) შესრულებულად ითვლება 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ამ კანონის შესაბამისად ლეგალიზებული ქონებრივი მდგომარეობის ნებისმიერი ფორმით რევიზია.
ამდენად, კანონი თავისთავად იძლევა საშუალებას, დავაკანონოთ უკანონო ფული, ქონება და სხვ. მაგრამ ვინ განსაზღვრავს ამ ქონების მოცულობას და არის თუ არა მზად დღეს საზოგადოება იმისათვის, რომ მათ პატიოსან სიტყვას ვენდოთ და დავიჯეროთ, რომ მათი ქონება 100 000 ლარია და არა 1 მილონი? ,ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.
მანამადე კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ახსენებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას, რომ “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონის შესაბამისად, საბანკო არხებით ფულის ლეგალიზებისათვის მხოლოდ ათი დღე დარჩა. მისი თქმით, მაის-ივნისში მნიშვნელოვნად მოიმატა საბანკო არხებში დეპოზიტების მოცულობამ და მისმა ზრდამ 47 მილიონი შეადგინა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსახლეობა “ფინანსური ამნისტიის შესახებ” კანონით სარგებლობს. მაგრამ რამდენად რეალურია ეს? ჩვენი ჟურნალი ხსნის დისკუსიას ამ თემაზე, საერთოდ ჰქონდა აზრი ამ კანონს და რამდენად ეკონომიკურად ეფექტური იყო ეს?